55 წლის ფრანგი მსახიობი და მოდელი კაროლ ბუკე ინტერვიუებს იშვიათად თანხმდება და ბოლო რამდენიმე წელია, თაყვანისმცემლები ფოტოსესიით აღარ გაუნებივრებია. ვარსკვლავმა ერთ-ერთ წვეულებაზე ჟურნალისტის შეკითხვას "გბეზრდებათ თუ არა შეკითხვები თქვენს სილამაზესა და სრულყოფილებასთან დაკავშირებით", ღიმილით უპასუხა - "როცა 20 წლისას მესმოდა, რომ ლამაზი ვიყავი, ჩემთვის სულერთი იყო. დღეს, როცა 55 წლის ვარ, ეს ქათინაური ძალიან მსიამოვნებს".
მსახიობი რამდენიმე კვირის წინ ლონდონს სტუმრობდა. ვარსკვლავი ლონდონში საკუთარი ღვინის სარეკლამო კამპანიის ფარგლებში იმყოფებოდა. რასაკვირველია, კაროლის ვიზიტი არ გამოჰპარვიათ ბრიტანელ ჟურნალისტებს. ბუკემ საკუთარ წარსულზე, კარიერაზე, შეცდომებსა და სამომავლო გეგმებზე გულახდილად ისაუბრა.
- როგორ დაახასიათებდით საკუთარ თავს?
- ყველაზე მეტად მელანქოლია მაღიზიანებს. ხშირად მნახავთ სევდიანს. ამინდზე ვარ დამოკიდებული. გუნება-განწყობილება ამინდის შესაბამისად მეცვლება.
- გარეგნობაში რამეს შეცვლიდით?
- როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, ძალიან მინდოდა გრძელი ცხვირი მქონოდა, რადგანაც ვფიქრობდი, რომ ეს სახასიათო ნიშანია. დღეს ჩემთვის სულერთია.
- ყველაზე მეტად რას აფასებთ ცხოვრებაში?
- სულგრძელობა ყველაზე დიდი სიმდიდრეა. თავს კარგად ვგრძნობ საზოგადოებაში, რომელიც მხიარული, გონებამახვილი და მომღიმარი ადამიანებითაა დაკომპლექტებული.
- რას ნიშნავს ბედნიერება?
- ეს არის რაღაც, რაც მზიდან მოდის. რაღაც, რაც ანათებს და ათბობს.
- როგორ განმარტავთ სიყვარულს?
- არასდროს განვსაზღვრავ შვილებისა და იმ მამაკაცების სიყვარულს, ვისთანაც როდესმე რომანი მქონია. სიყვარულია მეგობრობაც და საქმეც, რომელსაც სიამოვნებით აკეთებ.
- რასთან ასოცირდება მშვენიერება?
- მშვენიერება ეს არის რაღაც, რაც სულში ჩაგწვდება. ამას ვგრძნობ მუსიკიდან და ფერწერული ტილოებიდან.
- მსოფლიოში ყველაზე მეტად მიყვარს...
- ჩემი შვილები.
- ყველაზე მეტად მძულს...
- ძუნწი ადამიანები. მათთვის არასდროს მცალია.
- რა გასწავლათ ცხოვრებამ?
- მოთმინება. ეს თვისება თანდაყოლილი არასდროს ყოფილა, დროთა განმავლობაში შევისისხლხორცე.
- როგორი გინდათ, ადამიანებმა დაგიხსომონ?
- ძალიან მინდა ყველა ადამიანს, რომელთანაც კი ურთიერთობა მქონია, მხოლოდ ერთად ყოფნისას განცდილი ბედნიერი წუთები დაამახსოვრდეთ.
- რა განცდა გქონდათ, როდესაც პირველ ფილმზე დაგამტკიცეს?
- რეჟისორმა ლუის ბუნიუელმა ჩემი ცხოვრება შეცვალა. როდესაც მან ფილმში "ეს ბუნდოვანი სურვილის ობიექტი" დამამტკიცა, უეცრად მივხვდი, რომ იღბლიან ვარსკვლავზე დავიბადე. ამ დროს 18 წლის ვიყავი, ძალიან მორცხვი და კომპლექსიანი გოგონა, ჩემი გმირი კი სექსუალური გრძნობების აღძვრას მოითხოვდა. როგორც ჩანს, ლუისი უფრო კარგად მიცნობდა, ვიდრე მე საკუთარ თავს.
- რა რეაქცია გაქვთ თქვენს იმიჯზე - "ყინულის დედოფალი"?
- იმიჯზე არასდროს მიზრუნია. ვაღიარებ, ჩემმა გარეგნობამ კარიერაზე გავლენა იქონია. ვერ შევცვლი იმას, რომ ხალხი ისე აღმიქვამს, როგორც "შანელის" მოდელს, ან "ჯეიმს ბონდის" გოგოს. ყოველთვის მახასიათებენ, როგორც ჰარმონიულსა და მშვიდს, მაგრამ ასეთი არ ვარ. ეს საქმის ნაწილია - მაყურებელი მსახიობის იმიჯს პერსონაჟებიდან გამომდინარე ქმნის, სინამდვილეში კი ვარსკვლავების პიროვნული თვისებები და ნამდვილი ცხოვრება არავინ იცის.
მომზადებულია arabstoday.net-ის მიხედვით.