ნანა ფაჩუაშვილს რუსთაველის თეატრის წინ ვარსკვლავს უხსნიან

ნანა ფაჩუაშვილს რუსთაველის თეატრის წინ ვარსკვლავს უხსნიან

მსახიობ ნანა ფაჩუაშვილს რუთაველის თეატრის წინ ვარსკვლავს უხსნიან. ამის შესახებ მსახიობი გაზეთ "ვერსიასთან" ინტერვიუში საუბრობს.

"ძალიან მიყვარს რუსთაველის თეატრი და ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დამანახა, რომ რუსთაველის თეატრსაც ასეთივე ძალით ვყვარებივარ. რობერტ სტურუამ ყველა პირობა შექმნა ჩემი "ვარსკვლავის" გახსნისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის იყო მსგავსი ცერემონიების წინააღმდეგი", - აღნიშნა ნანა ფაჩუაშვილმა.

მსახიობის თქმით, ბენეფისის დაწყებამდე მისი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება, უშუალოდ ბენეფისზე კი ბოლოდროინდელი სპექტაკლებიდან ნაწყვეტებს ითამაშებს.

"ბენეფისის დაწყებამდე ჩემი წიგნის - "მე და ჩემი რეჟისორები" პრეზენტაცია გაიმართება. მასში შევიდა ჩემს შესახებ იმ რეჟისორების წერილები და მოსაზრებები, რომლებთანაც ოდესმე მიმუშავია. წიგნის გამოცემა მერიის კულტურის განყოფილების უფროსმა, ნეკა სებისკვერაძემ ითავა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი. ბენეფისზე ვითამაშებ ნაწყვეტებს ჩემი ბოლოდროინდელი სპექტაკლებიდან. ვფიქრობდი, რომელიმე ძველი სპექტაკლი მეთამაშა, მაგრამ იმის გამო, რომ დღეს არც იმ ადამიანთა უმრავლესობაა ცოცხალი, ვინც მაშინ სცენაზე პარტნიორობას მიწევდა და ვეღარც ახალგაზრდობას დავიბრუნებ, აღარ გავრისკე", - ამბობს მსახიობი.

მსახიობი წელს 70 წლის გახდა, უკვე 50 წელია სცენაზე დგას და წარმატება არ მოკლებია. მის მიერ შესრულებული როლთა რაოდენობა 100-მდე აღწევს. მათ შორისაა, თამამი როლები, მარტოსულ ქალთა ტიპაჟები და ძლიერი ნებისყოფის, შურისმაძიებელი ქალბატონები. აღსანიშნავი როლებია: ევა ("ღვთაებრივი კომედია"), მზია ("ჭინჭრაქა"), პოლი პიჩემი ("სამგროშიანი ოპერა"), სონა ("ხანუმა"), ფაცია ("გუშინდელნი"), ადელა ("ბერნარდა ალბას სახლი"), ლიზიკო ("ნახვის დღე") და მართა ("დარისპანის გასაჭირი").

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება