როგორ დაითანხმა გაშიშვლებაზე ქართველი მსახიობი ქალები უცნობმა რეჟისორმა

როგორ დაითანხმა გაშიშვლებაზე ქართველი მსახიობი ქალები უცნობმა რეჟისორმა

"ქიფ სმაილინგი, ანუ გაიღიმეთ" ქართულ კინოეკრანებზე ახლახან გამოჩნდა. ეს არის ამბავი რამდენიმე ქალბატონზე, რომლებიც სილამაზის საკმაოდ უცნაურ კონკურსში მონაწილეობენ. მრავალშვილიანი დედების სილამაზის კონკურსის მონაწილეებს ია სუხიტაშვილი, თამუნა ბუხნიკაშვილი, ოლგა ბაბლუანი, ნანა შონია, შორენა ბეგაშვილი და სხვა მსახიობები განასახიერებენ. კონკურსის პარალელურად, სადაც კონკურენცია ველურ პირობებში მიმდინარეობს, თითოეული პერსონაჟის ცხოვრების ფრაგმენტებს ვხედავთ. გია როინიშვილი თამაშობს კონკურსის ორგანიზატორს, რომლისთვისაც მთავარია, ნებისმიერ ფასად შედგეს ეს კონკურსი, ფასი კი ძალიან მაღალია...

34 წლის რუსუდან ჭყონიას პირველმა მხატვრულმა ფილმმა საზღვრებს გარეთ ბევრად დიდი დაინტერესება გამოიწვია, ვიდრე ქვეყნის შიგნით. რეჟისორს გული სწყდება, რომ ქართველი მაყურებლის ნაწილმა მის ფილმს განაჩენი უნახავად გამოუტანა... არადა, მხოლოდ მარტში ფილმი 6 ფესტივალზეა მიწვეული.

-  ასეთი კონკურსი საქართველოში ნამდვილად ჩატარდა... ვიცნობდი მის მონაწილეს, რომელსაც ძალიან საინტერესო ვითარებაში შევხვდი. ბედიანის ბავშვთა თავშესაფარზე ვიღებდი დოკუმენტურ ფილმს და იქ გავიცანი ქალი, რომელსაც 7 შვილი ჰყავდა. ძალიან ლამაზი, განათლებული და ჭკვიანი ქალბატონი გახლდათ. მომიყვა, რისი კეთება უხდებოდა თბილისში შვილების შესანახად და მითხრა, რომ მონაწილეობა მიიღო მრავალშვილიანი დედების სილამაზის კონკურსში. წააგო, ბოლომდე ვერ გავიდა, მაგრამ ძალიან მძიმე და უხერხული მოსაგონარი იყო მისთვის და ამის გამო საკმაოდ დამცირებულად გრძნობდა თავს. ეს კონკურსი 90-იან წლებში ჩატარდა, მე კი ამ ქალბატონს 7 წლის წინ შევხვდი. მაშინ ვიფიქრე, რომ ასეთი სახის კონკურსზე ფილმის გადაღება საინტერესო იქნებოდა, თუმცა ფილმის არც ერთი გმირი არ ჰგავს ნამდვილს. ეს ქალები კრებითი სახეები არიან იმ ქალბატონებისა, რომელთაც ყველანი კარგად ვიცნობთ. ამ კონკურსის იდეა, ანუ დედობის პრომოუტირება, ჩემთვის მარაზმს უკავშირდება. ქართულ კულტურაში დედის სახე ადამიანურ ფორმას მოკლებულია, დედა თითქოს კვარცხლბეკზეა შესმული, არადა, პირველ რიგში, ადამიანია, ქალია და ეს ადამიანური თვისებები მას ქართულ მენტალიტეტში მოცილებული აქვს. ეს მენტალობა და სილამაზის კონკურსი ერთად სიურრეალისტურ სურათს ქმნიდა, ამიტომაც მომაფიქრდა ამ უცნაურ, დამაბნეველ გარემოში რამდენიმე ქალი პერსონაჟის ჩასმა. მგონია, რომ ჩემი ფილმი ქართული საზოგადოების სატირული პორტრეტია.

-  საინტერესოა, როგორ შეარჩიეთ მსახიობები.

-  შერჩევამ 8 თვე წაიღო, კასტინგმენეჯერმა, ნელი მიმინოშვილმა, ყველა მომიყვანა, მსახიობიც და არამსახიობიც. ვფიქრობ, შერჩეულმა მსახიობებმა ძალიან კარგად გაართვეს თავი როლებს. გადასაღებ მოედანზე იყო სირთულეები, ვინაიდან მწირი დაფინანსების გამო ჯოჯოხეთურ პირობებში ვიღებდით... დაგვეხმარნენ კულტურის სამინისტრო, ეროვნული კინოცენტრი და ფრანგული კომპანია - "აგათ ფილმსი", რომლის წარმომადგენელი გახლავთ "ქიფ სმაილინგის" კო-პროდიუსერი ნიკოლა ბლანკი. ფილმის 90-% თეატრშია გადაღებული, სადაც მუშაობა მხოლოდ სპექტაკლების დასრულების შემდეგ შეგვეძლო, 54 დღის განმავლობაში მხოლოდ ღამით ვმუშაობდით. დილის 7 საათისთვის ვასრულებდით გადაღებას. რამდენიმე მსახიობს რეპეტიციები ჰქონდა, მთელი ღამის მუშაობის შემდეგ ისევ თეატრებში მიდიოდნენ, ამას მათი ნერვული სისტემა ვერ უძლებდა. იყო სიძნელეები, ძალიან უჭირდათ... ნანა შონიას ისე გაუჭირდა ღამეების თენება, რომ მეგონა, სასწრაფოს გამოძახება გახდებოდა საჭირო. დუბლებს შორის იწვა და დამამშვიდებელ წვეთებს ვაძლევდით. მე გადაღებები მახსენდება, როგორც ტანჯვა. საინტერესო კი ისაა, რომ მსახიობებს ახსენდებათ, როგორც საუკეთესო პერიოდი თავიანთ ცხოვრებაში. მათ შორის, ნანა შონიასაც. ადამიანის ფსიქიკა როგორ ივიწყებს ყველაფერს (იღიმება)...

-  ვიცი, რომ დაფინანსების მოპოვება საკმაოდ გაგიჭირდათ, თუმცა ფილმში არ არის არც ერთი კომპანიის რეკლამა.

-  საერთოდ, ამის სასტიკი წინააღმდეგი ვარ, რადგან ეს დაბლა სწევს ფილმის ხარისხს. დაფინანსების მოსაძიებლად 7 წელი დამჭირდა. სცენარი სწორედ ამდენი წლის წინ დავწერე, რომელიც, სხვათა შორის, რამდენიმე ჯილდოს მფლობელი გახდა. კანის კინოფესტივალს აქვს ექვსთვიანი პროგრამა სცენარისტებისთვის, სადაც მოხვედრა ძალიან რთულია, მაგრამ მე ვიყავი ერთადერთი ქართველი, რომელიც იქ მოხვდა. აბუ-დაბიში ვსწავლობდი ნიუ-იორკის კინემატოგრაფიის სკოლის ფილიალში. იქაც საინტერესოდ აღმოვჩნდი. აბუ-დაბის ფესტივალზე აიღო ჩემმა სცენარმა მთავარი პრიზი. მაშინ ხსნიდნენ ახალ კინოსკოლას, ნიუ-იორკის კინოსკოლის ფილიალს, სადაც რამდენიმე თვით სასწავლებლად მიმიწვიეს. იქ გატარებულმა რამდენიმე თვემ დაუვიწყარი კულტურული გამოცდილება მიმაღებინა. სხვათა შორის, საინტერესო რამ შემემთხვა, აქლემების სილამაზის კონკურსს დავესწარი (იცინის). იქიდან დაბრუნებულს მეგონა, რომ ჩემი ფილმის გადაღება მალე დაიწყებოდა, მაგრამ კიდევ 2 წელი გავიდა, სანამ დაფინანსება მოვიპოვე. კინოცენტრში სასიკეთო ცვლილებები მოხდა, ჟიურიმ 2010 წელს მომცა ძალიან მცირე თანხა. ამ დროს ჩამოვიდა ჩემი ფრანგი კოპროდიუსერი. მისი გაცნობის ამბავიც ძალიან უცნაურია. მას ჩემი სცენარი გაუგზავნეს და ზუსტად 3 დღეში გადაწყვიტა, რომ ამ ფილმის გადაღებაში მონაწილეობა უნდოდა. შემდეგ ჩემი გაცნობის სურვილი გამოთქვა და თბილისში ჩამოვიდა. რამდენიმე დღე ვილაპარაკეთ სცენარზე, ვაჩვენე ის ადგილები, სადაც გადაღებას ვაპირებდი, საკუთარი შენიშვნები გამაცნო. მისმა კომპანიამ, ყველას გასაკვირად, საკუთარი ფულის ჩადება გადაწყვიტა, რადგან დრო აღარ რჩებოდა, რომ ფონდებისთვის მიემართა. მაინც მცირე თანხა შეგვიგროვდა, "პირველი არხი" დაგვთანხმდა 100 000 ევროს მოცემაზე, მაგრამ გადაღებების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გვაცნობეს, რომ დაფინანსება აღარ იქნებოდა. როდესაც უკვე იმედი გადამეწურა, ფრანგ პროდიუსერს დავურეკე და ამის შესახებ ვუთხარი, მან მეორე დღესვე დამირეკა და მითხრა, რომ მისი კომპანია კიდევ დაამატებდა თანხას, შემდეგ კი კულტურის სამინისტროც დაგვეხმარა და გადაღებები დაიწყო. დიდი გაჭირვებით, ნახევარ ხელფასზე ვიმუშავეთ, მსახიობების გარდა, რა თქმა უნდა.

-  თქვენს პერსონაჟებს სიშიშვლის საკმაოდ ბევრი სცენა აქვთ, არის სექსის სცენაც. ადვილად დაგთანხმდნენ ამაზე?

-  არა. უბრალოდ, მენდნენ, მიხვდნენ, რომ ეს ვულგარული არ იქნებოდა. საბოლოოდ, ასეც გამოვიდა, ეს არ იყო გაშიშვლება სიშიშვლისთვის და ამას მხატვრული დანიშნულება ჰქონდა. მაკა ჩიჩუა, რომელიც თამუნას ასახიერებს და სექსის სცენა აქვს, მსახიობი არ არის და მისთვის მით უმეტეს რთული იყო, ამიტომაც თავიდან უხერხულობა შეიქმნა. რომ ნახა კადრები, მიხვდა, რომ არანაირად უხამსი სცენა არ ყოფილა და სირცხვილის გრძნობა არ ჰქონია. იყო პრობლემა საცურაო კოსტიუმებში გადაღებაზე. ჩემი მკაცრი მოთხოვნა ის იყო, რომ არ გამხდარიყვნენ. მინდოდა, ყოფილიყვნენ ნამდვილი ქალები, ცელულიტი თუ არ გექნებათ, დაგახატავთ-მეთქი, ვეუბნებოდი. როგორია ამის მოსმენა ქალისთვის? მინდოდა, რომ ყოფილიყვნენ არა გლამურული, არამედ ჩვეულებრივი ქალები. სიშიშვლეზე მეტად ამის გადახარშვა უჭირდათ. უნდოდათ, იდეალურ ფორმაში გამოჩენილიყვნენ. როგორც ფილმში არიან და უხერხულობას განიცდიან საკუთარი სიშიშვლის გამო, რამდენიმე მსახიობს ეს უხერხულობა რეალურადაც ჰქონდა. შორენა ბეგაშვილი უფრო მიჩვეულია და კომფორტულად გრძნობდა თავს, სხვები მეტ-ნაკლებად კარგად.

-  ვიცი, რომ ფილმს დიდი წარმატება აქვს საფესტივალო კუთხით.

-  აქამდე სადაც წარვადგინეთ, ყველგან ანშლაგით მიდიოდა ფილმი, გარდა საქართველოსი. მაყურებელმა მას უნახავად გამოუტანა განაჩენი. მაყურებელს იმდენად აღარ უნდა ქართული ფილმის ნახვა, რომ წინასწარ აკრიტიკებს. "ფეისბუქზე" წერდნენ, მორიგი ქართული იდიოტობა იქნებაო. ვინც ნახა, ბევრი პოზიტიური გამოხმაურება მივიღეთ. ძალიან მინდა, რომ ქართველმა მაყურებელმა ამ ფილმზე იაროს. როცა ასეთ გულგრილობას გრძნობ, ეს არის სრული იმედგაცრუება...

-  ვის შეფასებას ელოდით ყველაზე მეტად?

-  ძალიან გამიხარდა, როდესაც ქართველმა კინოკრიტიკოსებმა კარგი შეფასებები დაწერეს ჩემი ფილმის შესახებ. ფილმს საფრანგეთში ვამონტაჟებდი. იქ ოთარ იოსელიანის კულტია, მის სახელსა და გვარს ჩურჩულით წარმოთქვამდნენ. ჩემი მემონტაჟე ოთარ იოსელიანის დიდი თაყვანისმცემელი გახლდათ. გადავწყვიტე, სანამ ხმაზე მუშაობას დავიწყებდით, ფილმი ბატონი ოთარისთვის მეჩვენებინა. მემონტაჟეს ეს იდეა არ მოეწონა, ოთარი დაუნდობელი ადამიანია და შეიძლება გითხრას, წადი, გათხოვდი, ბავშვი გააჩინე და სხვა საქმეს მიხედეო. მზად ხარ ფსიქოლოგიურად იმისთვის, რომ ფილმი არ მოეწონოსო? მე კი ჩემს თავში დარწმუნებული ვიყავი და ჩემი ფილმის დასაცავად მზად გახლდით. ბატონი ოთარი ცოტა მკაცრი ადამიანია. ფილმის ნახვას დათანხმდა, წარბშეკრული მოვიდა, მოგვესალმა. ჩემს მემონტაჟეს სახეზე ფერი არ ედო, ბატონ ოთარს ფოტოებს უღებდა. როცა ამ ყველაფერს ვუყურებდი, მივხვდი, რომ ყველაზე საინტერესო კინო ჩემი მემონტაჟის რეაქციები იყო (იცინის). ოთარის წარბის აწევას ან მიმიკას ჟან-პიერის ცოცხალი რეაქცია მოჰყვებოდა ხოლმე... ფილმი ტრაგიკომედიაა, ალაგ-ალაგ სასაცილოა, ბატონ ოთარს არსად გაუცინია. ბოლოს, როცა დამთავრდა, მოდი აქო, მითხრა, მე და შენ ერთად უნდა დავლიოთო, ხელი გადამხვია. ერთად დავლიეთ. შემდეგ მან თბილისში დარეკა, იმდროინდელ კულტურის მინისტრთან და უთხრა, რომ ფილმით ძალიან კმაყოფილი დარჩა. მოეწონა ფილმი, კეთილგანწყობილი იყო...

-  შენიშვნა არ მოუცია?

-  სათაურთან დაკავშირებით ჰქონდა შენიშვნა. ინგლისურენოვანი მოეწონა, მაგრამ ქართული ვერსია, გაიღიმეთ, მაინცდამაინც არ მოეწონა. იქნებ, ქართულად რაიმე სხვა სათაური მოიფიქროო, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ამ ისტორიაში ხელოვნური ღიმილი, რომელიც შოუს ნაწილია, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, მაინც დავტოვეთ - გაიღიმეთ!..

-  ამ ფილმში თქვენი დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება ჩანს, არადა, ახალგაზრდა ხართ.

-  როდესაც კინოში დოკუმენტური ფილმებიდან მოდიხარ, გამოცდილება თავისთავად გაქვს. ერთ-ერთი დოკუმენტური ფილმი თურქეთში ტრეფიკინგზე გადავიღე, ფარული კამერით, არალეგალურ ბორდელებში... მეორე ქუჩის ბავშვების შესახებ.

-  თქვენი ოჯახი არ გაქვთ. მშობლები არიან თქვენი კრიტიკოსები?

-  გათხოვილი მართლაც არ ვარ. ჩემი ყველაზე დიდი კრიტიკოსი კი ჩემი დაა, ის ექიმია, მაგრამ ცოტა ხნის წინ ერთად დავწერეთ სცენარი. ახლა უკვე ვმუშაობ ახალ იდეებზე, ორი ფილმის იდეა უკვე მაქვს და ვფიქრობ, რომელს მოვკიდო ხელი. ჩემს დას კი ჩემი საქმისკენ ვერ ვექაჩები, რადგან ეს ეგოიზმი იქნებოდა (იღიმის).

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება