კოსმოსურმა ნაგავმა ადამიანები შეაწუხა

კოსმოსურმა ნაგავმა ადამიანები შეაწუხა

1957 წელს სსრკ-მ კოსმოსში პირველი ხელოვნური თანამგზავრი გაუშვა. კაცობრიობის ისტორიაში ახალი - კოსმოსის ათვისების ხანა დაიწყო. მას შემდეგ გასული 56 წლის განმავლობაში ადამიანმა კოსმოსში უამრავი თანამგზავრი, რაკეტა, კვლევითი სადგური გაუშვა. ყველაფერმა ამან დედამიწის გარშემო არსებული კოსმოსური სივრცის დაბინძურება გამოიწვია. NASA-ს ინფორმაციით, 2011 წლის ზაფხულში დედამიწის გარშემო ხელოვნური წარმოშობის 16 094 ობიექტი დაფრინავს. ამათგან 3 396 მოქმედი ან მწობრიდან გამოსული თანამგზავრია. დარჩენილი 12 698 ერთეული - რაკეტების ნაწილები და ფრაგმენტებია. დედამიწის ორბიტაზე არსებული ყველაზე მრავალრიცხოვანი ხელოვნური წარმოშობის ობიექტთა პატრონი რუსეთია - 6075 ცალი. აქედან 4667 - კოსმოსური ნაგავია.

ორბიტაზე არსებული კოსმოსური ნაგვის ზომები ისევე როგორც მათი წონა, ფართო ფარგლებში მერყეობს. გრამებიანი და რამდენიმე მილიმეტრიანი ნაწილაკებიდან დაწყებული და 5-6 ტ-იანი საშუალო ზომის ავტობუსისხელა ფრაგმენტებით დასრულებული. მათი ფრენის საშუალო სიჩქარე 10-დან 25 000 კმ/სთ-მდე მერყეობს.

მეცნიერთა მტკიცებით, ბოლო დროს მწობრიდან თანამგზავრების გამოსვლის ფაქტების გახშირება სწორედ კოსმოსურ ნაგავთანაა დაკავშირებული. ყოველ წელს მისი მოცულობა საშუალოდ 4 %-ით იზრდება. პარადოქსალურია, მაგრამ ადამიანმა იმ გარემოს დაბინძურებაც შესძლო, სადაც აბსოლუტური ვაკუუმისა და ციური სხეულების გარდა არაფერია.

დედამიწასთან შედარებით ახლოს (400 კმ-მდე) მფრენი კოსმოსური ნაგავი თანდათანობით მუხრუჭდება და ჩვენი პლანეტის ატმოსფეროს ზედა ფენებში იწვის. თუმცა უფრო ზემოთ, მაგალითად გეოსტაციონარულ ორბიტებზე მყოფ ნაგავს იქ უსასრულოდ დიდხანს შეუძლია გაჩერდეს.

1996 წლის ივლისში დაახლოებით 660 კმ-ის სიმაღლეზე ფრანგული თანამგზავრი ერთი წლით ადრე გაშვებულ რაკეტა Arian-ის ერთ-ერთ საფეხურს დაეჯახა. დაჯახების მომენტში ორივე ობიექტის ფარდობითმა სიჩქარემ 50 000 კმ/სთ შეადგინა. საერთაშორისო სკანდალამდე საქმე არ მისულა - ორივე ობიექტი ერთი სახელმწიფოს კუთვნილება იყო. თუმცა კოსმოსის მონიტორინგის სქემაზე ფიქრი სპეციალისტებმა უკვე მაშინ დაიწყეს.

დღეს კოსმოსური ნაგვის და მისგან ორბიტის გაწმენდის საკითხი საკმაოდ აქტუალურია. სპეციალისტები მეცნიერებს სხვადასხვა პროექტებს სთავაზობენ. ერთ-ერთი მათგანი სახელად TAMU Space Sweeper ორბიტზე ერთგვარი თანამგზავრ-მეეზოვის გაყვანას ითვალისწინებს. კოსმოსური "მეეზოვე" Sling-Sat სპეციალური მანიპულატორებით კოსმოსში არსებულ ნაგავს დაიჭერს და ფრენის მიმართულებას ისე შეუცვლის, რომ დედამიწასთან ახლოს მოხვედრილი ნაგავი ატმოსფეროში დაიწვას.

იდეა საკმაოდ ორიგინალურია და სპეციალისტთა აზრით პრაქტიკული რეალიზაციის შემთხვევაში საკმაოდ ეფექტურიც იქნება.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ topwar.ru-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა