ჰოლივუდელი ბერბიჭების საიდუმლოებანი

ჰოლივუდელი ბერბიჭების საიდუმლოებანი

ჰოლივუდში რამდენიმე ცნობილი ბერბიჭაა. ისინი საინტერესო და იდუმალი მამაკაცები მსახიობები, ლამაზი ქალების ნებიერები და თავდაჯერებულები არიან. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში დაუოჯახებლობის მიღმა ნამდვილი საიდუმლოებები იმალება.

ჯორჯ კლუნი ყველაზე ექსტრავაგანტური და მხცოვანი ბერბიჭაა. მის გვერდით ყოველთვის ულამაზესი ქალები არიან, მაგრამ ცოლქმრულ ცხოვრებაზე მტკიცედ ამბობს უარს. "ქორწინებების ნახევარი ირღვევა, - ამბობს ჯორჯი, - მე რატომღა უნდა აღვიქვა ეს საკითხი სერიოზულად?" დაახლოებით ოცი წლის წინ ჯორჯი, რომელიც ახლა 51 წლისაა, ცოტა ხნით იყო დაქორწინებული მსახიობ ტალია ბალზამზე. წელიწად-ნახევარში ჯორჯი სახლიდან წავიდა. სხვათა შორის, ამ თემაზე ჯორჯმა მეგობარ ქალებს ნაძლევიც მოუგო - 15 ათას დოლარზე დანაძლევდნენ მასთან ნიკოლ კიდმანი და მიშელ პფაიფერი, რომ ჯორჯი 40 წლამდე იქორწინებდა... მარტო მაინც არ არის. მის გვერდით ამჟამადაც ულამაზესი ქალბატონია - სტეისი კიბლერი.

კიდევ ერთი ბერბიჭაა ჰიუ გრანტი. თანატოლი ჯორჯ კლუნისგან განსხვავებით, ჰიუს ქორწინების გამოცდილება მეტი აქვს. ბრიტანელი ქალების საყვარელი მამაკაცი 13 წელი იყო დაქორწინებული მშვენიერ ელიზაბეტ ჰარლიზე. თუმცა წყვილს შვილი არ გაუჩნდა, მერე კი ჰიუ შავკანიან მეძავთან გამოიჭირეს. ამას ოჯახის დანგრევა მოჰყვა. ამის მერე ჰიუ დიდხანს არ ქორწინდებოდა, ამბობდნენ, ისევ ლიზი უყვარსო. თუმცა ახლახან ცნობილი გახდა, რომ 30 წლის ჩინელმა ტინგლან ჰონგმა ქალიშვილი გაუჩინა. ჰიუ კი წერდა "ტვიტერში", მშვენივრად ვარ, მაგრამ ცოლს მაინც არ მოვიყვანო, ახლა გაირკვა, რომ ჩინელი ქალი შვილთან ერთად ჰიუს სახლში გადავიდა საცხოვრებლად.

შარშან კიდევ ერთი ბერბიჭა გახდა მამა - ოუენ უილსონი. მისმა მეგობარმა გოგონამ ჯეიდ დუელმა გაუჩინა ბიჭი. ოუენი შვილზე ძალიან ზრუნავს, თავს ბედნიერად გრძნობს და პატარა ვაჟთან ერთად მოსეირნეს ხშირად ხედავენ. თუმცა ბავშვის დედა ცოლად არ მოჰყავს. როგორც ჩანს, ძველი იარები ახსენებს თავს - ხუთი წლის წინ ვენების გადაჭრას და თავის მოწამვლას აპირებდა მსახიობ კეიტ ჰადსონთან დაშორების გამო.

გაცილებით რთული მდგომარეობა აქვს კიანუ რივზს. მისი პირველი ქორწინება ავბედითი იყო - 1999 წელს მისმა მეგობარმა გოგონამ ჯენიფერ საიმმა მკვდარი ბავშვი გააჩინა, ორ წელიწადში ჯენიფერი საშინელ ავტოკატასტროფას ემსხვერპლა. მას მერე ცნობილი ნეო თავის თავში ჩაიკეტა, ერიდება ხმაურიან გართობებს, მოტოციკლზე შემომჯდარი გიჟივით უვლის ქუჩებს და ცოლის მოყვანას არც ფიქრობს. ეგ კი არა, ბოლო დრომდე საკუთარი სახლიც კი არ ჰქონდა - სასტუმროებში ათენებდა ღამეებს. ცოტა ხნის წინ იყიდა სახლი ლოს-ანჯელესში.

ბრიტანელი ჯუდ ლოუ ასევე პრობლემური ვარსკვლავური ბერბიჭაა. ჯერ ერთი, მრავალშვილიანი მამაა. სამი შვილი ჰყავს სედი ფროსტთან ქორწინებიდან, მეოთხე - უკანონო, ფოტომოდელ სამანტა ბერკისგან. გარდა ამისა, ბევრი მავნე ჩვევა აქვს, მათ შორის ექსტაზის აბების სმა და და ღალატისკენ მიდრეკილება. ამიტომ დაშორდა ბოლო შეყვარებულ სიენა მილერსაც და ცოლსაც, რომელსაც საკუთარი ბავშვების ძიძასთან უღალატა.

38 წლის ლეონარდო დი კაპრიო ერთ-ერთი ყველაზე შესაშური სასიძოა, მაგრამ მაინც არ ქორწინდება. ცნობილი მექალთანის გვერდით გამუდმებით არიან განთქმული ლამაზმანები - მოდელები ჟიზელ ბუნდჰენი, ბარ რაფაელი, ერინ ჰიზერტონი... ყოველ მორიგ მეგობარ გოგონასთან ერთად შესანიშნავად ატარებს დროს პლაჟზე, ველოსიპედით თუ იახტით დასეირნობს, მერე კი შორდება. მისი ყოფილი შეყვარებულები, როგორც წესი, მალევე თხოვდებიან, ლეო კი ახალ ლამაზმანს ირჩევს.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება