რუსეთში მცხოვრები ამ ქართველი დიზაინერის შესახებ "რეიტინგი" ადრეც წერდა. მისი ორიგინალური სამოსით ქეთა თოფურიასაც არაერთხელ გაუოცებია რუსული ბომონდი - ის "ა-სტუდიოს" იმიჯმეიკერი იყო.
ბესარიონი, რომელიც გარკვეული პერიოდი საერთოდაც წმინდა ბესარიონის სახელით მოღვაწეობდა, ამჯერად უბრალოდ BESSARION-ად იქცა. ადრე ამბობდა, წმინდა ბესარიონობა სიზმარში მიკარნახესო. მისი ნამდვილი გვარი რაზმაძეა, სახელად ბესარიონი კი ქართველი პოეტის, ბესარიონ გაბაშვილის პატივსაცემად დაირქვა თავის დროზე.
ბესარიონს სულ რამდენიმე დღის წინ ჰქონდა ახალი ჩვენება. ჟურნალისტებსაც შეხვდა და თავისი მთავარი ოცნებაც გაუმხილა: "არ მეშინია იმის აღიარების, საკუთარ თავთან და ყველასთან, რომ ჩემი მთავარი ოცნებაა, ვიქცე ლეგენდარულ დიზაინერად. ვფიქრობ, ეს ყველა დიზაინერს უნდა, მაგრამ ბევრს, უბრალოდ, ეშინია ამის აღიარების".
ბესარიონისთვის ეს ოცნება ცხოვრებისეულ მიზნად იქცა. მისი შთამაგონებელი ქალაქები კი, მისივე აღიარებით, ყოფილა მშობლიური თბილისი, ასევე პარიზი და სტამბოლი. გარდა ამისა, დიზაინერს შთააგონებს დაიანა კროლის მუსიკა, ოსკარ უაილდის "დორიან გრეის პორტრეტი", ვონგ კარ ვაის ფილმები, ვან გოგისა და სერგეი ფარაჯანოვის შემოქმედება.
ბესარიონის პირველი კოლექციები რუსეთში უფრო არქიტექტურული და ესთეტიკური იყო, ახლა კი, კრიტიკოსების აღიარებით, მასში მეტია კომერციული მიმართულება.
ბესარიონი 1978 წლის 31 აგვისტოს თბილისში დაიბადა. 1999 წელს მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონკურსში "რუსული სილუეტი", სადაც გაიმარჯვა და პრიზად მიიღო ზაიცევის მოდის სახლში სწავლის შესაძლებლობა, ასევე უნიკალური შანსი - მოსკოვში დაეწყო კარიერა, რასაც მიაღწია კიდეც. გარდა "ა-სტუდიოსი", ასევე მოასწრო მიუზიკლ "მეტროს" იმიჯმეიკერობა. მისი სამოსით რუსული შოუბიზნესის ბევრი ვარსკვლავი დღესაც იწონებს თავს, გარდა ამისა, ბოლო პერიოდია, ფეხსაცმელსაც უშვებს "ბესარიონის" მარკით, რაც ასევე საკმაო წარმატებით სარგებლობს.
dj ბუკლე
(გამოდის ორშაბათობით)