ენ ჰეტეუეი - "როგორც იქნა, სერიოზულად აღმიქვეს!"

ენ ჰეტეუეი - "როგორც იქნა, სერიოზულად აღმიქვეს!"

ფანტინას როლმა მიუზიკლიდან "განკიცხულნი" ენ ჰეტეუეის "ოქროს გლობუსი" და "ოსკარი" მოუტანა. გარდა ამისა, "ოსკარების" გადაცემის ცერემონიაზე მისულს ზოგმა ძალიან მოუწონა არჩეული კაბა, ბევრმა კი გააკრიტიკა ზედმეტად თამამად გამოჩენილი მკერდისთვის.

მსახიობმა "ოსკარის" კაბის არჩევისთვის ბოდიში მოიხადა

აღსანიშნავია, რომ "ოსკარის" შემდეგ "ვანიტი ფეარის" ტრადიციულ წვეულებაზე ენს გაცილებით უკეთ შერჩეული კაბა ეცვა. "პრადას" საღამოს კაბის შესახებ კი ენს იმდენი რამ უთხრეს და დაუწერეს, ოფიციალური კომენტარიც კი გააკეთა. როგორც აღმოჩნდა, 23 თებერვალს, ღონისძიებამდე ერთი დღით ადრე გაარკვია, რომ მის მიერ შერჩეული "ვალენტინოს" კაბის თითქმის ზუსტი ასლი უნდა სცმოდა მის ერთ-ერთ კოლეგას. "ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ ყველასთვის უკეთესი იქნებოდა, თუ არჩევანს შევცვლიდი... ყველას ბოდიშს ვუხდი, ვისაც იმედი გავუცრუე".

"საშინლად ზედაპირული, არაღრმა და პატივმოყვარე ადამიანი ვყოფილვარ"

- პირდაპირ გადასაღებ მოედანზე ცოცხლად მღეროდით ფილმის სიმღერებს. რამდენად რთული იყო ერთი დუბლით მსოფლიო ჰიტის შესრულება?

- ო, მძიმე თემაა! როცა ტომ ჰუპერმა შემომთავაზა, ყველაფერი "სამართლიანად" გაგვეკეთებინა, ვიფიქრე, რომ გაგიჟდა. მაგრამ სწორედ ამგვარმა მიდგომამ გააჩინა ნამდვილი თავისუფლების, სპონტანურობის, პერსონაჟთან ერთიანობის განცდა. სანამ გადაღება დაიწყებოდა, არასდროს ვიყავი დარწმუნებული, რომ პირველივე ჯერზე გამომივიდოდა. მაგრამ ტომი ყოველთვის აღწევდა შედეგს - იქმნებოდა ეფექტი, თითქოს მართლა ორიგინალურ მიუზიკლს უყურებდი სცენაზე.

- ცნობილი წინამორბედებიდან ვინ შთაგაგონებდათ ყველაზე მეტად, ვისი ნამღერი ჰიტები გახსენდებოდათ?

- რასაკვირველია, სიუზან ბოილის! როცა ყველაზე მეტად მიჭირდა, მაშინ ხელახლა ვუყურებდი მის ცნობილ შესრულებას "ბრიტანეთის ნიჭიერთა" ტელეშოუზე. ამ ქალის მომხიბვლელობა და გულწრფელობა მანიჭებდა ხელახალ ძალებს და მხარში მედგა რთულ წუთებში.

- პროექტის გამო თქვენს მშვენიერ თმასთან გამოთხოვება მოგიხდათ. ეს დანაკარგი როგორ გადაიტანეთ?

- პირდაპირ ვიტყვი, არც ისე იოლად. საერთოდ, გადაღებების დროს ბევრ რამეს ვითმენდი, რასაც ჩვეულებრივ ცხოვრებაში ვერ ვეგუები ხოლმე. მაგრამ როცა საქმე თმის შეჭრას შეეხო, გაირკვა, რომ საშინლად ზედაპირული, არაღრმა და პატივმოყვარე ადამიანი ვყოფილვარ. საშინლად მრცხვენია ამის აღიარების, მაგრამ ვერაფერს ვიზამ. ისე ვიდარდე, რომ ვითხოვე, ყურსაცვამები მოეცათ და რაიმე დამამშვიდებელი მუსიკა ჩაერთოთ. თხუთმეტ წუთში თვალები ავწიე, სარკეში ჩავიხედე და დავინახე, როგორ მხატვრულად გამკორტნეს. ეს ყველაზე საშინელი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში. სარკიდან გამხდარი ბიჭი მიყურებდა, თანაც, გადაღებებამდე 10 კილოგრამიც დავიკელი. ქმარს დავურეკე და ვაცნობე, რომ ისევე გამოვიყურებოდი, როგორც ჩემი გეი ძმა (ენის ძმამ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ გეია. ამის გამო ენის მთელმა ოჯახმა უარი თქვა რელიგიასა და ეკლესიაზე, რადგან კათოლიციზმი მხარს არ უჭერს ერთსქესიან სიყვარულს - მთარგმ.).

- თქვენი გმირი ქალიშვილის გამო იღებს მსხვერპლს. ამ როლმა დედობაზე ხომ არ ჩაგაფიქრათ?

- ამაზე 16 წლიდან ვოცნებობ. დაახლოებით მაშინვე გამიჩნდა მიზანი, მსახიობი გავმხდარიყავი. ჰოდა, ორ ცეცხლშუა ვიწვი.

- მაგრამ კარიერის მხრივ უკვე ყველაფერი შესრულებული გაქვთ - "ოქროს გლობუსი", "ოსკარი"...

- სწორედ ეგ არის საქმე, რომ არა! ბოლოს და ბოლოს სერიოზულად აღმიქვეს - ეს კი ჯერ არ არის მოდუნების საბაბი. ასჯერ მეტი უნდა ვიმუშაო, რომ ნდობა გავამართლო.

- ეს გასაგებია - კონკურენცია, ამბიციები... მაგრამ, როგორც იტყვიან, ბიოლოგიური საათი წიკწიკებს. რას ფიქრობს ამაზე თქვენი ქმარი?

- საათზე იყურება (იცინის).

- ალბათ ეჭვიანობს კიდეც - ჰოლივუდში იმდენი ლამაზი მამაკაცია...

- იმედი მაქვს! მაგრამ მან მშვენივრად იცის, რომ მხოლოდ ის მიყვარს. მე საშინლად მოსაწყენი, მომაბეზრებელი და ერთგული ვარ. თანაც, ვისზე უნდა იეჭვიანოს? ჩემი მეგობრების უმრავლესობა გეია!

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება