სემ რაილი: გელა ბაბლუანის "13" უჩვეულო ფილმია"

სემ რაილი: გელა ბაბლუანის "13" უჩვეულო ფილმია"

ინგლისელი მსახიობი და მომღერალი სემ რაილი ახალი ფილმით - "გზაზე" - წარდგა მაყურებლის წინაშე. ეს საუკუნის ამერიკული ლიტერატურის კლასიკოსის ჯეკ კერუაკის საკულტო რომანის ეკრანიზაციაა. წიგნი ერთგვარი ბიტ-თაობის მანიფესტად იქცა, რომელთან მიკუთვნებული მწერლები და პოეტებიც ქმნიდნენ ნაწარმოებებს გარე სამყაროს შეცნობასა და თავისუფალ პიროვნებაზე, საკუთარი გამოცდილებით - თავისუფლად ცხოვრობდნენ და საკუთარ სხეულსა და სულს ექსპერიმენტებს უტარებდნენ.

სემ რაილის მწერლის ალტერ-ეგოს შესრულებამ მოუწია. მანამდე 33 წლის მსახიობის ყველაზე ცნობილი როლი იყო ცნობილი მუსიკოსის იენ კერტისის სახე ფილმში "კონტროლი". ამ როლმა მას ბრიტანული კინოკრიტიკოსების ჯილდო მოუტანა კატეგორიაში "ყველაზე მრავლისმთქმელი დებიუტი".

რაილი კინოში აქტიურად არის დაკავებული. მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილი ბრიტანელია, ამჟამად ბერლინში ცხოვრობს ცოლთან, მსახიობ ალექსანდრა-მარია ლარასთან ერთად, რომელიც 2009 წლიდან მისი მეუღლეა.

ასევე ცნობილია სემი სამოდელო სფეროშიც. 2008 წელს მიიღო მონაწილეობა ინგლისური მოდის სახლის "ბარბერის" სარეკლამო კამპანიაში და ამ ცნობილი ბრენდის სახე გახდა.

გარდა ამისა, სემი ჩვენთვის იმითაც არის საინტერესო, რომ ბაბლუანების ფილმ "13"-ის ჰოლივუდურ რიმეიკში სწორედ მან შეასრულა მთავარი როლი.

"ჩემთვის "კონტროლი" საბედისწერო სურათი იყო"

-  მოულოდნელი იყო შემოთავაზება ამ საკვანძო პერსონაჟის განსახიერებაზე, რომლის პროტოტიპი თვითონ მწერალი კერუაკი იყო?

-  ვაღიარებ, დიდი სიურპრიზი გახლდათ ჩემთვის, საკმაოდ უჩვეულო არჩევანია. მაგრამ მე ვინ ვარ, რომ უარი ვთქვა? რეჟისორს რომ შევხვდი, ყველა მსახიობი შერჩეული ჰყავდა. მე ამ მოზაიკაში ბოლო ნაწილი გავხდი. უოლტერი სასიამოვნო და მსუბუქ ადამიანად აღვიქვი და მერე იოლადაც დავთანხმდი.

-  თქვენ თვითონ თუ ხართ ბიტნიკების ლიტერატურის თაყვანისმცემელი?

-  თვითონ რომანი "გზაზე" მანამდე წაკითხული არ მქონდა, თუმცა ჩემს მეგობრებს ბევრი ჰქონდათ ნაამბობი მასზე. თუმცა მოზარდობისას ასევე ერთ-ერთი ბიტნიკის, უილიამ ბეროუზის დიდი გავლენის ქვეშ ვიყავი. ასევე ვაფასებდი ალენ გინზბერგს, რომელსაც ჯონ ლენონთან ერთად საუკეთესო პოეტად მივიჩნევ.

-  "კონტროლში" მეტისმეტად შთამბეჭდავი დებიუტის შემდეგ რამდენად რთული იყო ახალი სამუშაოს პოვნა?

-  დიდი მშრომელი არ ვარ, წელიწადში დაახლოებით ერთ ფილმს ვთამაშობ. "კონტროლის" შემდეგ ხშირად დავდიოდი გასაუბრებებზე, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ძალიან შთამბეჭდავი ვიყავი. ამ ფილმს მეტისმეტად ბევრი ემოცია მივუძღვენი, ენერგიისგან ვიყავი გამოცლილი და ახალი სამუშაოსთვის დიდხანს ვერ ვპოულობდი ძალებს. თან ის მეტისმეტად "ჩემი" როლიც იყო - მეც ჯგუფში დიდხანს ვმღეროდი, გარდა ამისა, სწორედ "კონტროლის" გადაღებებზე გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე. ჩემთვის ეს საბედისწერო სურათი იყო.

"მებაღეობით ვარ გატაცებული"

-  როცა გადაღებებში არ მონაწილეობთ, მაშინ რას აკეთებთ? როგორც ვიცი, როკჯგუფში აღარ მღერით?

-  სიმართლე რომ გითხრათ, ეგ არც ისე დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. იქ ხომ, ისევე როგორც ფეხბურთში, ყველა ერთმანეთს ეჯიბრება. კარგია, თუ კოლექტივში გაგიმართლებს და ნორმალური ხალხი შეგხვდება... ახლა ძირითადად მებაღეობით ვარ გატაცებული. სერიოზულად გეუბნებით! აქ, ბერლინში, ბაღი მაქვს.

-  გერმანული თუ ისწავლეთ?

-  მაგრად. ცოტა ხნის წინ ჩემს გერმანელ ცოლთან ერთად გერმანულ კომედიაშიც ვითამაშე. თუმცა ეს უფრო ეპიზოდი იყო. უფრო საინტერესოა ნილ ჯორდანის "ბიზანტიუმი". ეს მისტიკური ფილმია, ვამპირებით, თუმცა არანაირად არ ჰგავს ახლა მოდურ ვამპირულ რამე-რუმეებს. ის უფრო უკვდავებაზეა, მე სწორედ ასეთ უკვდავს ვთამაშობ. ჩემი პარტნიორი ჯემა ატერტონია. შემდეგ სურათში კი ანჯელინა ჯოლისთან მიწევს პარტნიორობა.

-  ფილმში "13" ასევე ცნობილი მსახიობების კომპანიაში ხართ...

-  ო, ეგ გელა ბაბლუანის ავტორიმეიკია, "რუსულ რულეტკაზე" - უჩვეულო პროექტია. მიკი რურკი, ჯეისონ სტეტემი, ბენ გაზარა, რეი უინსტონი... და მე მთავარ როლში. იცით, ბევრ ქვეყანაში ეს ფილმი გაქირავებაში ვერ გავიდა, მე მგონი, პროდიუსერებთან იყო კონფლიქტი. გერმანიაში "13"-ის ნახვა მხოლოდ დივიდიზე მოვახერხე. თანაც, არალეგალურზე. გამიმართლა, ბარში შევედი, ერთმა ტიპმა მიცნო, შენ "13"-ში არ თამაშობო? გავოცდი, ვკითხე, სად ნახე ეს ფილმი-მეთქი და ჩინური მეკობრული დისკი გამომიჩინა.

-  მუსიკალური ნიჭის გამოვლენას თუ აპირებთ კიდევ? მაგალითად, მიუზიკლში თუ ითამაშებთ?

-  მუსიკალურ სამყაროსთან კავშირები ცოცხალია, მიუზიკლი - რატომაც არა? განსაკუთრებით, თუ ეს ელვისის შესახებ იქნება. ელვისი ჩემი გმირია.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება