გიო ყიფშიძის "სლიმ" სამოსი და საყვარელი აქსესუარები

გიო ყიფშიძის "სლიმ" სამოსი და საყვარელი აქსესუარები

გიო ყიფშიძე ყოველთვის გემოვნებიანად იცვამს და სიმპათიურადაც გამოიყურება. მას კლასიკური სამოსი უფრო მოსწონს, რომელსაც სხვადასხვაგვარი აქსესუარით ალამაზებს. გიო ამჯერად საკუთარ იმიჯზე გვესაუბრება.

- თბილისის მაღაზიებში რაც მომწონს, ყველაფერი ძვირი ღირს. მე რომ საკუთარ თავს ასეთი ტანსაცმლის ყიდვის უფლება მივცე, ჩემს შვილებს რაღაცები უნდა მოვაკლო, ეს კი ნამდვილად არ მინდა. ჩემთვის პირველ ადგილზე ოჯახია, მერე - ჩაცმა-დახურვა. უფრო მეტი შემოსავალი რომ მქონდეს, ალბათ სხვანაირად ჩავიცვამდი. ბრენდებს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. მთავარია, სამოსი მიხდებოდეს და მოვირგო. ქსოვილის "სლიმ" შარვლები "მევასება", პიჯაკს ძალიან უხდება, ოღონდ - კოსტიუმიც აუცილებლად ვიწრო და ტანზე მომდგარი უნდა იყოს. განსაკუთრებით მაგარია, თუ ერთ ღილზე იკვრება. პერანგებიც ასეთი მომწონს. ქუდები მიყვარს და ბევრნაირიც მაქვს. ზოგადად, კლასიკურად ჩაცმა მიყვარს, ოღონდ - ყველაფერი ტანზე კარგად მომდგარი უნდა მქონდეს. ფართხუნა შეიძლება, მხოლოდ შარვალი ჩავიცვა, ისიც - იშვიათად...

- როგორი ფეხსაცმელი მოგწონთ?

- მთავარია, შავი იყოს. როცა პიჯაკი მაცვია, ფეხსაცმელი აუცილებლად, ოდნავ წვეტიანი უნდა იყოს. ე.წ. "გამადავები" - ანუ "ბატინკებიც" "მევასება". ასეთი ფეხსაცმელი შეიძლება შავიც იყოს და ყვითელიც - კლასიკური, ამერიკული.

- გასტროლზე ყოფნისას საშოპინგოდ თუ იცლით ხოლმე?

- შარშან გასტროლზე ნიუ-იორკში წავედით. იქ ყოფნისას მივხვდი, რომ ძალიან, ძალიან ბევრი ფული მჭირდებოდა იმ ყველაფრის შესაძენად, რაც მომეწონა. გარკვეული თანხა, რა თქმა უნდა, წაღებული მქონდა და ბევრი კარგი რამ ვიყიდე. მაგალითად, რამდენიმე სათვალე, ფეხსაცმელი, კედი, მაისური, მაგრამ მეტის შეძენის სურვილი მქონდა. საერთოდ, შოპინგი ისეთი რამ არის, რაც უფრო ბევრს "ჭამ", მით უფრო მსუნაგი ხდები.

- ვიცი, რომ აქსესუარები მოგწონთ...

- კარგ აქსესუარებზე ვგიჟდები. ბევრი ყელსაბამი და სამაჯური მაქვს. სამკაულებს ანიც მიკეთებს. რაც უნდა გეცვას, თუ მაგარი აქსესუარი გიკეთია - ქამარი იქნება, სათვალე თუ სხვა რამ, უფრო ეფექტურად გამოიყურები.

- თქვენს გარდერობში ყველაზე ძვირად ღირებული რა არის?

- ცხოვრებაში ერთადერთხელ ვიყიდე ათასდოლარიანი პიჯაკი და ზუსტად ვიცი, რომ ასეთ სისულელეს აღარასდროს ჩავიდენ. მიუხედავად იმისა, რომ მართლა ძალიან მაგარი კოსტიუმი იყო, მაინც ვფიქრობ, რომ სულელივით მოვიქეცი.

- როგორი პიჯაკი იყო?

- ხავერდის შავი პიჯაკი გახლდათ, რომელიც ერთი ღილით იკვრებოდა. სხვათა შორის, შეძენიდან ცოტა ხანშივე გაფუჭდა - რაღაცას გამოვედე, ჯიბესთან გამეხა და მორჩა. ახლაც ვბრაზდები საკუთარ თავზე და ვამბობ: ეს როგორ მოვახერხე-მეთქი?! მახსოვს, პეკინზე, ერთ-ერთ მაღაზიაში შევიძინე. რომ დავინახე, გავგიჟდი და გადავირიე, ისე მომეწონა, ჰოდა, ჩემს თავს ვუთხარი: არტისტს ერთი მაგარი პიჯაკი ხომ უნდა ჰქონდეს-მეთქი? მერე კი დავეტაკე და ვიყიდე... სხვათა შორის, ტატუების მოყვარულიც ვარ. მკლავზე ჯვარი მაქვს ამოსვირინგებული და კიდევ მინდა, მარცხენა ხელზე 38 ასო დავიხატო.

- დაბოლოს, თუ ვარჯიშობთ ფორმის შესანარჩუნებლად?

- რაღა დაგიმალო და, როცა ვვარჯიშობდი, მშვენიერად გამოვიყურებოდი, მას მერე კი, რაც მივატოვე, ცოტა არ იყოს, "ჩავიჩუტე". როცა სახლში რემონტს დავასრულებთ, ისევ გავაქტიურდები და ვარჯიშს აუცილებლად დავიწყებ...

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება