ია ჩანტლაძე: "წიგნი შიმშილს ვერ გააყუჩებს..."

ია ჩანტლაძე: "წიგნი შიმშილს ვერ გააყუჩებს..."

მომღერალი, ახლა კი უკვე "ბიზნესვუმენი" ია ჩანტლაძე 18 წლის იყო, როცა მისი სიმღერა - "არ მიყვარხარ" გაჰიტდა და ჯერ კიდევ მოზარდი, პოპულარულ, წარმატებულ მომღერლად იქცა. მაშინ ყველას ეგონა, რომ ია მთელი ცხოვრება სცენაზე იქნებოდა და მხოლოდ ამ სფეროს მიუძღვნიდა თავს, მაგრამ მერე ისე მოხდა, რომ მომღერალმა სულ სხვა გზა აირჩია და თაყვანისმცემლებს გული დასწყვიტა.

- ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა. თბილისში დავიბადე და გავიზარდე. ვიყავი ძალიან მხიარული, კომუნიკაბელური, აქტიური. რაც თავი მახსოვს, სცენაზე ვიდექი და ვმღეროდი, კონცერტებში ვმონაწილეობდი. გასტროლები, ფესტივალები ჩემთვის უცხო ხილი არ იყო, ეს ყველაფერი კი მშობლების დამსახურება გახლავთ; მათაც უყვართ ხელოვნება და რა გასაკვირია, რომ ყველანაირად მიწყობდნენ ხელს... მერე მახსოვს ის ცუდი პერიოდი, როცა ქვეყანაში იყო უშუქობა. მახსოვს სანთლის შუქზე მეცადინეობა, "კერასინკა", ომი, 9 აპრილი... მერე იყო სტუდენტობის წლები, როცა ბევრი რამის სწავლა შევძელი და ბევრი რამეც გავაცნობიერე.

- საინტერესოა, ომის პერიოდმა, უშუქობამ და ა.შ. რა გასწავლა?

- მაშინ ძალიან პატარა ვიყავი ამ ყველაფრის გასაცნობიერებლად. უბრალოდ, ვხედავდი, რომ მთელი საქართველო ცუდად ცხოვრობდა. გენერატორი თუ ჰქონდა ვინმეს და სახლს გაანათებდა ან ტელევიზორის ყურება შეეძლო, ეს იმას ნიშნავდა, რომ ფუფუნება ჰქონდა... წლების შემდეგ, როცა საზღვარგარეთ მომიხდა გამგზავრება, სწორედ მაშინ მივხვდი, რომ უცხოელი თანატოლებისგან განსხვავებული ვიყავი. მე და ჩემს რამდენიმე მეგობარს ყველა ერთსა და იმავეს გვეუბნებოდა: რაღაც სხვანაირები ხართ, მაგრამ როგორები, ამას ვერ აგიხსნითო. მერე გამოიტანეს დასკვნა: ძალიან სიღრმისეულები ხართო. ჩვენი ევროპელი თანატოლები სხვანაირ ცხოვრებას არიან მიჩვეულები. მათ ის გზა არ გაუვლიათ, რისი გავლაც და გადატანაც ჩვენ მოგვიხდა. ამ ყველაფერმა ისეთი კვალი დაგვამჩნია, რომელიც შეიძლება, ყოველდღიურობაში არ ჩანს, მაგრამ უცხოელები ამას ამჩნევენ. ჩვენ უფრო მეტი ცხოვრებისეული გამოცდილება გვაქვს და საკუთარი თავის გადარჩენის ინსტინქტიც გამოგვიმუშავდა.

- ბავშვობაში, გარდა სიმღერისა და თამაშისა, კიდევ რით იყავი დაკავებული?

- უპირველეს ყოვლისა, სწავლით ვიყავი დაკავებული და ძალიან კარგი მოსწავლეც გახლდით. ვსწავლობდი უცხო ენებს, მუსიკას; დავდიოდი ფორტეპიანოზეც და ყველას ეგონა, რომ მომავალში პიანისტი გავხდებოდი, მაგრამ სიმღერა უფრო ახლოს აღმოჩნდა ჩემთან... პიანისტობას ძალიან დიდი შრომა სჭირდება, მე კი ვაცნობიერებდი, რომ სმენით ვუკრავდი ბახს და მოცარტს, ნოტების გარჩევა კი მეზარებოდა; ვცდილობდი, სმენის, ნიჭის ხარჯზე გამოვმძვრალიყავი...

- როგორც ვიცი, კლასიკურ ვოკალშიც ემზადებოდი.

- ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა ის საიდუმლოებები, რაც არის კლასიკურ ვოკალში. ვგულისხმობ სწორად სუნთქვას და იმ დეტალებს, რაც შესაძლოა, ესტრადის მომღერალმა არც იცოდეს. ჰოდა, ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, ეს სკოლაც გავიარე. მზია დავითაშვილი მამეცადინებდა. მასაც გავუცრუე იმედი, როცა ამ საქმეს შევეშვი. ჩემს პედაგოგს ჰქონდა უდიდესი სურვილი იმისა, რომ ამ სფეროში მეცადა ბედი და დღესაც, დამინახავს თუ არა, მეუბნება: ნეტავ, იცოდე, რა დაკარგა კლასიკურმა მუსიკამ შენი სახითო (იღიმის). რა მექნა, საკუთარი თავი კლასიკურ ვოკალში ვერ დავინახე. თან, მაშინ უკვე ორი პროფესია მქონდა და ვიფიქრე, კიდევ 5 წელი უნდა ვისწავლო კონსერვატორიაში და მერე ან გამოვა ჩემგან რამე, ან არ-მეთქი და ხელი ჩავიქნიე...

- ამბობ, - გამორჩეული მოსწავლე ვიყავიო. ყველა საგანს ერთნაირად კარგად სწავლობდი?

- ე.წ. წარჩინებული მოსწავლეების დაფაზე ჩემი სურათიც იყო გამოკრული. თავის საქებრად არ ვამბობ, მაგრამ თითქმის ყველა საგანს კარგად ვსწავლობდი. გამონაკლისი იყო მხოლოდ ფიზიკა. ალბათ, როცა ამ საგნის სწავლა დავიწყეთ, სადღაც რაღაც გამოვტოვე და ფიზიკა ჩემთვის დღესაც ჩინურივითაა. ვიცი, რომ ძალიან საინტერესო საგანია, მაგრამ არ მაინტერესებდა... ახლაც "ინფორმაციის ჭია" ვარ. ვგიჟდები თეატრზე, მხატვრობაზე, არქიტექტურაზე. მოკლედ, ხელოვნება ჩემი სფეროა, მაგრამ სხვა რაღაცებიც მაინტერესებდა. მე სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრი ვარ. დოქტურანტურაში მინდოდა ჩამებარებინა. ძალიან მაინტერესებდა სოციოლოგია და კულტუროლოგია, საკმაოდ კარგი იდეაც მქონდა, რაშიც შეიძლებოდა, სადოქტორო დამეცვა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, გადავიფიქრე... სხვათა შორის, ჩემი ლექტორის დამსახურება გახლავთ, სოციოლოგია რომ მაინტერესებს.

- ე.ი. მიიჩნევ, რომ პედაგოგზეა დამოკიდებული, მოსწავლე მის საგანს ისწავლის თუ არა.

- ამაში აბსოლუტურად გეთანხმები. პირადად მე, მაგისტრატურაში სულ სხვა მიმართულებით მინდოდა წასვლა, მაგრამ პროფესორ გია ჟორჟოლიანს ლექციებით (ის დემოკრატიზაციას გვასწავლიდა) ისე მოვიხიბლე, რომ აზრი შევიცვალე და თემა მასთან დავიცავი.

- უკვე პოპულარულ მომღერალს ლექტორები, სტუდენტები ანგარიშს თუ გიწევდნენ?

- ლექტორებს ჩემ მიმართ კურიოზული დამოკიდებულება ჰქონდათ. რას ვგულისხმობ? მაგალითად, მეუბნებოდნენ: რად გინდა სწავლა? ასე კარგად მღერი, კარიერა გაქვს და თავს რატომ იკლავ მეცადინეობითო? ლამის გაგიჟდნენ, მაგისტრატურაში რომ ჩავაბარე. არ მესმის, რატომ არ შეიძლება ადამიანი შოუბიზნესში წარმატებული იყო და სხვა რამეც გაინტერესებდეს?

- ბევრს აქვს ცნობილ ადამიანთან ურთიერთობის კომპლექსი...

- ამქვეყნად უკომპლექსო არავინაა... მეც მიგრძნია, რომ ჩემი პოპულარობის გამო ვიღაცები თავს მარიდებდნენ, აგრესიულად იყვნენ განწყობილები; ისიც არ მომწონდა, როცა ჩემთან მხოლოდ იმის გამო მეგობრობდნენ, რომ ცნობილი ვიყავი. ვფიქრობ, მომღერალი, მსახიობი ჩვეულებრივი ადამიანია. უბრალოდ, მას აქვს იმის საშუალება, რომ თავისი ნამუშევარი სამზეოზე, ფართო მასების წინაშე გამოიტანოს, სხვები კი საქმეს ჩუმად აკეთებენ...

- წარჩინებული მოსწავლე პედაგოგებს სიცელქის გამო მაინც არ დაუსჯიხართ?

- ასეთი შემთხვევა არ მახსენდება. მხოლოდ ერთი პერიოდი ვიღებდი შენიშვნებს: როცა სკოლაში შემიყვანეს, ასოების ცნობა უკვე ვიცოდი და მასწავლებელი ანბანს სხვებს რომ ასწავლიდა, მე ერთ ადგილას ვერ ვჩერდებოდი, სულ რაღაცას ვაკეთებდი, ვერთობოდი. ბოლოს, როცა ყველაფერი წამართვეს, თითებით დავიწყე თამაში... სხვათა შორის, ანბანი ჩემით ვისწავლე. მშობლები ცდილობდნენ, არ ესწავლებინათ, მაგრამ ამის სურვილი მქონდა და ჩემს წინააღმდეგ ვერაფერს გახდნენ (იცინის). ბოლო კლასებში საკლასო ჟურნალი მე ჩამაბარეს. ჰოდა, როცა "შატალოზე" მივდიოდით, ჟურნალიც თან მიმქონდა.

- საინტერესოა, როგორ ერთობოდით ხოლმე?

- იცი, ახლა რომ ვაკვირდები, დღევანდელი თინეიჯერებისგან განსხვავებით, ჩემი თაობა ძალიან ბავშვური იყო. თოჯინები, მანქანები, "რეზინობანა", "შვიდქვაობანა", "წრეში ბურთი" - აი, ეს იყო ჩვენი გასართობი. ახლა კი მოზარდებს ასეთი თამაშები აღარ იზიდავს, მათ ხომ მობილური ტელეფონი, კომპიუტერი აქვთ...

- ამბობენ, რომ ის გასართობი საშუალებები, რომლებიც შენ ჩამოთვალე, ბავშვების ფანტაზიის განვითარებას უწყობდა ხელს, თანამედროვე ტექნიკა კი მათ ყველაფერს მზამზარეულად აწვდის და ბევრი ფიქრი, რაღაცის გამოგონება არ სჭირდებათ...

- ამ მოსაზრებას ვერ დავეთანხმები ისევე, როგორც იმ ამბავს, რომ თანამედროვე ბავშვები უფრო მეტად ნიჭიერები არიან, ვიდრე მათ ასაკში ჩვენ ან ჩვენი მშობლები ვიყავით. ზოგი ტრაბახობს: ჩემმა ორი წლის შვილმა უკვე კომპიუტერის ჩართვა იცის. მის ასაკში კი მე ამდენს ვერ მოვახერხებდიო. ეცოდინება, აბა, რა იქნება? ჩვენ დროს სად იყო ასეთი ტექნიკა? მე რომ ვთამაშობდი თოჯინით, ახლა - რობოტი აქვთ, მე ტელევიზორის ყურებით თუ ვერთობოდი, ესენი კომპიუტერთან სხედან. რატომ არის, რომ ჩვენი მშობლების თაობის ბევრმა წარმომადგენელმა მობილურსაც ვერ აუღო ალღო, ვერაფრით ისწავლა "ესემესის" აკრეფა, გაგზავნა? იმიტომ, რომ მათი ტვინი სხვანაირად არის მოწყობილი. მოკლედ, ინტერნეტის ავკარგიანობაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს...

- ჩვენს თაობას ბევრი უწიგნურს ეძახდა...

- უწიგნურები ყველა თაობაში იყვნენ. ბოდიში, მაგრამ ბავშვობიდანვე ომის კადრების ყურება რომ გიწევს, როცა ქვეყანაში გამუდმებით მიტინგია, ისმის "გადადექ-გადმოდექი", როცა საცოდაობა გვჭირს, როცა ხალხს შია, მაპატიეთ და რომელ განათლებაზე, წიგნის კითხვაზეა ლაპარაკი? რატომ გვიკვირს, რომ ასეთ ქვეყანაში შესაძლოა, ვიღაცას წიგნის მიმართ ინტერესი არ ჰქონდეს? და კიდევ, ჩემი აზრით, არ შეიძლება, ყველა ერთ ქვაბში მოხარშო.

- წიგნი შიმშილს არ აყუჩებს?

- ნამდვილად ვერ გააყუჩებს. როცა სახლში მშიერი შევდივარ, წიგნი კი არა, საჭმელი თუ არ დამხვდება, შეიძლება, დედაც არ მომინდეს (იცინის).

- შენთვის ინტერნეტსივრცე ბევრს ნიშნავს, არა?

- ასეა! ჯერ ერთი, მაზოგვინებს დროს, ფულს. თუმცა, დროსაც მაკარგვინებს ხოლმე. ამბობენ: ამ "ფეისბუკში" რომ "ზიხარ", წადი და ადამიანი პირადად ნახეო. ინტერნეტის წყალობით, სულ რაღაც ერთი "კლიკით" უამრავი ადამიანის მოკითხვაა შესაძლებელი, ამდენ ადამიანს კი ერთ დღეში, "რეალში" ვერაფრით ნახავ. თანაც - ჩემი ბევრი მეგობარი საზღვარგარეთ ცხოვრობს და არც კი ვიცი, კომპიუტერი რომ არ გვქონდეს, ერთმანეთის მოკითხვას როგორ ან როდის შევძლებდით... მიკვირს, წლების წინ ამ ტექნიკის გარეშე როგორ ვცხოვრობდით? ერთხელ მობილური ტელეფონი სახლში დამრჩა და მთელი დღე ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ცალი ხელი არ მქონდა. კომპიუტერზეც მიჯაჭვული ვარ. ასე მგონია, ეს ყველაფერი რომ არ მქონდეს, ქვეყანა დაიქცევა.

- რას იტყვი ვირტუალურ მეგობრობაზე, ფლირტზე?..

- ყოფილა შემთხვევა, როცა "ვირტში" დაწყებული მეგობრობა რეალურ ურთიერთობაში გადაზრდილა. ჩემი აზრით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ სად გაიცნობ ადამიანს. მთავარია, ეს ურთიერთობა მუდმივად ვირტუალური არ იყოს. თუ ასეთ ნაცნობობას დასასრული არ ექნება, გამოდის, რომ ეს არაჯანსაღი ნაცნობობაა.

- გარდა კომპიუტერისა და მობილური ტელეფონისა, კიდევ, რაზე ხარ დამოკიდებული?

- ბლოკნოტზე. ეს არის ჩემი ტვინი. მასში დღის განმავლობაში რაიმე რომ არ ჩავწერო, ჩათვალე, რომ ის დღე ცარიელია...

- გაიხსენე დღე, რომელმაც თინეიჯერ იაზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა...

- მახსოვს ერთი დღე, როცა ჩემთვის სამყარო გაიხსნა და დავიწყე დღიურის წერა: მაშინ 15 წლის გახლდით. მეგობრის დაბადების დღეზე ვიყავი, როცა ჩემთვის საყვარელ ადამიანებს შორის რაღაც გაუგებრობა მოხდა და შინ მისული ამ ყველაფერზე დიდხანს ვფიქრობდი. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ამქვეყნად ყველაფერი ისეთი არ არის, როგორიც მანამდე მეგონა და "ვარდისფერი სათვალე" მოვიხსენი. დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ სამყარო არცთუ ისე სამართლიანია...

- მშობლები რაიმეში გზღუდავდნენ თუ არა?

- ისინი თითქმის არაფერს მიკრძალავდნენ; პრინციპში, ისეთს არაფერს ვაკეთებდი, რომ მათთვის რაიმე ცუდის გაფიქრების საფუძველი მიმეცა. თან, მაშინ არც კლუბები იყო, გასართობად შუა ღამემდე რომ წავსულიყავი. მეგობრების სახლში წასვლა და სეირნობა კი ჩემთვის პრობლემა არ იყო.

- დედ-მამასთან არ მეგობრობდი?

- კი, მაგრამ მაინც, მშობელსა და შვილს შორის, როგორც უნდა მეგობრობდნენ, მაინც არის რაღაც ბარიერი. პირადად მე, იმას, რაც ძალიან ჩემია, არა მარტო მშობელს, არამედ მეგობრებსაც კი არ ვუმხელ. ოღონდ, არა იმიტომ, რომ რაღაც დასამალი მაქვს, არამედ ამაზე უბრალოდ, ვერ ვილაპარაკებ!

- ალბათ, გარდატეხის ასაკში შენც იყავი ვიღაცის ფანი. საინტერესოა, უკვე პოპულარულს, ისეთი ადამიანის გაცნობის შანსი თუ მოგეცა, რომელსაც პატარაობისას ჰბაძავდი?

- სხვათა შორის, როცა ის ადამიანები გავიცანი, ვინც წლების წინ ჩემთვის მიუწვდომელი იყო, საოცარი გრძნობა დამეუფლა. მერე ზოგიერთ მათგანს დავუმეგობრდი, ზოგთან უბრალოდ, თანამშრომლობა, დუეტი მაკავშირებდა... ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოზარდი დაფიქრდეს იმაზე, თუ როგორი უნდა, რომ მისი ცხოვრება იყოს. როცა წარსულზე ვფიქრობ, ვხვდები, რომ დღეს ჩემი ცხოვრება ისეთია, როგორიც ქვეცნობიერის დონეზე მინდოდა, მქონოდა. ყველა უნდა დავფიქრდეთ, თუ რა გვინდა და მერე მიზნისკენ ვიაროთ; დასახულის მისაღწევად ყოველდღე ერთი პატარა აგური უნდა დადო, სხვანაირად არაფერი გამოვა, ყველაფერი ერთდროულად არ მოვა. დღეს უნდა დარგო ხე, რომელიც ნაყოფს მართალია, ვთქვათ, 5 წლის შემდეგ, მაგრამ მაინც მოგცემს...

ძალიან გამიხარდა რაშელ ფერერის გაცნობა. ამ ქალის მუსიკას პირველად რომ მოვუსმინე, ცუდად გავხდი. მისი ალბომი დაახლოებით, 13 წლის წინ ჩამივარდა ხელში და შოკში ჩავვარდი, ემოციებისგან გული ცუდად გამიხდა. სხვათა შორის, მისი დისკი მათხოვეს, მე კი მთელ თბილისს მოვდე; ყველას რაშელ ფერერიზე ველაპარაკებოდი. მის კონცერტზე მოხვედრა ჩემთვის ბევრს ნიშნავდა და ამის შანსიც მომეცა. კონცერტის შემდეგ კულისებში შევედი და ცხადია, ავტოგრაფიც ვთხოვე, ვეტრფიალე...

- როცა ძალიან პოპულარული იყავი, თაყვანისმცემლებს შენი გაცნობის შანსს თუ აძლევდი?

- წლების წინ კონცერტი ხშირად იმართებოდა, თაყვანისმცემლები კი კულისებში შემოდიოდნენ და გველაპარაკებოდნენ; ტარდებოდა შეხვედრებიც. მოკლედ, მომღერალთან ურთიერთობის საშუალება მაშინაც ყველას ჰქონდა და დღესაც აქვთ. უბრალოდ, ახლა ესეც გამარტივდა: პირადად მე, ინტერნეტის საშუალებით ძალიან ბევრი ადამიანი მწერს. უმეტესობას არ ვიცნობ, მაგრამ მათ ე.წ. მეგობრების სიაში მაინც ვამატებ.

- იმ პერიოდში, როცა ქვეყანაში არეულობა იყო, გოგონებს რატომღაც, "ძველი ბიჭები", ე.წ. "ბირჟავიკები" უფრო მეტად მოსწონდათ...

- ეს კატასტროფა იყო. მაგრამ პირადად მე, უსაქმური ბიჭები არასდროს მომწონდა. შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ მივესალმები იმ ფაქტს, რომ დღესდღეობით, გოგონებს საქმიანი, მიზანდასახული მამაკაცები მეტად მოსწონთ. არადა, ადრე სწავლაც "ტეხავდა"; ბიჭი ქუჩაში გიტარით, ვიოლინოთი ვერ გამოვიდოდა...

- დაბოლოს, შენი აზრით, რა არის საჭირო იმისთვის, რომ მოზარდმა თავი დამოუკიდებელ ადამიანად იგრძნოს?

- შინაგანი თავისუფლება სხვა რამ არის, დამოუკიდებლობა კი იმას ნიშნავს, როცა მატერიალურადაც არ ხარ სხვაზე დამოკიდებული. სამწუხაროდ, ქართველ მშობლებს შვილის "გაშვება" უჭირთ. არ უნდათ, რომ მათ პატარას რაიმე ეტკინოს. არადა, ვფიქრობ, გარკვეულ ეტაპზე, ადამიანმა უნდა დაუშვას შეცდომა იმისთვის, რომ ცხოვრებისეული გამოცდილება მიიღოს, კარგისა და ცუდის ერთმანეთისგან გარჩევა ისწავლოს. იაპონელებს აქვთ ბავშვების აღზრდის მშვენიერი მეთოდი: პატარამ ცეცხლში თითი რომ შეყოს, ამას არ დაუშლიან. ამბობენ, მან თითი ერთხელ მაინც უნდა დაიწვას, რომ მიხვდეს, ცეცხლი როგორი საშიშიაო.

ლიკა ქაჯაია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება