განვითარების მაღალი ტემპის წყალობით, უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩინეთის სამხედრო მრეწველობამ შეიარაღების მსოფლიო ბაზარზე ფეხი მყარად მოიკიდა. მეტიც, ჩინეთი მსოფლიოს უმსხვილეს სამხედრო ექსპორტიორთა ხუთეულში შევიდა, საიდანაც დიდი ბრიტანეთი "გამოდევნა". ამ უკანასკნელს ხუთეულში საკუთარი პოზიცია 60 წლის განმავლობაში ეკავა. მრეწველობის დინამიური განვითარებისა და გასაღების ბაზრის ეფექტური ათვისების წყალობით, მომავალში ჩინეთის პოზიციები იარაღის მსოფლიო ბაზარზე კიდევ უფრო გამყარდება.
ამ მონაცემებს მშვიდობის პრობლემების შემსწავლელი სტოკჰოლმის ინსტიტუტი (SIPRI) აქვეყნებს. მონაცემებთა ბაზების განახლება, ყოველწლიურად შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის ექსპორტ-იმპორტის მონაცემთა საფუძველზე ხდება.
იარაღის მსოფლიო ბაზარზე, ჩინეთის სტატუსის შეცვლა იმპორტიორიდან ექსპორტიორით რამდენიმე წლის წინ დაიწყო. SIPRI-ის მიერ შარშან გამოქვეყნებული მონაცემები ცალსახად ადასტურებდნენ, რომ ჩინეთი მსოფლიოში შეიარაღების იმპორტიორის ლიდერის პოზიციებს აქტიურად თმობს და საკუთარი სამხედრო პროდუქციის გაყიდვაზე გადავიდა. თუ 2003-2007 წლებში, ჩინეთმა 14,09 მილიარდი დოლარის საერთო ღირებულების სამხედრო პროდუქცია შეიძინა და მსოფლიოში შეიარაღების უმსხვილესი იმპორტიორის სტატუსით სარგებლობდა, უკანასკნელი წლების განმავლობაში ვითარება მკვეთრად შეიცვალა. 2008-2012 წლებში სამხედრო შესყიდვების მოცულობა პეკინმა 7,5 მილიარდ დოლარამდე შეამცირა.
ჩინეთის მიერ შეიარაღების იმპორტის მოცულობის შემცირება მხოლოდ ერთ გარემოებაზე - უკანასკნელი წლების განმავლობაში ამ ქვეყნის სამხედრო მრეწველობის უსწრაფესი ტემპებით განვითარებაზე მიუთითებს. დღეს საკუთარი სამხედრო ტექნიკის შექმნის ძირითად მიმართულებას ძირითადათ უცხოური ნიმუშების დაკოპირება წარმოადგენს. ამ მხრივ ყველაზე დიდ ზარალს რუსეთი განიცდის. მრავალი წლის განმავლობაში საბჭოური თვითმფრინავების, ავტომატების და ტანკების დაკოპირებით მიღებულმა უდიდესმა გამოცდილებამ, ჩინეთს შედარებით ხარისხიანი და რაც მთავარია - "ორიგინალზე" გაცილებით იაფი სამხედრო პროდუქტის შექმნის შესაძლებლობა მისცა.
2003-2007 წლებში, ჩინეთმა ექსპორტზე 2,5 მილიარდი დოლარის სამხედრო პროდუქცია გაიტანა. შედარებისთვის თავდაცვითი ექსპორტის ლიდერებმა - აშშ, რუსეთი და გერმანია საზღვარგარეთ შესაბამისად 34,9, 27,6 და 10,8 მილიარდის ღირებულების შეიარაღება გაყიდეს. მომდევნო წლებში პეკინმა ექსპორტის მოცულობა 6,5 მილიარდამდე გაზარდა და უკან ჰოლანდია და ესპანეთი, შემდგომ კი დიდი ბრიტანეთიც ჩამოიტოვა.
ოფიციალური მონაცემებით დღეს ჩინეთი საკუთარ სამხედრო პროდუქციას მსოფლიოს 37 ქვეყანაში (სავარაუდოდ მათი რიცხვი უფრო დიდია) ყიდის. მათ შორისაა ალჟირი, ბოლივია, კამბოჯა, განა, რუანდა, ზიმბაბვე, კონგო, ჩადი, ირანი, მეზობელი ჩრდილო კორეა. ანუ ქვეყნები, რომლებისთვისაც არასტაბილური თავდაცვითი ბიუჯეტის პირობებში, იაფი ჩინური სამხედრო ტექნიკა ნამდვილი მისწრებაა.
აღსანიშნავია, რომ აფრიკის ლათინური ამერიკისა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონებში ჩინეთი პირდაპირ კონკურენციას რუსეთსაც უწევს. ასე მაგალითად, 2011 წელს მაროკოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში ჩინურმა ტანკმა VT1A რუსულ Т-90С-ს აჯობა. ტენდერის ფინალისტისგან მაროკომ 150 ტანკი შეიძინა, რომელიც თავის მხრივ, თავის დროზე დაკოპირებული საბჭოური Т-72-ის ჩინური გაუმჯობესებული ვარიანტია.
ერთადერთი ფაქტორი, რომელიც ჩინეთს მსოფლიო შეიარაღების ბაზრის კიდევ უფრო ფართო მასშტაბებით დაკავებაში ზღუდავს, საკუთარი არმიის გადაიარაღების პროგრამაა. მის ფარგლებში ოფიციალური პეკინი არმიის მოდერნიზაციას ყოველწლიურად კოლოსალურ თანხებს ახარჯავს. მიმდინარე წელს ჩინეთის თავდაცვის ბიუჯეტმა 114 მილიარდი დოლარი შეადგინა.
მოამზადა ნუკრი მგელაძემ lenta.ru-ის მიხედვით.