სად ათენებდა ღამეებს "ჯეოსტარელებთან" ერთად თამუნა აბესაძე

სად ათენებდა ღამეებს "ჯეოსტარელებთან" ერთად თამუნა აბესაძე

"თუ დღეში მხოლოდ ერთი საქმე გავაკეთე, იმ დღეს წარმატებულად არ ვთვლი", - ამბობს 25 წლის მოცეკვავე თამუნა აბესაძე, რომელიც, ასაკის მიუხედავად, უამრავ საქმესაა შეჭიდებული და ცდილობს, დასახული მიზანი სისრულეში მოიყვანოს. შეყვარებული არასდროს ყოფილა, თუმცა თუ გამოჩნდა მის ცხოვრებაში ადამიანი, რომელიც თავს შეაყვარებს, მისთვისაც გამოძებნის დროს, უნდა, ძლიერი ქალი იყოს. ძლიერ ქალად კი მას მიიჩნევს, ვინც კარიერასა და ოჯახს ერთმანეთს უთავსებს.

- ჭიათურაში დავიბადე. ბავშვობიდან ვცეკვავ, გართობას, თამაშს და დაბადების დღეებზე სიარულს ყოველთვის შრომას ვამჯობინებდი, ბავშვებს მოვაგროვებდი და წარმოდგენებს ვმართავდი. პატარაობიდან ყველანაირი სტილის ცეკვას მივდევდი. საჩხერეში სუხიშვილების სოლისტი სოსო დეკანოიძე ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებულ ანსამბლში ბავშვებს ცეკვას ასწავლიდა, სადაც მეც ვირიცხებოდი. ძალიან კარგად მახსენდება ის წლები. ასევე ვცეკვავდი სამეჯლისო ცეკვებსაც. სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისში გადმოვედი, მიზნად დავისახე მესახელებინა ჩემი ქალაქი და ხელოვნებისთვის დამეთმო ჩემი ცხოვრება. ასე მოვიქეცი, დავიწყე შოუბალეტ "ვერნისაჟში" ცეკვა. უნდა აღვნიშნო, რომ თეა გობეჯიშვილს დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს წარმატებაში... დედა კი ყოველთვის გვერდში მედგა და ჩემი ყველა სურვილის ასრულებასა და მიზნის მიღწევაში მეხმარებოდა.

გარდა "ვერნისაჟისა", ვთანამშრომლობ "ყრუთა კავშირთან", ამ გაერთიანებაში გაწევრებულ ადამიანებს კონკურსებისთვის ვამზადებ, მათთან ურთიერთობისას შევისწავლე ჟესტების ენა. ისინი ძალიან ნიჭიერები არიან. როგორც წესი, როცა ადამიანს რაღაც უნარი შეზღუდული აქვს, სხვა მხრივ ავლენს შესაძლებლობებს. ასევე ვმუშაობ საბავშვო სტუდიებში, მიყვარს ბავშვები და მათთან მუშაობა. საბავშვო "ევროვიზიისთვისაც" ვამზადებ ხოლმე ბავშვებს ცეკვაში, წყვილებს საქორწინო ნომრებს ვუდგამ და ვამეცადინებ. მიყვარს აქტიურად ცხოვრება, დღეში თუ ორ-სამ სამსახურში ვასწრებ მისვლას, მაშინ ვთვლი, რომ წარმატებული დღე მქონდა, მხოლოდ ერთ საქმეს თუ ვუთმობ დროს, დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება მაქვს.

- როგორც ვიცი, თეატრშიც ხარ დაკავებული...

- დიახ. უკვე მეშვიდე წელია ახალგაზრდულ თეატრში ვმუშაობ, თავიდან მსახიობად ამიყვანეს, ახლა კი მსახიობების ქორეოგრაფობასაც ვითავსებ.

- რამდენადაც ვიცი, ჟურნალისტიკის ფაკულტეტი გაქვს დამთავრებული, შენს პროფესიას რატომ არ გაჰყევი? ხომ შეიძლებოდა, ცეკვისთვის ჟურნალისტობა შეგეთავსებინა?

- არ მიყვარს საქმის ნახევარი გულით კეთება, როცა რაღაცას ვკიდებ ხელს, მთელი ჩემი ენერგია მასში უნდა ჩავდო და ბოლომდე ვიშრომო, აქედან გამომდინარე, არჩევანი ხელოვნების სასარგებლოდ გავაკეთე. მიყვარს ჟურნალისტიკაც, მაგრამ ვფიქრობ, ამჟამად ჩემი ცხოვრება ხელოვნებას უნდა დავუთმო და წარმატებებს უნდა მივაღწიო ამ სფეროში, ალბათ მერე და მერე ამ საქმესაც მოვკიდებ ხელს.

- თამუნა, მუსიკალურ კლიპებშიც მონაწილეობ...

- "მე მიყვარს რაჭას" კლიპის გადაღება ძალიან საინტერესო იყო. სხვათა შორის, სწორედ ამ გადაღებების დროს ჩავედი პირველად ამ მხარეში, ძალიან მომეწონა რაჭა, მაგრამ ორი დღე და ღამე შეუსვენებლად ვმუშაობდით, თან პაპანაქება სიცხეში ისეთი კოსტიუმები გვეცვა, სიცხისგან ვიწვოდით. მიუხედავად ამისა, ის დღეები მაინც კარგად მახსენდება. ამ კლიპის გარდა, მონაწილეობა მაქვს მიღებული დათო არჩვაძისა და მერაბ სეფაშვილის კლიპებშიც, ასევე უამრავ რეკლამაში ვარ გადაღებული. ერთ ზაფხულს ბათუმში წავედით სამუშაოდ. მარიკო ებრალიძესთან, სალომე ბაკურაძესა და ოთო ნემსაძესთან ერთად ორსართულიან სახლში ვცხოვრობდით. ისინი ერთ-ერთ რესტორანში მღეროდნენ, ჩვენ კი ვცეკვავდით, მართლა ძალიან კარგ დროს ვატარებდით, აქტიურად ვცხოვრობდით, მუშაობის შემდეგაც ვაგრძელებდით გართობას, ძილისთვის არც კი გვეცალა, ფაქტობრივად, არ გვეძინა. ისედაც არ მიყვარს ძილი, მგონია, რომ ჩემთვის მნიშვნელოვან დროს მართმევს. ჩემთვის ყველაზე დამღლელი იყო სერიალის "ჟამი ყვავილობისა" გადაღებები, რადგან მუშაობას ყოველთვის გამთენიისას ვასრულებდით, რამდენიმე საათი ხან ვახერხებდი დასვენებას, ხან - ვერა, შეიძლება ითქვას, რომ არც კი მეძინა, რადგან მერე ისევ ჩემს საქმეებზე და სტუდიებში გავრბოდი.

- სერიალში ვის განასახიერებდი?

- კონკრეტულ გმირს არ ვთამაშობდი, სერიალში ჩანდა ერთ-ერთი კლუბი, სადაც გმირები იყრიდნენ ხოლმე თავს, მე კი ამ კლუბის მოცეკვავეს ვთამაშობდი. უნდა ვთქვა, რომ საშინელ ადგილას გვიწევდა მუშაობა, ჩახუთული იყო, არ ისმოდა მუსიკა, თუმცა მაინც ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ საქმე კარგად გამოსულიყო.

- ალბათ ძალიან ძნელია, უძილომ, გადაღლილმა მოუარო თავს, მოწესრიგდე, რათა ბავშვებისთვის მისაბაძი მასწავლებელი იყო...

- რა თქმა უნდა, მაგრამ, საერთოდ, ბუნებრიობას ვანიჭებ უპირატესობას, ხვეული თმა მაქვს და ვარცხნილობას სალონში არასდროს ვიკეთებ, ტონალურს არასდროს ვხმარობ, თუ ძალიან მნიშვნელოვანი კონცერტი ან გადაღება არ მაქვს და თავად ვიზაჟისტი არ მიკეთებს მაკიაჟს. გარდა ამისა, ძირითადად სპორტულად ვიცვამ, რადგან ჩემი მრავალმხრივი საქმიანობის გამო ძნელია, ქუსლებზე მდგარმა აქეთ-იქით ვიარო.

- რაც შეეხება შენს პირად ცხო­ვრებას, ამ მხრივაც ისეთივე აქტიური ხარ, როგორც შემოქმედებითი თვალსაზრისით?

- არა, პირადი ცხოვრებისთვის ვერ ვიცლი, ვფიქრობ, ყველაფერს თავისი დრო აქვს. ისეთი ცხოვრებით ვცხოვრობ, როგორიც წარმოსახვაში მქონდა - მრავალფეროვანი და საინტერესოა ყოველი დღე ჩემთვის. ჯერჯერობით პირადი ცხოვრების ასაწყობად მზად არ ვარ, მაგრამ თუ გამოჩნდება ადამიანი, რომელიც თავს შემაყვარებს და შევუყვარდები, მასაც აუცილებლად დავუთმობ დროს, რადგან, ჩემი აზრით, ქალისთვის მთავარი ბედნიერება ოჯახია. თუ გინდა იყო ძლიერი ქალი, უნდა ეცადო, კარიერა და ოჯახი ერთმანეთს შეუთავსო, მე კი მინდა, ვიყო ძლიერი ქალი (იღიმის).

- მიუხედავად იმისა, რომ შეყვარებული არ გყავს, ალბათ თაყვანისმცემლები მრავლად იქნებიან შენ გარშემო...

- კი, მაგრამ ვცდილობ, ყველასთან დისტანცია მქონდეს და ახლოს არავინ მოვუშვა, რომ მერე იმედგაცრუებულები არ დარჩნენ. მიუხედავად ამისა, ხშირად მანებივრებენ საჩუქრებით. ყველაზე საინტერესო და ორიგინალური სიურპირიზი ცოტა ხნის წინ გამიკეთეს. ძალიან მიყვარს ვაშლი, ეს, ეტყობა, ჩემმა ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა იცოდა და სახლში დაბრუნებულს კართან წითელი ვაშლებით სავსე დიდი ყუთი დამახვედრა. რასაკვირველია, ძალიან გამიხარდა და ამავდროულად გამიკვირდა, რადგან არც არსად გამიგია და არც არსად წამიკითხავს, ვინმეს ასეთი საჩუქარი გაეკეთებინოს, სუნამოები და ყვავილები უკვე ჩვეულებრივი გახდა, ეს კი ორიგინალური იყო და ამიტომ მომეწონა.

- აბეზარი თაყვანისმცემელი თუ გყოლია, რომლის ჩამოშორებაც გაგიჭირდა?

- კი, გარკვეული დროის განმავლობაში მყავდა თაყვანისმცემელი, რომლის ყურადღებასაც სულ ვგრძნობდი, მაგრამ ერთხელ საოცარი რამ ჩაიდინა. ჩემი ტელეფონის ნომერი სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოშიცაა დარეგისტრირებული მათთვის, ვისაც ცეკვა და ხელოვნება აინტერესებს. სწორედ იქიდან შეიტყო ნომერი, დამირეკა და მითხრა, თქვენთან ბავშვის მოყვანა მი­ნდა და ამ საკითხზე სასაუბროდ იქნებ შემხვდეთო. დავთანხმდი და შევხვდი. რომ მივედი მითხრა, მე ის დათო ვარ, რომელსაც ოთხი წლის განმავლობაში არ ხვდებოდი, სხვა გზა არ მქონდა, რომ არ მომეტყუებინე, არც ახლა შემხვდებოდიო... ძალიან გავბრაზდი, ტყუილები არ მიყვარს, მით უმეტეს, ტყუილზე აგებული ურთიერთობა უაზრობად მიმაჩნია, ამიტომ ის ადამიანი იმ დღის შემდეგ აღარ მინახავს.

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება