მანანას კინო

მანანას კინო

მისი ცხოვრება კარგი რეჟისორის გადაღებულ ფილმს ჰგავს და მთლიანად კინოს უკავშირდება. კინო - კინოში: მთავარი პერსონაჟი - კინორეჟისორი, მანანა ორბელიანი.

ორბელიანებმა მას მანანა დაარქვეს. სულ პატარა იყო, როდესაც ადამიანებს საკუთარი სახელის ხსენებაზე აღფრთოვანება შეამჩნია - ანუ, ის ცნობილი ქალბატონი, ვის სეხნიადაც ბედმა არგუნა ეცხოვრა, აღფრთოვანების ღირსი იყო! როცა კითხვა ისწავლა და დიდი მანანა ორბელიანის შესახებ დედის ნაამბობს საკუთარი თვალით წაკითხული სტრიქონები მიუმატა, მიხვდა, რომ ადამიანით აღფრთოვანების ერთადერთი მიზეზი არსებობს: მისი ლამაზი ცხოვრება. თვითრეალიზაციისთვის სპორტული ტანვარჯიში აირჩია, რომელსაც როგორც ცეკვას, ისე უყურებდა და საქართველოს 4-გზის ჩემპიონიც გახდა სპორტის ამ სახეობაში...

დამთხვევები: ის და მისი ცხოვრებიდან ამოჭრილი კადრები ერთმანეთს კინოფირივით ებმიან:

- ოდრი! - ქუჩაში დაუძახეს... მაშინ 12 წლის იყო და არ იცოდა, ვინ იყო ოდრი... მაგრამ მალე "რომაული არდადეგები" ნახა და მიხვდა, რომ იმ დღეს უზარმაზარი კომპლიმენტი მიიღო. მერე კლასში სირბილით გულამოვარდნილი თანაკლასელი შემოვარდა - კიკვიძის ბაღში კინოს იღებენო... და უყურა, როგორ მოფრინავდნენ მსახიობები ფერად-ფერადი პარაშუტებით სიმაღლიდან. იმ დღეს იქ "ღიმილის ბიჭებს" იღებდნენ... მერე, სპორტული სკოლის რამდენიმე მოხდენილ გოგონათაგან მანანა შეარჩიეს სპორტის სასახლეში საახალწლო ზეიმისთვის და მსახიობებს შორის მოხვდა. თავისი ტექსტიც ახსოვს: "ეს სიმღერა ქართველმა კომპოზიტორმა, იაკობ ბობოხიძემ თქვენთვის დაწერა"... შემდეგ ფონოგრამა ირთვებოდა და დღეში სამჯერ, მანანა ზოგჯერ გულში, ზოგჯერ ხმამაღლაც აჰყვებოდა ხოლმე ამ ტექსტს: "ფიფქებიიი ცვივა დააა ფიფქებიიი გელიაააან"... ბედნიერი იყო... ბიჭიკო ჩხეიძე პირველი რეჟისორი იყო, ვისთანაც იმუშავა.

გადავახვიეთ კადრი... როცა კინოსტუდიაში მივიდა სამუშაოდ, ერთ-ერთი კაბინეტის კარზე წაიკითხა: "იაკობ ბობოხიძე"... გამბედაობა მოიკრიბა და კაბინეტის კარზე დააკაკუნა, რომ მოეყოლა, როგორი ბედნიერება აჩუქა ამ სიმღერის ავტორმა ერთ პატარა გოგოს, წლების წინ...

ოღონდ, კინოსტუდიამდე ჯერ კიდევ გზა იყო გასავლელი.

მანანას ქართული ტრადიციებით ნასაზრდოებ ოჯახში მთავარი სიტყვა მამაკაცებს ეკუთვნოდათ და მიუხედავად იმისა, რომ მსახიობობაზე ოცნებობდა, ამის უფლება ვერ მიიღო. უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. თითქოს მშვიდად იყო... მისი ჩუმი პროტესტი ჩაცმის სტილში თუ გამოიხატებოდა მხოლოდ. ჰბაძავდა ოდრის და თავისი ხელით იკერავდა კაბებს... ოჯახი კმაყოფილი იყო; კმაყოფილი იყო დიდი ეროსი მანჯგალაძეც - მათი ოჯახის ერთგული ნათესავი და მეგობარი, რომელსაც მანანა ვერაფრით გაემეტებინა მისი სიტყვებით, - "ჯოჯოხეთური პროფესიისთვის".

მაგრამ... უნივერსიტეტი სხვა აზრისა გახლდათ განათლებაზე და საკუთარ სტუდენტებს არჩეული პროფესიის გადახედვაში ეხმარებოდა. მეორე კურსზე იყო, როდესაც კინომცოდნეობის ფაკულტეტი გაიხსნა და ის კაცი, რომელიც ერთხელ კიკვიძის ბაღში ჩამოფრენილ პარაშუტებთან დაინახა, პედაგოგად მოევლინა. მალე, მოწყურებული სტუდენტი ლექციაზე პირველ რიგში იჯდა და ყურადღებით უსმენდა რეზო ჩხეიძეს.

ზაფხულის ერთ მზიან დღეს, ავტობუსის გაჩერებაზე ულამაზეს ცოლ-ქმარს, გურამ ვახტანგიშვილსა და ანა მხეიძეს შეხვდა. გურამმა ნოდარ მანაგაძის ფილმში ეპიზოდური როლის შესრულება შესთავაზა. ხუთი ხევსური გოგონასგან - ერთ-ერთის... და მისი ცხოვრების მეორე სერიაც დაიწყო...

ამ ფილმის - "ამაღლების" დირექტორი გივი კაჭარავა გახლდათ - მანანას მეუღლის, კინორეჟისორ გიორგი კაჭარავას მამა. გია დირექტორის შვილი იყო და მხოლოდ ერთმანეთის შეთვალიერებით შემოიფარგლნენ... ეს ის შემთხვევაა, როცა შემიძლია დავწერო, რომ ყველა თვალსაზრისით, ყველაფერი რიგზე იყო... 36 წლის მანძილზე ნაგროვებ, მისივე გადაღებულ ფოტოფირებში იმ პირველი გადაღებული კადრებიდან ამოკრებილ ფოტოებს მიჩვენებს - ხევსური გოგონა, მანანა ორბელიანი...

ხევსურეთიდან სხვანაირი დაბრუნდა. მეტი ძალა ჰქონდა და უფრო საღად ხედავდა მოვლენებს. როგორც თავად ამბობს, ძია კოლია ზანდუკელის დარიგებაც გაითვალისწინა და სამსახურის უშედეგოდ მაძიებელმა, კინოსტუდიაში საკუთარ ლექტორს მიაკითხა. პირველი განცდა, როდესაც მუშა ფუტკრების სკასავით გადავსებულ კინოსტუდიაში შეაბიჯა, ბედნიერება იყო. დერეფნებში ბევრი ხალხი ირეოდა და ყველა უღიმოდა... რეზო ჩხეიძესაც გაეღიმა მის დანახვაზე და შეჰპირდა, - ადგილს გიპოვიო... მერე ორი კვირა არ ეძინა... ბატონ რეზოს როგორ გაუბედავდა, რომ დანაპირები შეეხსენებინა... არც დასჭირვებია. მაშინ "დათა თუთაშხიას" პირველი 4 სერია უკვე გადაღებული იყო. რეზო ჩხეიძესთან ვიზიტის შემდეგ, ზუსტად თოთხმეტ დღეში კი, ის რეზო გაბესკირიას და გიგა ლორთქიფანიძის ჯგუფის წევრი გახდა. მერე, შემდეგი 14 წელიწადი რეზო ჩხეიძისთვის დახმარებისთვის აღარ მიუმართავს, ჩათვალა, რომ საკუთარი შრომით უნდა დაემკვიდრებინა ადგილი.

პირველ დავალებაზე ახლა ეღიმება... რუსთაველის თეატრში უნდა მისულიყო ქალბატონ ზინა კვერენჩხილაძესთან და შეეთანხმებინა კინოსტუდიაში მისვლის დღე. სულ ეს იყო, მაგრამ როცა მაყურებლისგან დაცარიელებულ, დადუმებულ თეატრში შევიდა და პირველივე შემხვედრი, იზა გიგოშვილი დაინახა, მასთან მივიდა და ზინა კვერენჩხილაძის ნაცვლად, კინოსტუდიაში ის დაიბარა.

კმაყოფილი წამოვიდა თეატრიდან... მეორე დღეს კინოსტუდიის დერეფანში იზა გიგოშვილი რეჟისორებთან მოსალაპარაკებლად მოიჩქაროდა, გადამღები ჯგუფი კი გაოცებული უყურებდა. გურამ ბუიღლიშვილმა უშველა, - იზა მე დავიბარე, რაღაც საკითხები მაქვს დასაზუსტებელიო, - დაიბრალა. მოკლედ, ქალბატონ იზასთან მართლაც იყო პატარა დეტალები გასარკვევი და მას თავი უხერხულად არ უგრძნია... მანანას კი აღარასდროს დაუშვია შეცდომა. ზინა კვერენჩხილაძეს კი იმ დღესვე მიაკითხა და ანანურში, მონასტრის სცენების გადაღებებზეც ახლდა თან. თათული დოლიძეც მაშინ ნახა პირველად - მოწაფესავით გამოწყობილი, მისი კბილა, საოცარი სილამაზის გოგონა...

თუ ოჯახის წევრი ხარ, თავი არ უნდა დაზოგოო, - ამბობს და ამიტომაც ეკიდა თოკებით იალტაში, დათა თუთაშხიას მკვლელობის, ფინალური სცენების გადაღებისას, კლდეზე, ოპერატორის ასისტენტებთან ერთად - ოპერატორი ლევან ნამგალაშვილი უნდა დაეზღვიათ. - მომაშორეთ ეს გოგო თავიდან! - შეშინებული ყვიროდა გიგა ლორთქიფანიძე...

მერე ერთ ფილმს მეორე ცვლიდა...

"თბილისი-პარიზი-თბილისისთვის" ფრუნზიკ მკრტიჩიანი უნდა მოეწვიათ. ტელეფონით მოლაპარაკება ვერ შედგა და მანანა თავის პირველ მივლინებაში გაემგზავრა... ერევანში მსახიობის ბინის კარი ღია დახვდა... შეშინდა და მეზობელს დაუკაკუნა. - შედი, შედი, ეტყობა სახლშია, მაგან ასე იცისო, - ძალით შეიყვანა შეღებულ კარში მეზობლის ქალმა. სახლის პატრონს ეძინა. რას იზამდა, ჩამოჯდა და მოთმინებით ელოდა, მაგრამ თვალებმა მოსვენება არ მისცა და გამოფენილი სურათების თვალიერება დაიწყო. ერთ-ერთ სურათს მეორე გადაჰფარებოდა, გამოქაჩა და წიგნიც გადმოიყოლა.

- ვაა, ბატონო მანანჯან, აქ ხარ? - წამოხტა ჩაძინებული ვარსკვლავი. არ იცის, რა თვალით დაინახა, მაგრამ იმ დღიდან ფრუნზიკ მკრტიჩიანი და მანანა ყოველთვის უპრობლემოდ თანხმდებოდნენ გადასაღებ დღეებზე. ჯერ იმან უმასპინძლა მეფურად ამ პატარა გოგოს თავის ქალაქში, მერე - მანანამ და მისმა ოჯახმა უმასპინძლეს. წასვლა აღარ უნდოდა თბილისიდან... იმ დღეების სახსოვარიც აქვს, - ფრუნზიკას ფოტოსურათი, წარწერით: "ბატონო მანანჯან, როცა ცუდ ხასიათზე იქნები, დახედე და გაიღიმე"...

გაღიმებაში კი ბადალი არა ჰყავს. დაქცეულ კინოსტუდიასა და 2008 წლის ომს ბუნებრივად მივადექით... გია მაშინ ბრაზილიაში ცხოვრობდა. სამი შვილისა და ორი შვილიშვილის (ახლა უკვე სამი ჰყავს) პატრონმა გადამწვარი გორი გაიარა და თავის ოაზისში, პატარა სოფელ მაიდანში ჩააკითხა შვილიშვილებს. გია ყოველ წუთს ურეკავდა და ამბავს კითხულობდა. მერე რაღაც მომენტში იკითხა - როგორ გიპოვოთო? ეს პატარა ქოხი, ულამაზესი ეზო-ბაღით, მანანა რომ ოაზისს ეძახის, მეუღლის არყოფნაში შეიძინა, თავისი ნაგროვები "კაპიკებით". ჰოდა, მონატრებული ქმრისთვის გზა უნდა ესწავლებინა. ბნელ ღამეში სახლიდან გამოვიდა, სანთლები ბალახებში ჩაამაგრა და გზა ისე გაანათა, როგორც აეროპორტის ასაფრენი ბილიკი. გია ამ ბილიკით დაბრუნდა და აღარც არასოდეს წასულა.

ბოლო წლების ყველაზე ბედნიერი მოგონებები "ყავა და ლუდს" უკავშირდება... აქაც მეორე რეჟისორი იყო... პირველ სცენებს ქუჩაში იღებდნენ. კარლო საკანდელიძე პარკით ხელში მოვიდა. გულმა რეჩხი უყო... არც შემცდარა - ბატონმა კარლომ კინოსტუდიის დროინდელი ტრადიცია გაიხსენა და ფილმის გადაღების პირველი დღე შამპანურით აღნიშნა... ახალგაზრდებს ძალიან გაუხარდათ...

სიყვარულით მოწოდებული ლუკმის გემოც იცის. გიას ბრაზილიაში ყოფნის პერიოდში ბატონი იაშა ბობოხიძე ხშირად აკითხავდათ ხოლმე. ამოვიდოდა, გამოაღებდა მაცივარს და პროდუქტით აუვსებდა... - თავად არაფერი გააჩნდაო, - წუხს მანანა... რეზო თავართქილაძის ნაჩუქარი კონვერტი კი დღემდე შენახული აქვს... ომის დაწყების დღეს მოუტანა. ამდენი ბავშვი გყავს, გია აქ არ არის, მე კი მარტოხელა ვარო... მაშინ მიხვდა, "დიდ ფულსა" და "ბევრ ფულს" შორის განსხვავებას...

სიკვდილსა და მიტოვებას შორის განსხვავებაზე სოფიკოსგან იცის. სოფიკო ჭიაურელის სცენებს ("ყავა და ლუდში") ბაკურიანში იღებდნენ. ბევრი საქმე იყო, ორი კვირის განმავლობაში თითქმის არ უძინიათ... ერთ ღამეს ახალგაზრდებმა მაინც გადაწყვიტეს ექეიფათ, მაგრამ სოფიკო აღარ შეაწუხეს... მეორე თუ მესამე სადღეგრძელოზე, თავად ჩამოაკითხა. - ეს როგორ გამიკეთეთ, მე რა, ღამისთევა გამიჭირდებოდაო?! - ბრაზობდა... და ისეთი საღამო გაატარებინა ყველას, ვერასდროს ამოიგდებს თავიდან...

სოფიკოს კოტე მოუკვდა, მაგრამ კოტეს სოფიკო არ მიუტოვებია... იქვე იყო, მხარზე აჯდა თითქოს! შემთხვევით არაფერი ხდება: სოფიკომ დიდი სიყვარული დაიმსახურა!

რაკიღა გულხელდაკრეფილი ყოფნა არ შეუძლია და რეალურად სამუშაო მხოლოდ იშვიათად აქვს, საკუთარ თავს საქმე თავად გამოუგონა და მთელი ცხოვრების განმავლობაში ნაგროვები ფოტოსურათები (ყველა მსახიობის სურათი და მონაცემი, ვისაც კი შეხვედრია 36 წლის მანძილზე) სისტემაში მოიყვანა და საიტად აქცია... ამ საიტით ხშირად უანგაროდ ეხმარება რეჟისორებს სასურველი პერსონაჟის მოძიებაში... უყვარს ყველასგან მივიწყებული სახეების გახსენება... არა, ანაზღაურებაზე უარს კი არ იტყოდა დიდი ოჯახის დიდებული დიასახლისი, მაგრამ თუ სახელმწიფო ჯერაც ვერ ზრუნავს კულტურაზე, ადამიანები კი, რომელთაც კინოს კეთება სულითა და გულით უნდათ, დახმარებას ითხოვენ, ხელი ხომ უნდა გაუწოდოს? მსახიობები ხშირად ურეკავენ: მადლობელი ვარ, რომ სიცოცხლე დამიბრუნეო...

ვუსმენ მანანას და მინდა ვკითხო: რატომ უყვარხარ ამოდენა სამყაროს ან რატომ გიყვარს ეს ამოდენა სამყარო? მისი ნაამბობით, მგონი ამ "საიდუმლოს" ამოხსნა ახლა თქვენც შეგიძლიათ...

მანანა ორბელიანის კინო... ამ ფილმის მესამე სერია გრძელდება.

დეა ცუცქირიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება