ექიმი, რომელიც რეანიმაციიდან "შუა ქალაქში" აღმოჩნდა

ექიმი, რომელიც რეანიმაციიდან "შუა ქალაქში" აღმოჩნდა

გიორგი კაპანაძე სერიალის "შუა ქალაქში" სცენარისტი გახლავთ. ამასთან, პროექტის - "რომ გადახვალ, გააჩერე" სცენარისტი და რეჟისორია, თუმცა პროფესიით ექიმია. თავისი სპეციალობით არც ისე დიდი ხნის წინ, რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობდა, მაგრამ გადაწყვიტა, სამედიცინო სფეროს ჩამოშორებოდა და დრო მთლიანად იუმორისტული სფეროსთვის დაეთმო. ჰოდა, რეანიმაციული განყოფილებიდან "ღამის შოუს სტუდიაშიც" აღმოჩნდა.

- ყოველთვის მაინტერესებდა საბუნებისმეტყველო საგნები. თან, დეიდაშვილი წარმატებული ექიმი მყავდა, რომელიც ყველას ეხმარებოდა. მისი საქმიანობა მეც მეამაყებოდა და პატარაობიდან მინდოდა მისთვის მიმებაძა. ისე, ჩემი ბავშვობა ისეთ პერიოდს დაემთხვა, წესით, ქურდობა უნდა მომნდომებოდა, რადგან მაშინ ქურდებსაც კარგი იმიჯი ჰქონდათ (იღიმის)... მოკლედ, ოჯახი ჩემს გადაწყვეტილებას, სამედიცინო უნივერსიტეტში ჩამებარებინა, დადებითად შეხვდა.

- უნივერსიტეტში სწავლა მოგწონდა?

- იყო სასიხარულო მომენტებიც და იმედგაცრუებაც: არ იყო წესიერი ლიტერატურა, რითაც სრულფასოვანი განათლება უნდა მიგვეღო. 2000 წელს ჩავაბარე და მაშინ, ყველასთვის ხელმისაწვდომი ინტერნეტიც არ იყო. პირველ ორ კურსზე სწავლა გამიჭირდა, თუმცა მთლიანობაში, ის პერიოდი და დრო, რომელიც სწავლას დავუთმე, ცუდად არ მახსენდება.

- ექიმობა რამდენიმე ადგილას მოგიხდა. ეს საქმიანობა თუ განიჭებდა სიამოვნებას?

- ექიმებს და მით უმეტეს, დამწყებებს, არც ისე მაღალი ხელფასი აქვთ, ამიტომ სამ ადგილას ვმუშაობდი. მორიგეობა გადაბმულად, სამი დღის განმავლობაში მიწევდა. თავიდან ის ყველაფერი სიამოვნებას მანიჭებდა...

- მერე სამედიცინო სფეროდან "ღამის შოუს სტუდიაში" როგორ აღმოჩნდი?

- სამედიცინო უნივერსიტეტის "კავეენის" გუნდში ვთამაშობდი, რამაც ხუმრობების წერისკენ მიბიძგა. მერე მეგობრებმა მითხრეს, რომ "ფორტუნა პლუსზე" რაღაც ახალი პროექტი იწყებოდა და მირჩიეს, მივსულიყავი და ბედი მეცადა (თუმცა მანამდე რეკლამებსაც ვიღებდი და მასში ვმონაწილეობდი კიდეც). რადიოში მუშაობა რეანიმაციაში მუშაობას ნამდვილად ჯობდა. რადიოში მოგვიანებით რაღაც თანამდებობაც შემომთავაზეს. დავთანხმდი და ვცდილობდი, იმ საქმიანობისთვის ექიმობაც შემეთავსებინა. დიდი ხნის განმავლობაში კერძო "სასწრაფოში" ვმუშაობდი. ის კომპანია რომ არ დახურულიყო, ალბათ დღემდე "სასწრაფოზე" ვიმუშავებდი და როგორც ექიმს, სამედიცინო პრაქტიკა მექნებოდა... ისე, რეზიდენტურაც დავამთავრე, მაგრამ მგონია, სამედიცინო სფეროში რომ დავრჩენილიყავი, წარუმატებლობა უნდა განმეცადა. "ღამის შოუს სტუდიაში" კი გაცილებით კარგად ვგრძნობ თავს. მსიამოვნებს ის საქმიანობა, რასაც ვაკეთებ. ანაზღაურებაც კარგი მაქვს... უნდა აღვნიშნო, რომ დათო გოგიჩაიშვილმა, მეგობრებთან ერთად, ჩვენში საფუძველი ჩაუყარა გემოვნებიან იუმორისტულ გადაცემებს. როგორც მაყურებელს, მომწონდა მათი პროექტები და საკუთარ თავში ვგრძნობდი პოტენციალს, რომ მეც შემეძლო მსგავს შოუებზე მუშაობა. მაგრამ იმის გამო, რომ ექიმი გახლდით, ჩემმა სურვილმა უკანა პლანზე გადაიწია. რადიოში მუშაობისას, თქვენი ერთ-ერთი კოლეგისგან გავიგე, რომ "ღამის შოუს სტუდია" სცენარისტების შესარჩევად კასტინგს აცხადებდა და მივედი კასტინგზე. იქ ის ადამიანები დამხვდნენ, რომლებსაც "კავეენიდან" ვიცნობდი. მოკლედ, გამიმართლა და "ღამის შოუს სტუდიაში" მუშაობა დავიწყე.

- როგორ მიგიღეს ბიჭებმა?

- თავიდან ყველას საკუთარი თავი ძალიან მაგარი ჰგონია და ასე ვიყავი მეც. "ღამის შოუს სტუდიაში" მუშაობა არც ისე იოლი აღმოჩნდა, მაგრამ ისეთ გამოცდილ ხალხთან მიწევდა თანამშრომლობა, რომ მალე ყველა სირთულე დავძლიე. დიდი კომფორტია კარგი თანამშრომლები.

- არ ნანობ, რომ ექიმობას საბოლოოდ თავი დაანებე?

- არა, რადგანაც ამაზე, თავის დროზე, ბევრი ვიფიქრე. უკვე ოჯახი მქონდა და ჩემი ეს ნაბიჯი მეუღლესთან ერთად გავაანალიზე... საქართველოში ძნელია ექიმობა. დიდი დროა საჭირო იმისთვის, რომ მატერიალური მხარე მოიწესრიგო.

- სცენარისტებს დატვირთული გრაფიკი გაქვთ?

- ძალიან დატვირთულები ვართ. როცა იღლები, ყველანაირი საქმე რუტინა ხდება, მაგრამ რეანიმაციისგან განსხვავებით, ეს რუტინა გაცილებით იოლია. სახალისოა სცენარის შექმნის პროცესი. ერთმანეთის ხუმრობაზე თუ არ გაგვეცინა, ე.ი. სხვასაც არ გაეცინება. თუმცა არც ისეა საქმე, რომ იმ დროს სცენარისტები განსაკუთრებით ვმხიარულობთ. ერთდროულად ბევრ რამეზე გვიწევს ფიქრი: როგორი უნდა იყოს ესა თუ ის სერია, ხანდახან 3 და 4 დღე გვიფიქრია და ხან, ერთ საათშიც დაგვიწერია. წინასწარ ვერაფერს განსაზღვრავ, თუმცა ჩვენს გრაფიკში ყოველთვის ვსხდებით.

- როგორც ვიცი, ხანდახან სერიალში ამა თუ იმ ეპიზოდური როლის შესრულებაც გიწევს...

- კი, მაგრამ მიმაჩნია, რომ მსახიობად არ ვვარგივარ. ეპიზოდური როლების თამაში ბევრს შეუძლია, ამიტომ ამაში რთული არაფერია. წინასწარ ვხვდები, რა შეიძლება გამომივიდეს და რა - არა... საერთოდ, ისეთ სფეროში ვმუშაობთ, რომ მუდმივად სიახლე თუ არ შეიტანე, არაფერი გამოვა. ამიტომ სულ ძიებაში ვართ, - რაღაცები მოგვწონს, რაღაცები - არა. ერთფეროვნებას გავურბივართ. რისკებზეც მივდივართ, ექსპერიმენტებსაც ვატარებთ, ზოგჯერ ამართლებს, ზოგჯერ - არა. მუდმივად სიახლე თუ არ ეძებე, მაყურებელსაც მოჰბეზრდება ჩვენი პროექტი...

- როგორც ვიცი, გყავს მეუღლე და ორი შვილი. რადგანაც სამსახურს ბევრ დროს უთმობ, მათთან ყოფნის დეფიციტს ხომ არ განიცდი?

- ორი ვაჟი მყავს, ერთი 6 წლის არის, მეორე - 2-ის. მათთან ყოფნის დეფიციტი ნამდვილად მაქვს, მაგრამ ამ ფაქტს შეგუებული ვარ...

რაც შეეხება მეუღლეს, სადაც უნდა ვმუშაობდე, ჩემი საქმიანობის კარგი შემფასებელია. მის გემოვნებას ყოველთვის ვენდობი. შესაბამისად ბევრ რამეში მეხმარება...

ჟანა გოგინაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება