მარტის დასაწყისში გამოვიდა ეკრანებზე სტივენ სოდერბერგის კრიმინალური დრამა "გვერდითი ეფექტი", რომელშიც მთავარ როლს ჯუდ ლოუ თამაშობს. ჟურნალისტებთან საუბრისას მან ახალ როლზეც ისაუბრა და კარენინის როლზეც.
- ახალი სურათის პრემიერამდე საიდუმლო იყო მისი სიუჟეტი და სხვა დეტალები, რატომ?
- პროდიუსერებს არ სურდათ, ბერლინის კინოფესტივალამდე პრესაში რაიმე წვრილმანებს გაეჟონა. ბევრ ქვეყანაში ამის გამო ფილმის პრემიერა გადადეს კიდეც.
- თქვენ რა როლი გაქვთ?
- მე ექიმს განვასახიერებ, რომელიც უნებლიეთ დანაშაულის თანამონაწილე ხდება.
- მაშ, ეს მძაფრსიუჟეტიანი დეტექტივია?
- ყველაფერი გაცილებით რთულად არის. ისეთი მეტრი, როგორიც სოდერბერგია, ჩვეულებრივ ჟანრულ კინოს არ იღებს. ჩვენ უფრო ფარმაცევტული კომპანიების მაქინაციები გამოვააშკარავეთ და ვფიქრობ, ეს საინტერესო იქნება ჩვეულებრივი მაყურებლებისთვისაც.
- კიდევ რით გაახარებთ თქვენს თაყვანისმცემლებს ახლო მომავალში?
- მცირებიუჯეტიან ბრიტანულ ფილმში "ჰემინგუეის სახლი", რომლის რეჟისორი რიჩარდ შეპარდია, დამნაშავესა და ლოთს ვთამაშობ. ჩემი გმირი ქალიშვილთან კონტაქტის დამყარებას ცდილობს. ოცი და ოცდაათი წლის რომ ვიყავი, მაშინ ასეთი განსხვავებული როლები არ მქონია.
- დეკემბერში ორმოცი წლის გახდით. როგორი განცდაა?
- მგონია, რომ ორმოცი შესანიშნავი ასაკია, ღელვა რომ შეწყვიტო. გაცილებით მიიოლდება საკუთარ თავთან ურთიერთობაც. ოცის ფორმირდები, გამუდმებით რაღაცას ამტკიცებ. ოცდაათის - რაღაც ფორმას იძენ... მერე კი იწყებ ცხოვრებას იმით, ვინც ხარ სინამდვილეში. შეიძლება არ იფიქრო სხვათა რეაქციებზე და სამუშაოზე მოახდინო კონცენტრირება. გარდა ამისა, ორმოცის ზემოთ გმირების თამაში გაცილებით საინტერესოა, რთული ხასიათებია, უფრო მნიშვნელოვანი. ასე რომ, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, წინ ბევრი კარგი მელოდება!
- რომელი როლებია თქვენთვის ყველაზე კომფორტული?
- ძნელი სათქმელია. მიყვარს რაღაც ახლის გასინჯვა, თავის გამოცდა... შეიძლება ითქვას, რომ ჩემთვის ყველაზე "მოსახერხებელი" როლები ყველაზე არაკომფორტული როლებია. მე არ ვარ მათ შორის, ვინც თვითკმაყოფილებას მიეცემა და იმით კმაყოფილდება, რაც გამოვა. მე მომწონს ადამიანების გაოცება.
- ორი შვილი გყავთ - ქალ-ვაჟი. გაგვიზიარებთ აღზრდის საიდუმლოებებს?
- დისციპლინის მჯერა. მოსიყვარულე ოჯახში გავიზარდე და ყოველთვის ზუსტად ვიცოდი, რა შეიძლებოდა და რა - არა. მგონია, რომ არ შეიძლება ბავშვი თვითდინებაზე მიუშვა, მას მუდმივად უნდა მისცე სწორი მიმართულება.
- არაერთხელ გითამაშიათ პერსონაჟები, რომლებსაც ვიღაც სძულთ. მაგალითად, კარენინი. თავად თუ განგიცდიათ ასეთი ემოციები?
- სულელური გრძნობაა. საკმაოდ ფიცხი ვარ და რასაკვირველია, სიძულვილიც ნაცნობი განცდაა. ამიტომ ისიც ვიცი, რამდენად დამანგრეველია ის. დროთა განმავლობაში სწავლობ საკუთარი თავის დანდობას.
- ბედნიერი ადამიანი ხართ?
- დიახ! შინ რომ ვბრუნდები, მინდა რაც შეიძლება მალე წავიდე სამსახურში, იქ კი იმაზე ვფიქრობ, რომ სწრაფად დავბრუნდე სახლში (იცინის).
GRAZIA
(გამოდის ორშაბათობით)