ქართველი ემიგრანტი ლუი ვუიტონის კომპანიაში მუშაობს

ქართველი ემიგრანტი ლუი ვუიტონის კომპანიაში მუშაობს

უკვე ორი თვეა, რაც მსოფლიო მოდის სფეროში ყველაზე წარმატებულ კომპანია "ლუი ვუიტონში" ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია მუშაობს. "ლუი ვუიტონი", 2006 წლიდან დღემდე, მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ და მდიდრულ ბრენდად ითვლება და მისი საბაზრო ღირებულება 25,9 მილიარდ დოლარს შეადგენს. ეს მაშინ, როცა უმაღლესი კლასის ბრენდ "შანელის" საბაზრო ფასი 6,68 მილიარდი ამერიკული დოლარია.

დემნა გვასალია ამჟამად პარიზში ცხოვრობს. სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტი თბილისში დაამთავრა. შემდეგ ანტვერპენში, ბელგიის სამეფო აკადემიაში მოდის დიზაინის მიმართულებით ისწავლა. ეს უნივერსიტეტი მოდის ელიტურ სკოლად ითვლება და ბევრ ცნობილ დიზაინერს აქვს დამთავრებული.

დემნა მუშაობდა მამაკაცის ტანსაცმლის დიზაინერად ვოლტერ ვან ბეირენდონკთან. მისი 2008 წლის გაზაფხული-ზაფხულის პერსონალური კოლექციის პრეზენტაცია, სახელწოდებით სტერეოტიპები, ტოკიოს მოდის კვირეულზე შედგა.

2009 წელს ქალის ტანსაცმლის პერსონალური კოლექცია გაზაფხული-ზაფხული შექმნა. შემდეგ ზამთრის კოლექცია გააკეთა. 2009-2013 წლებში იყო ცნობილი დიზაინერის მაისონ მარტინ მარჯიელას ქალის ტანსაცმლის დეფილეს მთავარი დიზაინერი. შეგახსენებთ, ამ დიზაინერმა საკუთარი კომპანია 2009 წელს დატოვა. 2002 წელს მარჯიელას კერძო კომპანია სააქციო საზოგადოებად გადაკეთდა და მისი აქციების უდიდესი ნაწილი "დიზელის" ჯგუფის მფლობელმა რენზო რუსომ შეიძინა. ამის შემდეგ მუდმივად ვრცელდებოდა ჭორები, რომ მარტინ მარჯიელამ დატოვა კომპანია. მის კი ნაცვლად კოლექციებზე ანონიმ დიზაინერთა ჯგუფი მუშაობდა. ეს ხმები 2009 წელს დადასტურდა, როცა ოფიციალურად გახდა ცნობილი კომპანიიდან მარჯიელას წასვლის შესახებ. "ვინც იცის, როგორია ცხოვრება თანამედროვე მსოფლიოში, მარჯიელამ ყველაზე მოახდინა გავლენა", - ამბობს მარკ ჯეიკობსი. როგორც ამბობენ, მარჯიელამ, აზედინ ალაიადან დაწყებული, ალექსანდრე მაკქვინით დამთავრებული, ზეგავლენა მართლაც ყველაზე მოახდინა.

ამ კომპანიაში მოხვედრამდე დემნა გვასალიამ რამდენიმე ჯილდო მიიღო. 2004 წელს გამართული შოუსთვის, კრისტინ მატიის ჯილდო, როგორც იმედის მომცემმა მომავალმა დიზაინერმა. პრიზი დემნას ცნობილმა ბელგიელმა დიზაინერმა დრის ვან ნოტენმა გადასცა. წლის კოლექციისთვის მიღებული აქვს გრან-პრი, საერთაშორისო ტალანტების მხარდამჭერისთვის - 2005 წელს იტალიაში დააჯილდოვეს. 2005 წელს ბელგიაში, ანტვერპენში, ფეხსაცმლის საუკეთესო დიზაინისთვის დაჯილდოვდა. 2006 წელს გაიმარჯვა ნიუ-იორკში, საერთაშორისო პროექტში - სუნამოს კონცეფციის დიზაინი და ახალი მეთოდები, სუნი და არომატი. 2012 წელს იყო პროექტის ხელმძღვანელი - მარჯიელა ეიჩ-ენდ-ემისთვის.

- დემნა, როგორ მოხვდით მეისონ მარტინ მარჯიელასთან სამუშაოდ?

- მარჯიელასთან მუშაობაზე ჯერ კიდევ მაშინ ვოცნებობდი, როდესაც ანტვერპენში ვსწავლობდი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ბელგიასა და ჰოლანდიაში ვიმუშავე. აგრეთვე, ჩემი სახელით, ქალის ტანსაცმლის ორი კოლექციის ჩვენება მქონდა. მეორე კოლექციის ჩვენების შემდეგ მარჯიელას წარმომადგენელები მოვიდნენ ჩემთან და შემომთავაზეს, მათთვის ქალის ფეხსაცმლის კოლექციაზე მემუშავა. ორ კვირაში პარიზში გადავედი და ჩემი ცხოვრება შეიცვალა.

- რას აკეთებდით, უფრო დეტალურად რას მოიცავდა თქვენი სამუშაო მარტინ მარჯიელასთან?

- პასუხისმგებელი ვიყავი ფეხ­საცმლის კოლექციაზე. ვაკეთებდი ყველაფერს, დაწყებული კოლექციის კონცეფციით, მასალა, ფერები, სილუეტისა და ესკიზის შექმნა, კასტინგი, მუსიკა, მოწვევები და შოუს იდეა. ასევე პასუხისმგებელი ვიყავი მარჯიელასა და ეიჩ-ენდ-ემის ერთობლივი კოლექციის დიზაინზე. 2012 წლის ნოემბერში, 4-წლიანი მუშაობის შემდეგ, მარჯიელასგან წამოვედი და იგივე პოზიცია დავიკავე ლუი ვუიტონის ქალის ტანსაცმლის კომპანიაში.

- მარტინ მარჯიელასთნ პირადად თუ გიწევდათ ურთიერთობა?

- როდესაც მარჯიელასთან მუშაობა დავიწყე, ის უკვე წასული იყო კომპანიიდან. მე გავაგრძელე მუშაობა მის მარჯვენა ხელთან, ასისტენტთან, რომელიც მარტინთან ერთად 20 წელი მუშაობდა და პასუხისმგებელი იყო შემოქმედებით მიმართულებაზე.

- რა დევიზი ჰქონდა მას კოლეციაზე მუშაობისას, მისი ხასიათი და მოდასთან დამოკიდებულება როგორი იყო?

- ყველაზე მნიშვნელოვანია, შექმნა ისეთი ტანსაცმელი, რომელიც აღაფრთოვანებს ხალხს, იქნება გამორჩეული და ინდივიდუალური.

- თქვენი კოლექციები რა მიმართულებისაა, ახლოს არის მარჯიელასთან?

- მე ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი ტანსაცმლისადმი მარტინ მარჯიელას კონცეპტუალური მიდგომებით და რასაკვირველია, მისი გავლენის ქვეშ ვიყავი, ისევე, როგორც ბევრი თანამედროვე მოდის დიზაინერი. თუმცა მე თვითონ, როგორც დიზაინერი, უფრო მეტად ნაწარმზე ვარ ორიენტირებული და მინდა, რომ ხალხი ატარებდეს და სიამოვნებას იღებდეს ჩემი ტანსაცმლისგან.

- ახლა უფრო პრესტიჟულ კომპანიაში მუშაობთ...

- ლუი ვუიტონი ყველაზე მდიდრული ბრენდია მსოფლიოში. უსაზღვრო შესაძლებლობებით, მაგრამ, იმავდროულად, მკაცრად განსაზღვრული ჩარჩოებით. ამიტომ ჩემთვის დიდი გამოწვევაა მათთან მუშაობა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მაქვს კონტრასტული გამოცდილება მარჯიელასთან, რომელიც უფრო შემოქმედებით მხარეზე იყო ორიენტირებული. ახლა ჩემი ინტერესია, მოდის, როგორც მდიდრული პროდუქტის შესწავლა.

- მარკ ჯეიკობსს პირადად ხვდებით და გაქვთ მასთან ურთიერთობა?

- ის არის ლუი ვუიტონის კომპანიის სამხატვრო დირექტორი. მე ვხვდები მას და ვმუშაობთ ერთად პრეტ-ა-პორტეზე.

- როგორია მარკი სამუშაო პროცესში?

- ყველაფერი, რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ძალიან საინტერესოა მასთან მუშაობა და დიდ სტიმულს მაძლევს.

- რა გეგმები გაქვთ მომავალში, იმუშავებთ რომელიმე დიზაინერთან თუ პერსონალურ კოლექციებს გააკეთებთ და საკუთარი სახელით გამოხვალთ?

- ამ ეტაპზე უფრო მეტ და განსხვავებულ გამოცდილებას ვიღებ, ფუფუნებაა ისეთ ბრენდთან მუშაობა, როგორიც ლუი ვუიტონია. დიდი გაკვეთილია, რომ აღმოვაჩინო დღევანდელი, თანამედროვე, გლობალური მოდის რეალობა. მომავალში მინდა შევქმნა ტანსაცმლის ახალი კონცეფცია, რომელიც დამოუკიდებელი იქნება არსებული მოდის სტრუქტურისგან. მინდა ხალხს შევთავაზო ტანსაცმელი, რომელიც მათ გარდერობში მთელი ცხოვრების განმავლობაში დარჩება.

- როდის და სად წახვედით პირველად საქართველოდან და როგორ დაიწყეთ მოდის სფეროში მოღვაწეობა?

- 2000 წელს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ჩემს ოჯახთან ერთად გერმანიაში ემიგრაციაში გადავედი. ჩემი მშობლები ახლაც იქ ცხოვრობენ. ყოველთვის მინდოდა ტანსაცმლის შექმნა. ერთხელაც, ბელგიაში, ანტვერპენის სამეფო აკადემია და ბელგიელი მოდის დიზაინერები აღმოვაჩინე, რომლებთანაც ესთეტიკურ კავშირს ვგრძნობდი. ეს არის მსოფლიოში ცნობილი მოდის სკოლა. ვცადე და ჩავაბარე. იქ ოთხი არაჩვეულებრივი წელი ვისწავლე. ბელგიაში მთლიანობაში ექვსი წელი დავრჩი და ის გახდა ჩემი მეორე სახლი. ოთხი წლის წინ, რაც მარჯიელასთან დავიწყე მუშაობა, გადავედი პარიზში, სადაც ახლაც ვცხოვრობ და ვმუშაობ.

- თავიდან ისწავლეთ, შემდეგ მიიღეთ ჯილდოები. ეს ადვილია დამწყები დიზაინერებისთვის უცხო ქვეყანაში?

- მოდაში არაფერია ადვილი. ეს არის მუდმივი ბრძოლა სრულყოფისთვის და სილამაზის შექმნისთვის. მჯერა, რომ მხოლოდ ბევრ მუშაობას და პროფესიით გატაცებას მოაქვს წარმატება ნებისმიერ სფეროში, მაგრამ ეს განსაკუთრებით მოდის სფეროშია ასე. მივიღე ჯილდოები და პრიზები, მაგრამ ეს არასდროს ყოფილა ჩემი მიზანი. უბრალოდ, ასე მოხდა და, რა თქმა უნდა, ვიყავი ბედნიერი, როცა იმისთვის მაჯილდოებდნენ, რისიც მჯეროდა.

- საქართველოში თუ გეგმავთ ჩვენებას ან მაღაზიის გახსნას? თუ გაქვთ ურთიერთობა ქართველ დიზაინერებთან?

- ამჟამად არ მაქვს საქართველოსთან დაკავშირებული რაიმე პროექტი. თუმცა მომავალში, იმედი მაქვს, შევძლებ დავეხმარო ახალგაზრდა ტალანტებს მოდის სფეროში. მე მქონდა ოცნება და ვიღაც დამეხმარა ამ ოცნების განხორციელებაში. ამიტომ მინდა, მეც იგივე გავაკეთო. დრო გვიჩვენებს, რა გზით მოხდება ეს, მაგრამ ამასთან დაკავშირებით იდეები მაქვს.

- თქვენ ვინ დაგეხმარათ ოცნების ახდენაში?

- 2002 წელს, როდესაც გადავწყვიტე ანტვერპენში მოდის შესწავლა, ჩემი მეგობარი დამეხმარა 4-წლიანი სწავლისა და კოლექციის დაფინანსებაში. ამ მეგობარს სჯეროდა ჩემი და ჩემი ოცნების და დამეხმარა მის განხორციელებაში.

- რა რჩევებს მისცემთ დამწყებ და უკვე ცნობილ ქართველ დიზაინერებს?

- ჩემი ერთადერთი რჩევაა, დარჩე მართალი საკუთარ თავთან და არ ეცადო, იყო სხვების მსგავსი. იმუშაო ბევრი და არ შეწყვიტო გჯეროდეს იმის, რისიც გჯერა.

- მოგწონთ რომელიმე ქართველი დიზაინერი?

- სამწუხაროდ, მართლა არ ვიცი, რა ხდება ახლა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იქნებიან დიდი ტალანტები. მე ისევ მომწონს ნინო ჩუბინიშვილის ადრინდელი ნამუშევარი, რადგან ის ინდივიდუალურია, ქართული და თანამედროვე.

- რომელია თქვენი საყვარელი ცნობილი დიზაინერი?

- მარტინ მარჯიელა და ფიბი ფაილოუ, რომელიც 2010 წელს საუკეთესო ბრიტანელ დიზაინერად დასახელდა.

- ცნობილ კომპანიებში მუშაობის პარალელურად, საკუთარ კოლექციებსაც აკეთებთ?

- ახლა, ამ პერიოდში, ჩემს საკუთარ კოლექციაზე არ ვმუშაობ, რადგან ძალიან დაკავებული ვარ ლუი ვუიტონთან ქალის ტანსაცმელზე მუშაობით. იანვრის დასაწყისში გადავედი ამ კომპანიაში სამუშაოდ და მიუხედავად იმისა, რომ ახალი თანამშრომელი ვარ, შემდეგი მოდის ჩვენება უკვე მოითხოვს ჩემგან მასში ჩართვას. 6 მარტს შედგება შოუ-ჩვენება.

ფოტოებზე: მარტინ მარჯიელას კოლექციები.

ზაზა გიგაური

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება