პატრიოტი და მატრაკვეცა ნიკა წულუკიძე უცხოპლანეტელებს მიჰყავდათ

პატრიოტი და მატრაკვეცა ნიკა წულუკიძე უცხოპლანეტელებს მიჰყავდათ

თეატრთმცოდნე ნიკა წულუკიძე დაახლოებით იმდენივე ქვეყანაშია ნამყოფი, რამდენი წლისაც გახლავთ. ამბობს, რომ მოგზაურობა ძალიან უყვარს. სხვადასხვა ქვეყანაში თავს არაერთი საინტერესო ამბავი გადახდენია. მას სწორედ ამ ამბების გასახსენებლად შევხვდი. "მოგზაურული თავგადასავალი" კი მრავალფეროვანი აღმოჩნდა.

- მოგზაურობაზე ვგიჟდები, აღარ ვიცი, ამ თემაზე ლაპარაკი საიდან დავიწყო. გასულ წელს გამიმართლა და თურქეთში, პორტუგალიაში, ეგვიპტესა და ინგლისში ვიმოგზაურე. როცა რუსთაველის თეატრი გასტროლზე უცხო ქვეყანაში ჩადიოდა, სერგო ზაქარიაძეს ადგილობრივების ნამდვილი სახე რომ ენახა, პირველად ბაზარში შედიოდა. შეძლებისდაგვარად, მეც ასე ვიქცევი. იქ ყველაზე კარგად ჩანს, როგორ ცხოვრობენ ადამიანები. ბევრი, მოგზაურობისას მხოლოდ ტურისტული ადგილების მონახულებით კმაყოფილდება და ეს არასწორია. შეიძლება, ლონდონში ისე ჩახვიდე და ჩამოხვიდე, ერთი ლონდონელი ვერ ნახო.

- შარშანდელი მოგზაურობიდან პირველად რას გაიხსენებ?

- ლისაბონში ჩემი მეგობარი დამხვდა. ის პორტუგალიაში ცხოვრობს. მთელი ლისაბონი მომატარა. შემდეგ კუნძულ მადეირაზე გადავფრინდით. ეს არის ადგილი, სადაც ფეხბურთელი რონალდო დაიბადა. მას დიდ პატივს სცემენ. დადიხარ და გიხსნიან - ეს მინა იმიტომ არის ჩატეხილი, რომ რონალდომ ბურთი მოარტყა, აქ ტატუ გაიკეთა, აქ ყავა დალია... მოკლედ, გაფეტიშებული ჰყავთ, ყველგან მისი ნაკვალევია. ამ კუნძულზე ბანანის უზარმაზარი პლანტაციებია. დაკრიფე და მიირთვი, რამდენიც გინდა. ხილზე ვგიჟდები. იქ კონდიციონერი არც სჭირდებათ. ყოველთვის სასიამოვნო ტემპერატურაა. დღე სითბოა, ღამით გრილა. 11-12 წლის ასაკიდან გოგონები და ბიჭები ფლირტს იწყებენ. ისეთი ლამაზები არიან, თვალს ვერ მოსწყვეტ. ამ ასაკში 20-25 წლისას ჰგვანან, მალე ბერდებიან, ნაოჭდებიან. ყვავილები, ყვავილები, ყვავილები და ირგვლივ ოკეანე, რომელშიც პირდაპირ ვერ შეხვალ, კლდიდან უნდა ჩახტე და გაცურო. გარკვეული მანძილის გადაცურვის შემდეგ, მოტივტივე, ხელოვნურ პლაჟზე ხვდები. ულამაზესი სანახაობაა.

- ახლა ის მომიყევი, უცხოპლანეტელების მუზეუმში ცუდად რომ გახდი.

- ეგ თურქეთში მოხდა და ახია ჩემზე, რაც დამემართა. კაბადოკიაში ქართველი ადამიანი რომ ჩახვალ, წმინდა ნინოს და წმინდა გიორგის ქალაქში უფოლოგიურ მუზეუმში შეხვალ და უცხოპლანეტელებით დაინტერესდები, მეტის ღირსი ხარ! თურქეთში რამდენიმე მეგობართან ერთად ვიყავი, ცოტა თანხა გვქონდა. მუზეუმში შესვლა 25 ლირა ღირდა. მეგობრებს ვუთხარი, ჯერ მე შევალ, დავათვალიერებ და თუ მომეწონა, მერე თქვენც შედით, ფული ტყუილად არ დავხარჯოთ-მეთქი. შენობაში შევედი და ლიფტით 3 სართულით დაბლა დავეშვი. კარი გაიღო, უკუნი სიბნელეა, ნაბიჯის გადადგმა არ მინდა. არასასიამოვნო ხმები გაისმა, შემეშინდა. გავიფიქრე, უკან გავბრუნდები-მეთქი, მაგრამ ლიფტი ადგილიდან ვერ დავძარი.

- მარტო იყავი?

- აბა, გვერდით ვინმე რომ მყოლოდა, რა მიჭირდა? უცებ სივრცეში გაისმა - უუუ!!! ხმა თანდათან მიახლოვდება. ზურგიდან მაინც ვიქნები დაცული-მეთქი და კედელს მივეყრდენი. უცბად, ისევ - უუუ!!! და ჯერ სინათლის სვეტი დაეშვა, შემდეგ განათებული თეფშისმაგვარი რაღაც დაეხეთქა, გაიღო კარი და ორმა წითელმა თვალმა შემომანათა. ლამის გავგიჟდი. ვხედავ, ვიღაც თეთრ ხელს მიქნევს, ჩემთან მოდიო. - ვაი! მიშველეთ! მიშველეეეთ!!! - ისეთი ყვირილი ავტეხე, - დაცვა!!! დაცვააა!!! - ვღრიალებდი. მალე მომეშველნენ, სინათლე აანთეს და დავინახე, ჩემ წინ 2 წითელი ნათურა ენთო და რაღაც პლასტმასი კონწიალობდა, მე კი ლამის გული გამისკდა. წმინდა მიწაზე რომ ჩახვალ, უფალს უნდა შეევედრო, სანთელი აანთო და მადლი მიიღო, მატრაკვეცობას კი თავი დაანებო.

- რომ ამოხვედი, მეგობრებს რა უთხარი?

- ლაპარაკის თავი სადღა მქონდა, ისეთი ფერი მედო, ძლივს მომასულიერეს.

- ეგვიპტეში მოგზაურობიდან რას გაიხსენებ?

- ერთ-ერთმა ტურისტულმა კომპანიამ სექტემბერში, ეგვიპტეში რამდენიმე ქართველი ფილმის გადასაღებად წაგვიყვანა. მე და დათო ტურაშვილს უნდა გვეთამაშა. 7 დღე ნილოსზე 5-ვარსკვლავიან გემზე ვცხოვრობდით. ვხედავდით, როგორ ჭამდა ნიანგი წეროს, წერო - თევზს. გემი რომ მიდიოდა, ბაზრობები მოჰყვებოდა. პორტებში ვჩერდებოდით, სადაც გვხვდებოდნენ ეტლები, მივყავდით სხვადასხვა ქალაქში და გვათვალიერებინებდნენ. ქვეყნის კულტურის ატაშეები იყვნენ ჩართულები. ერთ-ერთ პორტში შეჩერებისას ხილი მომინდა, გვიანი ღამე იყო და გემზე ყველაფერი დაკეტილი გახლდათ. ხილის საყიდლად ჩავედი. ვიღაც კაცს ვკითხე, ხილი სად ვიყიდო-მეთქი? სამი კაცი მომიახლოვდა, - ფული გაქვსო? - როგორ არ მაქვს, მიმიყვანეთ, სად იყიდება-მეთქი? - წამოგვყევიო. ამ დროს გემიდან კაპიტნის განწირული ყვირილი შემომესმა - ნიკა, დაბრუნდი! დაბრუნდი!!! - სასწრაფოდ უკან მივბრუნდი. - ვის მიჰყვებოდი, არ დაფიქრდი? კაცმა არ იცის, რას გიზამდნენ, ეშმაკი ვეღარ გიპოვიდაო. ეგ რა არის, მე და დათო ტურაშვილს ბედუინი გვიტაცებდა.

- როგორ?

- ქალაქის დასათვალიერებლად მის ეტლში ჩავსხედით. გაგვაფრთხილეს, მომსახურების თანხა გადახდილიაო. შუა ქალაქში ბედუინმა ფული მოგვთხოვა, - ჩქარა მომეცითო. თავიდან უარზე ვიყავით, - ხომ გადაგიხადეს, ჩვენ ვეღარ მოგცემთ-მეთქი. დაგვემუქრა, სადაც უნდა მიგიყვანოთ, იქ არ დაგტოვებთ, შუა უდაბნოში გაგიყვანთ, ეტლიდან ჩამოგსვამთ და გველები შეგჭამენო. მოკლედ, გარკვეული თანხა მაინც გადავუხადეთ. ბაზარში რომ შევდიოდი, ვინც იგებდა, რომ ქართველი ვიყავი, ვაჭარი თუ ყაჩაღი, ყველა ერთსა და იმავეს მეუბნებოდა - ჩემი და თქვენთან, სამედიცინო ინსტიტუტში სწავლობსო. ვაჟა-ფშაველას გამზირზე არაბები და ინდუსები რომ არიან, მათი და-ძმები გავიცანი (იცინის).

- შენი ფოტოებიდან ვიცი, რომ ბედუინების სოფელშიც იყავი.

- ეგვიპტეში ბედუინების სოფელში მოვხვდით. იქ ვნახე აფთიაქი. აგვიხსნეს, რომ ქვიშაში შეზელილი აქლემის შარდი შველის თავის ტკივილს. ერთმანეთში შეზელილი აქლემის ქონი და ფურთხი შველის რაღაც დაავადებას. მოკლედ, იქ აქლემი უკვდავების წამალია. ერთი მწყემსი გოგო ამეკიდა, - ბიძია, რა იქნება, შენთან წამიყვანე, გამზარდეო. - 2 კაბა ჰქონდა, პარკში ჩადო და მომყვებოდა. 1 დოლარი ვაჩუქე, ეს იმათთვის იგივეა, მე რომ 9-სართულიანი სახლი მაჩუქო. ალბათ იქაურ ლოცვებშიც მიხსენიებენ. იმ გოგოსთან ერთად ფოტოც გადავიღე.

- ბედუინები რით გაგიმასპინძლდნენ?

- ფლავი გვაჭამეს, შემწვარ-მოხრაკული საჭმელები ჰქონდათ. მერე ერთი ქალი მოვიდა და შემოგვთავაზა, - თქვენ რომ არ შეწუხდეთ, ხილს მე დაგიღეჭავთ და ისე გადაყლაპეთო. - ხელები გავასავსავე, - არ მიყვარს, ხილი ცხოვრებაში არ მიჭამია-მეთქი. მერე წითელ ზღვაში ჩასაყვინთად წაგვიყვანეს. მსგავსი სილამაზე არ მინახავს. ანკესებიც მოგვცეს და გვათევზავეს. სულ ფერადი თევზები დავიჭირეთ, მაგრამ ისე შეგვეცოდნენ, უკან გადავყარეთ. ბანანის დიდი პლანტაციები აქვთ, დაკრეფ, იქვე წყალში ამორეცხავ და მიირთმევ.

- უცხო ქვეყანაში ჩასვლისას, იმ ქვეყნის სამზარეულოს ყოველთვის აგემოვნებ?

- თავს არ ვზოგავ. მე და დათოს ქალიშვილი, სოფიო, ფინიკზე ვგიჟდებოდით. ოლია მათხოვრებივით დავიკავებდით თეფშებს და სასადილოებში დავდიოდით. კვება 123-ჯერადი (იღიმის) გვქონდა. იტალიური, მექსიკური, ინდური, ჩინური სამზარეულო, აგერჩია, რომელი კერძი გინდოდა.

- უპირატესობას რომელი ქვეყნის სამზარეულოს ანიჭებ?

- ქართულს. უკრაინელებსაც არაჩვეულებრივი სამზარეულო აქვთ. გემრიელ პუდინგებს ამზადებენ.

- აზიური კულტურა ევროპულზე მეტად გიზიდავს?

- ეგზოტიკა ცოტა ხნითაა კარგი. აზიურს ევროპული ქვეყნები მირჩევნია. ლონდონში ჩემი ბავშვობის მეგობარი ცხოვრობს. ერთხელ მასთან ჩავედი. აქედან ღერღილი, აჯიკა, ტყემალი, ჩურჩხელა, ჭაჭის არაყი წავიღე. საელჩოში ძალიან თბილად მიმიღეს. ლონდონის ცხოვრების რითმმა გამაოცა. იქ ისეთი სწრაფი ტემპია, ხანდახან ქუჩაში გვერდით ვიწეოდი, ხალხს რომ არ გადავეთელე. ყველას სადღაც ეჩქარება. იმ დღეებში, ლონდონის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში საქართველოს კუთხე გაიხსნა, მე რადიო "იმედში" ჩაწერილი "ვეფხისტყაოსანი" და რამდენიმე ძვირფასი წიგნი ჩავიტანე. ინგლისელი მკვლევრის წიგნის - "მშვენიერი საქართველო" - პრეზენტაციასაც დავესწარი. ლონდონში ყოფნისას შევიძინე წიგნები პროფესიულ ლიტერატურაზე და მათზე დაყრდნობით დავწერე წიგნი: "ყველაფერი მეორე მეორადი არ არის". მასში ჩამოთვლილია ნაწარმოებები, რომლებიც სხვა ლიტერატურულ პირველწყაროზეა შექმნილი. მაგალითად, შექსპირის 37 პიესიდან 36 სხვა ლიტერატურულ პირველწყაროზე დაყრდნობითაა დაწერილი. მან 1594 წელს დაწერა "რომეო და ჯულიეტა", 1562 წელს არტურ ბრუკმა დაწერა "რომეუსისა და ჯულიუსის ტრაგიკული ზღაპარი". ძალიან ცოტა ვინმემ თუ იცის, ილია ჭავჭავაძემ ივანე მაჩაბელთან ერთად როგორ თარგმნა "მეფე ლირი". ამ როლის პირველი შემსრულებელი საქართველოში თავად ილია იყო.

- უცხო ქვეყანაში ჩასვლისას ბუნებრივია, მუზეუმებით, ისტორიული ძეგლებითაც ინტერესდები.

- რა თქმა უნდა. ლონდონის ნაციონალურ მუზეუმში წარუშლელი შთაბეჭდილება მივიღე. თუ ვინმეს ხელში ფუნჯი აუღია და მერე მისთვის გენიოსი დაურქმევიათ, ყველას ტილო მაქვს ნანახი, ეს დიდი ემოციაა. ხალხი ერთ ტილოს დილიდან საღამომდე უყურებს. ხელოვნებით ტკბობა დიდი სიამოვნებაა.

- მითხარი, 25-მდე ქვეყანაში ვარ ნამყოფიო. რომელიმეში საცხოვრებლად დარჩებოდი?

- პოლონეთში, კრაკოვში ვიცხოვრებდი. ეს ემოციებით სავსე, ზღაპრული ქალაქია. ქუჩაში ჯანო კახიძის მუსიკა რომ გავიგონე "პირველი მერცხალიდან", სულ გადავირიე. მხრებში გავიშალე, რაღაცნაირი, ეროვნული სიამაყე შემეპარა. იქ კახიძის შემოქმედებას კარგად იცნობენ.

- ამდენი ვილაპარაკეთ და არაფერი გითქვამს, რომელ ქვეყანაში უფრო მომხიბვლელი გოგონები შეგხვდნენ.

- სკოლა რომ დავამთავრე, მშობლებმა მეგობრებთან ერთად ანტალიაში გამიშვეს, 6-7 ბიჭი ვიყავით. სასტუმროში, რომელშიც დავბინავდით, ღამის კლუბი იყო. შევედით თუ არა, ერთი ყელმოღერებული, გედივით ქალი გადამეხვია, მკოცნის, ჭკუაზე არ არის. მკითხა, - რომელ ნომერში ცხოვრობ? ცოტა დავლიოთ და ავიდეთო. - მოკლედ, ჩემს ოთახს რომ მივუახლოვდით, დავინახე, ჩემი ძმაკაცის ნომრიდან გამოდიან: ვიღაც ქალი, ჩემი მეგობარი და სამართალდამცველები. ვერ გავიგე, რა ხდებოდა. მეგობარმა დამინახა თუ არა, ყვირილი დაიწყო, - არ შეიყვანო, არ შეიყვანოო! - თურმე ეს ქალები სასტუმროს დაცვასთან შეთანხმებით მუშაობენ. ბიჭებს საკუთარ თავს სთავაზობენ, ნომერში შესვლისთანავე კივილს იწყებენ, მიშველეთ, შემომათრიაო. მოდის ჩასაფრებული დაცვა და მერე მოლაპარაკებას იწყებენ: - თუ გინდა, ეს ამბავი სამართალდამცავებმა არ გაიგონ და დაჭერას გადაურჩე, ფული მომეციო.

- და შენც, იმ "გედივით ქალის" მახეში გაები?

- არა, გადავრჩი, საკივლელად იყო გამზადებული, მაგრამ ნომრიდან გამოვაბუნძულე.

- ყველაზე მეტად რომელი ქვეყნის ქალები გიზიდავენ?

- უკრაინაში გოგო გავიცანი, რომელთანაც 1-თვიანი რომანი მქონდა. თვალებიდან ცეცხლს აკვესებდა, შემომხედავდა და ჟრუანტელი მივლიდა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ შევთავაზე, - თბილისში ჩამოდი-მეთქი და უარი მითხრა. უფრო სწორად, მიპასუხა, - 2 დღით არა, თუ გინდა, სამუდამოდ ჩამოვალო.

- შენ კი უცხოელი მეორე ნახევარი არ გინდა...

- პატრიოტი ვარ, რაც უნდა კარგი და ლამაზი იყოს, უცხოელი ცოლი არ მინდა, ქართველი გოგო მირჩევნია...

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება