თემიკო ჭიჭინაძე - ქალს ბედნიერებისთვის სითბო და სიყვარული სჭირდება

თემიკო ჭიჭინაძე - ქალს ბედნიერებისთვის სითბო და სიყვარული სჭირდება

დიდ ტრადიციულ ოჯახში გაიზარდა. ინჟინერი მამა არტისტობას არასერიოზულ პროფესიად მიიჩნევდა და ამიტომ საკუთარი პროფესიული არჩევანი თემიკო ჭიჭინაძემ პირველად დედას გაუმხილა. გაუმართლა და უმაღლესში პირველივე წელს ჩაირიცხა. მეოთხე კურსზევე რუსთაველის თეატრში თამაშობდა. მას მერე მეუღლესთან, მსახიობ ნინო თარხან-მოურავთან ერთად ამ თეატრის მსახიობად ირიცხება. ექიმის ხალათი მოირგო სერიალში "კლინიკა", ახლახან "ჩემი ცოლის დაქალებში" გამოჩნდა შეყვარებული ემიგრანტის სტატუსით. დღეს თემიკო ჭიჭინაძეს ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე ვესაუბრეთ.

- დიდ ოჯახში გავიზარდე, რომელიც ბებია-ბაბუას, მშობლებსა და და-ძმას მოიცავდა. ქაშუეთის ეკლესიასთან ვცხოვრობდი. მშობლები მუშაობდნენ და ბავშვებს ბებია გვზრდიდა. დედა მუსიკათმცოდნე გახლავთ, კონსერვატორია დაამთავრა. "საზოგადოებრივი მაუწყებლის" დაარსების დღიდან იქ მუშაობდა, მაშინ ამ დაწესებულებას "ტელე-რადიოკომიტეტი" ერქვა. მუსიკალური რედაქციის ხელმძღვანელი იყო. 40 წელზე მეტი იმუშავა ტელევიზიაში. პირველივე რეფორმების დროს შეამცირეს, როცა აღარ დასჭირდათ უფროსი თაობის წარმომადგენლები. მამა ინჟინერ-მშენებელი გახლავთ. წლების განმავლობაში სხვადასხვა ორგანიზაციაში მუშაობდა. არაერთ ცნობილ ობიექტზე უმუშავია.

- მშობლებიდან რომელი უფრო მკაცრი იყო?

- დიდი სიმკაცრე არ ყოფილა ოჯახში, რადიკალურ ზომებს არ იღებდნენ ჩვენ დასასჯელად. პირველი ინსტანცია იყო ბებია. მისგან მახსოვს ყველაფერი კარგი. დედაჩემის დედაზე ვსაუბრობ. მათ ოჯახში ვიზრდებოდით. დიდი ბებიაც მახსოვს. ყველა შვილიშვილს აქვს მოსაგონარი ბებიებზე და მეც მათ შორის. განსაკუთრებული ბებიები მყავდა. რჩევა-დარიგებები მახსოვს მათგან. მაშინ კი მეგონა, რომ ჩემ საწინააღმდეგოდ ლაპარაკობდნენ, რომ მტრები მყავდა, მაგრამ დრო რომ გავიდა, მივხვდი, ჩემი სიყვარული ალაპარაკებდათ. ვინც ყველაზე მეტად გიყვარს, იმას უფრო იმეტებ გასაბრაზებლად, ისეთი საქციელით პასუხობ, რომელიც არ ეკადრება, მაგრამ იმ ასაკში ვერ აცნობიერებ ამას, ჭიჭყინა, "კაპრიზული" ბავშვივით იქცევი.

- ხასიათით ვის ჰგავხართ?

- როგორც ამბობენ, საგვარეულო ხასიათის თვისებები მაქვს. ძალიან უთქმელი ვარ სახლში, ჩუმად მირჩევნია ჯდომა. რომ მელაპარაკებიან, თავის მოძრაობით ვპასუხობ.

- ე.წ. ქუჩის აკადემიაც იყო ალბათ თქვენს ცხოვრებაში. რა მოგცათ ამ ინსტიტუტმა გამოცდილების თვალსაზრისით?

- პირველ რიგში, ბევრი მეგობარი შემძინა. ცოტა ხნის წინ სიტყვა "უბნის" გამოყენება ლამის გვეკრძალებოდა. ადამიანები არ ამბობდნენ, რომ უბანში გაიზარდნენ, რომ უბნელები ჰყავდათ. არაბუნებრივად მიმაჩნია ეს ყველაფერი. ეზოში რომ ჩადიხარ, ის უკვე შენი უბანია. იქ ვიღაცას აირჩევ სამეგობროდ, ვიღაცას - არა. უბანმა, სკოლამ, ამ ურთიერთობებმა ძალიან ბევრი მეგობარი შემძინა. ისეთებიც, რომლებიც დღესაც ჩემ გვერდით არიან. არაფერი კრიმინალური არ ჩაგვიდენია. ქუჩაშიც ვმდგარვართ, გვიჩხუბია კიდეც, უსიამოვნებაც გვქონია, ფეხბურთიც გვითამაშია და ცხვირებიც გაგვიტეხია, ჩხუბისთვის თავი არ აგვირიდებია, ვიღაცას დანაც გაუხსნია. ყოფილა ასეთი ინციდენტებიც, მაგრამ ჩემმა სამეგობრო წრემ ისე გავიარეთ ეს პერიოდი, რომ ცუდი გზით სიარულის ცდუნებას ავცდით.

- გოგონას გამოც გიჩხუბიათ?

- რა თქმა უნდა. აქედან იწყება უსიამოვნებები ბიჭებს შორის. ძმაკაცის შეყვარებულის გამოც მიჩხუბია.

- ყოველთვის გიმართლებდათ სიყვარულში თუ ცალმხრივად შეყვარებულიც იყავით?

- ტრაბახს ხომ არ მოვყვები. ცალმხრივად შეყვარებულიც ვყოფილვარ. იმ პერიოდში ძალიან რთული იყო სიყვარულის ახსნა გოგონასთვის. თუ ამას მოახერხებდი "ზენიჭით" დაჯილდოებულის იმიჯს აიკრავდი. ძალიან მორცხვი თაობა ვიყავით ამ მხრივ. გვერჩივნა, ჩუმად, ჩვენთვის გვყვარებოდა, ვიდრე ამის აფიშირება გაგვეკეთებინა.

- ნინო როგორ გაიცანით?

- თეატრალურში რომ ჩავაბარე, მაშინ. პირველი კურსიდან ვიცნობ. 22 წელია ერთად ვართ.

- თქვენი პროფესიის ადამიანებში ამდენწლიანი ცოლქმრული თანაცხოვრება იშვიათია. რით კვებავთ ამ გრძნობას, ამის რეცეპტი არსებობს?

- დაწერილი რეცეპტი არ გამაჩნია, იმავეს გიპასუხებთ ნინოც. ადამიანების ურთიერთობა ეტაპებს გადის, თავიდან სხვა ქიმიაა, სხვა ლტოლვაა, მერე სხვა ეტაპი იწყება, პატივისცემაა, შვილები ჩნდებიან... მთავარი არ უნდა დაივიწყო ამ წლების განმავლობაში, თუ რატომ ის და არა სხვა. ეს თუ გახსოვს, ე.ი. სიყვარულის სახლს ისევ აშენებ. შეიძლება უცბად ჩამოინგრეს, ბზარი გაჩნდეს, მაგრამ ამან არ უნდა შეგაშინოს, უნდა გააგრძელო შენება.

- თქვენ გახსოვთ, რატომ ნინო და არა სხვა?

- რა გითხრათ. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვიყავით მეგობრები, კოლეგები, ახლოს გავიცანით ერთმანეთი. ერთი ნახვით არ შეგვყვარებია ერთმანეთი. უბრალოდ, ერთ დღეს, გაცნობიდან რვა წლის თავზე სხვაგვარად შევხედეთ ერთმანეთს. რატომ ნინო და არა სხვა? ძალიან ლამაზია, არაჩვეულებრივი მსახიობი, კარგი ოჯახის შვილი, ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს, საერთო მეგობრები გვყავს. არ არის მოსაწყენი. მე შეიძლება ვიყო მოსაწყენი, ნინოზე ეს ნამდვილად არ ითქმის. აკი გითხარით, უნდა ამომგლიჯო სიტყვები, წინადადებები. მარტო ნინოსთან არ ვარ ასეთი, ზოგჯერ მამაჩემს და დედაჩემს ვაგიჟებ ხოლმე. უცნაური ბგერების გამოთქმით ვიძლევი პასუხებს. რამდენ ხანს შეიძლება ადამიანს "პროპოშნიკით" ამოგლიჯო სიტყვები?! ზოგჯერ თავადაც კი ვბრაზობ საკუთარ თავზე. ბიძაჩემს ვგავარ ამით. იმიტომ ვამბობდი, საგვარეულო ხასიათის თვისებები მაქვს-მეთქი.

- თემიკო, ამდენწლიანი ცოლქმრული ურთიერთობიდან რა დასკვნა გამოიტანეთ, რა სჭირდება ქალს, ცოლს ბედნიერებისთვის?

- ბევრი რამ სჭირდება ქალს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, ყველაფერიც გჭირდებათ და ყველაფერიც გეკუთვნით, მაგრამ უმთავრესი სითბო და სიყვარულია. ფუფუნების კოშკების აგება და მატერიალური რაღაცების კეთება შეიძლება, სულაც არ აღმოჩნდეს ეფექტური. ცარიელი არ იყო, ესაა მთავარი. გული თუ გაქვს სავსე სიყვარულით, ესაა მნიშვნელოვანი.

- ამ სითბოსა და სიყვარულშიც უტყვი ხართ?

- (იღიმება) არა მგონია.

- ის პერიოდი გამოგვრჩა, როცა პროფესია აირჩიეთ...

- მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნებასთან მიახლოებულ წრეში გავიზარდე, ჩემს მომავალ პროფესიად მსახიობობა ნამდვილად არ განიხილებოდა. იმ პერიოდისთვის ექიმობა იყო ძალიან პოპულარული, სამხატვრო აკადემია და უნივერსიტეტი პრესტიჟულ სასწავლებლებად მიიჩნეოდა. მეცხრე კლასის ჩათვლით არაფერზე არ ვფიქრობდი, დინებას მივყვებოდი. ცოტას ვსპორტსმენობდი კიდეც, ფეხბურთს ვთამაშობდი.

- მაშინ მუსიკაც სავალდებულო იყო, ბავშვებს ძალით დაატარებდნენ მუსიკალურ შვიდწლედში.

- მიუხედავად იმისა, რომ დედა მუსიკოსი იყო და მშვენივრად უკრავდა ფორტეპიანოზე, ერთი დღეც არ გვივლია მე და ჩემს ძმას მუსიკაზე. ნოტებით სიარული მაშინ ძალიან "ტეხავდა". ეტყობა, დედამაც არ დამაძალა. ნეტავ დაეძალებინა და სიმკაცრე გამოეჩინა, დავრჩი მუსიკალურად გაუნათლებელი... მე-9 კლასში მეგობრები თეატრში წავედით, "კავკასიური ცარცის წრე" ვნახეთ. დამოუკიდებლად, არანაირი მითითებით, ჩვენივე სურვილით. სპექტაკლი რომ დამთავრდა, კარგა ხანს არ გავდიოდით დარბაზიდან. არადა, დიდი თეატრალები არ ვყოფილვართ. თეატრი თავშესაქცევი ადგილი იყო ჩვენთვის. არც ვუყურებდით სპექტაკლს, სხვა ინტერესები გვქონდა, გოგოებს ვეპრანჭებოდით. ამ სპექტაკლმა შოკი მოახდინა ჩვენზე. იმ დღეს მომინდა, სცენაზე ვმდგარიყავი და იმ ზეიმის თანამონაწილე ვყოფილიყავი, რომელიც იქიდან მოდიოდა. ამის თქმა ოჯახში ცოტა რთული იყო. მამაჩემს სხვა დამოკიდებულება ჰქონდა ამ პროფესიასთან, არასერიოზულ პროფესიად მიაჩნდა. თან მაშინ ჩემი ძმა უკვე "გეპეიში" სწავლობდა და მეც იქით მექაჩებოდა მამა. დედას გავუმხილე ჩემი სურვილი. მისი დახმარებითა და თანადგომით გადავლახე ეს ბარიერი... თეატრალურში ბევრად ადრე იყო გამოცდები, ვიდრე დანარჩენ უმაღლესებში. დედამ თქვა, თუ ვერ ჩააბარებ, მერე "გეპეიში" სცადე ბედიო. ამ წინადადებას მამა დათანხმდა.

- პირველივე წელს ჩაირიცხეთ?

- რომ არ ჩავრიცხულიყავი, ახლა ინჟინერი ვიქნებოდი და თქვენ ჩემთან ინტერვიუზე არ მოხვიდოდით.

- პირველი ხელფასი, პირველი სამსახური...

- ინსტიტუტში მე-2 კურსზე ვიყავი, ტელევიზიაში საახალწლო გადაცემას აკეთებდნენ. დედა მაშინ იქ მუშაობდა. დახმარება მთხოვეს. სიხარულით გავიქეცი. გამიკეთეს წვერი, გრიმი, ჩამაცვეს თოვლის ბაბუის კოსტიუმი, დამაფარეს ქუდი და კაციშვილი ვერ მიხვდებოდა, რომ მე ვიყავი. 34 მანეთი გადამიხადეს ამ როლში. მანამდე სტიპენდიაც მქონდა, ხუთოსნის - 50 მანეთი. იმ დროისთვის ეს კარგი ფული იყო.

- რუსთაველის თეატრში ინსტიტუტის დამთავრებისთანავე დარჩით?

- გიზო ჟორდანიამ თავის ჯგუფთან ერთად, რომელშიც იყვნენ: მერაბ ნინიძე, ნინო თარხან-მოურავი, ნანუკა ხუსკივაძე, ნანა შონია, გოჩა კაპანაძე, დაგვაკავა თავის სპექტაკლებში ერთი კურსით უკანა ჯგუფის რამდენიმე სტუდენტი: მე, გია გაჩეჩილაძე, მალხაზ ქვრივიშვილი და დათო ბახტაძე. ბიჭების დეფიციტია ყოველთვის და დაგვიმატეს ეს ოთხეული. რუსთაველის თეატრში მეოთხე კურსიდან ვმუშაობ. თავიდან უშტატო თანამშრომელი გახლდით, სანამ ინსტიტუტს დავამთავრებდი. ასე რომ, 1986 წლიდან ამ თეატრში ვარ. შეიძლება ითქვას, აქ გავიზარდე.

- სერიალებში მუშაობის გამოცდილებაც გაქვთ. გვახსოვს თქვენი გმირი სერიალში "კლინიკა", ახლახან "ჩემი ცოლის დაქალებში" გამოჩნდით. რით ჰგავხართ თქვენს ახალ გმირს?

- არაფრით. კანადაში გაზრდილი კაცია, პილოტი. არასდროს მიცხოვრია უცხოეთში ემიგრანტის სტატუსით, თვითმფრინავთანაც საკმაოდ მწყრალად ვარ. დადებითი გმირი ჩანს, თუმცა არ ვიცი, რას მიმზადებენ სცენარისტები.

- სხვა პროფესიით გიმუშავიათ?

- კი, ერთი პერიოდი მეგობრებთან ნაყინის ქარხანაში ვმუშაობდი.ფიზიკური შრომისთვის არ მიმეტებდნენ მეგობრები. პიარსა და მარკეტინგს განვაგებდი, სარეკლამო დირექტორი გახლდით. მძიმე წლები იყო, 90-იანები. პარალელურ რეჟიმში ვიყავი თეატრშიც.

- ერთი გოგონა გყავთ, როგორც მახსოვს...

- კი, 21 წლის ელისაბედი, სამხატვრო აკადემიაში სწავლობს დიზაინის ფაკულტეტზე. მესამე კურსის სტუდენტია.

- თავად რა გამოცდილებას უზიარებთ შვილს?

- მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, თუმცა არის საკითხები, რომლებსაც დედას უფრო უმხელს.

- მაგალითად, თაყვანისმცემლებზე გიამბობთ?

- არა, არ მიყვება. ნინო უფრო ახერხებს ამ თემებზე საუბარს შვილთან. თუმცა, თუ რამე სერიოზული იქნება, აუცილებლად ჩამაყენებს საქმის კურსში. მთავარია, რომ ნდობა არის ჩვენ შორის.

- თემიკო, დასასრულ, შეცდომებზეც მინდა ვისაუბროთ. რას ნანობთ, რას შეცვლიდით ცხოვრებაში?

- რომ შეიძლებოდეს, იმ ადამიანებს დავიბრუნებდი, რომლებიც ჩემ გვერდით აღარ არიან. თუნდაც ოჯახის წევრები. უკან რომ დავბრუნებულიყავი, უფრო მეტად მოვუსმენდი და გავითვალისწინებდი მათ რჩევებს. არ ვექცეოდი ისე, როგორც ის ადამიანები იმსახურებდნენ. არ ვიყავი მართალი.

- ამბობენ, ჭკვიანი ადამიანები საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ, გენიოსები - სხვისაზე, ხოლო ბრიყვები - ვერც ერთზეო.

- გენიოსობაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ სხვის შეცდომებზე სწავლა უკეთესია.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება