როგორ შესთავაზა მილა იოვოვიჩმა ბადრი ვადაჭკორიას ერთობლივი ფოტოს გადაღება

როგორ შესთავაზა მილა იოვოვიჩმა ბადრი ვადაჭკორიას ერთობლივი ფოტოს გადაღება

ყოველდღიურად ქუჩაში, პრესით თუ ტელევიზიით თვალში უამრავი ფოტო გვხვდება. ზოგი განსაკუთრებით მოგვწონს, ბევრსაც საერთოდ არ ვაქცევთ ყურადღებას, თუმცა იმ ფოტოების ავტორის ვინაობა, რომლებიც ჩვენს ყურადღებას იქცევს, ხშირ შემთხვევაში უცნობი რჩება და საზოგადოება ვერც იგებს, ვინ გადაიღო ესა თუ ის პეიზაჟი, პორტრეტი თუ ისტორიული კადრი.

ამას წინათ ჩემს პირად არქივში ორიოდე წლის წინ გადაღებულ ფოტოებს წავაწყდი, რომლის ავტორი ჟურნალისტი, ფოტოხელოვანი და ყოფილი დიპლომატი ბადრი ვადაჭკორია გახლავთ.

- ლანჩხუთში დავიბადე. სკოლაც იქვე დავამთავრე. ამის შემდეგ ის შენობა დაანგრიეს, არიქა, მემორიალური დაფის გაკეთება არ მოგვთხოვონო (იღიმის). სინამდვილეში ხის, გაუბედურებული სკოლა იყო. ნორმალური მოსწავლე ვიყავი, ყოველ შემთხვევაში, ჩემს ატესტატში არც ხუთიანი ჭაჭანებს და არც სამიანი. ერთი სიტყვით, კარგი ბიჭი ვიყავი.

- დედმამიშვილი?

- სამი ძმანი გურულები ვიზრდებოდით. ჩემი ძმები ჩემზე უფროსები იყვნენ, ერთ-ერთი, ზურა, დღეს ცოცხალი აღარ არის, აცხონოს ღმერთმა.

- სამი ძმანი გურულები ყანაში თუ მუშაობდით?

- კი, იყო, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ ფიზიკურ მუშაობაზე ვგიჟდებოდი. ასე ნამდვილად არ ყოფილა. ერთხელ სახლს ვაშენებდით. მამამ ხრეში მოატანინა. შევესიეთ და დავიწყეთ მუშაობა. ვტაცე ნიჩაბს ხელი და იმდენად გულმოდგინეთ ვიქნევდი, რომ მამას კისერში ვაყრიდი. სამი-ოთხი "ხრეშის შხაპის" მიღების შემდეგ, მამამ შემომიყვირა, დამეკარგე აქედანო. ეს იყო ყველაზე მძიმე შრომა ჩემს ცხოვრებაში. ბავშვობის პერიოდში ჩაიც მიკრეფია, მაგრამ როცა სხვები 5-6 კილოგრამს კრეფდნენ, მე ნახევარ კილოს ვერ ავცდი.

- თბილისში როდის წამოხვედით?

- 1970 წლიდან, როცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გავხდი. იმ დროს მე ჟურნალისტიკაზეც ვოცნებობდი და რეჟისურაზეც, მაგრამ, როგორც ჩანს, ბოლოს ჟურნალისტიკამ გადაწონა. არ დამიწყონ ახლა, რომ მაშინ უმაღლესში ყველა ჩაწყობით ხვდებოდა. ასე ნამდვილად არ ყოფილა. ჩამოვედი თბილისში. მამაჩემმა 60 მანეთი გამომატანა. შენ ჟურნალისტიკურზე ჩამბარებელი არ ხარ, ერთი ტილოს შარვალი მიყიდე და წამომიღე თბილისიდანო, მაგრამ (იღიმის)... თან, არ დაგავიწყდეთ, რომ მაშინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილებაზე დღის სწავლებაზე 10 აბიტურიენტს იღებდნენ და საღამოზე - 20-ს. სხვა უმაღლესი სასწავლებელი ჟურნალისტებს არ უშვებდა. გამოცდები კარგად ჩავაბარე და მიმიღეს. მაშინ უკვე ვმეგობრობდი ფოტოაპარატთან. ფოტოგრაფია სკოლის ასაკიდან მიტაცებდა. ამ კუთხით ფოტოწრის ხელმძღვანელი შალვა მურვანიძე გვანათლებდა. თავის დროზე მან მასწავლა "პრაიავიტელი", "ზაკრეპიტელი", ნეგატივს "ნეკანტინს" ეძახდა. სკოლის პერიოდშივე ვთანამშრომლობდი როგორც ადგილობრივ, ასევე რესპუბლიკურ პრესასთან. 1971 წელს დავიწყე მუშაობა ტელევიზიაში. ჯერ კინოლაბორატორიაში ვმუშაობდი, მცირე ხნის შემდეგ კი ფოტოკორესპონდენტად გადამიყვანეს. შემდეგში კი წლების განმავლობაში ვმუშაობდი ტელევიზიის სპეციალურ კორესპონდენტად, ერთდროულად ვიყავი ჩემი პატარ-პატარა სიუჟეტების რეჟისორი, ავტორი და ოპერატორიც. ასე გრძელდებოდა 1994 წლამდე. ტელევიზიაში მუშაობის პარალელურად, ყველა გაზეთის ფოტოკორესპონდენტი და სპეციალური კორესპონდენტიც გახლდით. რამდენიმე გაზეთში ჩემი რუბრიკაც მქონდა: "...და მაინც, ცხოვრება მშვენიერია!" (გაზეთი "ახალი ეპოქა"), "სამყარო ბადრი ვადაჭკორიას თვალით" ("დილის გაზეთი") და სხვა, ტექსტის ავტორიც ვიყავი და ფოტოც მე მეკუთვნოდა. ახლაც ვფიქრობ, რომ რასაც სხვა ორ თვეს უნდება, მე შეიძლება ის საქმე ერთი დღეში გავაკეთო. ამას ტრაბახით არ ვამბობ, ფაქტებით ვამტკიცებ. ამის მაგალითია თუნდაც აჭარის შესახებ ჩემ მიერ გამოცემული ალბომი, რომელშიც ერთი დღის განმავლობაში გადაღებული ფოტოებია შესული. ხშირად ვამბობ, რომ ფოტოგრაფია არაჩვეულებრივი სპეციალობაა. თავი პროფესიონალ ფოტოგრაფად არ მიმაჩნია, ეს ჩემთვის უფრო ჰობია, მაგრამ საკმაოდ შემოსავლიანი და საინტერესოა. ზოგჯერ ერთი ფოტოკადრი მთელ იმ გვერდს მირჩევნია, რომელზეც რაიმე ტექსტი წერია. მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან შეგიძლია მიიღო ინფორმაცია ტელეფონით, მაგრამ ფოტო გაცილებით "ტევადი" შეიძლება გამოდგეს და ის მხოლოდ წამის მეასედებში უნდა შეიქმნას.

- ექსტრემალურ სიტუაციებში, ვთქვათ, ომის დროს თუ გიმუშავიათ?

- რა თქმა უნდა, აფხაზეთი, ოსეთი... რამდენიმე წლის წინ დაიბეჭდა სტატია სათაურით "ვინ იხდიდა ქართველი ჟურნალისტის თავში 25 ათასს?!" და არის საინტერესო, ოსეთში როგორ მოვხვდი?

- რა თქმა უნდა, გვიამბეთ...

- ოსეთიდან რეპორტაჟები გამოვიტანე. იმ პერიოდში ზვიად გამსახურდია ახალი მოსული იყო ხელისუფლებაში. მე და თამუნა ჩიქოვანი მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრ გოგი ხოშტარიასთან ინტერვიუზე ვიყავით მისულები. იქიდან რომ გამოვედით, ორი ადამიანი შეგვხვდა. ერთი ახალი ამბების სააგენტოს წარმომადგენელი და მეორე ჟურნალ "ვეჟას" მთავარი რედაქტორი გახლდათ. ფურცელზე დაწერილი ჩემი სახელი და გვარი გამომიწოდეს. მეძებდნენ და როცა გავეცანი, შემომთავაზეს, ორი დღე მათთვის მემუშავა. კარგად გადაგიხდითო და დავთანხმდი. ცხინვალში მაშინ ძალიან დაძაბული სიტუაცია იყო. იქ იმ უცხოელ ჟურნალისტებთან ერთად აღმოვჩნდი, მაგრამ ვუთხარი, რომ მეც მათსავით თავი უცხოელად უნდა გამესაღებინა. ვითომ ესპანელი ვიყავი და ხუან არმანდო ველასკესი დამარქვეს. ესპანურ ენაზე მხოლოდ "სი სენიორ" და "გრაციას სენიორ" ვიცოდი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, შესანიშნავად ვითამაშე ჩემი როლი. ოსებს ჩემი თავი პინოჩეტის პირად რეპორტიორად გააცნეს და იმ მაიმუნობა-მაიმუნობით ცხინვალიდან ფოტოები გამოვიტანე. რაც უფრო მეტ ფოტოს ვიღებდი, მით უფრო მეტად მისკდებოდა გული, მაგრამ გადავრჩი. დაიბეჭდა რეპორტაჟები ცხინვალიდან. ამაზე ოსები გადაირივნენ და ჩემი თავი იმ თანხად შეაფასეს, რაც დასაწყისში ვთქვით. უცხოელებმა ფოტოებში სოლიდური ჰონორარი გადამიხადეს. აფხაზეთშიც ბევრი ვიმუშავე. იმ დროს პარალელურად შევარდნაძის პრესცენტრშიც ვმუშაობდი და სულ იქ ვიყავი. სხვებივით მეც ფეხით გადმოვიარე ჭუბერის ხეობა.

- მსოფლიოს ულამაზეს ადგილებს, სხვადასხვა პროფესიის, თანამდებობის ადამიანებს იღებთ. თავს დაჩაგრულად არ გრძნობთ, რომ თქვენ არ გიღებენ ასეთ ბუნებაში, ან იმ ადამიანთა გვერდით?

- კი, მაგრამ მაქვს ასეთი ფოტოებიც. სხვათა შორის, ერთ-ერთი, ვინც მე შემომთავაზა მის გვერდით ფოტო გადამეღო, მილა იოვოვიჩი გახლდათ. საკმაოდ ხანგრძლივად ვიღებდი და მერე თავად მთხოვა, ჩემთან ერთად ფოტო გადაეღო. ცოტა კი შევყოყმანდი, მაგრამ ხათრი ვეღარ გავუტეხე და ვსხედვართ სკამზე გვერდიგვერდ (იცინის). ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ჩემი ცოლი გადამერია, ბადრიკო, თავი რატომ მომჭერი?! ეს ანგელოზივით გოგო შენზეა ჩახუტებული და შენ რა ჩანთას ჩაფრენილხარო?! ასევე თავად ითხოვა ჩემთან ერთად ფოტოს გადაღება უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ ვარძიაში. არაჩვეულებრივი პიროვნებაა. ვუყურებდი, როგორ იქცეოდა და როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ჩვენს ისტორიასთან, ჩვენს პატრიარქთან, მუხლებზე დაჩოქილი როგორ ეფერებოდა. ეს კადრები მაქვს და ამას იმიტომ ვამბობ. სხვათა შორის, იუშჩენკო სერიოზული ფოტომოყვარულია, კარგი აპარატურა აქვს და მისთვის ამ საქმეში კონსულტაციაც მიმიცია.

- ფოტოაპარატი ალბათ სულ თან დაგაქვთ...

- კი, ვცდილობ, მაგრამ საუკეთესო კადრები მაინც თვალით გადაღებული და დამახსოვრებული მაქვს. შეიძლება აპატრატი თან გქონდეს, მაგრამ მისი ჩანთიდან ამოღება ვერ მოასწრო. მიყვარს ცხოვრების, ყოველდღიური ყოფის გადაღება. საინტერესოა, როგორები არიან და როგორ ცხოვრობენ ადამიანები, მაგრამ ამ ბოლო დროს ვატყობ, რომ სილამაზე უფრო მიზიდავს. ეტყობა, იმდენად დავიძაბეთ უარყოფითი ემოციებითა და გაჭირვებული ხალხის ყურებით, რომ ამისგან გაქცევას ვცდილობთ. წელიწადში რამდენიმე ქვეყნის შემოვლა მიწევს და იქაც სილამაზეს ვეძებ. მაგიჟებდა და ახლაც მაგიჟებს, ინტელექტუალური შესახედაობის ადამიანები ნაგვის ურნაში საკვებს რომ ეძებენ. რთულია ამას უყურო. თუმცა უწინ საქართველოში ასე არ იყო. თეთრი სახლის წინ იმდენ მათხოვარს ნახავ, ეს არ უნდა გიკვირდეს, მაგრამ... შეერთებულ შტატებში პირველად 1993 წელს მოვხვდი. საქართველოში სამოქალაქო ომი დასრულებული იყო და ამერიკაში შევარდნაძესთან ერთად მომიხდა ჩასვლა. მახსოვს, მაშინ თეთრი სახლის წინ მათხოვართა სიმრავლემ გამაოცა. მას შემდეგ იქ კიდევ შვიდჯერ ვიყავი, მაგრამ ამ მხრივ თეთრი სახლის წინ არაფერი შეცვლილა.

- ქვეყანა, რომელმაც ყველაზე მეტად მოგხიბლათ...

- საქართველო.

- ვიცოდი, რომ ამ პასუხს მივიღებდი, მაგრამ სხვა უნდა მითხრათ...

- მაშინ ასე ვიტყვი, ჩემი ქვეყნის გარდა თავს კარგად სლოვაკეთში ვგრძნობ. საქართველოს შემდეგ ევროპაში ყველაზე ლამაზი ქვეყნები შვეიცარია და ავსტრიაა, მაგრამ ბევრგან ბუნებრიობას ვერ გრძნობ. ზოგან ყველაფერი გადაპრიალებულია, გეგონება, ტყეშიც კი ფოთოლზე ლაქია გადასმული.

- ყველაზე საინტერესო ტიპაჟები სად გხვდებათ?

- ამ მხრივ სამხრეთ იტალია გამორჩეულია. ესპანელებიც არაჩვეულებრივად ყურადღებიანი და თბილი ხალხია. 100 ქვეყანას დიდი ხანია გავცდი. ევროპის აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში მრავალჯერ ვარ ნამყოფი. პირველად უცხოეთში 1988 წელს გავედი და ეს იყო იუგოსლავია. ჟურნალისტები ვიყავით და ულამაზესი ადგილები ვნახეთ, ყველა ქვეყანას თავისი განუმეორებელი ხიბლი აქვს. თურქეთში დიპლომატიურ სამსახურშიც გახლდით. 1994 მაისიდან 1998 წლის ივლისამდე მომიხდა ჩემი მრავალჭირნახული რეპორტიორის ჟილეტის გადაცვლა სმოკინგზე. 1998 წლის ზაფხულიდან კი ოთხი წელი გავატარე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, სადაც აკრედიტებულ ჟურნალისტად ვიმუშავე.

- პირველი ხელფასიც გეხსომებათ...

- პირველი ხელფასი ტელევიზიაში ავიღე. მახსოვს, 60 მანეთი იყო. წავედით თანამშრომლები და ზოოპარკში სპილოსთან კარგი სოსისები ვჭამეთ. იქვე კარგი ლუდი და არაყი იყიდებოდა და ასეთ "ოპერაციებს" ხშირად ვატარებდით (იღიმის). 70-80-იანი წლები ძალიან კარგი პერიოდი იყო. დღესდღეობით საქართველოს საიმიჯო წიგნების სერიას ვაკეთებ. პირველი წიგნი 2003 წელს გამოვიდა, რომელშიც სახელმწიფო პრემია მივიღე. თითო წიგნი ორ-კილოგრამ-ნახევარია, ასე რომ, ჩხუბშიც გამოდგება (იღიმის). ჯერჯერობით 12 წიგნის ავტორი გახლავართ, იმედს ვიტოვებ, წლის ბოლომდე 15-მდე ავალ. მაისის დასაწყისში გამოვა ჩემი ორტომეული "საქართველო-თბილისი".

- ბატონო ბადრი, ხომ არ აპირებთ თქვენი ცხოვრებიდან მნიშვნელოვანი ფაქტების, ჩანახატების, რეპორტაჟებს ერთ წიგნად თავმოყრას?

- ძალიან ბევრი მასალა მაქვს და ალბათ კი. ჩემს წიგნში თავმოყრილი იქნება ჩემი საუკეთესო ფოტოები და პუბლიცისტური წერილები.

ანა კალანდაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება