ბაჩო ქაჯაია: "მესამე შვილის გაჩენასაც დავესწრები"

ბაჩო ქაჯაია: "მესამე შვილის გაჩენასაც დავესწრები"

სერიალის - "შუა ქალაქში" მსახიობი - ბაჩო ქაჯაია 5 წლის ქეთევანისა და 4 წლის თეკლას მამა გახლავთ. მსახიობმა გაგვიმხილა, რომ ის და მისი მეუღლე ივნისის ბოლოს მესამე შვილსაც ელოდებიან.

- მე და ჩემი მეუღლე კლასელები ვიყავით. ერთმანეთი მერვე კლასიდან გვიყვარდა, 20 წლის ასაკში კი დაოჯახება გადავწყვიტეთ.

- ალბათ, ოჯახის შექმნის შემდეგ გარკვეულ სირთულეებს წააწყდით...

- კი, მაგრამ ეს სასიამოვნო სირთულეები იყო. არასდროს მინანია, ოჯახის შექმნის გადაწყვეტილება ამ ასაკში რომ მივიღე; პირიქით, ცოლის მოყვანა დამატებითი სტიმული იყო საიმისოდ, რომ სხვანაირად ავმოძრავებულიყავი.

- მშობლები მატერიალურად თუ გეხმარებოდნენ?

- რა თქმა უნდა, მეხმარებოდნენ. მაშინ უნივერსიტეტი ახალი დამთავრებული მქონდა. ვმუშაობდი თეატრებში, მქონდა საკუთარი შემოსავალი, მაგრამ ჩემი ხელფასი ოჯახის სარჩენად საკმარისი არ იყო. ჰოდა, თავიდან ჩემი და ჩემი მეუღლის ოჯახის წევრები გვეხმარებოდნენ არა მარტო ფინანსურად, არამედ - სულიერადაც მხარში გვედგნენ.

- ორი გოგონას მამა ხართ. გვითხარით, რა შეცვალა მამობამ თქვენს ცხოვრებაში?

- როცა პირველი გოგონა გაჩნდა, დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში ვერ ვაცნობიერებდი, რას ვგრძნობდი მის მიმართ, მაგრამ იმას კი ვხვდებოდი, რომ ეს პატარა არსება ჩემი ნაწილი იყო. რაც დრო გადის, მამაშვილურ ურთიერთობაში სულ უფრო ახალ-ახალ რაღაცებს აღმოვაჩენ ხოლმე... მეორე შვილიც ძალიან მალე შეგვეძინა. მან უფრო მეტად მაგრძნობინა მამობის თბილი და ტკბილი განცდა.

- კაცების უმეტესობას აქვს გამძაფრებული სურვილი იმისა, რომ ვაჟი ჰყავდეს...

- (მაწყვეტინებს) შვილის სქესს ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა. მთავარი ის არის, რომ ჩემი შვილი ნამდვილ ქართველად გაიზარდოს.

- მეუღლეს შვილების გაზრდაში, მოვლაში თუ ეხმარებოდით?

- პირველი შვილი რომ შეგვეძინა, მუშაობის თვალსაზრისით ძალიან დატვირთული არ ვიყავი, ამიტომ ქეთევანის აღზრდაში მეუღლეს აქტიურად ვეხმარებოდი: ბავშვს ვაჭმევდი, პამპერსს ვუცვლიდი და ჭიპლარსაც ვუმუშავებდი (იღიმის). მეორე შვილის აღზრდაშიც მიმიძღვის წვლილი, მაგრამ ისეთი არა, როგორიც ქეთევანის გაზრდისას - იმ პერიოდში თავისუფალი დრო არ მქონდა.

- როგორც ვიცი, მეუღლის მშობიარობას ესწრებოდით. რატომ გაგიჩნდათ ამის სურვილი?

- მე და ჩემს მეუღლეს თავიდანვე გვქონდა სურვილი, რომ მშობიარობას დავსწრებოდი. ექიმს ეს რომ ვუთხარი, ირონიულად მიპასუხა: დაესწარიო. ალბათ, იფიქრა, - როცა საქმე საქმეზე მიდგება, გადაიფიქრებსო. როცა მიხვდა, რომ სიტყვას შევასრულებდი, თქვა: თავიდან ქალები თანახმანი არიან, მშობიარობის პროცესს მათი მეუღლეც დაესწროს, მაგრამ ბოლო წუთას მეორე ნახევრებს სამშობიარო ბლოკში აღარ უშვებენო. ჰოდა, ცოლს ბოლო წუთამდე ვაფრთხილებდი: ისეთი არაფერი წამოგცდეს, რომ არ შემომიშვან-მეთქი. გარეთ რომ დავრჩენილიყავი, უფრო მეტად ვინერვიულებდი, რადგან არ მეცოდინებოდა, შიგნით რა ხდება: ასეთ დროს ხომ ადამიანი ყოველთვის ძალიან ცუდზე ფიქრობს. როცა ექთანმა დამიძახა, - შეგიძლია უკვე სამშობიარო ბლოკში შეხვიდეო, იქვე ისიც დასძინა: არ გინდა, ამ პროცესს ნუ დაესწრები, კარგი იქნება, თუ გადაიფიქრებო. მერე შემატყო, რომ ვერ გადამარწმუნებდა და ბოლოს, ისიც მითხრა: ხალათი აღარ დარჩა, რომ ჩაგაცვა და აბა, როგორ დაესწრებიო? ისეთი ტონით ვუთხარი, - ხალათი მომიტანეთ-მეთქი, რომ სასწრაფოდ მომართვა. მოკლედ, მშობიარობას დავესწარი და ყველაფერი კარგად დამთავრდა.

- რა გრძნობა დაგეუფლათ, როდესაც თქვენი შვილი ქვეყანას მოევლინა?

- ეს სასწაული იყო; შვილის დაბადება ნამდვილად ის სასწაულია, რომლის ნახვაც არ უნდა გამოტოვო, ამ დროს სასიამოვნო ემოციებს იღებ. არასდროს დამავიწყდება ის წუთები, როცა ბავშვმა პირველად ამოისუნთქა.

- მესამე შვილის დაბადებასაც დაესწრებით?

- აუცილებლად დავესწრები!

- გაქვთ თუ არა იმის სურვილი, რომ მომავალში თქვენმა შვილებმა პროფესიად მსახიობობა აირჩიონ?

- თავიანთი სურვილია, რა პროფესიას აირჩევენ. ქეთევანს ძალიან უყვარს ხატვა და ერთ დღეს თქვა: "დედა! მამა! მე უნდა გამოვიდე ელენე ახვლედიანი და ეს იცოდეთ" (იცინის). თუ მოინდომებს, რომ ამ საქმეს ბოლომდე გაჰყვეს, ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ, მაგრამ მაინც, ამ თემაზე ლაპარაკი ჯერჯერობით, ნაადრევია.

- შემოქმედებითი კუთხით თქვენკენ რა სიახლეებია? როგორც ვიცი, გორის თეატრში თამაშობთ...

- გორში ახალ სპექტაკლზე ვიწყებთ მუშაობას, რომელსაც ბატონი სოსო ნემსაძე აკეთებს. საბედნიეროდ, ჯერჯერობით იმდენს კი ვახერხებ, რომ თეატრშიც ვიყო და სერიალშიც ვითამაშო.

- გორის თეატრს მაყურებელი ჰყავს?

- იმდენი მაყურებელი ჰყავს, რომ თბილისის თეატრსაც შეშურდება. ორი წელია, გორის თეატრის სცენაზე ვდგავარ და ყოველთვის ანშლაგია ხოლმე...

ჟანა გოგინაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება