რატომ მოუწია ექსტრემალურ პირობებში სიმღერამ უკრაინულ "ვოისში" ოთო ნემსაძეს

რატომ მოუწია ექსტრემალურ პირობებში სიმღერამ უკრაინულ "ვოისში" ოთო ნემსაძეს

ოთო ნემსაძე 2010 წელს "ჯეოსტარის" გამარჯვებული გახდა და ხალხის დიდი სიყვარული და სიმპათია დაიმსახურა. მალე ალბომზე მუშაობას დაამთავრებს და ქართველ მსმენელს წარუდგენს, რომელსაც ყველაზე მკაცრ შემფასებლად მიიჩნევს, თუმცა დროს არ კარგავს და პარალელურად, უკრაინული "ახალი ხმის" კონკურსის მონაწილე გახდა. ცნობილი სიმღერა "ფილინგ გუდის" შესრულებით იქაური მწვრთნელები აღაფრთოვანა და ოთხივე შემოატრიალა, თუმცა წინასწარ იცოდა, ვისთანაც უნდოდა წასვლა. უკრაინული მხარე ქართველი შემსრულებლით იმდენად დაინტერესდა, რომ მას კიევში ჩაფრენასაც კი უნაზღაურებენ. ოთოს ბრმა კასტინგის ვიდეომ "ფეისბუქში" დიდი ჟივილ-ხივილი გამოიწვია.

- საქართველოს საელჩომ უკრაინაში და ქართულმა ასოციაციამ "იბერიელი", კერძოდ, მისმა პრეზიდენტმა ბესო შამუგიამ მირჩია, მივსულიყავი უკრაინული "ვოისის" კასტინგზე, როდესაც კიევში გახლდით ერთ-ერთ კონცერტზე. ამ ასოციაციამ გამართა კონცერტი და შემთხვევით დაემთხვა ეს კასტინგები, მეც შევირბინე.

- როგორც ჩანს, მუსიკალური კონკურსები შენთვის დიდად სანერვიულო არ არის.

- "ჯეოსტარზე" მართლაც ვნერვიულობდი. მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, ქართველი მსმენელის წინაშე ქართული სიმღერით წარდგომა ჩემთვის უფრო რთულია, ვიდრე უცხოური აუდიტორიის წინაშე უცხოური სიმღერით. აქ ერთ ნოტს არ გაპატიებენ და სწორიც არის, საქართველოში ძალიან მკაცრი მსმენელია. უკრაინაში უცხოური სიმღერის შესრულებისას საერთოდ არ მინერვიულია, რადგან აქ დიდი სკოლა მაქვს გავლილი. ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს ის, რომ ქართველები ასე მგულშემატკივრობენ და ამხელა კონკურსი მაქვს მოგებული. ის განცდები ნამდვილად არ მაქვს, რაც "ჯეოსტარის" დროს მქონდა. ვიცი, რომ საქმე უნდა გავაკეთო.

- ოთო, კმაყოფილი ხარ იმით, რასაც "ჯეოსტარში" გამარჯვების შემ­დეგ მიაღწიე?

- "ჯეოსტარით" ძალიან კმაყოფილი ვარ და მადლობელი გახლავართ ყველა იმ ადამიანის, რომლებიც ამ პროექტში იყვნენ ჩართული. ამ პროექტის შემდეგ ჩემთვის ბევრი რამ შეიცვალა.

- მათ შორის ფინანსურადაც?

- ფინანსურად? ვერ გეტყვით, რომ საქართველოში ადამიანი სიმღერით ცხოვრობს. ამ მხრივ ფუფუნებაში არ ვართ. შოუბიზნესი მოკვდაო, რომ ამბობენ, არ ვეთანხმები, რადგან მაშინ მეც მოვკვდებოდი მშიერი. შოუბიზნესი ფეთქავს. "ჯეოსტარმა" უდიდესი გამოცდილება მომცა, ადამიანების სიყვარული, რასაც ძალიან ვაფასებ.

- ამ პროექტს მოაქვს პოპულარობა, გამოცდილება, მაგრამ შენი კარიერის შემდეგი განვითარებით თუ ხარ კმაყოფილი, ამას გეკითხებოდი.

- პროექტის მერე არავინ არავის კარიერას არ ააწყობს, თუმცა "ჯეოსტარი" ამ მხრივაც ცდილობდა დახმარებას, რადგან მალე ჩემი ალბომი გამოვა. მე 2010 წელს გავიმარჯვე. ალბომს დააგვიანდა იმიტომ, რომ ჯერ სხვა ჯეოსტარელების ალბომები იყო გამოსაშვები. ხელი არ უნდა შეგვეშალა ერთმანეთისთვის. თანაც, ცოცხალი არანჟირების ჩაწერას ძალიან დიდი დრო სჭირდება. თითქმის ერთი წელი საკმაოდ რთულ პირობებში ვიმუშავეთ. ზოგს ჰგონია, რომ გამოვა, ჩაწერს ალბომს და ასე მარტივად იქნება ყველაფერი. ზვიად ბოლქვაძის ბენდთან ერთად ვმუშაობ ალბომზე.

- ეს შეკითხვები იმიტომ დაგისვი, რომ მეკითხა, სხვა ქვეყნის კონკურსში მონაწილეობა რამ გადაგაწყვეტინა?

- მუსიკალური კონკურსები მიყვარს. ბევრი იმასაც მეკითხება და ზოგი აპროტესტებდა, ქართულ "ახალ ხმაში" რატომ არ გამოვიდაო, მაგრამ მე საქართველოსთვის ახალი ხმა არ ვარ. ისე, ამ პროექტს ძალიან ვაფასებ და ბევრი ნიჭიერი ადამიანი აღმოაჩინა. ეს კონკურსი მაინც სიურპრიზისთვისაა. არა მგონია, ბრმა კასტინგზე ჟიურის რომელიმე წევრს ვერ ვეცნე. არა მგონია, რომ ჯერჯერობით ჩემი ცნობა გასჭირვებოდათ (იცინის). ასე რომ, უკრაინაში გადავწყვიტე მონაწილეობა. იქ 48 მლნ ადამიანი ცხოვრობს და ჩემი ცნობადობა იქ გაიზრდება. თუკი რაიმე შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მექნება, სიამოვნებით დავთანხმდები. ძალიან კარგ ბენდთან ერთად ვიმუშავებ და შემთხვევით ეს კონკურსი თუ მოვიგე კიდეც, ალბომსაც მჩუქნიან. რატომაც არ უნდა მეცადა?!..

- კასტინგზე ვინც იჯდა, მართალი გითხრა, ვერავინ ვიცანი, არ ვარ უკრაინის შოუბიზნესში ჩახედული.

- იქ იყვნენ სლავა ვაკარჩუკი, რომელიც უკრაინაში ძალიან უყვართ და ნინო ქათამაძესთან ერთად ყველაზე ცნობილი მომღერალია, რაც ძალიან მეამაყება. ის ჯგუფის შემადგენლობაშია, მათ კარიერას ვადევნებდი თვალს და ძალიან კარგი ადამიანები არიან. სლავა ნიჭიერი, განათლებული ადამიანია, ფიზიკოსი. ყველაფერს სუფთა თვალით უყურებს, თავადაც სუფთა პიროვნებაა და გამიმართლა, რომ მასთან მოვხვდი. ოლეგ სკრიპკას ვიცნობდი, პონომარიოვი კლასიკური მუსიკის სფეროში ტრიალებს და როგორც გავიგე, იქ ბევრს არ უყვარს (იღიმება). ტინა კაროლი უკრაინაში ცნობილი გოგონა ყოფილა, მგონი, 2004 წელს იყო იურმალაში უკრაინის სახელით და შემდეგ თავისი კარიერა აიწყო. სლავა ვაკარჩუკის ჯგუფს დიდი ხანია ვუსმენ და ძალიან მინდოდა მასთან მოხვედრა. როცა ოთხივე მწვრთნელი მოტრიალდა და სლავამ დაიწყო ლაპარაკი, სხვებს აღარც დავაცადე და მასთან წავედი. ვფიქრობდი, რომ თუ მოტრიალდებოდა, აუცილებლად მას ავირჩევდი.

- მაინც არ ინერვიულე?

- აბსოლუტურად მარტო ვიყავი და არ შემშინებია. ძალიან კარგი გარემო იყო. თვითონ ძალიან უნდოდათ, რომ მემღერა. პრეკასტინგების შემდეგ რამდენჯერმე დამირეკეს, რომ დარწმუნებულიყვნენ, ნამდვილად ჩავიდოდი ბრმა კასტინგზე. ახლაც კვირაში ერთხელ მიწევს ჩაფრენა და დავფიქრდი, ყოველ ჩასვლაზე 1000 დოლარის დახარჯვა რამდენად შემეძლო. შემდეგ შემომთავაზეს, რომ თავად აანაზღაურებდნენ ბევრ რამეს და დავთანხმდი. თავად იყვნენ დაინტერესებულები და მეც აღარ მიფიქრია უკან დახევაზე.

- სიმღერა თავად შეარჩიე?

- ეს ჩემი საყვარელი სიმღერაა. "ფილინგ გუდის" თითქმის ყველა ვერსია მაქვს ნამღერი. უნდოდათ საკონკურსო, ცნობილი და მუხტიანი სიმღერა. ეს სიმღერა ჩემი ინიციატივა იყო. ახლა რაც შემომთავაზეს, იმას რინგზე შევასრულებ, მაგრამ წინასწარ დასახელება არ შემიძლია. 28 მარტს მივემგზავრები, რომ რინგი და ნოკაუტი ჩავწეროთ (ინტერვიუ ჩაწერილია 25 მარტს - ავტ.). იქ ცოტა სხვანაირი წყობაა, ჯერ რინგია, შემდეგ ნოკაუტი. რინგს თუ დაძლევ, სხვა სიმღერის შესრულება გიწევს და ამ სიმღერით გამოდიხარ მეტოქის წინაშე. 31 მარტს იქნება ნოკაუტი.

- უკრაინაში რომ იცხოვრო ეს პერიოდი, არ არის შესაძლებელი?

- აქ თუ არ ვიმუშავე, იქ ვერ ვიცხოვრებ (იცინის). აქაც ძალიან ბევრი საქმე მაქვს, სიახლეებს ვგეგმავ. ძირითადად აქ ვარ. იქ მხოლოდ ჩაწერებზე მიწევს ჩასვლა. სხვათა შორის, სიმღერის არჩევაზე რომ მკითხეთ, რომ ჩავედი და ბენდთან დავდექი რეპეტიციისთვის, ჩაწერამდე ერთი საათი რჩებოდა და უცბად მითხრეს, ეს სიმღერა არ ვიცითო (იცინის). ნოტები ამოვუბეჭდე და ვუთხარი, ეს უნდა დაუკრათ-მეთქი. ნაკლებად მოველოდებოდი, რომ დაუკრავდნენ, მაგრამ თავი გაართვეს, ძალიან ნიჭიერი მუსიკოსები არიან. ნახევარი საათით ადრე მითხრეს, რომ 5-წუთიანი სიმღერაა და წუთნახევრამდე უნდა დავიყვანოთო. მოკლედ, ექსტრემალური პირობები იყო.

- გოგონა გახლდა საგულშემატკივროდ.

- ირინა? ჩვენს საელჩოსთან მეგობრობს, აკეთებს ქართულ დღეებს. ერთხელ ჩემი წაყვანაც უნდოდა, მაგრამ მაშინ არ გამოვიდა. საქართველოშიც ჩამოჰყავს ხოლმე უკრაინელი მომღერლები და აქედანაც მიჰყავს ქართველები. საქართველოზე ძალიან არის შეყვარებული.

- შენთვის მხოლოდ მეგობარია?

- (იღიმის) მხოლოდ მეგობარი. მართლა კარგი გოგონაა და უბრალოდ ვმეგობრობთ.

- მწვრთნელთან როგორ მუშაობ, გისწორებს რამეს?

- ძალიან შრომისმოყვარე ადამიანია. მას ბევრი დრო არ აქვს, სულ დაკავებულია, ახლა ალბომს წერს. ორი დღე იყო ჩვენთან ერთად, იქ ეძინა, ჭამდა და სვამდა. შენიშვნა არ მოუცია, მაგრამ რჩევები ჰქონდა. მეუბნება, გამიჭირდება ის, რომ ქართველი ვარ და უკრაინულ სცენაზე ვდგავარ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ არ დაიჩაგროო, მითხრა.

- გვახსოვს რამდენიმე შემთხ­ვევა, როცა უკრაინულ "ვოისში" იყო ქართველი, რუსულში აჩი ფურ­ცელაძე, რომელიც ცოტა დაგვიჩაგრეს.

- შევეცდები, რომ ვიყო განსხვავებული და ვერ დამჩაგრონ. მთელი ბლოგები, ტელევიზიები, რადიოები იმაზე ლაპარაკობენ, რომ არ უნდა დავიჩაგრო. ამბობენ, ჩვენს მომღერლებს მსგავსი მუხტი არ ჰყოფნით და იყოს ასეთი შემთხვევა, როცა შეხედავენ და მიხვდებიან, რომ მუხტი საჭიროაო. თუმცა ბევრია ნაციონალისტიც, ასე რომ, აზრთა სხვადასხვაობა არის. მაინც დავიმსახურე ბევრის სიმპათია, ჩემს გამოსვლას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

- კიევისკენ ქართველი მამაკაცები ძალიან მიისწრაფვიან ხოლმე და შენ როგორი ხარ ამ მხრივ?

- სრული იდიოტი უნდა ვიყო, რომ ვთქვა, მაგის გამო არ მივისწრაფვი-მეთქი, თუმცა მართლა საქმეზე წავედი და ერთი წუთიც არ მრჩება, რომ გავიარო სადმე და ყავა დავლიო. არაჩვეულებრივი ქალბატონები ჰყავთ, საოცრად ლამაზი გოგონები და თბილები არიან. გვერდზე გახედვა ვერ მოვასწარი (იღიმება). ახლა რომ ჩავალ, ალბათ ერთი-ორი ადამიანი უკვე მიცნობს.

- გამარჯვებაზე რას ფიქრობ?

- არ მაქვს ეს ამბიცია, მაგრამ არც "ჯეოსტარში" მივსულვარ გასამარჯვებლად. ისეთი უნამუსო არ ვარ, რომ კიევში წავიდე მოსაგებად, თუმცა ვნახოთ.

- კარგი შეთავაზებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! შემთხვევაში გადახვიდოდი უკრაინაში საცხოვრებლად?

- საქართველოს გარეშე დიდი ხანი ვერ ვძლებ, მაგრამ არ არის პრობლემა, სიამოვნებით წავიდოდი და ვიმუშავებდი. ბევრი ქართველი ცხოვრობს, იქ წასვლა-წამოსვლა არ არის პრობლემა.

- საქართველოში ძალიან გგულ­შემატკივრობენ...

- ყველა ქართველს დიდი მადლობა. უკრაინაში არ ჰქონია ასეთი გამოხმაურება, როგორც საქართველოში. ხალხმა სოციალურ ქსელებში დადო, ხალხი წერს, რომ მოეწონათ, როცა ვთქვი, ქართველი ვარ-მეთქი, მაგრამ, აბა, სხვა რა უნდა მეთქვა?!. ხალხის რეაქციით სასიამოვნოდ ვარ გაოცებული, ასეთ გამოხმაურებას არ ველოდი.

- აქ თუ არის ისეთი გოგონა, რომლის აზრიც განსაკუთრებულად გაინტერესებს?

- აქ გავჩუმდები!.. პირად ცხოვრებაზე ისაუბრებ და აბსოლუტურად ყველა გიზის პირად ცხოვრებაში.

- მაშინ მე გავაკეთებ დასკვნას, რომ არის ასეთი გოგონა.

- გავჩუმდები (იცინის)!..

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ასევე იხილეთ: ოთო ნემსაძემ უკრაინულ Voice-ში ჟიურის ოთხივე წევრი შემოაბრუნა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება