თამუნა ლეკვეიშვილის "შიმშილ-დიეტები"

თამუნა ლეკვეიშვილის "შიმშილ-დიეტები"

"კომედი შოუს" მსახიობის - თამუნა ლეკვეიშვილის თმას უამრავი ექსპერიმენტისთვის გაუძლია: ჟანგისფერი, ჟღალი, შავი, ბოლოს კი წითელი საღებავიც წაუსვამს და მხოლოდ ამის შემდეგ მიმხვდარა, რომ ყველაზე მეტად, ბუნებრივი თმის ფერი უხდება...

თმა და ვარცხნილობა

- რაც თავი მახსოვს, გრძელი თმა მაქვს. მხოლოდ ერთხელ, დაახლოებით 19 წლის ასაკში შევიჭერი ძალიან მოკლედ. სხვათა შორის, მომიხდა... ახლა ვარცხნილობის შეცვლის სურვილი არ მაქვს - გრძელი თმა მომწონს.

- პირველად როდის შეიღებე თმა?

- მეთერთმეტე კლასს რომ ვამთავრებდი, თმა შავად შევიღებე. ფერის შეცვლა რომ მომინდა, მითხრეს, - ვიდრე "პერეკისს" არ წაისვამ, ამ საქმიდან არაფერი გამოვაო. ჰოდა, ეს მეთოდი მოვსინჯე. მახსოვს, იმ დღეს დაქალთან უნდა წავსულიყავი - გოგონები იკრიბებოდნენ. შეღებვა ვერ მოვასწარი და "პერეკისით" გაღიავებული თმით წავედი. რომ დამინახეს, ცუდად გახდნენ (იცინის).

- შენს ექსპერიმენტებზე მშობლებს როგორი რეაქცია ჰქონდათ?

- მათთან პრობლემა არ მქონია. თავისუფლად მზრდიდნენ. დედ-მამასთან "ვძმაკაცობდი".

- თმას როგორ უვლი?

- ნიღბებს არ ვიყენებ. დიდი ხანია, ერთსა და იმავე შამპუნს, ბალზამს ვხმარობ. მიმაჩნია, რომ კარგი ხარისხის თმა მაქვს.

- ბუნებრივად ხვეული თმა გაქვს?

- მქონდა, მაგრამ როცა ბავშვი გავაჩინე, რატომღაც, თმა გამისწორდა (იცინის). მერე კულულების ნოსტალგია გამიჩნდა და ამიტომაც დავიხვიე. ახლა ეს კულულები თანდათან იშლება, მე კი იმედი მაქვს, რომ მალე თმა ბუნებრივად დამეხვევა.

მაკიაჟი და სახის კანის მოვლა

- მაკიაჟს მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიკეთებ, თუ წვეულებაზე მივდივარ. ისე, ამ საქმეს დამოუკიდებლადაც ვახერხებ; იმდენი წელია, მაკიაჟის კეთების პროცესს ვუყურებ, რომ უკვე ყველაფერი პროფესიონალურ დონეზე ვიცი. მომწონს თვალების გამოკვეთა... წლების განმავლობაში, თითქმის ყოველდღე, გრიმს ვიკეთებ და სახის კანზე ზრუნვა მალე მომიწევს...

ვარჯიში და დიეტა

- ვარჯიშიც მჭირდება და დიეტაც, მაგრამ ჩემი დღის რეჟიმის გამო, ვარჯიშს ვერ ვახერხებ. სამაგიეროდ, ისეთ დიეტას ვიცავ, რომ მერე ძალიან ცუდად ვხდები. სამწუხაროდ, ჯერ ისეთ ფორმაში ვერ ვარ, როგორშიც უნდა ვიყო, მაგრამ არა უშავს, თანდათან გავხდები.

- წონაში რამდენი კილოგრამის დაკლება გსურს?

- 10 კილოგრამი რომ დავიკლო, იდეალურ ფორმაში ვიქნები.

- დიეტის დაწყებამდე რჩევა დიეტოლოგს თუ სთხოვე?

- არა. ჩემ მიერ შედგენილ, ჩემს ორგანიზმზე "მორგებულ" დიეტას ვიცავ, რომელსაც "შიმშილობა" უფრო ჰქვია.

- ამის გამო, შენი ჯანმრთელობა საფრთხის წინაშე ხომ არ დგას?

- შესაძლოა, კუჭზე პრობლემები შემექმნას, მაგრამ ჯერჯერობით, არ მაწუხებს და იქნებ, არც მომავალში შემაწუხოს... მშობიარობის შემდეგ ვერაფერს ვიცვამდი - ვერც ერთ სამოსში ვერ ვეტეოდი, არაფერი მიხდებოდა. ჰოდა, ამის გამო დეპრესია დამეწყო და "შიმშილ-დიეტებსაც" ამიტომ მივმართე...

სამოსი

- სამოსის შერჩევისას აქტუალურ ფერებსა და ფორმებს ვითვალისწინებ - მოდას მხოლოდ ამ დონეზე მივდევ. თავისუფალი სტილის ტანსაცმელი მიყვარს. მაგალითად, ჯინსის შარვალსა და მაისურში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. რამდენიმე დღის წინ, ცხოვრებაში პირველად ვიყიდე ყოველდღიურად ჩასაცმელი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. ძირითადად, "დაბლებით" დავდივარ, "მაღლებს" კი მხოლოდ გადაღებების დროს ვიცვამდი.

შოპინგი მომწონს! მირჩევნია, საყიდლებზე მარტომ ვიარო. როცა მეუღლესთან ერთად მივდიოდი, სულ მეჩხუბებოდა, - ვაიმე, რით ვერ აარჩიე? მარტო წადი, თავი დამანებეო (იცინის)!..

აქსესუარები

- ბეჭდის გარდა, ყველანაირი სამკაული მომწონს. საქორწილო ბეჭედსაც იშვიათად ვიკეთებ. ოქროს სამკაულები მიყვარს, თუმცა - ხარისხიანი, ლამაზი ბიჟუტერიაც მომწონს... ტანმაღალი არ ვარ, რის გამოც სულ კომპლექსი მქონდა; ვფიქრობდი: დიდ ჩანთას ვერ დავიჭერ-მეთქი, მაგრამ ახლა ეს კომპლექსი დავძლიე. ჩემს ჩანთაში თითქმის ყოველთვის ქაოსია. მაგალითად, ახლა უამრავი ერთჯერადი კოვზი მიდევს - დიეტაზე ვარ და ხაჭოს ან მაწვნის ყიდვისას კოვზების საშოვნელადაც ხომ არ დავიწყებ სირბილს (იცინის)?!.

მუსიკალური გემოვნება

- "კომედი შოუში" ჩემი პერსონაჟი - მომღერალი ტამარა შენკოვა რამდენიმე რუსი შემსრულებლის (ალა პუგაჩოვა, ირინა ალეგროვა, მაშა რასპუტინა და ა.შ.) "მიქსი" გახლავთ. რუსული ესტრადა ჩემგან ძალიან შორს არის; "რბილად" რომ ვთქვა, არ მიყვარს.

- როგორ მუსიკას უსმენ? საყვარელი შემსრულებლები გყავს?

- გამორჩეულად არც ერთი მუსიკალური სტილის მიმდევარი არ ვარ. უბრალოდ, კარგი მუსიკა მომწონს.

- კარგ მუსიკად რა მიგაჩნია?

- მაგალითად, რეი ჩარლზის სიმღერები...

საქმე

- "კომედი შოუ" კარგი და რეიტინგული რომ იყოს, ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. "კომედი ჯგუფი" ჩემი ცხოვრების ნაწილია - დაახლოებით 8 წელია, აქ ვარ... თანამშრომლებს მეგობრებად მივიჩნევ და ისინი ხანმოკლე შვებულების დროსაც კი მენატრებიან ხოლმე...

გართობა

- ძალიან ცოტა თავისუფალი დრო მაქვს და შესაბამისად, იმ დოზით ვერ ვერთობი, რაც მჭირდება. მსურს, მეგობრებთან ერთად ყოველდღე სადმე წავიდე ან ისინი მესტუმრონ. როცა დრო მაქვს, ვიკრიბებით, ვსაუბრობთ...

ჰობი

- ჩემი ჰობი ქარგვა და ქსოვა გახლავთ. ადრე სამკაულებსაც ვამზადებდი. 5-6 საქსოვ ჩხირზე სხვადასხვა რაღაცის ქსოვა მაქვს დაწყებული და ბოლომდე ვერც ერთი ვერ მივიყვანე. წინათ ჩემ მიერ მოქსოვილი ჯემპრები, ქვედაბოლოები, კაბები მეცვა... ქსოვა ბავშვობაში, მეგობრის დედამ მასწავლა.

ოჯახი

- მე, ჩემი მეუღლე - გიგი, ჩემი შვილები - ნინი და ნიკოლოზი და ჩემი მამამთილი შეხმატკბილებულად ვცხოვრობთ. გიგი მუსიკოსი გახლავთ. ამას წინათ დუეტი ჩავწერეთ, რომელსაც "მითხარი" ჰქვია - ნიაზ დიასამიძის ძველი სიმღერა "გადმოვაკეთეთ" და რადიოში "ტრიალებდა". სხვათა შორის, ნიაზს ძალიან მოსწონს, ჩვენეული ვერსიის შესრულებას თავადაც აპირებს. მე და ჩემს მეუღლეს ბევრი ლამაზი სიმღერა გვაქვს "გაკეთებული" და მათ ჩაწერასაც ვაპირებთ, რათა ხალხმაც მოისმინოს.

გიგის ახალგაზრდული ბარი აქვს, სადაც კარგი მუსიკა ჟღერს. ჩემი მეუღლე ინსტრუმენტალისტია - ალტზე უკრავს. ბარში ორივე "ცოცხლად" ვუკრავთ ხოლმე... ბავშვებს ძიძა რომ არ ჰყავდეთ, არ ვიცი, რა მეშველებოდა. აიდა არაჩვეულებრივი ქალი გახლავთ. ძირითადად, დილიდან გვიან საღამომდე სამსახურში ვარ და ოჯახი მას აბარია.

შინ ყოფნისას, როცა დრო მაქვს, გემრიელ კერძებს ვამზადებ. მომწონს, გიგის კერძს რომ ვახვედრებ ხოლმე. დედა ძალიან კარგი კულინარი გახლავთ. ასე რომ, გემრიელ საჭმელს მიჩვეული ვარ და როცა კერძს თავად ვამზადებ, ვცდილობ, იმ გემოზე "დავაყენო", როგორსაც დედა ამზადებდა.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება