ცნობილი "დეტექტივი" სხვადასხვა რაკურსით

ცნობილი "დეტექტივი" სხვადასხვა რაკურსით

მაყურებლის წინაშე სხვადასხვანაირ ამპლუაში ჩნდება. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია და მისი გმირები რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან; გამორჩეული ხმის ტემბრი აქვს და უამრავ კინოგმირს ახმოვანებს; მხატვრული კითხვის ოსტატიცაა: მისი წაკითხული ლექსი არ დაგავიწყდებათ; რამდენჯერმე კინოშიც გამოჩნდა, ხოლო ტელესერიალ "დეტექტივებში" მონაწილეობის შემდეგ თაყვანისმცემელთა არმია შეიძინა. ჩემი რესპონდენტი გამორჩეულად უშუალო და გულღია ადამიანი აღმოჩნდა. მსახიობმა დიმიტრი ტატიშვილმა პირისპირ სასაუბროდ თეატრში მიგვიპატიჟა.

- ჩემი აზრით, სწორად მოვიქეცი, რომ პროფესიად მსახიობობა ავირჩიე, მიუხედავად... წარუმატებლობისა, თეატრალური ინსტიტუტის (ამჟამინდელი თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის) კურსდამთავრებულს წარუმატებლობად მიმაჩნდა, მყისვე რომ ვერ დავიპყარი თეატრის სცენა და კინოეკრანი - თეატრში სამუშაოდ ახალმისულს ხომ მებრალებოდა დასის მსახიობები, რადგან მეგონა, ჩემი მისვლის შემდეგ მათი კარიერა სრულდებოდა და იმ დღიდან ყველა საუკეთესო როლი და წარმატება ჩემი იქნებოდა (იცინის)!

- რამხელა ამბიციაა! ხუმრობთ თუ მართლა ასე ფიქრობდით?

- მეგონა, ყველაფერს შევძლებდი და სხვებიც იმავეს ფიქრობდნენ ჩემზე, მაგრამ, რასაკვირველია, ასე არ მოხდა... და მიხარია, რომ მაინც არ შეველიე მსახიობობას და მონდომებით ვიმუშავე ყველა როლზე. ვფიქრობ, რაც დღემდე შემიქმნია, მხოლოდ მოთელვაა, მზადებაა კიდევ უფრო კარგი, საინტერესო როლებისთვის და არ ველოდები მაინცდამაინც წითელ ხალიჩაზე გავლას, თუმცა ვიცი, რასაც შევქმნი, მდარე ხარისხის ნამუშევარი არ იქნება. ამისათვის, ასე, 20-25 წელიწადი ხომ მაინც მაქვს დრო (იღიმის)? მით უმეტეს, ოჯახშიც საკმაოდ მიწყობენ ხელს მეუღლე და ტყუპი ქალიშვილი, ასე რომ... 

- პროფესიული ცხოვრება მუდამ თან გასდევს პირად ცხოვრებას. თქვენ საკმაოდ ნაადრევად განიცადეთ  მშობლების დაკარგვით გამოწვეული ტკივილი, რაც უეჭველად დაასვამდა დაღს თქვენს ცხოვრებას. ამ გადასახედიდან, გარდა უახლოეს ადამიანებთან ფიზიკური განშორებისა, რა მოგაკლოთ ჯერ - დედის, მალევე - მამის გარდაცვალებამ?

- ღმერთი რაღაცას რომ გართმევს, სხვა რამეს გაძლევს, თუმცა იმხანად ამას ვერ ვხვდებოდი... 12 წლის ვიყავი, დედა რომ გარდაიცვალა და, რა თქმა უნდა, დამაკლდა მისი სითბო, ჩემი უზრუნველობა, არხეინობა... რა მოხდა, იცით? - უცებ გამოვემშვიდობე ბავშვობას, უფრო დამოუკიდებელი გავხდი. ბებია კი გვივლიდა მე და ჩემს უფროს დას, მაგრამ მასაც, ახალგაზრდა შვილის დაღუპვის გამო, თავისი ტკივილი და სევდა ჰქონდა, ამიტომ გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება ვისწავლე, მნიშვნელოვანისაც და უმნიშვნელოსიც. მამაც ზრუნავდა ჩემზე, მაგრამ, სამწუხაროდ, მხოლოდ 5 წელიწადს გაგრძელდა ჩვენი თანაცხოვრება. და მაინც, მამის გავლენა დღემდე გამომყვა, რადგან გასაოცრად ჭკვიანი და ბრძენი ადამიანი იყო.

არასდროს მარიგებდა ჭკუას, მაგრამ მისი ცხოვრებისგან ვსწავლობდი ბევრ რამეს, გარდაცვალების მერეც კი. მაგალითად, ბავშვობიდან ვერ ვიტანდი ქუდის დახურვას. მახსოვს, პატარას, სიცივეში ქუდს რომ მახურავდნენ, საშინლად ვაპროტესტებდი. ერთხელ მამამ ჩემი ზომა თუშური ქუდი მომიტანა, - დაიხურეო. ვიუარე და მამამ მითხრა, - ამას ჩვენი წინაპრები მუზარადის ქვეშ იხურავდნენო. მაშინვე დავიხურე... მართალია, თავისუფლად გავიზარდე, არავინ არაფერს მიშლიდა, - ან ვინ დამიშლიდა, უფროსებიდან ყველა გარდაცვლილი იყო, - მაგრამ მაინც ისე ვიქცეოდი, როგორც მათ მიაჩნდათ სწორად... ღმერთმა განსაცდელით სწორი გზისკენ მიბიძგა. არავის უთქვამს ჩემთვის, ნარკოტიკი ცუდიაო, მაგრამ არც არასდროს გავკარებივარ, ის მეგობრებიც დავკარგე, ვინც ნარკოტიკს მიეძალა.

- მსახიობობა იმიტომ აირჩიეთ, რომ მსახიობი მშობლების ტრადიცია არ მოგეშალათ, თუ ვალდებულად მიიჩნიეთ თავი, მშობლების ნაადრევად შეწყვეტილი საქმე ღირსეულად გაგეგრძელებინათ, ან იქნებ სხვა რამ მიზეზი გქონდათ?

- ბავშვობაში მეგონა, რომ მსახიობი უნდა გავმხდარიყავი, გავიზარდე და მივხვდი, რომ აუცილებლად მსახიობი უნდა გამოვსულიყავი. შუალედში კი სამხედრო სამსახურის ოფიცრობაც მინდოდა, რადგან მიმაჩნდა, არაფერი ისე მნიშვნელოვანი არ იყო მამაკაცისთვის, როგორც სამშობლოს დაცვა. თუმცა შემთხვევის წყალობით პიონერთა სასახლის პოეზიის თეატრში მოხვედრამ ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა. დედა უკვე გარდაცვლილი იყო, მამამ კი ჩემს გატაცებაზე არაფერი იცოდა.

მხოლოდ მაშინ გავბედე და გავანდე, პიონერთა სასახლეში ირაკლი აბაშიძეს რომ უნდა შევხვედროდით და ლექსი უნდა წამეკითხა. დამპირდა, მოვალო. არ მავიწყდება: ჩაბნელებულ დარბაზში მხოლოდ სცენა იყო განათებული. ირაკლი აბაშიძე გვერდით, სცენის კუთხეში იჯდა, მე სცენაზე ვიდექი, მიკროფონთან, მამა კი ბოლო რიგში იჯდა და ვერ გეტყვით, როგორ, მაგრამ სიბნელეშიც კი მის თვალებს აშკარად ვხედავდი. ლექსს ვკითხულობდი და გვერდით რაღაც მოძრაობას ვგრძნობდი, თურმე, ირაკლი აბაშიძეს ცრემლი მოერია და ცხვირსახოცს ეძებდა. დავასრულე ლექსი და სცენიდან აღელვებული გავვარდი. შინ დაბრუნებულს მამამ მკითხა, მართლა გინდა "თეატრალურში" ჩაბარებაო? დავუდასტურე და... ჩააბარეო, - მშვიდად მითხრა... კიდევ ერთი ამბავი მაგონდება:

მამამ 2 იანვარს მარჯანიშვილის თეატრში, სპექტაკლ "მადამ სანჟენზე" მისვლა გვთხოვა მე და ჩემს დას. სოფიკო ჭიაურელი და კოტე მახარაძე მონაწილეობდნენ. სპექტაკლის შემდეგ ჩემი და შინ გამოუშვა, მე კი ტარიელ საყვარელიძის მანქანით ფიქრის გორაზე, ვერიკო ანჯაფარიძესთან წამიყვანა. ჯადოსნურ სამყაროში აღმოვჩნდი, გაფართოებული თვალებით ვუცქერდი ამ არაჩვეულებრივ პიროვნებებს. ვერიკო წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებდა ადამიანებზე. ქალის თვალები, ეგეთი, არასდროს მინახავს. 80 წელს გადაცილებული იყო და მაინც გრძნობდი, იმ საოცარი თვალებით ქალი მიმზერდა. თითქოს "დამასკანერა" ვერიკოს მზერამ. კოტე მახარაძემ მითხრა, - წლები გავა და დაიკვეხნი, აქ რომ იყავიო. მამამ ვერიკოს უთხრა, სამსახიობოზე უნდა ჩაბარებაო. სასმელი დაასხმევინა, ფეხზე წამოდგა და მადღეგრძელა.

კინაღამ გავგიჟდი. ცოცხალი თუ გადავრჩებოდი, არ მეგონა (იღიმის). დაახლოებით ასე მითხრა, ეს საქმე იოლი არ არის, მაგრამ თუ აირჩევ, პირველი უნდა იყოო. ის საღამო მართლაც საკვეხნად მაქვს. სკოლის დამთავრების ბანკეტის მესამე დღეს კი მამა გარდაიცვალა. 2 ივლისს მამა დავკრძალეთ, 5 ივლისს "თეატრალურში" ტურზე გავედი. იმ წელს მოვეწყე და მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში მოვხვდი, მაგრამ ერთი წლის შემდეგ სავალდებულო სამხედრო სამსახურში წავედი. იმხანად ვერ ვგრძნობდი, თუმცა გზადაგზა, უკვე ჯარმოვლილს, ბატონი მიშას "გაკვეთილები" ბევრჯერ წამადგა. რომ მეგონა, არაფერს ვისმენდი, ყველაფერი დალექილა ქვეცნობიერში და ცხოვრების გზაზე ძალიან დამეხმარა.

- როგორი იყავით და რით შეიცვალეთ, რა გადააფასეთ და რას ნანობთ?

- ადრე ძალიან ცინიკოსი ვიყავი. ალბათ, დედა რომ არ მყავდა, მერე მამაც რომ დავკარგე, რაღაც კომპლექსი გამიჩნდა, თავდაცვის მექანიზმი გამოვიმუშავე და ცინიზმით შევნიღბე: საკუთარი თავის ჩათვლით ყველას და ყველაფერს დავცინოდი, მიკვირს, როგორ მიტანდნენ ან როგორ შემომრჩნენ ჩემი ბავშვობის მეგობრები (იღიმის). სამხედრო სავალდებულო სამსახურში საფიქრელად დიდი დრო მქონდა, ჰაუპტვახტები რომ "ვხეხე", ბევრი რამ გადავაფასე. მივხვდი, ცუდად ვიქცეოდი და ადამიანებისადმი ასეთი დამოკიდებულებით ცხოვრებაში ბევრს წავაგებდი და "რქებიც" მოვიმტვრიე. რას ვნანობ (ფიქრობს)? თუ ნებას მომცემთ, არ დავაკონკრეტებ, მაგრამ მიგანიშნებთ: ვნანობ, რომ კონკრეტული ადამიანებისთვის რაღაცის გაკეთება შემეძლო და არ გავუკეთე, შემეძლო, დავხმარებოდი, გვერდში დავდგომოდი, მეტი ყურადღება გამომეჩინა და... არ გავაკეთე.

- და ამით რაიმე დაუშავდათ?

- ალბათ, დაუშავდათ. ღმერთი კი ბოლომდე არ გაწირავს ადამიანს, მაგრამ მე ხომ შემეძლო, რაღაც გამეკეთებინა... მე კი ან დამეზარა, ან ვერ გავბედე, ან მომერიდა... სისულელეა, ხომ? რატომ უნდა მოგერიდოს, ვინმეს დაეხმარო?

- საყვარელ ქალთან რაღაცის შეშლას გულისხმობთ?

- არა, არა, ერთი შეყვარებული მყავდა ცხოვრებაში და ცოლად შევირთე! სხვა ადამიანებზე ვამბობ და ახლაც ძალიან მრცხვენია. იმედი მაქვს, მსგავსს აღარასდროს გავიმეორებ.

- თქვით, წინ საინტერესო როლები მელოდებაო. ვის განსახიერებას ინატრებდით?

- შეიძლება არც გამომივიდეს, მაგრამ... ფიგაროს როლს შევასრულებდი დიდი სიამოვნებით და... ჰამლეტისას. ვფიქრობ, წლების წინ რომ მოეცათ ჰამლეტის როლი, არ ივარგებდა, ახლა კი მართლა შევძლებ!

ირმა ხარშილაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება