გრიგორი ლეპსის ფსევდონიმით რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის მომღერალი, გრიგოლ ლეფსვერიძე მორალური ზიანის საკომპენსაციოდ ერთ-ერთი გაზეთისგან 100 000 რუბლს მიიღებს.
აღნიშნული თანხის გადახდა ინტერნეტგამოცემა "ჟოლტაია გაზეტას" სასამართლომ დააკისრა, თუმცა ამით ლეფსვერიძის საჩივარი გაზეთის რედაქციის მიმართ მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილდება. მომღერალი, რომლის ფოტოც გაზეთმა მის უნებართვოდ გამოაქვეყნა, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მილიონ რუბლს ითხოვდა. სასამართლომ კი რედაქციის საპასუხო პოზიცია გაითვალისწინა, რომელიც ამტკიცებდა, რომ მათი ბიუჯეტისთვის ასეთი ოდენობის თანხა არაადეკვატური იყო და ლეფსვერიძეს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 100 000 რუბლი აკმარა.
გრიგორი ლეპსის ფოტო განთავსებული იყო რუბრიკაში "მიუჩინე ადგილი ვარსკვლავს", სადაც მკითხველს ფულადი ჯილდოს სანაცვლოდ კრიტიკის ქარცეცხლში უნდა გაეტარებინა ცნობილი სახე.
"ძალიან არასასიამოვნოა, როცა ჟურნალისტები რეიტინგის ასამაღლებლად ტყუილსა და ცილისწამებას მიმართავენ. ეს პირადი ცხოვრების ხელყოფაა. ნებისმიერ კორესპონდენტს შეუძლია მოვიდეს და აიღოს ინტერვიუ ან კომენტარი, ამის ნაცვლად კი წერენ იმას, რაც თავად აწყობთ, ამიტომ უნდა გადაიხადონ", - აცხადებს ლეფსვერიძის პიარ-მენეჯერი მაია სერიკოვა.
"ჟოლტაია გაზეტას" შემდეგ სასამართლო მომღერლის კიდევ ერთ საჩივარს განიხილავს, სადაც ის ტელეარხ НТВ-ს უჩივის და მისი გამოსახულების ამსახველი ვიდეოკადრების ჩვენებისთვის 2 მლნ რუბლს ითხოვს.
მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.