მსოფლიო ბალეტის საიდუმლოებანი

მსოფლიო ბალეტის საიდუმლოებანი

ეს ნაზი, ჰაეროვანი და დახვეწილი ხელოვნების სამყარო სცენის მიღმა უამრავ საიდუმლოს ინახავს, მისი წარმომადგენლების ცხოვრება კი ხშირად დიდი ტკივილითაა სავსე.

ანასტასია ვოლოჩკოვა

- ერთხელ საგრიმიოროში ორი თაყვანისმცემელი მესტუმრა - უზარმაზარი მამაკაცები ვარდების კალათით ხელში, - იხსენებს ნასტია იმ საღამოს მოვლენებს, - როგორც ყოველთვის, ალბათ ავტოგრაფს მთხოვენ, - გავიფიქრე ჩემთვის. იმათ კი... კალათიდან დანა ამოაძვრინეს და მითხრეს: "ანასტასია, დიდი თეატრის დირექტორის სახელით, მოვითხოვთ, შეაჩეროთ სასამართლო პროცესი და უკან გამოიტანოთ დოკუმენტები".

დიდი თეატრის დირექტორი ანატოლი ისკანოვი ცდილობდა, პარტნიორის გარეშე დავეტოვებინე. ყველა მოცეკვავე მამაკაცს, რომელიც ჩემს სპექტაკლებში მონაწილეობას განაგრძობდა, სცემდნენ! ყველაზე მეტი ჟენია ივანჩენკოს მოხვდა. 2003 წელს, დიდი თეატრის სეზონის გახსნაზე მასთან ერთად "გედების ტბაში" უნდა მეცეკვა, მაგრამ წინა დღეს ჟენია მოულოდნელად სადღაც გაქრა. აღმოჩნდა, რომ მას სახლის სადარბაზოსთან დახვდნენ და სასტიკად სცემეს, თან მკაცრად გააფრთხილეს, თუ კიდევ გაბედავდა დიდი თეატრის ზღურბლზე გადაბიჯებას ან ვოლოჩკოვას გვერდით გამოჩენას, უარესი დაემართებოდა.

ანასტასია ვოლოჩკოვა თავის შოუებში დღემდე ანცვიფრებს პუბლიკას იმით, რომ ყველაზე ფართოდ შეუძლია ფეხების დაჭიმვა.

სისხლიანი პუანტები

პროფესიონალი ბალერინე­ბი ჩვეულებრივ ადამიანებზე ოთხჯერ უფრო ხშირად ავადმყოფობენ. როგორც წესი, მათ აწუხებთ საჭმლის მონელების დარღვეული სისტემა და მენსტრუალური ციკლი, ართრიტი, ოსტეოპოროზი და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. ხშირია უშვილობის შემთხვევებიც.

- ყველაზე მტკივნეული თემა ფეხებია. პუანტები ჩვეულებრივ ფეხსაცმელზე ორი ზომით პატარაა. ეს საშუალებას გვაძლევს, დავეყრდნოთ თითებს, სამაგიეროდ, ამახინჯებს ტერფს. ჩვენს ფეხებს ადვილად გამოარჩევთ კოპებით, კოჟრებით, სისხლჩაქცევებით. ყველას, ვისაც ოდესმე ფეხის ზურგი "მოუტეხია", ადრე თუ გვიან, იოგები უწყდებათ. ამის გამო ნახტომების დროს ფეხი ხშირად უბრუნდებათ. მოტეხილობებზე აღარ ვლაპარაკობ!

სწორედ ამიტომ, სანამ ახალ პუანტებს ჩაიცვამენ, ბალერინები გულმოდგინედ ამზადებენ მათ: დასარბილებლად ჩაქუჩით უჩეჩქვავენ ცხვირს, ლანჩას უხეხავენ, საფენს იღებენ, წვერს კი დანით ღრმად ჩაჭრიან და შემდეგ მსხვილი ძაფით კემსავენ, - ამბობს ერთ-ერთი ბალერინა, - პირველი, რაზეც მიმღები კომისია ყურადღებას ამახვილებს, ფეხების მდგომარეობაა, მოცეკვავეს უნდა შეეძლოს ტერფების მაქსიმალურად განზე გადგმა. ამასთან გოგონები ძალზე ელასტიკურები უნდა იყვნენ: ძალდატანების გარეშე უნდა ასწიონ ფეხი 180 გრადუსზე, მოხდენილად მოხარონ ზურგი, კიდევ ერთი მთავარი ხარისხი - ტერფის მაღალი ზურგი. ბევრი, სასურველი შედეგის მისაღწევად, მას ხელოვნურად "ტეხს" - ხელოვნურად იჭიმავს ტერფის ზემოთა ნაწილის იოგებს.

ამისთვის ყველაზე მარტივი საშუალებაა ფეხის თითების შეწყობა რადიატორში ან კარადაში, მთავარია თითებსა და საგანს შორის რაც შეიძლება მცირე დაშორება იყოს. ამ "წვალების" არსი ის იყო, რომ ფეხები რადიატორში მეექვსე პოზიციაში, ამასთან მუხლები გამართული, თითის წვერები იატაკისკენ მიშვერილი უნდა იყოს, რაც ძალიან ძნელია, მაგრამ უნდა მოითმინო!

მომავალ ბალერინას გრძელი ტერფის ზურგი უნდა ჰქონდეს, მათ "გრძელი ფეხების" სპეციალური ინდექსი აქვთ, რომელსაც სასწავლებელში მიღებისას ითვლიან. თითოეულ ბავშვს ორჯერ ზომავენ - მთლიან სიგრძეს და თხემიდან ტერფამდე. შემდეგ დამჯდარ მდგომარეობაში სიმაღლეს ყოფენ მთლიან სიმაღლეზე და ასზე ამრავლებენ. საბალეტო ნორმა 49-52%-ია. ამ ინდექსის შეფასება შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლება. ბალერინის ფეხები ტანთან შედარებით ბევრად გრძელი უნდა იყოს.

ხელოვნების მსხვერპლნი

ბალეტში დიდი კონკურენციაა. 500 ახალწვეულიდან კასტინგის შემდეგ მხოლოდ 30 რჩება, მათგან ნახევარი ამთავრებს სასწავლებელს, წამყვან პარტიას კი მხოლოდ ერთი იცეკვებს. ყველაზე რთული გამოცდა დამწყებ ბალერინებს სასწავლო დღეებში ელით: შვიდ საათზე იღვიძებენ, გაკვეთილების დაწყებამდე იატაკი უნდა მოწმინდონ და საწოლი გაასწორონ, თმა მოიწესრიგონ. გაწელვის დროს აუტანელი ტკივილის გამო მასწავლებელს კბენენ და ჩხაპნიან. ისინი ძალიან გამხდრები უნდა იყვნენ. სასწავლებლის დიეტოლოგი ბავშვების კვების ყოველ კალორიას ითვლის. საჭირო წონას მაინც ფორმულის მიხედვით ანგარიშობენ. სიმაღლეს მინუს 122. ვინც ამ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, სასწავლებლიდან რიცხავენ. საღამოობით მშიერი და დაღლილი მოსწავლეები, მადის დასაკარგად ზოგი საღეჭ რეზინს ღეჭავს, სხვები შამპუნს სვამენ. საკონტროლო აწონის წინ სტუდენტები დიეტას იცავენ. განსაკუთრებით მძიმეა მეხუთე კლასი, პროგრამაში საცეკვაო დუეტს რთავენ და მიიჩნევენ, რომ ბიჭებისთვის 50 კილოგრამზე მეტის აწევა მავნეა.

დამახინჯებული ფეხები და შერყეული ჯანმრთელობა

"აწონამდე ერთი კვირა ფუროსემიდს ვსვამდით, რომელიც ძლიერი შარდმდენია, - თავის ამბავს გვიყვება ბალერინა ევგენია პეტროვა, - ერთ-ერთი გოგონა მთელი ორი კვირა მხოლოდ ყველსა და მშრალ ღვინოს იღებდა. ასეთი დიეტის გამო ყოველთვის მსუბუქად ნასვამი იყო და გამოცდების შემდეგ შიმშილისგან გული წაუვიდა. ბევრი ასეთი შემთხვევა ტრაგიკულად დასრულდა. სასწავლებელს ამთავრებდა გამოჩენილი ტელეწამყვანის ქალიშვილი. გამოცდების წინ ძალიან გახდა და ამ ნიადაგზე ფსიქიკური აშლილობა დაეწყო: ერთ ვაშლს რომ შეჭამდა, მერე საპირფარეშოში გულს ირევდა და გამუდმებით სარკეში იყურებოდა, გასუქების ეშინოდა. ნელ-ნელა ისე დაუძლურდა, საავადმყოფოში დააწვინეს, სამწუხაროდ, იგი 38 კილოგრამი გარდაიცვალა! მაგრამ არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რამდენიც უნდა ჭამონ, არ სუქდებიან.

მაგიდაზე თითის წვერებით ცეკვა

ბევრ ბალერინას ძლევამოსილი მფარველი ჰყავს. გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი მატილდა კშესინსკი მეფე ნიკოლოზ II-ს მოსწონდა. ეს იმ დროისთვის მიღებული გახლდათ. სამეფო ოჯახის მამაკაცები ყოველთვის მიილტვოდნენ საიმპერატორო თეატრის მსახიობებისკენ.

რევოლუციის შემდეგ სათავეში მოსულმა ბოლშევიკებმა დიდგვაროვნებს მიჰბაძეს.

თავად იოსებ სტალინს უყვარდა დიდი თეატრის მსახიობ ოლგა ლეპეშინსკაიას ცეკვისთვის თვალის დევნება, სპექტაკლის შემდეგ პრიმა-ბალერინას ყოველთვის შინ აცილებდა. ზოგჯერ ბელადი ბალერინისგან დილით ბრუნდებოდა.

მსოფლიოში ცნობილია "შიშველი" იაპონური ბალეტი. საბალეტო ფერიების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თაყვანისმცემელი იყო "საკავშირო მამასახლისად" წოდებული მიხეილ კალინინი. ამისთვის სტალინი მას "საკავშირო ავხორც თხას" ეძახდა.

როგორც ამბობენ, კალინინი ბალერინებს კაბინეტში იწვევდა და აიძულებდა შიშვლებს მაგიდაზე ფუეტე დაეტრიალებინათ. როგორც ამბობენ, ერთ-ერთმა ბალერინამ, რომელიც კალინინს განსაკუთრებით მოსწონდა, ამ მარაზმში მონაწილეობაზე უარი თქვა, რამდენიმე დღის შემდეგ გოგონა მკვდარი იპოვეს.

ლავრენტი ბერიას უამრავი საყვარელი ბალერინა ჰყავდა. დროდადრო იგი დიდ თეატრს სტუმრობდა, რომ ენახა, როგორ ვარჯიშობდნენ ბალერინები. გამოჩენილი მსახიობი მარის ლიეპა გალინა ბრეჟნევას საყვარელი იყო.

ამაღლებული სტრიპტიზი

ბალეტი ყოველთვის ჰომოსექსუალიზმთან ასოცირდებოდა, ამიტომაც ყველა ბალერონს ცოლი უნდა ჰყოლოდა, რომელიც გარეშე ეჭვებისგან დაიცავდა მათ. მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვისაც რეპუტაციის შელახვის არ ეშინოდა. მაგალითად, რუდოლფ ნურიევი ლენინგრადის გეების ვიწრო წრეში ტემპერამენტული თათარი ბიჭის რეპუტაციით სარგებლობდა. "მძინარე მზეთუნახავის" საკუთარ ვერსიაში იგი დარბაზისკენ ზურგით დგებოდა და ნელ-ნელა იხდიდა გრძელ ლაბადას, სანამ, ბოლოს და ბოლოს, მაყურებელი მის დუნდულებს არ დაინახავდა. სხვათა შორის, იგი გეებისა და ნარკომანების ავადმყოფობით - შიდსით გარდიცვალა.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება