ჯემალ ჭკუასელი: "როცა კაცი საკუთარ ფესვებს სწყდება, ეროვნულს ვერაფერს შექმნის"

ჯემალ ჭკუასელი: "როცა კაცი საკუთარ ფესვებს სწყდება, ეროვნულს ვერაფერს შექმნის"

"უწინაც და ახლაც, როცა განვვლე ჩემი ცხოვრების უმეტესი ნაწილი, მოცალეობის ჟამს თვალდახუჭული ვუთვალთვალებ ჩემს ბავშვობას, ბუნებას და ადამიანებს, რომელთაც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვეს. წარსული ცოცხლობს, მეხმიანება, ცხოვრების გზას მიჩვენებს, როგორც ბრძენი აღმზრდელი. ამ ყველაფერს ისე ნათლად, ისეთ მშვენიერ ფერებში ვხედავ, ყველაფერი ეს ისე ჰგავს რეალობას, მგონია, მივუახლოვდები, ხელს შევახებ გარდასულ დღეთა ხატებას, ისიც გულში ჩამიკრავს, დამიფარავს, განმარიდებს ყოველგვარ ხიფათს, სიცრუეს, ღალატს და ვიქნებით ასე, ერთად, უძლეველნი. ვაგლახ, რომ ეს ყველაფერი ლამაზი, ფერადი სიზმარია მხოლოდ", - ამ სიტყვების ავტორი ჯემალ ჭკუასელი გახლავთ...

- თბილისში, ფიროსმანზე დეიდასთან ვცხოვრობდი, როცა ერთი კარგი გოგო დავინახე. იმ დროს შეყვარებული მყავდა, მაგრამ (იცინის) ისე მოხდა, რომ გულგრილი არც გიული აღმოჩნდა ჩემ მიმართ. ნოემბერი იყო. ცნობილმა მომღერალმა, ზაურ ბოლქვაძემ კახეთში საქეიფოდ წასვლა შემომთავაზა. გიულის სანახავად გავუარე. პალტომოსხმული, გაბრაზებული გამოვიდა, - დედამ პურზე გამგზავნა სადგურის მოედანზეო. ვაკეში, სტუდქალაქში წავედით, პური აღარავის გახსენებია. ზაურმა ხელი ჩაიქნია, შენ კახეთში წამომსვლელი არ ხარო და მე და გიული ზაჰესში, ბიძაჩემთან წავედით. ასე შეიქმნა ჩვენი ოჯახი. გიული არაჩვეულებრივად ცეკვავდა, ამითაც მიიპყრო ჩემი ყურადღება. მისი სახით დღემდე დიდი მეგობარი მყავს, რაც ძალიან იშვიათი, მაგრამ მნიშვნელოვანია. ერთად ბევრი გაჭირვება გამოვიარეთ. არ დამიჯერებთ, მაგრამ დღემდე ოროთახიან ბინაში ვცხოვრობთ. კეთილდღეობისკენ მისწრაფება არასოდეს მქონია. ერთხელ ვთქვი მამასთან, სხვაგან ქრის ჩემი გონება-მეთქი და მიპასუხა, - "შენმან თავისა ხეთქამანო" (იცინის).

- შვილებიც გაგვაცანით...

- სამი შვილი მყავს: ედიშერი, კახაბერი და ეკა. 4 შვილთაშვილი მყავს. ჩემი შვილიშვილი, გიული ახლახან გათხოვდა, მისი მეუღლე ცნობილი მოჭიდავე, ვარლამ ლიპარტელიანია. ევროპის ჩემპიონი და თავის წონაში, მსოფლიოში პირველია. ჩემპიონატზე რომ გადიოდა, ვუთხარი, თუ წაგებას აპირებ, აქეთ გზის ბილეთს ნუ აიღებ, იქვე დარჩი-მეთქი (იცინის).

- მამა, შერმადინ ჭკუასელი, ცნობილი მომღერალი იყო. თქვენი გზის არჩევა ამ ფაქტის გავლენით მოხდა?

- მამა კომუნისტური პარტიის წევრი გახდა, მაგრამ მალევე მიხვდა, სადაც შევიდა და პარტიული ბილეთი დახია, მაგრამ ამას ვინ აპატიებდა?! დასახვრეტად დასდევდნენ, მაგრამ გადარჩა, როგორღაც შეძლო და ბათუმში წავიდა. დედაც იქ გაიცნო. ბავშვობაში ჩვენთან სტუმრად რაიკომის პირველი მდივანი მოდიოდა ხოლმე. მისი პატივისცემის ნიშნად, შემსვამდნენ სკამზე და მამღერებდნენ. ბავშვებს ეს არ მოსწონთ. როგორც ჩანს, მეც შემჯავრდა სიმღერა... 22 წლისამ ქართული ხალხური სიმღერის შესრულება დავიწყე. ერთ წელიწადში, ჩემით უამრავი რამ ვისწავლე... მამასთან, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან სახელოვანი მომღერლები იკრიბებოდნენ, ბავშვისთვის კი გარემოს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ხომ გახსოვთ ანდაზა: დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახეო... ერთხელ, ბათუმში, "ინტურისტის" წინ მე, გიგა ლორთქიფანიძე, ჯანსუღ კახიძე და ჯანსუღ ჩარკვიანი ვიდექით. იქვე ვატო, ჯანსუღ კახიძის შვილი გამოჩნდა. ჯანოს საკუთარი თავი არ მოსწონდა, მაგრამ გეტყვით, რომ მასზე წარმოსადეგი კაცი არ მინახავს... გიგამ ვატოზე იკითხა: - ვინ არისო? ჯანომ, - ჩემი შვილიაო. - ამას ჰქვია, ძმაო, - დედა ნახე, მამა არ ნახო, შვილი ისე გამონახეო, - თქვა გიგამ... რაც წამოვიზარდე, თითქმის სულ ჯანსუღ კახიძის გვერდით ვიყავი. ხელოვნებაში მთავარი ის არის, რაც არ ისწავ-ლება. მიმბაძველობა დაღუპვაა საკუთარი თავისაც და ხელოვნებისაც. შუბი ხალთაში არ დაიმალება. ასევეა ჩემი უფროსი შვილი, ედიშერიც. მისთვის არასდროს არაფერი დამიძალებია და მისწავლებია, მაგრამ დღეს უკვე ანსამბლის მთავარი დირიჟორია.

- ალბათ, თქვენი ბავშვობა ომის პერიოდს დაემთხვა...

- დიახ. 1935 წელს დავიბადე. ომის დაწყება კარგად მახსოვს. ბავშვებს გვიკვირდა, უფროსები პირქუშად რომ დადიოდნენ. თუმცა ომის პერიოდისთვის დამახასიათებელი სიდუხჭირე არ განმიცდია. დეიდა ბუღალტერი იყო, კარგი ხელფასი ჰქონდა და მე და ჩემს ძმას არაფერი მოგვკლებია... გურიაში, სოფელში ვსწავლობდი. დღემდე, როცა ძალიან მიჭირს, ან ხუმრობას ვიწყებ, ან ბავშვობას ვიხსენებ, ეს ჩემი ცხოვრების უძვირფასესი ხანა იყო და იცით, რატომ? - თავისუფალი ვიყავი. მერვე კლასიდან საცხოვრებლად თბილისში გადმოვედი. სიმართლე გითხრათ, ქალაქში გადმოსვლისას ცოტა შევიბოჭე, თავისუფლება შემეზღუდა. ახლაც დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი სოფელში. სოფელს სხვა სითბო აქვს...

- ოჯახის მატერიალური მდგომარეობის გართულების გამო, სხვა საქმისთვის თუ მოგიკიდიათ ხელი?

- არასდროს მიფიქრია, რომ მომღერალი ვყოფილიყავი. ანსამბლის ხელმძღვანელობა ხომ გულშიც არასოდეს გამივლია. არავითარი მუსიკალური განათლება არ მაქვს. ჩემი მეგობარი, ჯანო გიორგაძე ანსამბლ "ერისიონის" წევრი გახლდათ. მისგან შევიტყვე, რომ 1976 წელს ანსამბლში კონკურსი იყო გამოცხადებული. შემომიჩნდა, წამოდი, ჯანო კახიძემ შენზე თქვა, კარგად მღერის და მოვიდესო. ვერაფრით დამითანხმა. მერე მსოფლიოს ჩემპიონი, გურამ საღარაძე მომიყვანა, თუ არ წამოხვალ, "შეგკრავთ" და ისე წაგიყვანთო. "ერისიონს" იმ პერიოდში გურამ ბაქრაძე ხელმძღვანელობდა. ახლაც არ ვიცი, რატომ, - კონკურსზე მისულმა ძალიან ცუდად ვიმღერე. გურამს ჯანო გიორგაძისთვის დაურეკავს, - ვიცი, მაგის მონაცემები და რა დაემართა? სიიდან არ წავშლი, მეორე ტურზე აუცილებლად მოვიდესო. ამაზე კატეგორიული უარი განვაცხადე. მოგვიანებით დამირეკეს და მითხრეს, რომ ანსამბლში ვიყავი ჩარიცხული. მერე მეგობარმა, ნუგზარ რუხაძემ, რომელიც იმ პერიოდში ქუთაისის ქალაქკომის პირველი მდივანი გახლდათ, მთხოვა, ქუთაისში ანსამბლი შემექმნა. უარი ვუთხარი. თავი რომ აღარ დამანება, წავედი, მაგრამ 3 თვის განმავლობაში იქ ვერაფერი გავაწყვე, არაფერი გამომივიდა, ლამის თვითმკვლელობამდე მივედი... მივხვდი, რომ ზოგჯერ სურვილი არ არის საკმარისი... მოგვიანებით, როგორღაც, "ჩავავლე" ჩვენი საქმის სპეციფიკას... 5 წლის შემდეგ ჩამაცივდნენ, თბილისში, დიდ ანსამბლში გადმოდიო. არ მინდოდა აქ გადმოსვლა, რადგან ვიცოდი, იმათი გაშვება მომიწევდა, ვინც გვერდით მყავდა. მაგრამ მაშინდელმა კულტურის მინისტრმა, ვალერი ასათიანმა წინ ბრძანება დამიდო... რაღას ვიზამდი, გადმოვედი... ცოლ-შვილის რჩენის ვალდებულება ზოგჯერ სხვადასხვა სამსახურში შესვლას მაიძულებდა, მაგრამ წელიწადზე მეტხანს ვერსად ვძლებდი, თუმცა, არ მახსოვს, ცხოვრებაში ერთი გაკვეთილი გამეცდინოს ან დამეგვიანებინოს...

- ალბათ, ეს ერთ-ერთი მიზეზია "ერისიონის" წარმატებისა...

- მსოფლიოში არ გაკეთებულა ფოლკლორულზე ორგანყოფილებიანი შოუპროგრამა პირველწყაროს უპრეცედენტო ერთგულებით. ეს ჩემი კი არა, ფოლკლორის დამსახურებაა, მაგრამ ისიც არის, ინფორმაციას როგორ მიაწვდი საზოგადოებას, მსოფლიოს... ამერიკელი პროდიუსერი ჯიმ ლო უცებ გამოჩნდა და ჩვენს შოუში დიდი ფული ჩადო, რისთვისაც მისი მადლიერი ვარ, მაგრამ მოგვიანებით გარკვეული მოთხოვნები წაგვიყენეს, რაზეც უარი ვთქვი. მაგალითად, გერმანელებმა მოითხოვეს, გოგონებს "გული" გამოსჩენოდათ. ეს არ გავაკეთე... ქართულმა ხალხურმა სიმღერამ "ოქროს დისკი" მიიღო... "უნივერსალმა" გააკეთა მსოფლიო ვარსკვლავების შერჩევა და "ერისიონთან" ერთად, მასში მარია კალასის, კაბალიეს, ფრედი მერკურის, დომინგოს, პავაროტის შესრულებული ნაწარმოებები შევიდა.

- თქვენი ცხოვრების გზაზე, ამ გადასახედიდან, სირთულე მეტი იყო თუ წარმატება?

- ეკლის გვირგვინს არ ვიდგამ, მაგრამ მართლა ბევრი საშინელება გადავიტანე. 2003 წელს მორფის შემოტანასაც კი დაუკავშირეს "ერისიონის" სახელი. "შატილის ასულოს" ტექსტზე გახსოვთ, რა ამბავიც იყო ატეხილი. ტექსტის ავტორობა სხვამ დაიჩემა და ბოლოს, საერთოდ შევცვალე. სასამართლომ ის ადამიანი გაამართლა, რომელიც ამბობდა (ახლა გარდაიცვალა), - 1963 წელს ტექსტი მე დავწერეო, არადა, ამ სიმღერას 1958 წელს უკვე ვმღეროდი. ბევრი რამ მარტომ ისე გადავიტანე, რომ ანსამბლს არც გავაგებინე... გასული წლის 15 დეკემბერს ავიაკატასტროფას სასწაულით გადავურჩით. თვითმფრინავის კარში ჰაერი შემოდიოდა... ორსაათ-ნახევრის განმავლობაში თვითმფრინავში პანიკა იყო. ანსამბლთან ერთად, იქ ჩემი ოჯახის 5 წევრი იმყოფებოდა. როგორღაც თავს ძალა დავატანე, შვილიშვილს მივუჯექი და მშვიდად ველაპარაკებოდი... იქვე ორი ქალბატონი შევნიშნე, რომლებიც აბსოლუტურ სიმშვიდეს ინარჩუნებდნენ. როცა ყველაფერი კარგად დამთავრდა და თვითმფრინავი აეროპორტში მშვიდობით დაეშვა, მათ ვუთხარი: ყოჩაღ, ასეთი სიმშვიდის შენარჩუნება როგორ შეძელით-მეთქი, - და იცით, რა მიპასუხეს? არ შეიძლებოდა, ღმერთს "ერისიონი" გაეწირა, ამაში დარწმუნებულები ვიყავითო...

- ამდენი გულისტკენის მიუხედავად, საზღვარგარეთ საცხოვრებლად გადასვლაზე არასოდეს გიფიქრიათ? თუნდაც იმისთვის, რომ იქაც ეროვნული საქმე გეკეთებინათ.

- როცა კაცი საკუთარ ფესვებს სწყდება, ეროვნულს ვერაფერს შექმნის. გურიაში რომ ჩავდივარ, გურულ სიმღერას ისე, როგორც საჭიროა, ვეღარ ვმღერი. იქიდან თბილისში ჩამოსულიც კი ჩემს ბუნებას ვკარგავ... მოკლედ, ფაქტი ერთია, საქართველოს გარეთ ვერ ვძლებ. მელანდება მეგობრები, მამის საფლავი. ქართული ლაპარაკი და ვიღაცის უზრდელობაც კი მომნატრებია. სამშობლო ისეთი უნდა გიყვარდეს, როგორიც არის... ბოლო 12-13 წელია, განსაკუთრებულად გვიღებენ საზღვარგარეთ. ჩინეთში დარბაზში ტაშს თითქმის არ უკრავენ, მაგრამ ჩვენი გამოსვლის შემდეგ დაინგრა დარბაზი... თუ ქართული ხალხური სიმღერა არ იარსებებს, მერწმუნეთ, საქართველოც არ იქნება. იუნესკოს შეფასებით, ქართული სიმღერა "მსოფლიო მუსიკალური აზროვნების შედევრია"...

- რაღაც გულდაწყვეტილი საუბრობთ...

- გული მწყდება, რომ ის ადამიანები, ვისაც ეს ხელეწიფება, ნაკლებად აქცევენ ყურადღებას ქართულ ხალხურ სიმღერას. ჯერჯერობით ჩემი ჩანაფიქრის მაქსიმუმ 15 პროცენტი თუ მაქვს გაკეთებული... დღემდე, 1986 წელს შეკერილი კოსტიუმები გვაქვს. სხვა ქვეყნის ხელოვანებს "ოქროს დისკი" რომ ჰქონდეთ, მსოფლიოს აიკლებდნენ. ვერიდები ამის თქმას, მაგრამ ჩემი ვალია, გითხრათ: - ქართული ხალხური სიმღერა დღევანდელი მდგომარეობით, მაქსიმუმ 10-15 წელიწადში აღარ იარსებებს! აღარ იქნება იმ სახით, როგორიც მსოფლიოს მოსწონს. ბევრი კარგი ანსამბლია, მაგრამ ისინი "თბილისურ ხალხურს" მღერიან. ეს ის შემთხვევაა, როცა ზღვა კოვზით ილევა. აუდიო-ვიდეოჩანაწერები იმ შედეგს არ იძლევა, რომელიც მისი განვითარების, სტილისა და მანერის შენარჩუნებისთვის არის საჭირო. თითო რაიონში 4-5 კაცია ისეთი, ვინც ამ სიმღერებს ასრულებს. რა მოხდება, მათ ისეთი პირობები შევუქმნათ, რომ ოჯახის რჩენა შეძლონ?! წარმოიდგინეთ, არსებობს კაზაკების ფოლკლორული გუნდი, რომლის წლიური დაფინანსება ოთხ-ნახევარი მილიონი დოლარია... სტრავინსკიმ ბრძანა: "ქართული ხალხური სიმღერა (კერძოდ, გურული პოლიფონია) ყველა დროის ყველაზე თანამედროვე სიმღერაა".

- ბატონო ჯემალ, გვერდს ვერ ავუვლით ბოლო დროს "ერისიონთან" დაკავშირებულ შეფასებებს. ვგულისხმობ ანსამბლის მიერ მოსკოვში გამართულ კონცერტს...

- არავინ იფიქროს, რომ თავს ვიმართლებ: იმავეს გავიმეორებ ასჯერ და ათასჯერ, რაც აქამდე ვთქვი... საწყენი ის არის, რომ ეს ყველაფერი ამ ფაქტზე ბევრად შორს მიდის, - მავანმა ბრძოლა ყველაფერ ქართულს გამოუცხადა!..

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ