არგენტინელმა ჟურნალისტებმა რომის ახლადარჩეული პაპის, ფრანსისკ I ბავშვობის სიყვარულს მიაკვლიეს. როგორც ბუენოს-აირესში მცხოვრები 76 წლის ამალია აცხადებს, ხორხე მარიო ბერგოლიომ მას შემდეგ გადაწყვიტა, "თავი ღმერთისთვის მიეძღვნა", რაც გაიგო, რომ ამალიას მას არ მიათხოვებდნენ.
"ხორხე მარიო კეთილი მეგობარი იყო, ყოველთვის ინტერესდებოდა ჩემი მდგომარეობით. დედამისი კი ღვთისმშობელს ჰგავდა. 12 წლის ასაკში ხორხე მარიოსგან ერთადერთი წერილი მივიღე, რომელშიც მწერდა, რომ დავქორწინდებოდით და მიყიდდა დიდ თეთრ სახლს, სადაც ოჯახს შევქმნიდით. უარის შემთხვევაში კი მღვდელი გახდებოდა. ამ წერილმა მამაჩემი ძლიერ გააბრაზა. მშობლებმა ამიკრძალეს მისთვის მეპასუხა. ხორხე მარიო ბერგოლიომ კი პირობა შეასრულა და თავი ღმერთს მიუძღვნა. ვინ იფიქრებდა, რომ ის პაპი გახდებოდა?", - ამბობს ამალია ჟურნალისტებთან საუბრისას.
რომის 266-ე პაპი 13 მარტს, ორდღიანი არჩევნების შემდეგ დაასახელეს. ფრანსისკ I არგენტინელი კარდინალი, ბუენოს-აირესის არქიეპისკოპოსი ხორხე მარიო ბერგოლიო 76 წლისაა.
მომზადებულია guardian.co.uk-ის მიხედვით.