"ანრი ზედმეტად ამბიციური სიმღერით წარდგა "ევროვიზიაზე" - ეს უფრო მოკრძალებული სიმღერაა"

"ანრი ზედმეტად ამბიციური სიმღერით წარდგა "ევროვიზიაზე" - ეს უფრო მოკრძალებული სიმღერაა"

23 მარტს "ევროვიზიის" სიმღერის კონკურსის ქართველი მონაწილეების კლიპის ჩვენებაზე მიმიპატიჟეს. მასპინძლები რესტორან "ქართული სახლის" კიბეებზე, წითელ ხალიჩაზე ხვდებოდნენ სტუმრებს და მათთან სამახსოვრო ფოტოებს იღებდნენ. დარბაზი ნელ-ნელა ივსებოდა თბილისური ბომონდით. შეყვარებული ახლდა ვერიკო ტურაშვილს. ეული იყო ნუკი კოშკელიშვილი. საღამოს ესწრებოდნენ ფეხმძიმეები - სოფო ხალვაში და ნინი ბადურაშვილი. დაგვიანებით გამოჩნდა ანრი ჯოხაძე. მეუღლე ნინო ძოწენიძესა და საბავშვო ევროვიზიაგამოვლილ ჯგუფებთან ("ქენდი" და "ფანკი") ერთად მოვიდა გიგა კუხიანიძე. სიმღერის - "ჩანჩქერი" - კლიპი რეჟისორმა თემო კვირკველიამ გადაიღო.

ნოდიკო ტატიშვილი:

- ინგლისურენოვანი სიმღერა ავირჩიეთ იმიტომ, რომ ყველამ გაიგოს. ორივეს ამაღლებული განწყობა გვაქვს - იანვრიდან მოყოლებული მე და სოფომ ყველაფერი გადავდეთ და აქტიურად დავიწყეთ მუშაობა იმისთვის, რომ მაისში ჩვენი ქვეყანა საუკეთესოდ წარვადგინოთ "ევროვიზიაზე" შვედეთში. იმედი მაქვს, დიდი წარმატებებით დავბრუნდებით.

სოფო გელოვანი:

- კლიპის გადაღებები კახეთში ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში და რუსთავის შემოგარენში მიმდინარეობდა. საშინელ ადგილებშიც ვიყავით, სადღაც ბუნკერებში. სიფრიფანა კაბა მაცვია, როგორც ხედავთ, გავითოშე, ისე ციოდა. ადვილი არ ყოფილა გადაღებები, თუმცა მთელი გული და სული ჩავდეთ ამ კლიპში.

ნინო ძოწენიძე:

- მომეწონა სიმღერაც და კლიპიც. ორივემ კარგად მოირგო სიმღერა, იმედია, გაამართლებს.

- როგორ გგონია, გაითვალისწინეს ანრის შეცდომა?

- მგონია, რომ კი. ანრი ზედმეტად ამბიციური სიმღერით წარდგა "ევროვიზიაზე". ეს უფრო მოკრძალებული სიმღერაა.

გიგა კუხიანიძე:

- "ევროვიზია" ალბათობაა, არავინ იცის, რა მოხდება. ყოველი "ევროვიზიის" წინ ვარ უბედურზე უბედური.

- სიმღერა მოგეწონა?

- გავგიჟდი-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ კულტურული სიმღერაა, მელოდიური, კარგი არანჟირებით, მშვენივრად მღერიან ნოდიკო და სოფო, თუმცა მე ნოვაცია მიყვარს. ეს უფრო ტრადიციული სიმღერაა. მე ის მომწონს, რაც დღეს არის მოდაში და არა ის, რაც გუშინწინ იყო. მაგრამ ვერ გაიგებ, შეიძლება სწორედ ამ სიმღერამ მოიტანოს წარმატება. მე გამიხარდება.

ანრი ჯოხაძე:

- მშვენიერია სიმღერაც და კლიპიც. ფინალის შანსები აშკარად გვაქვს, ასე მგონია. დანარჩენი რა გითხრათ, როგორც აღმოჩნდა, ბუკმეიკერებს უნდა ვენდოთ. კარგია ეს დუეტი, დინამიკურია, კარგი მოსასმენია, მაგრამ ასეთი სიმღერა ყოველწლიურად "ევროვიზიაზე" ძალიან ბევრია. ამიტომ მთელი დატვირთვა ამჯერად მომღერლებზე იქნება, რომ სიმღერა დანარჩენისგან გამოარჩიონ.

- როგორ გგონია, ნოდიკომ და სოფომ შენი შეცდომა გაითვალისწინეს?

- რომელი შეცდომა?

- შენ რომელს მიიჩნევ ყველაზე დიდ შეცდომად?

- საერთოდ რომ გავედი ამ კონკურსზე.

- ე.ი. არ გაითვალისწინეს?

- (იცინის) არა, მე მაინც მიმაჩნია, რომ შედეგის მიუხედავად ერთი ზეიმია იქ მოხვედრა და არც ისეთი ადვილია, როგორც ეს შორიდან ჩანს. ასე რომ, წარმატებები სოფოს და ნოდიკოს!

მაია დათუნაშვილი:

- კარგია, რომ ეს კონკურსი ცოცხალია ქართველებისთვის. ნოდიკო და სოფო ღირსეული კონკურსანტები არიან, საერთაშორისო სტანდარტი იგრძნობა სიმღერაში. კარგი კომპოზიტორის დაწერილია, კარგი არანჟირება აქვს. კარგი სავიზიტო ბარათია და მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკურსის შედეგების პროგნოზირება ძნელია, მგონია, კარგ ადგილს დაიმსახურებენ წელს.

შეგახსენებთ, წელს მეოთხე სოფო მიდის "ევროვიზიაზე". ჯერ იყო სოფო ხალვაში, შემდეგ - სოფო ნიჟარაძე და შემდეგ - სოფო ტოროშელიძე. სამივე მათგანმა გვიმღერა იმ საღამოს. ამასობაში კლიპი მეორედ გვაჩვენეს და ტორტიც შემოიტანეს. ანრიმ უკან დაიხია, იქ სადაც ტორტი იჭრება, საქართველოში ისეთი ამბები ხდება, მირჩევნია, შორს დავდგეო. ჯოხაძეს დაავიწყდა, მოწვეულ სტუმრებში მოროშკინა რომ არსად ჩანდა.

DJ ბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება