ნანიკო ხაზარაძე - ”მე და ნიკა ლომიძე ისევ ისეთები ვართ, როგორებიც წლების წინ ვიყავით”

ნანიკო ხაზარაძე - ”მე და ნიკა ლომიძე ისევ ისეთები ვართ, როგორებიც წლების წინ ვიყავით”

ნანიკო ხაზარაძის 9 წლის შვილი - ლილუ ნუცუბიძე წყნარი და ჭკვიანი გოგონაა. უყვარს შოპინგი, დედასთან და მეგობრებთან ერთად გართობა და ოცნებობს, ნიუ-იორკში წავიდეს, სადაც მამიკო ელოდება.

- მეოთხე კლასის მოსწავლე ვარ და შუმანის სახელობის ევროპულ სასწავლებელში დავდივარ. სკოლაში ყველაზე მეტად ხატვის, სიმღერის გაკვეთილი და დასვენებაზე სირბილი მომწონს, საგნებიდან კი - ქართული. გედებს, აბსტრაქტულ რაღაცებს ვხატავ და მგონი, ლამაზი გამომდის. ინგლისურსა და ფრანგულსაც ვსწავლობთ, რომელიც ცოტა რთულია, მაგრამ ლამაზი ენაა. როცა გავიზრდები, მინდა მსახიობი გავხდე. საკუთარი თავი დიდ სცენაზე წარმომიდგენია. ადრე ტანვარჯიშზე დავდიოდი, მაგრამ აღარ მომწონს - "მწელავდნენ" და ვარჯიშის შემდეგ, კუნთები მტკიოდა.

- რეკლამებში რომ გიღებენ, მოგწონს?

- კი, ძალიან მომწონს. მიყვარს ფოტოების გადაღებაც. გადაღებისას რასაც მავალებენ, ზოგჯერ იოლად გამომდის, ზოგჯერ - არა. სხვათა შორის, მე, ჩემს ერთ კლასელს და მის ძმას როკჯგუფი გვაქვს - Black Spirit ანუ "შავი სული". მე მათი დიზაინერი ვარ და ჩაცმის სტილს ვურჩევ ხოლმე. თავიდან დასარტყამ ინსტრუმენტზე ვუკრავდი, მაგრამ კარგად არ გამომდიოდა; პიანინოზე უკეთ ვუკრავ. მომღერალი ვერ ვიქნებოდი, რადგან დაბალი ხმა მაქვს. ჰოდა, რომ შემომთავაზეს, დიზაინერი იყავიო, სიხარულისგან ცას ვეწიე.

ამას წინათ გუდაურში, შეკრებაზე რომ ვიყავი, თხილამურებით შეჯიბრებაში პირველი ადგილი დავიკავე - ტრასა 18 წამში გავიარე. ასევე, "მის შეკრებაც" გავხდი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაზე მეტი ხმა მომცეს და ძალიან გამიხარდა.

- ლილუ, რომელიმე საბავშვო ფილმში ხომ არ მონაწილეობ?

- არა, მაგრამ ძალიან მინდა, ფილმში გადამიღონ. სიამოვნებით შევასრულებდი ბეჯითი, მაგრამ ცელქი ბავშვის როლს. ძალიან ცელქი ვარ და როცა ნანიკო მაფრთხილებს, - სკოლაში მოსაცმელი არ დაისვაროო, სწორედ მაშინ მესვრება. მინდა, ბევრი ფული მქონდეს.

- რაში დახარჯავდი?

- ნიუ-იორკის ბილეთს ვიყიდდი!

ნანიკო:

- ცოტა ხნის წინ მე და ლილუმ აშშ-ის საელჩოში გასაუბრება გავიარეთ და ვიზა არ მოგვცეს. იქ წასვლა, მას მერე ოცნებად ექცა. ამას წინათ, სკოლაში ასეთი თემის დაწერა დაავალეს: "რას გავაკეთებდი პრეზიდენტი რომ ვიყო". ლილუმ დაწერა, - ნიუ-იორკში წავიდოდიო...

ლილუ:

- კიდევ ერთი თემა იყო: "რა მოგწონს ან არ მოგწონს შენს ქალაქსა და ქვეყანაში". მე დავწერე, - მომწონს ოჯახი და მაღაზიებში სიარული-მეთქი. ტანსაცმელს მე და დედა ერთად ვარჩევთ ხოლმე. თუ რაიმე ძალიან ძვირი ღირს, არ ვამბობ, რომ მინდა...

ნანიკო:

- ეს არ ვიცოდი! რა საყვარელი ხარ. რისი ყიდვა გინდოდა ბოლოს? ხომ იცი, უნდა მითხრა და თუ შესაძლებლობა მექნება, აუცილებლად გიყიდი.

ლილუ:

- ვიცი, მაგრამ როცა ძვირი ღირს, მრცხვენია ხოლმე იმის თქმა, რომ მინდა...

ნანიკო:

- საერთოდ, ასეთი მორცხვია. არაფერს მთხოვს, მხოლოდ კალამზე თუ მეტყვის: მიყიდე-მიყედეო.

ლილუ:

- რა ვქნა, სულ მეკარგება, თავს ვერ ვაკონტროლებ (იცინის).

- ლილუ ვის ჰგავს?

ნანიკო:

- სხვათა შორის, გარეგნობითაც და ხასიათითაც, მამას უფრო მეტად ჰგავს.

ლილუ:

- ჩემი მამიკო ამერიკაშია და იქიდან საჩუქრებს მიგზავნის ხოლმე. ახალ წელს ფული გამომიგზავნა და ყულაბაში ჩავყარე. ნანიკო ყულაბას ჯერ არ მახსნევინებს. არადა, ძალიან მაინტერესებს, რამდენი დამიგროვდა. ჩვენს სახლთან ახლოს ბაბუა ცხოვრობს. მასთან ყოველდღე მივდივარ და ისიც რაღაცებს მჩუქნის.

ნანიკო:

- დედიკო, ყულაბა ყოველ წუთს რომ არ შეგემოწმებინა, იმიტომაც "დავსკოჩე" და ვიდრე არ გაივსება, არ გავხსნით.

ლილუ:

- ჩვენ კატა გვყავს, სფინქსი, რომელსაც ბიჭი ჰქვია. დედა ამბობს, - ზამშის კანი აქვსო. ვიდრე მე გავჩნდებოდი, სახლში ასეთივე კატა ჰყოლია, ოღონდ უფრო წყნარი და კარგი ხასიათის (იცინის). თურმე, ღვინოს სვამდა, მერე საპირფარეშოში მიდიოდა და უნიტაზზე ადიოდა... მეორე გიჟი კატაც გვყავდა, ის მაღვიძარას მაგივრობას გვიწევდა - ლოგინზე ამოგვიხტებოდა და თათებს სახეში გვიტყაპუნებდა მანამ, ვიდრე არ გაგვაღვიძებდა. ბიჭი წყნარია. სახლში რომ მოვიყვანეთ, ასანთის კოლოფის ზომის იყო, ახლა კი გაიზარდა და გასუქდა.

- ლილუ, დედიკოსთან ერთად, ყველაზე მეტად სად გიყვარს სიარული?

- ყველგან ერთად დავდივართ - კაფეებში, მეგობრებთან სტუმრად, სამსახურში, სამოგზაუროდ და ა.შ. ერთხელ, დილით ცუდად ვიყავი, სკოლა გავაცდინე და ნანიკომ სამსახურში წამიყვანა. იქ ბევრი ადამიანი გავიცანი. ერთ-ერთი მათგანი ბავშვობიდან მახსოვდა - მას მაშინ 10 ლარი ჰქონდა ხელფასი, ახლა კი დირექტორი გამხდარა (იცინის).

- ჟურნალისტობაც არ მოგწონს?

- არა. დედიკოს ხალხი რომ ცნობს, ეს მომწონს, მაგრამ არ მინდა, თავადაც პოპულარული ვიყო. როცა გავიზრდები, შეიძლება ამის სურვილიც გამიჩნდეს. ისე, ძალიან პრანჭია ვარ.

ნანიკო:

- სხვათა შორის, უკვე გემოვნებიან და განსხვავებულ მუსიკას უსმენს, რაც ძალიან მომწონს.

ლილუ:

- ჩემს კლასელებს სხვანაირი მუსიკა მოსწონთ, მე კი არ მინდა, ვინმეს მივბაძო, ჩემი გემოვნება მაქვს. ამას წინათ ერთი ჩემი კლასელი ამბობდა - ეს მაქვს, ის მაქვსო. სხვებივით, მეც ვიფიქრე, იტყუება-მეთქი, მაგრამ მხარში მაინც ამოვუდექი, შემეცოდა, მთელმა კლასმა რომ შეუტია. მერე მასთან სახლში სტუმრად მივედი და ვნახე, თურმე არ იტყუებოდა... სკოლა კარგია, მაგრამ უნდა ვაღიარო, სწავლა არ მიყვარს. ზოგჯერ ძილის წინ, წიგნებს ვკითხულობ.

ნანიკო:

- კარგია, რომ აღიარე, სწავლა არ მიყვარსო. ხომ იცი, ამ ჟურნალს მთელი საქართველო წაიკითხავს და საჯაროდ პირობა უნდა ჩამოგართვა, რომ გამოსწორდები და თეა მასწავლებელი შენიშვნას აღარ მოგცემს.

ლილუ:

- კარგი, პირობას ვდებ, რომ უკეთ ვიმეცადინებ და ჩემი დამრიგებელი - თეა ტურაშვილი შენიშვნას აღარასდროს მომცემს.

- ლილუ, ნანიკო მკაცრია?

- ზოგჯერ სიმკაცრეს იჩენს, მაგრამ სამართლიანად.

- დედასთან ერთად, რომელ ქვეყნებში ხარ ნამყოფი?

- თურქეთში, გერმანიასა და შვეიცარიაში, კერძოდ - ანტალიაში, ბერლინსა და ჟენევაში. ყველაზე მეტად ბერლინი მომეწონა, დაბადების დღე იქ გადავიხადე: მაგარ გასართობ ცენტრში ვიყავით, კინოშიც შევიარეთ, უგემრიელესი ნაყინები მივირთვით და კარგად გავერთეთ. ნანიკომ დაბადების დღეზე როლერი მაჩუქა, საახალწლოდ კი - კომპიუტერი. კარგი დედიკო მყავს, ძალიან მიყვარს. ბერლინში მუზეუმშიც ვიყავით, სადაც ბევრი საინტერესო რამ ვნახე - უზარმაზარი მამონტი, თან - ნამდვილი, კორპუსზე დიდი ფეხები ჰქონდა. მე მისი ფრჩხილისხელა ვიყავი და გული გამისკდა. დინოზავრის ძვლებიც ვნახეთ და სპეციალური ჭოგრიტით მათზე ფილმსაც ვუყურეთ. თვითმფრინავით ფრენაც მომეწონა; მინდოდა, კიდევ ათასჯერ ჩავმჯდარიყავი...

- დაბოლოს, ნანიკო, მინდა გკითხო: ამდენი წლის შემდეგ, როგორ გრძნობ თავს "მაესტროზე"?

- შესანიშნავად. მართლა ძალიან კარგად ვარ და ვფიქრობ, ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. გამიხარდა, ის ადამიანები, რომლებიც ოდესღაც იქ დავტოვე და ძალიან მიყვარს, ისევ "მაესტროზე" რომ დამხვდნენ. ნიკა ლომიძე არაჩვეულებრივი პარტნიორია. ჩვენ უბრალოდ, ასაკი და გამოცდილება მოგვემატა, თორემ ისევ ისეთები ვართ, როგორებიც წლების წინ ვიყავით.

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება