ზაზა ხუციშვილის აზარტი და ადრენალინი

ზაზა ხუციშვილის აზარტი და ადრენალინი

მუსიკოსი ზაზა ხუციშვილი საკმაოდ აქტიური ადამიანია. საყვარელ საქმეს ემსახურება, ის რადიო "ვინილის" ხელმძღვანელია. ხშირად დროის გამონახვას ნადირობისთვისაც ახერხებს, მაგრამ წიგნების საკითხავად თითქმის ვერ იცლის. უმეტესად რელიგიურ ლიტერატურას ეცნობა და ყოველდღე იღებს ინფორმაციას. ინტელექტუალური თამაშები იზიდავს, რამდენჯერმე უთამაშია კიდეც. ამბობს, რომ პასუხის გახსენება ადვილია, როცა თამაშს ეკრანზე უყურებ. როცა მონაწილეობ, სხვა სისხარტეა საჭირო.

პრეამბულის მაგიერ

- რადიო "ვინილის" დევიზია: "მუსიკა, ლაპარაკის ნაცვლად!" ეს სიტყვები "ნაციონალებისგან" ვისესხე (იცინის). დროის დიდ ნაწილს "მაესტროზე" ვატარებ. არხზე მალე ახალი გასართობი გადაცემები დაიწყება. გვაქვს საკუთარი დარბაზი, რომელიც 200 მაყურებელს იტევს. ყველანაირი აპარატურაა შეძენილი.

- საქართველოში არაერთი მუსიკალური კონკურსი ტარდება. მათგან "მაგთიფანი" რით იქნება განსხვავებული?

- ჩვენი განმასხვავებელი ის იქნება, რომ კონკურსის დამთავრების შემდეგ, გამორჩეული მონაწილეების შემოქმედებით ცხოვრებას საინტერესოს გავხდით. პასუხისმგებლობას ვიღებთ პროდიუსინგზე. საქართველოში ბევრი საინტერესო მომღერალი საპროდიუსერო კომპანიების ინტერესის მიღმა რჩება. უცხოეთში, როგორც კი ნიჭიერ ახალგაზრდას შეამჩნევენ, მაშინვე მის განვითარებაზე იწყებენ ფიქრს. ეს მეთოდი ჩვენთანაც უნდა დაინერგოს. ნიჭიერი მომღერალი კომპოზიტორების მუზა უნდა იყოს, ახალი სიმღერები უნდა დაუწერონ. "მაგთიფანი" აპრილის შუა რიცხვებიდან დაიწყება.

- კონცერტისთვის "ვაკის პარკიც" ემზადება?

- დიახ, ინიციატივა ერთ-ერთი კლუბისგან წამოვიდა. შემოგვთავაზეს, კონცერტი ჩაგვეტარებინა. ჩვენც სიამოვნებით დავთანხმდით. უცნაურია, მაგრამ მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა, მეხუთე კონცერტს ვატარებთ. მეღიმება, მანამდე "შავ სიაში" ვიყავით მოხვედრილები. იმედი მაქვს, მალე ყველა შემსრულებელი თანაბარ პირობებში ჩადგება. სიმართლე გითხრათ, ისეთი შემართება, როგორიც ახლა მაქვს, არასდროს მქონია. კარგი წინათგრძნობა მაქვს. "ვაკის პარკი" 2 წელიწადში 20 წლის გახდება. როგორ უნდა აღვნიშნოთ იუბილე, უკვე მოფიქრებული მაქვს.

- როგორი მკითხველი ხარ?

- სამწუხაროდ, მხატვრული ლიტერატურის წასაკითხად დრო საერთოდ არ მრჩება. ინფორმაციას ვიღებ ინტერნეტით და შეძლებისდაგვარად, ვეცნობი რელიგიურ ლიტერატურას. წლების წინ წიგნებს მეგობრების რჩევით ვკითხულობდი.

- იმ წიგნებიდან, რომელმა მოახდინა წარუშლელი შთაბეჭდილება?

- "თორმეტი სკამი" ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოებია. მიყვარს ბულგაკოვის "ოსტატი და მარგარიტა". ყოველთვის მომწონდა ჰემინგუეის შემოქმედება.

- როგორი პერსონაჟები გიზიდავს?

- დაახლოებით ისეთივე, როგორიც - ადამიანები. თავის დროზე ძალიან მომწონდა ათოსი "სამი მუშკეტერიდან". ვაჟკაცობით, სიტყვის პატრონობით უნდა იყოს გამორჩეული, ქვეყნის, ოჯახის, მშობლის, მეუღლის დაფასება უნდა იცოდეს.

- ინტელექტუალური თამაშები გიზიდავს?

- რამდენჯერმე მითამაშია. მაყურებლის ამპლუაში უფრო ადვილია ყოფნა. როცა კითხვას ეკრანიდან ვუსმენ, პასუხის გახსენება არ მიჭირს. კამერების წინ თამაშს სხვა სისხარტე სჭირდება.

- დანტეს აზრით, რისი დაკარგვა ანაღვლებს ყველაზე მეტად ბრძენ ადამიანს?

- წლების, ხომ?

- არა, მაგრამ სწორ პასუხთან ახლოს ხარ. მიგანიშნებ: რომაელები მეგობრებს უწოდებენ "ყველაზე დიდ ქურდებს", რადგან ისინი გვპარავენ იმას, რისი დაკარგვაც, დანტეს აზრით, ბრძენ ადამიანს ყველაზე მეტად ანაღვლებს.

- მეგობრები გვპარავენ? დავიბენი.

- არა მხოლოდ გვპარავენ, ჩვენც სიამოვნებით ვუთმობთ.

- მივხვდი, დროის დაკარგვაზეა ლაპარაკი.

- რომელია ყველაზე წყალუხვი მდინარე?

- ამაზონი.

- რას აკეთებდა ბალზაკი, როცა საკუთარ თავზე ლაპარაკობდა?

- არ ვიცი.

- გენიალური ადამიანებისადმი პატივისცემის ნიშნად, ქუდს იხდიდა.

- (იცინის) უცნაური წესი ჰქონია.

- სად არის დაკრძალული ალექსანდრე ჭავჭავაძე?

- შუამთის მონასტერში.

- რომელია ხმელთაშუა ზღვისა და ატლანტის ოკეანის დამაკავშირებელი სრუტე?

- გიბრალტარი.

- მარტოხელა კაცი შინ არყოფნის დროს გაქურდეს. რამდენ ხანში გაიგებდა ამ ამბავს აგარაკზე მყოფი მისი მეუღლე?

- მარტოხელას მეუღლე არ ეყოლებოდა.

- "ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ..."

- "...ზოგჯერ თქმითაც დაშავდების".

- რა გვარი იყო ვაჟა-ფშაველას ერთ-ერთი ნაწარმოების გმირი, ჯოყოლა?

- სამწუხაროდ, ვერ ვიხსენებ, არადა, ვაჟა-ფშაველა ჩემი საყვარელი ავტორია.

- ალხასტაიძე. რომელმა რეჟისორმა გადაიღო "დონ-კიხოტის" ქართული ვარიანტი?

- რეზო ჩხეიძემ.

- "ლამის სახლში შემოიჭრას თუთა,/ ლამის თავზე გადამისვას ხელი,/ დამიძახებს, თვალს ჩამიკრავს მუდამ,/ ხე მაღალი, ხე ზურმუხტისფერი.../ რა ჩურჩული ესმით ჩემთა ყურთა!/ რა ჩურჩული!.. დამდაგველი, მწველი.../ ლამის სახლში შემოვიდეს თუთა/ ლამის წელზე შემომხვიოს ხელი". ვინ არის ამ ლექსის ავტორი?

- ანა კალანდაძე.

- ეს ხე აღმოსავლეთ აზიის ბინადარია, დღე-ღამეში 60-70 სანტიმეტრით იზრდება. 100 წლამდე ცოცხლობს და სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ ყვავის.

- ბამბუკი.

- რა ერქვა ავაზაკს, რომელიც იესო ქრისტეს დასჯის სანაცვლოდ გაათავისუფლეს?

- ბარაბა.

- რა ჰქვია ნავს, რომლითაც ვენეციის არხებში დაცურავენ?

- გონდოლა.

- "აპატიეთ, მაგრამ არ დაივიწყოთ". ვინ არის ამ გამონათქვამის ავტორი?

- ვერ გიპასუხებ.

- კენედი. თუ წრეწირის სიგრძეს 2-ჯერ გავზრდით, რამდენჯერ გაიზრდება მისი რადიუსი?

- (ფიქრობს) 2-ჯერ.

- წარსულში ქმრის მოღალატე ცოლებსა და მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს შუბლს უდაღავდნენ, რათა მათი უღირსი საქციელის შესახებ ყველას სცოდნოდა. სწორედ ამის შემდეგ წარმოიშვა და დღემდე არსებობს ვარცხნილობის ეს ფორმა. რაზეა ლაპარაკი?

- ალბათ "ჩოლკაზე".

- რა ჰქვია მას ქართულად?

- ეგ მართლა არ ვიცი.

- წინამო. ადამიანის რომელი ჯირკვალი გამოყოფს ადრენალინს?

- თირკმელზედა.

- ექსტრიმის მოყვარული ხარ?

- ჩემი ექსტრიმი ნადირობაა. ყველაზე მეტი ადრენალინი ამ დროს გამოიყოფა და ეს ძალიან მსიამოვნებს. ნადირობისთვის დროის გამონახვას ყოველთვის ვახერხებ. ეს ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. სეზონზე მინიმუმ კვირაში 1 დღით მაინც მივდივარ. ახლა მხოლოდ ძაღლები გამყავს სავარჯიშოდ, კურდღელს ვადევნინებ. თავად, ხელში თოფის ნაცვლად ჯოხი მიჭირავს, ბრაკონიერი არ ვარ. აგვისტოს ბოლოს მწყერზე ნადირობის სეზონი დაიწყება.

- ყველაზე საინტერესო რაზეა ნადირობა?

- ტყის ქათამსა და ჩიბუხაზე, რომელსაც ბეკასის სახელით უფრო იცნობენ. მდევრით კურდღელზე ნადირობაც ძალიან საინტერესოა. დათვზე არ ვნადირობ, ადამიანის მსგავსი მგონია. ტყის ქათამზე ნადირობა იმით არის საინტერესო, რომ ტყეში სიარული ძალიან მიყვარს. ტყის ქათამი ხეზე არ ჯდება, მიწაზე ცხოვრობს და ძალიან სწრაფია. როცა ფრინდება, ხეებს შორის ისე დაფრინავს, ტრაექტორიას ვერ განსაზღვრავ. ასევეა ბეკასიც. ინგლისელები ბეკასს "სნაიპს" ეძახიან და სიტყვა "სნაიპერი" აქედან მოდის. სირთულისა და სპორტული აზარტის გამო ამ ორ ფრინველზე ნადირობა განსაკუთრებით მიყვარს. ნადირობის პროცესში ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ძაღლის მუშაობას. თუ ჩემი ძაღლი ფორმაში ვერ არის, სანადიროდ გული არც მიმიწევს. როგორც შენი შეგირდი, მეგობარი ისეა. საინტერესოა, როგორ პოულობს კურდღელს, როგორ მიჰყვება კვალს. კურდღელი მთელი გზა ემალება, ეს მისდევს, იმდენად კარგი სანახაობაა, თოფის გასროლა უკვე მესამეხარისხოვანია.

- ალკოჰოლთან "მეგობრობ"?

- ტანინიანი კახური ღვინო მიყვარს, ზაფხულში - ლუდი. მაქსიმუმ 1 ლიტრს ვსვამ. მეტი აღარ მსიამოვნებს. თუ ვიღაცას მეტი უნდა, დალიოს. მე არავის ვეჯიბრები, სიამოვნებისთვის ვსვამ.

- იზაბელა, საფერავი, ალექსანდროული, ცოლიკაური - ამ ჯიშებიდან რომელს არ აქვს შავი ნაყოფი?

- ცოლიკაურს.

- ის საქართველოს სახალხო კომისარიატის, ორჯონიკიძის რაიონის მილიციის უბნის რწმუნებული, გოგი თუშურაშვილი გახლდათ. რა მეტსახელით ვიცნობთ მას?

- კუკარაჩა.

- დაბოლოს, დაასრულე თაგორის ცნობილი გამონათქვამი: "ახალგაზრდა ადამიანს რომ სიყვარულისთვის უსაყვედურო, იგივეა, რაც დაავადებულ ადამიანს..."

- "...დაავადებულ ადამიანს - ავადმყოფობისთვის".

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება