"ახალი ტალღა 2013"-ისთვის მზადება დაიწყო

"ახალი ტალღა 2013"-ისთვის მზადება დაიწყო

რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველო იურმალას დიდ სცენას კვლავ უბრუნდება. "ახალი ტალღა 2013"-ს ტელეკოპანია "იმედი" და კომპანია "არსი" წარმოგვიდგენენ. მოგეხსენებათ, კონკურსი ლატვიაში, ქალაქ იურმალაში 23-დან 28 ივლისამდე გაიმართება. მანამდე კი, 2 აპრილს, შიდა შესარჩევ კონკურსში ქართველი და უცხოელი ჟიური საუკეთესო ქართველ მომღერალს გამოავლენს. 31 მარტამდე, კასტინგში მონაწილეობა შეუძლია 16-დან 30 წლამდე ნებისმიერი მუსიკალური ჟანრის სოლო შემსრულებელს, დუეტს, ანსამბლს, ჯგუფს, რომლის შემადგენლობა ექვს წევრს არ აღემატება. მსურველებმა კონკურსის ოფიციალურ საიტზე უნდა გააგზავნონ ორი კომპოზიციის - მსოფლიო ჰიტისა და ქართული ჰიტის "+ ფონოგრამების" სტუდიური ჩანაწერი, რომელთა ქრონომეტრაჟი 3 წუთს არ აღემატება.

დათო ოქიტაშვილი, ორგანიზატორი:

- პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ტელეკომპანია "იმედს", რომელმაც ქართველ მაყურებელს საშუალება მისცა, "ახალ ტალღას" წელს პირდაპირი ეთერით ადევნოს თვალყური. ამ პრესტიჟულ კონკურსზე ახალგაზრდა, ნიჭიერი მომღერლები თავიანთ შესაძლებლობებსა და შემოქმედებას წარმოაჩენენ. იურმალაში თითქმის ყველა ქვეყნიდან ჩადიან და გულდასაწყვეტი იყო, რომ 2008 წლის შემდეგ, საქართველოდან მასში აღარავის მიუღია მონაწილეობა. დიდი მადლობა ვალერი და კონსტანტინე მელაძეებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს ამ ურთიერთობის აღსადგენად; მადლობა ლატვიაში მცხოვრებ ქართველ ბიზნესმენს - ბონდო შაოშვილსაც, რომელიც ძალიან გვეხმარება, რომ საქართველო ღირსეულად წარმოჩინდეს. ჩვენმა საყვარელმა დუეტმა "ჯორჯიამ", რომელიც ბოლოს მონაწილეობდა "ახალ ტალღაში", კიდევ ერთხელ დაანახვა მთელ მსოფლიოს, რომ საქართველოს ასეთი ნიჭიერი ახალგაზრდები ჰყავს.

- როგორ მოხდება კონკურსანტების შერჩევა?

- მათ ჟიური შეარჩევს. პირველი, რასაც მივაღწიეთ, ის არის, რომ არავითარი ეს-ემ-ესი არ იქნება. საქმის ჩაწყობა - იმის შვილია, ამის შვილია, ბიძაშვილია - გამორიცხულია. საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს მსგავსი რამ და დამკვიდრდეს ის, რომ ნიჭმა გაიმარჯვოს! მეტი გამჭვირვალობისთვის, იქაურ ორგანიზატორებს ვთხოვეთ, რომ ჩამოვიდნენ და საუკეთესო თავად აარჩიონ. სხვათა შორის, მათაც ძალიან უხარიათ, რომ საქართველო იურმალას დაუბრუნდა. ჩემი აზრით, კულტურა პოლიტიკისგან აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს!

რუსა მორჩილაძე, "ტელეიმედის" და კონკურსის მუსიკალური პროდიუსერი:

- მოგეხსენებათ, იურმალის კონკურსი დიდი ხანია - 1986 წლიდან არსებობს. იგი რაიმონდ პაულსმა და იგორ კრუტოიმ დააარსეს და 2002 წლიდან უკვე "ახალი ტალღა" ჰქვია, მეორენაირად კი "წარმატებულ კონკურსსაც" ეძახიან. რაღაც პერიოდის განმავლობაში სახეცვლილება განიცადა და სხვა ქალაქშიც გადავიდა. "ახალი ტალღა" პოპულარული მუსიკის ახალგაზრდა შემსრულებლებს იკრებს და არა მხოლოდ ტალანტების აღმოჩენას ემსახურება, არამედ საერთაშორისო მეგობრობას უწყობს ხელს. შეგახსენებთ, რომ ქართველი მომღერლებიდან მასში სხვადასხვა დროს მონაწილეობდნენ: სოსო პავლიაშვილი, ლეილა თოდაძე, ნუცა შანშიაშვილი, მაია ყარყარაშვილი, ვახო მაკალათია, ლელა წურწუმია, ნინო ქემაშვილი, ნინი შერმადინი, სოფო ხალვაში, სოფო ნიჟარაძე და სხვები, ბოლოს კი - დუეტი "ჯორჯია".

- ვინ იქნებიან მონაწილეთა შემფასებლები?

- ჟიურიში ცნობილი კომპოზიტორები, პროდიუსერები და მომღერლები არიან. მათი გადაწყვეტილება პროტოკოლით გაფორმდება და გადახვევებს არ დაექვემდებარება. მინდა, ახალგაზრდა შემსრულებლებს მოვუწოდო, რომ არ დაიზარონ, მონაწილეობა მიიღონ და შანსი ხელიდან არ გაუშვან! მათგან საუკეთესოებს გადავარჩევთ, 2 აპრილს კი, როცა ორგანიზატორთა კომიტეტის წევრები ჩამოვლენ, ჩვენთან ერთად მხოლოდ ერთ საუკეთესოს აარჩევენ. გვინდა, რომ ამ ყველაფერს გალა-კონცერტის სახე მივცეთ. კრიტერიუმები იქნება - მაღალპროფესიონალური, გემოვნებიანი, კარგი რეპერტუარი, ხმა, მონაცემები და ა.შ. სხვათა შორის, იურმალაში სტუმრად ისეთი ვარსკვლავები ჩადიან, როგორებიც არიან - ჯო კოკერი, სტივ ვანდერი, სარა კონორი, მონსერატ კაბალიე, კრის დებურგი, მაიკლ ბოლტონი, ელ ჯერო და ა.შ. ისინი მთელი მსოფლიოს ახალგაზრდა მომღერლებს მხარში უდგანან და ვფიქრობ, ქართველი მომღერლები ღირსები არიან, სხვა ქვეყანაშიც დაამტკიცონ, თუ როგორი მაგრები გახლავან. საქართველოს ყოველთვის ჰქონდა და აქვს შანსი, რომ წარმატებით წარდგეს!

რატი დურგლიშვილი, მომღერალი:

- უღრმესი მადლობა დათო ოქიტაშვილს, რომ ყოველთვის ცდილობს, ამა თუ იმ პროექტში ჩაგვრთოს, მის გვერდით ვიყოთ და რაშიც დავჭირდებით, მხარში ამოვუდგებით. დუეტი "ჯორჯია" მონაწილეების მეგობრები ვიქნებით და რა ცოდნაც იურმალაში მივიღეთ, ყველაფერს გავუზიარებთ. მიხარია, რომ ამ პროცესში აქტიურად ვართ ჩართულები.

ეს კონკურსი ჩემი აზრით, მსოფლიოში პირველი თუ არა, მეორე მაინცაა და დიდი დატვირთვა აქვს, როგორც ქვეყნისთვის, ასევე პირადი წარმატებისთვის.

მოვუწოდებ ყველა ნიჭიერ მომღერალს, გამოგზავნოს თავისი მონაცემები, რათა საქართველო კიდევ ერთხელ ვასახელოთ. იურმალაში ყოველთვის ახალს და გამორჩეულს, ნიჭიერ ადამიანებს ეძებენ, ხელშეკრულებებსაც უფორმებენ, მათით პროდიუსერები ინტერესდებიან და ა.შ.

მაკა ზამბახიძე, მომღერალი:

- რაც უფრო მეტი ქართველი მიიღებს მონაწილეობას, მით მეტი პროფესიონალი გვეყოლება, რადგან იქ მომღერალი სერიოზულ სკოლას, მასტერკლასებს გადის და ის გამოცდილება მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვება. წინასწარ ვულოცავ მას, ვინც შიდა კასტინგზე გაიმარჯვებს და კონკურსზე გაემგზავრება.

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება