დიდი თეატრის მთავარი ბალეტმაისტერი თავდასხმაში ცისკარიძესაც ადანაშაულებს

დიდი თეატრის მთავარი ბალეტმაისტერი თავდასხმაში ცისკარიძესაც ადანაშაულებს

დიდი თეატრის ბალეტმაისტერთან დაკავშირებით აგორებული სკანდალი და მასზე მომხდარი თავდასხმის საქმე ახალ-ახალ მიმართულებებს იძენს. სულ ცოტა ხნის წინ სერგეი ფილინმა გამომძიებლებს განუცხადა, რომ ნიკოლოზ ცისკარიძეც ემუქრებოდა და სავარაუდოდ, შეიძლება ისიც იყოს მასზე თავდასხმაში გარეული.

მოსკოვის დიდ თეატრში შანტაჟები და შიდა დაპირისპირებები რომ არსებობდა, აქამდეც ცნობილი იყო. ამგვარ სკანდალებში, მითქმა-მოთქმებში ნიკოლოზ ცისკარიძეც არაერთხელ იყო გარეული. დიდი ამბავი მოჰყვა სამხატვრო ხელმძღვანელის შეცვლასაც. თუმცა იანვარში მომხდარმა ფაქტმა დაადასტურა, რომ ეს ყველაფერი გასცდა უბრალოდ სიტყვიერი კონფლიქტის საზღვრებს.

რუსეთის დიდი თეატრის ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელს და მთავარ ბალეტმაისტერს 2013 წლის 17 იანვარს დაესხნენ თავს. უცნობმა პირმა მას სახეზე მჟავა შეასხა. დამნაშავისა და უშუალო შემსრულებლის, ადრე ნასამართლევი იური ზარუცკის დაპატიმრების შემდეგ, 5 მარტს დანაშაულის ორგანიზება აღიარა დიდი თეატრის სოლისტმა პაველ დმიტრიჩენკომ. ზარუცკი მისი მეზობელი იყო და სწორედ მას დაავალა ბალერონმა სამხატვრო ხელმძღვანელზე თავდასხმა.

თებერვლიდან ფილინი გერმანიაში საუნივერსიტეტო კლინიკაში გადის მკურნალობის კურსს. ამჟამად გაირკვა, რომ ის სკაიპის მეშვეობით ბალეტის ხელმძღვანელობასაც განაგრძობს. გარდა ამისა, გრძელდება გამოძიება და სწორედ ძიების პროცესში, დაკითხვის დროს ფილინმა ერთ-ერთ ეჭვმიტანილად ნიკოლოზ ცისკარიძეც დაასახელა. მისივე აღიარებით, ცისკარიძე მას აშანტაჟებდა აუდიოჩანაწერით, რომელზეც ფილინისა და ბალერინა ანჟელინა ვორონცოვას საუბარი იყო ჩაწერილი. ჩანაწერში ფილინი ვორონცოვას არწმუნებდა, რომ ცისკარიძესთან არ ევლო და სხვა მასწავლებელი აეყვანა. ფილინის თქმით, დიდი თეატრის წამყვანი სოლისტი ცისკარიძე მას ეუბნებოდა, რომ კომპრომატი ჰქონდა, რომლითაც დაამტკიცებდა, რომ ფილინი მის მოწაფეებს ავიწროებდა. დაზარალებულის თქმით, ცისკარიძე პირდაპირ არ დამუქრებია, მაგრამ თავდასხმამდე ერთი თვით ადრე მათ შორის ინციდენტი მოხდა, შელაპარაკება, რასაც, შესაძლოა, მართლაც მოჰყოლოდა თავდასხმაში მისი მონაწილეობა.

ამ ფაქტზე თავად ცისკარიძემაც გააკეთა კომენტარი და გამონაგონი უწოდა ფილინის მიერ ნაამბობ ამბავსაც, აუდიოჩანაწერის არსებობის შესახებ. "ეს სრული აბსურდია. სასაცილოა, ამ ამბავს შანტაჟი უწოდო, - აღნიშნა ცისკარიძემ და დასძინა, - რაც შეეხება ჩვენ შორის შელაპარაკებას, ვფი­ქრობ, ფილინი იმ შემთხვევას გულისხმობს, როცა სექტემბრის ბოლოს ლიფტში შევეჩეხეთ ერთმანეთს. პრეტენზიები წამომიყენა. ვუთხარი, რომ ვიცოდი, ჩემს ზურგს უკან ჩემს მოწაფეებს ელაპარაკებოდა და ჩემ წინააღმდეგ ამხედრებდა". მაშინ ცისკარიძემ ფილინს უთხრა, რომ ასეთი ურთიერთობა ძალიან უსიამოვნოა და ამიერიდან უარს ამბობდა მასთან საუბარზე. ცისკარიძემ დასძინა, რომ მაშინ ლიფტში მათ საუბარს სხვებიც ესწრებოდნენ, ასე რომ, "შანტაჟზე ლაპარაკი უბრალოდ, სასაცილოა".

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება