"ჩვენ ვიღუპებით იმისთვის, რისთვისაც ღირს ცხოვრება"

"ჩვენ ვიღუპებით იმისთვის, რისთვისაც ღირს ცხოვრება"

აფორიზმად ქცეული ეს გამონათქვამი ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ეკუთვნის. ამ გვარის გაგონებაზე ბევრს მოთხრობა "პატარა უფლისწული" ახსენდება, რომელზეც არაერთი თაობა აღიზრდა. თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ამ ფრანგმა მწერალმა თავისი სიცოცხლე ფრენის ოცნებას შესწირა. მიუხედავად ამისა, ის დღემდე მსოფლიოში ყველაზე კითხვად მწერლად რჩება.

ანტუან მარი ჟან-ბატისტ როჟე დე სენტ ეგზიუპერი 1900 წელს, ქალაქ ლიონში დაიბადა. მისი მთელი შემდგომი ცხოვრება 1912 წელს მომხდარმა მოვლენამ განსაზღვრა, როდესაც 12 წლის ასაკში მან პირველად თვითმფრინავით იფრინა.

სკოლისა და კოლეჯის დასრულების შემდეგ, ეგზიუპერიმ სწავლა სამხედრო-საზღვაო ლიცეუმში გააგრძელა. თუმცა მეზღვაურის პროფესიას გული ვერ დაუდო და 1919 წელს ხელი არქიტექტურას მოჰკიდა.

1921 წელს მომავალი მწერალი და მფრინავი ჯარში გაიწვიეს. ეგზიუპერიმ შანსი არ გაუშვა და საგამანადგურებლო ავიაპოლკში ჩაეწერა. მოსამზადებელი კურსების შემდეგ უმცროსი ლეიტენანტის წოდებით რეგულარულ საავიაციო ნაწილში გაამწესეს. 1923 წელს ავიაშემთხვევისას მიღებული მძიმე ტრავმის გამო მის სამხედრო კარიერას წერტილი დაესვა. თუმცა მხოლოდ დროებით. თავისი სიცოცხლის განმავლობაში ეგზიუპერი თვითმფრინავით 15-ჯერ ჩამოვარდა. მაგრამ სასწაულებრივი ძალით სიცოცხლისთვის საშიში ტრავმები არასდროს მიუღია.

სამხედრო სამსახურს ჩამოშორებულმა და ავიაციაზე შეყვარებულმა ეგზიუპერიმ კარიერა კერძო ავიაკომპანიების მფრინავად გააგრძელა. დაფრინავდა ტურინში, კასაბლანკაში, მაროკოში, საჰარაში. 1926 წელს ეგზიუპერიმ თავის პირველი ნაშრომი "სამხრეთის წერილები" დაწერა.

ახალგაზრდა მფრინავს საფრანგეთის რესპუბლიკამ გაწეული შრომა სათანადოდ დაუფასა და სამოქალაქო ავიაციის განვითარებისთვის 1929 წელს საპატიო ლეგიონის კავალერის წოდებით დააჯილდოვა. ეგზიუპერის თქმით, ავიაცია და მწერლობა მას ერთნაირად იტაცებდა და მათ შორის არჩევანის გაკეთება შეუძლებლად მიაჩნდა. თავისი კარიერის განმავლობაში მან მფრინავ-გამომცდელადაც და "ეირ ფრანსეს" მრჩევლადაც იმუშავა.

1939 წლის 4 სექტემბერს, როდესაც გერმანიამ საფრანგეთს ომი გამოუცდა, ეგზიუპერი  მეორე დღესვე თავის სამხედრო ნაწილში მივიდა. მეგობრების ძალისხმევის მიუხედავად, მან თავისი მაინც გაიტანა და საბრძოლო მფრინავების რიგებში მოხვდა. საფრანგეთის დაცემამდე მან რამდენიმე სადაზვერო ფრენაც შეასრულა და ჯილდოც - საფრანგეთის სამხედრო ჯვარი მიიღო. რესპუბლიკის დაცემის შემდეგ ის ჯერ ქვეყნის არაოკუპირებულ ნაწილში, შემდგომ კი ნიუ-იორკში გაემგზავრა. სწორედ აქ დაწერა "პატარა უფლისწული", რომელმაც მას მსოფლიო აღიარება მოუტანა. დღეს ეს წიგნი მსოფლიოს 180 ენაზეა თარგმნილი.

1943 წელს ეგზიუპერი ემიგრაციაში მყოფ გენერალ დე გოლის დაარსებული მოძრაობა "მებრძოლი საფრანგეთის" წევრი გახდა. დიდი ძალისხმევით კვლავ სამხედრო ავიაციაში დაბრუნდა და P-38-ის ტიპის გამანადგურებლის მართვა აითვისა.

"ჩემი სამსახური უზარმაზარ ენერგიას მოითხოვს, მაგრამ უკან არასდროს ვიხევ. კარგი იქნებოდა, რომ ეს საშინელი ომი ჩემი ჟანგბადის ჭავლში მოხვედრილი სანთელივით დაწვამდე დასრულდებოდეს. ისე კი ომის შემდეგაც ვიცი რა ვაკეთო", - წერდა ის 1944 წლის 10 ივლისს თავის მეგობარს. 31 ივლისს ანტუან ეგზიუპერი დავალებაზე გაფრინდა და უკან არ დაბრუნებულა.

მისი დაღუპვის ამბავი დიდი ხნის განმავლობაში ბურუსით იყო მოცული. 1998 წელს მარსელთან ახლოს მეთევზემ ზღვაში წარწერებიანი სამაჯური იპოვა. მასზე Consuelo (ასე ერქვა ეგზიუპერის მეუღლეს) და c/o Reynal & Hitchcock, 386, 4th Ave. NYC USA ეწერა. ეს იმ გამომცემლობის მისამართია, სადაც მწერლის წიგნები იბეჭდებოდა. 2000 წლის მაისში ფრანგმა მყვინთავმა 70 მ-ის სიღრმეზე თვითმფრინავის ფრაგმენტებს მიაგნო, რომლებიც ვარაუდით ეგზიუპერის თვითმფრინავისა უნდა ყოფილიყო. სამი წლის შემდეგ სპეციალისტებმა ნიჟარებითა და ზღვის წყალმცენარეებით დაფარული თვითმფრინავის ნაწილები ზედაპირზე ამოიტანეს. ამერიკულ საარქივო დოკუმენტაციაში გადამოწმებულმა საქარხნო ნომერმა 2734-L საბოლოო სიტყვა თქვა - თვითმფრინავი ეგზიუპერის ეკუთვნოდა.

2008 წლის მარტში პრესაში გაჩენილმა პუბლიკაციამ, ავიაციის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მფრინავის დაღუპვის 64 წლიან საიდუმლოს ნათელი მოჰფინა. 86 წლის გერმანელმა პილოტმა ჰორსტ რიპერმა აღიარა, რომ 1944 წლის 31 ივლისს, ხმელთაშუა ზღვის თავზე ეგზიუპერი მან ჩამოაგდო. თუმცა იმ მომენტში გერმანელ პილოტს აზრადაც არ მოსვლია, რომ მან სწორედ ის ადამიანი ჩამოაგდო, რომლის წიგნებსაც ყმაწვილობაში დიდი ინტერესით კითხულობდა.

"მფრინავი არ დამინახავს. კიდევაც რომ დამენახა, მასში ეგზიუპერის ვერ ამოვიცნობდი. თუმცა, რომ მცოდნოდა რომ ეს ეგზიუპერი იყო, მერწმუნეთ არ ვესროდი", - ამბობს რიპერი თავის ინტერვიუში.

გერმანული სამხედრო ავიაციის ჟურნალების ჩანაწერის თანახმად, ეგზიუპერის ჩამოგდების რაიონში რიპერის გარდა არავის უფრენია. საინტრესოა ის ფაქტი, რომ მოწმეების არარსებობის გამო, გერმანელ პილოტს ჩამოგდებული თვითმფრინავი არ ჩაუთვალეს.

"უცებ მის ფეხებთან ყვითლად გაიელვა რაღაცამ. პატარა უფლისწული ერთ წამს უძრავად იდგა, არ დაუკვნესია. მერე კი ნელა წაიქცა, როგორც ხე". ასე მთავრდება პატარა უფლისწულის ისტორია, ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ერთ-ერთი წიგნისა იმ 28-დან, რომლებიც მან თავის მოკლე ცხოვრების განმავლობაში დაწერა. სწორედ ამ წიგნებზე შეყვარებული ჰორსტ რიპერი სამხედრო ავიაციაში წავიდა და 1944 წლის ივლისში ეგზიუპერის თვითმფრინავის ჩამოგდებით თავისი ბოლო - 28-ე საჰაერო გამარჯვება მოიპოვა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე