თაკო ჩხეიძე - "ჩემი მეუღლე ამაყობს და მოსწონს, წარმატებული ცოლი რომ ჰყავს"

 თაკო ჩხეიძე - "ჩემი მეუღლე ამაყობს და მოსწონს, წარმატებული ცოლი რომ ჰყავს"

"დემოგრაფიული აღორძინების ფონდი" - ასე ჰქვია ფონდს, რომელიც დედის დღეს პატრიარქისა და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით შეიქმნა. ფონდს ექვსი დამფუძნებელი ჰყავს - დიმიტრი ხუნდაძე, თამარ ჩუბინიძე, ზაქარია ქუცნაშვილი, ანზორ თოთაძე, მანანა კობახიძე და მოდელი თაკო ჩხეიძე. თაკო წლებია, რაც სამოდელო ბიზნესშია ჩართული და საკუთარი სამოდელო სააგენტოც აქვს. ზრდის სამ შვილს და მეუღლე, რუსლან აბაშიძე, რამდენიმე წელია, რაც ესტონეთში საქართველოს ელჩია. თაკო დემოგრაფიული პრობლემებით რამდენიმე თვის წინ დაინტერესდა და დღეს ბედნიერია, რომ ამ კუთხით საკუთარ წვლილს შეიტანს.

- თაკო, 3 მარტს "დემოგრაფიული აღორძინების ფონდი" შეიქმნა, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი თავად ხართ.

- ძალიან კარგ საქმეს ჩაეყარა საფუძველი. ფონდი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით შეიქმნა. ფონდში გაერთიანებული არიან პოლიტიკოსები და მე, როგორც საზოგადოების ერთ-ერთი წევრი, ცნობილი სახე, სიამოვნებით ჩავერთე. სამი შვილის დედა ვარ და მიუხედავად იმისა, რომ რადიკალურად სხვა სფეროში ვმოღვაწეობ, ყოველთვის ვინტერესდები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებით და დემოგრაფიული პრობლემებიც მაინტერესებდა. რატომღაც მეგონა, რომ ამ მხრივ უკეთესი მდგომარეობა გვქონდა, რადგან ჩემ ირგვლივ რომ გადავხედე, ბევრ ადამიანს ჰყავს სამი შვილი და ვფიქრობდი, რომ შობადობა გაიზარდა. ეს ყველაფერი პატრიარქის არაჩვეულებრივი ნაბიჯის შემდეგ მოხდა. ჩემთვის პირადად დიდი სტიმული იყო, რომ ჩემი მესამე შვილი პატრიარქს მოენათლა. ფეხმძიმობის შესახებ რომ გავიგე, პირველ რიგში, ეს გამახსენდა. ძალიან პატარა იყო, რომ მოვნათლეთ. ამ არაჩვეულებრივ ინიციატივას სახელმწიფოს მხარდაჭერა და ხელშეწყობა სჭირდება. ქვეყანაში ბევრი პრობლემაა და ყველას კარგად გვესმის, რომ მარტო შვილის გაჩენა არ არის, მას აღზრდა, გაზრდა სჭირდება. ახლა ჩვენი ფონდის მეშვეობით ძალიან კარგი ნაბიჯები გადაიდგმება.

- თქვენ ვინ დაგიკავშირდათ?

- ბატონი დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გახლავთ. მანამდე წინასაახალწლოდ მე და ჩემმა მეგობარმა საქველმოქმედო საღამო გავაკეთეთ უპატრონო ბავშვებისთვის. ლიკა საკუთარ რესტორანში ყოველ წელს ატარებს მსგავს ღონისძიებას, ყოველგვარი პიარის გარეშე. წელს გადავწყვიტე, რომ მეც ჩავრთულიყავი და მაშინ მივხვდი, რომ ძალიან სხვაგან ვიყავით. როდესაც თემა ბავშვებს ეხება, ფილმის ყურებაც მიჭირს. საღამოზე მოსულ დედებს რომ ვკითხე, ყველას 5-6 შვილი ჰყავდა. მართლა საამაყო საქმეს აკეთებენ და მათ მხარდაჭერა სჭირდებათ. ამ დღის შემდეგ დავინტერესდი, რით ეხმარებოდა სახელმწიფო მრავალშვილიან დედებს. ეს იყო კატასტროფა. როგორც გავარკვიე, აქამდე მრავალშვილიან დედად შვიდი შვილის დედა მიიჩნეოდა. ამაზე რა დამემართა, არ იცით.

- შეგიძლიათ, ფონდის საქმიანობის შესახებ გვიამბოთ, რა ღონისძიებების გატარებას აპირებთ?

- პირველ რიგში, მრავალშვილიანობა სამი შვილიდან განისაზღვრება. აქვე ყოველი მესამე შვილი საკუთარ ოჯახში ერთგვარი "შემომტანი" იქნება და 2014 წლიდან ყოველთვიური თანხა დაუწესდება, რასაც სრულწლოვანებამდე ყოველ წელს მიიღებს. მშობიარობა ივლისიდან უფასო გახდება და ახლა მიდის მსჯელობა, რომ ფეხმძიმობის განმავლობაში კონსულტაციებიც უფასო იყოს. ბევრჯერ მომისმენია ტელევიზიით, რომ უფულობის გამო ფეხმძიმე ქალბატონი საშინელ მდგომარეობაში აღმოჩენილა. გული თუ არ გამისკდებოდა, არ მეგონა. ერთი შემთხვევა მახსენდება, უსახსრობის გამო ახალგაზრდა გოგონა მშობიარობას გადაჰყვა. ფული არ ჰქონდა და საშინელ სამშობიაროში წავიდა, რომელიც შემდეგ დაიკეტა. 21-ე საუკუნეში ასეთი რაღაცები არ უნდა ხდებოდეს. ძალიან ბევრი სამუშაოა მთელ საქართველოში. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა რეგიონებში.

- მანამდე ფონდის დანარჩენ დამფუძნებლებს თუ იცნობდით? მხოლოდ თქვენ ხართ ხელოვანი მათ შორის.

- მაგ თვალსაზრისით შემარჩიეს. ფონდს სჭირდებოდა ცნობილი სახე, რომელიც პოლიტიკოსი არ იქნებოდა. ერთ-ერთი დამფუძნებელი ანზორ თოთაძე პროფესორი გახლავთ და ფონდის დაარსებამდე კონფერენციას დავესწარი, სადაც არაჩვეულებრივი გამოსვლა ჰქონდა. როდესაც იმ რიცხვებსა და მონაცემებს გავეცანი, შოკირებული წამოვედი. როგორც აღმოჩნდა, ერი თუ არ გამრავლდა, 30 წელიწადში ქართველი მხოლოდ 700 000 იქნება. ეს არის კატასტროფული მდგომარეობა, კონფერენციიდან რომ წამოვედი, ისეთი შეგრძნება მქონდა, რა კულტურა, რა ეკონომიკა, პირველ რიგში, ეს პრობლემაა მისახედი. თან საქართველო მრავალეროვანი ქვეყანაა და ყველას ძალიან გვიყვარს ერთმანეთი. სხვა ერის წარმომადგენლები ბევრად გვისწრებენ ამ კუთხით. საქართველოს ისტორიას რომ გადავხედოთ, უფრო რთული პერიოდები გაგვივლია, გადავრჩენილვართ და ენა, სარწმუნოება შეგვინარჩუნებია.

- თაკო, სამი შვილის დედა ხართ და სამოდელო სტუდია გაქვთ, ახლა ახალი საქმე გამოგიჩნდათ, როგორ ანაწილებთ დროს?

- ძალიან დაკავებული ვარ, რადგან ასევე თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორი ვარ, რომელიც აპრილში იწყება და უამრავი საქმე მაქვს, მაგრამ დროს სწორად ვანაწილებ. მივხვდი, რომ რაც უფრო დაკავებული ხარ, უფრო მეტ რამეს ასწრებ. საღამოს სახლში გავრბივარ, რომ ბავშვებთან ერთად ვიყო, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვან საქმეებს ვაკეთებ, მგონი, ჩემი შვილებიც გამიგებენ, როდესაც გაიზრდებიან (იღიმება).

- მეუღლე როგორ შეხვდა თქვენს ახალ ამპლუას?

- მეუღლე ჩემი ძალიან დიდი გულშემატკივარია. ამაყობს და მოსწონს, წარმატებული ცოლი რომ ჰყავს. დემოგრაფიულ პრობლემებზე, რომელიც ბოლო დროს ძალიან მაწუხებდა, სულ ველაპარაკებოდი და კითხვებს ვუსვამდი. ბოლოს მითხრა, აი, აიხდინე ოცნება და მიხედე ახლა საქმესო. ძალიან ბედნიერი ვიქნები, ჩვენი ფონდის ინიციატივებს რომ განვახორციელებთ.

- სერიოზულ საქმეს მოეკიდეთ, როგორ ფიქრობთ, რამდენად გაართმევთ თავს?

- არასერიოზული არც ის არის, რასაც მანამდე ვაკეთებდი. მოდის სფეროს მთლიანად მოვეჭიდეთ, მის აღორძინებას ვგეგმავთ. გამიმართლა, რომ რასაც ვაკეთებ, ყველაფერს დიდი სიყვარულით ვაკეთებ. მე მგონი, ყველაფერს მოვასწრებ.

- ბავშვობაში ოცნებობდით ბევრი შვილის ყოლაზე?

- არა, იმაზე არასოდეს მიფიქრია, რომ სამი შვილი მეყოლებოდა. ვინმეს რომ ეთქვა, სამი ბიჭის დედა იქნებიო, გამეცინებოდა. არასოდეს თქვა არასოდეს - ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის ასე ხდება. რაც დრო გადის ვხვდები, რომ ეს არის ყველაზე დიდი ღირებულება, რისი შექმნაც ქალს შეუძლია.

- შეიძლება, მეოთხე შვილზეც იფიქროთ?

- რატომაც არა, შეიძლება ხვალ-ზეგ არა, მაგრამ არასოდეს თქვა, არასოდეს (იღიმება).

- შვილიან ქალბატონებს ხშირად აქვთ ძიძის პრობლემა. მისი აყვანის საშუალება არ აქვთ და ხშირად უსამსახუროდ რჩებიან.

- ამ თემაზე ფონდს ძალიან საინტერესო ინიციატივა გვაქვს. დეკრეტული შვებულების საკითხი დადგება და კანონი შეიცვლება. წარმოიდგინეთ, ქალი, რომელიც ბავშვს ელოდები, დეკრეტში მეცხრე თვეს გადიხარ და ორ თვეში სამსახურში უნდა გაიქცე. ბევრს ძიძის აყვანის საშუალება არ აქვს და არც დამხმარეები ჰყავს. შვილს კი იმიტომ არ აჩენენ, რომ სამსახური არ დაკარგონ. სხვათა შორის, ესტონეთშიც იგივე პრობლემა დგას. ეს ალბათ პატარა ერების პრობლემაა. იქაც კატასტროფის წინაშე იდგნენ და კანონი შემოიღეს, რომლის საშუალებითაც შეგიძლია, წელიწად-ნახევარი დეკრეტული შვებულება აიღო და ხელფასს ჩვეულებრივ გიხდიან. ამის შემდეგ შობადობამ იმატა.

- თქვენ ვინ გეხმარებათ ბავშვების გაზრდაში?

- ამდენი დამხმარე რომ არ მყავდეს, ვერაფერს შევძლებდი. ბუნებრივია, მყავს ბავშვების მომვლელი და ასევე ძალიან მეხმარებიან დედა და დედამთილი. ხანდახან ისეც ხდება, რომ ბავშვები გადანაწილებული მყავს.

- უფროსი შვილი რამდენი წლის არის, ძალიან გგავთ.

- სერგი უკვე დიდი ბიჭია, ივნისში 13 წლის გახდება. რაც გაიზარდა, ჩემკენ წამოვიდა. ყველა მეუბნება, ქუჩაში რომ გვხდება, ვხვდებით, რომ შენი შვილიაო. ნუთუ ასე მგავს, მე ვერ ვხვდები.

- პირველი შვილები ხშირად და-ძმებზე ეჭვიანობენ.

- პირველსა და მეორეს შორის ასაკობრივი სხვაობა ცხრა წელია. გამოხატული ეჭვიანობა არ ჰქონია, მით უმეტეს, ამდენი წელი მარტოობას რომ ხარ მიჩვეული, პრინცივით იზრდები და უცებ ჩნდება მეორე, მერე კიდევ მესამე, მაგრამ არა, ძალიან უყვარს პატარები. ისინიც, სახლში რომ არის, სულ თავზე ასხედან და ეთამაშებიან.

საღამოობით საოცრება ხდება. ერთი სკოლიდან მოდის, მეორე ბაღიდან, მესამე სახლში ხვდებათ და მერე ფეხბურთს თამაშობენ.

- როდესაც სახლში დაღლილი ბრუნდებით, რამდენად გაქვთ იმის ენერგია, რომ სამ შვილს თანაბრად გაუნაწილოთ სითბო და ყურადღება?

- სამოდელო სტუდიაში ფსიქოლოგი გვყავს, თამუნა, მაინტერესებს ეს სფერო და ხშირად ვუსვამ კითხვებს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ გარემოში იზრდება ბავშვი. ხანდახან სინდისი მქენჯნიდა, რატომ არ ვატარებდი უფრო მეტ დროს ბავშვებთან და შემდეგ ფსიქოლოგმა ძალიან საინტერესო რამე მითხრა, მნიშვნელობა არ აქვს, რამდენ დროს გაატარებ ბავშვებთან, მთავარია, რამდენად ხარისხიანი იქნება ეს პერიოდი. შეიძლება, მთელი დღე სახლში იჯდე და ბავშვი თავისთვის კომპიუტერთან თამაშობდეს, მაგრამ 20 წუთი გაატარო და ხარისხიანად. რაც უნდა დაღლილი ვიყო, ვცდილობ, ერთს ძილის წინ ზღაპარი მოვუყვე, მეორეს თავზე ხელი გადავუსვა, მესამეს ვესაუბრო. ყველა ბავშვი რომ იძინებს, მერე ვახერხებ მეგობრებთან წასვლას.

- როგორ ფიქრობთ, ცხოვრებაში მთავარი ოჯახია და არა კარიერა?

- ჩემ შემთხვევაში ასეა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მეკითხება როგორ ვათავსებ ოჯახსა და კარიერას. თავისით მოხდა, მაგრამ მე თვითონ ბევრ რამეზე მითქვამს უარი, ოჯახიდან გამომდინარე, ოღონდ ეს არასოდეს ყოფილა მეუღლის მოთხოვნა. თვითონ ვარ ასეთი ტიპი, ჩემთვის ბევრად უფრო კომფორტულია ოჯახური გარემო.

- რომ არ დაოჯახებულიყავით, შეიძლებოდა, დღეს მსოფლიოში აღიარებული და წარმატებული მოდელი ყოფილიყავით.

- ყველაფერი შეიძლებოდა, მაგრამ ამაზე არ ვფიქრობ (იღიმება). ბედნიერი ვარ ახლა როგორიც ვარ. შვილები ყველაფერი არიან ამ ქვეყანაზე.

- როდის იყრით თავს ერთად დიდი ოჯახი?

- ახლა ისეთი პერიოდი გვაქვს, რომ მეუღლე ესტონეთშია და მე აქ. ბოლო წლები სულ მიდი-მოდის რეჟიმში ვიყავი. სექტემბრიდან ბავშვებთან ერთად საქართველოში გადმოვედი და ახლა უფრო მეტად მეუღლე ჩამოდის. იმდენი საქმე დამიგროვდა, რომ ვერ ვახერხებდი იქ ყოფნას. ბოლო ორი-სამი წელი ნახევრად იქ ვიყავი. მაისში მეუღლეს ელჩობის ვადა ეწურება და დროებით ასე გადავწყვიტეთ.

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება