"საქართველოს იურმალაში გამარჯვების ძალიან დიდი შანსი აქვს"

"საქართველოს იურმალაში გამარჯვების ძალიან დიდი შანსი აქვს"

ბოლო წლებია, ჩვენი ქვეყანა იურმალის ყოველწლიურ კონკურს "ახალ ტალღას" გამოეთიშა, თუმცა კონკურსზე მონაწილეობის მსურველთა რიცხვი იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ წელს, 2 აპრილს გამართულ შესარჩევ კონკურსზე, საუკეთესო 30 კონკურსანტიდან საქართველოში სპეციალურად ჩამოსულ ჟიურის თითქმის ყველა მოეწონა და დახურულ კარს მიღმა საათზე მეტხანს იმსჯელეს. საბოლოოდ, ორი მათგანი შეირჩა - სალომე ქათამაძე და ნინი ცნობილაძე 5 აპრილს კიევში ფინალურ ტურზე მიიწვიეს. მათგან ერთ-ერთი წარადგენს ზაფხულში საქართველოს "ახალ ტალღაზე".

თბილისში გამართულ კონკურსზე, ახალ სახეებთან ერთად, "ჯეოსტარის" და "ახალი ხმის" მონაწილეებიც იყვნენ, მათ შორის თემურ საჯაია, მიშა სულუხია, ოთო ნემსაძე, მარიამ კახელიშვილი, ვერიკო მაცაბერიძე, ინდირა ჯგერნაია, მაგდა ვასაძე, ნინი ცნობილაძე, სალომე ქათამაძე, თაკო გაჩეჩილაძე. გარეთ რომ 20 გრადუსი სითბო იყო, დარბაზში კი - უფრო მეტი, თაკო გაჩეჩილაძე შესარჩევ კონკურსზე ქურქით გამოცხადდა და მხოლოდ სცენაზე გასვლის წინ გაიხადა. შესარჩევი კონკურსი რვა საათს გაგრძელდა. ჟიურის წევრებს შორის იყვნენ: კონკურსის მუსიკალური პროდიუსერი ანასტასია მუხინა, ვალერი მელაძე, ნანი ბრეგვაძე და სხვები. ჟიურის თავმჯდომარე "ახალი ტალღის" დამდგმელი რეჟისორი ალექსანდრ რევზინი გახლდათ. ის იმდენად მოიხიბლა მიშა სულუხიას შესრულებით, რომ უთქვამს, რა გინდა იურმალაზე, პირდაპირ სცენაზე გადიო.

რუსულენოვანი ჟიური კონკურსანტებს საკუთარი სიმღერების შესრულებას სთხოვდა, რაც თითქმის არავის ჰქონდა. პრობლემა იყო ისიც, რომ ბევრს არ ესმოდა და ვერ ლაპარაკობდა რუსულ ენაზე. იურმალის კონკურსი კი რუსულენოვანია.

ვალერი მელაძე:

- ყველა მონაწილე კარგია. ჩვენ ბევრი ვიკამათეთ, მიხეილ სულუხიაც ძალიან მოგვეწონა. ძალიან კარგად წარდგა სოფო თინიკაშვილი, ამიტომ ჩვენთვის საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ძალიან ძნელი იყო. ჟიურის წევრებს ვაძალებდი, ორივე მიგვეწვია კიევში კონკურსის ფინალურ ეტაპზე - ნინი ცნობილაძეც და სალომე ქათამაძეც. შეიძლება მათგან მხოლოდ ერთი დარჩეს, მაგრამ ორივე ძალიან ძლიერი კონკურსანტია და ღმერთმა ქნას, საქართველომ პირველი ადგილი აიღოს.

დანარჩენმა მონაწილეებმა ხელი არ უნდა ჩაიქნიონ. მათ შეუძლიათ სხვა კონკურსებში, მომავალ წელს კი ისევ "ახალი ტალღის" შესარჩევ ტურში მიიღონ მონაწილეობა. მე სულ ორ კონკურსში მაქვს მონაწილეობა მიღებული და ორივედან მალევე გამოვვარდი. შემდეგ პირობა მივეცი საკუთარ თავს, რომ კონკურსში მონაწილეობა აღარასოდეს მიმეღო და პირდაპირ ესტრადაზე, ჩემი გზით წავედი.

- შესაძლებელია ნინიც და სა­ლომეც დატოვოთ, თუნდაც დუ­ეტში, თუ ასე მოგწონთ ორივე?

- არა, მათი ხმები ერთმანეთს არ შეესაბამება, ამიტომ ისინი დუეტით ვერ წარდგებიან. თუ შესაძლებელი იქნება, იურმალაში ორივე გამოვიდეს, ეს ძალიან კარგი იქნება. მე ვეცდები, ასე მოხდეს და ვეტყვი ჟიურის, თუმცა ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, კონკურსის ხელმძღვანელობა რას გადაწყვეტს. ჩვენი არჩევანით, ვფიქრობ, საქართველოს გამარჯვების ძალიან დიდი შანსი აქვს, ამის დიდი იმედი მაქვს.

ალექსანდრ რევზინი:

- "ახალი ტალღის" შესარჩევ კონკურსებში არსად ამდენი დრო არ დაგვჭირვებია იმის გადასაწყვეტად, ვინ გახდებოდა ფინალისტი. ნინი ცნობილაძე და სალომე ქათამაძე ჩვენი საერთო აზრია, თუმცა აქ სხვა პრობლემა იყო, კონკურსანტებს არ ჰქონდათ რეპერტუარი, უმრავლესობა უიტნი ჰიუსტონის სიმღერებს ასრულებდა.

- მათი რეპერტუარი რატომ არ მოგეწონათ?

- არსებობს კანონზომიერება, რომ არტისტს ქმნის რეპერტუარი, მათ კი რეპერტუარი არ აქვთ. მათ არ აქვთ ორიგინალური მუსიკა, ეს კი დიდი პრობლემაა. კონკურსი საკმაოდ მკაცრი რამ არის, როდესაც რეპერტუარი არ არსებობს, ვერც მომღერალი შედგება.

საბოლოოდ გადავწყვიტეთ, რომ ეს ორი გოგონა აბსოლუტურად შეესაბამება ჩვენი კონკურსის ფორმატს. ორივე ღირსეულია და გამარჯვების დიდი შანსი აქვთ. ერთ-ერთი მათგანი გაემგზავრება იურმალაში.

- რას ეტყვით მათ, ვინც ფინალში ვერ გავიდა?

- ვისაც აინტერესებს, რა ხდება იურმალაში კონკურსზე, "ახალ ტალღას" ყურადღებით უყურონ და გააანალიზონ, ნახავენ, რამდენად საინტერესო იქნება მათთვის იქ მონაწილეობა და რამდენად გახდება ეს კონკურსი მათთვის ტრამპლინი მომავალ კარიერაში. თუ გაითვალისწინებენ, როგორია ჩვენი შეხედულება მუსიკაზე, ჩვენი წარმოდგენა, თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე მუსიკა, მეტი შანსი ექნებათ, მომავალ წელს მოხვდნენ კონკურსის ფინალში.

- მომავალ წელსაც ეწვევით საქართველოს?

- თუ მომიწვევთ, აუცილებლად ჩამოვალ. თანაც, მე საქართველო და ქართველი ხალხი მიყვარს.

სალომე ქათამაძე

- სალომე, ელოდით გამარჯვებას?

- არა, არ ველოდი და ძალიან გამიხარდა. ყველა მონაწილე მაგარი იყო და ყველას თანაბარი შანსი ჰქონდა. თან კიდევ ერთხელ მოვხვდი ფინალში ნინისთან ერთად.

- იურმალის შემდეგ რა გეგ­მები გაქვთ, თქვენი სურვილი და ოცნება რა არის? რუსულ ესტრადაზე გასვლის სურვილი გაქვთ?

- არ ვიცი, ახლა ძალიან დაბნეული ვარ, ვერ გიპასუხებთ ვერაფერს, ძალიან რთულ კითხვებს მისვამთ.

- მაშინ მარტივად მოგვიყევით, რეპერტუარი როგორ მოამზადეთ?

- რეპერტუარი შემთხვევით, დათო ფორჩხიძესთან ერთად შერჩეული სიმღერებიდან ამოვარჩიე, რომელიც "ვოისზე" არ ვიმღერე, ის გამოვიტანე. ბედნიერი ვარ და ძალიან მიხარია. ყველას ვუსურვებ წარმატებას, ვინც ვერ გადავიდა შემდეგ ტურში, ყველა ჩემი მეგობარია, ყველა ძალიან მიყვარს. მე ვფიქრობ, ნინი ძალიან კარგი კონკურენტია, საქართველოს სასახელოდ და დიდებისთვის მე ვიბრძოლებ თუ ნინი, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა.

ნინი ცნობილაძე:

- არ ვიცი, რა გიპასუხოთ, მართლა ძალიან მაგარი მონაწილეები იყვნენ. ფინალში მე და სალომე რომ აღმოვჩნდით, ეს ჩემთვის დიდი მოულოდნელობა იყო. ვნახოთ, რა მოხდება. აქ ჩემი პროდიუსერის, ნატო დუმბაძის თხოვნით მოვედი. ალბათ მან დაინახა ჩემში ის რაღაც, რაც ამ კონკურსისთვის იყო საჭირო.

- ისევ სალომესთან კონკურენცია... ხომ არ გეშინია?

- ისევ სალომესთან... ფინალში... კონკურენციის ნამდვილად არ მეშინია.

- რა გეგმები გაქვთ შემდეგ, იურმალა რას მოგიტანთ?

- არ ვიცი, ვნახოთ, ნამდვილად არ მიფიქრია ამაზე. კონკურსამდე ორი დღით ადრე შევავსე განაცხადი და გამოვგზავნე, ამიტომ ჯერ გეგმებს ვერ დავაწყობ, ჯერ უნდა დავწყნარდე, დავფიქრდე.

ნატო დუმბაძე:

- საკმაოდ კარგი და ძლიერი მონაწილეები იყვნენ. ალბათ ყველა ელოდებოდა გამარჯვებას. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ნინი გავიდა. მასთან დავიწყე თანამშრომლობა და, რა თქმა უნდა, მასში პერსპექტივას ვხედავ, ასე რომ არ იყოს, იურმალას არ შევთავაზებდი.

- თქვენი მომავალი გეგმები რუ­სეთის ესტრადას ხომ არ უკავშირდება?

- რა თქმა უნდა.

ნანი ბრეგვაძე:

- "რეიტინგი"?.. ოოო (მკაცრი სახე მიიღო და გაგვიღიმა - ავტ.), რა ვთქვა?

- როგორ მოგეწონათ კონკურსანტები?

- ძალიან მომზადებული და კარგი ბავშვები არიან, არც მეგონა, თუ ასეთი ხმებიც არსებობს. აღფრთოვანებული ვარ მათით, ნამდვილად ძალიან ძნელი იყო მათ შორის საუკეთესოს ამორჩევა. ამიტომ ჩვენ ორი მონაწილის ფინალისტობა შევთავაზეთ, შემდეგ სამზეც იყო ლაპარაკი. საბოლოოდ კი კონკურსის ჟიურიმ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული 500 მონაწილიდან 16 საუკეთესო უნდა აარჩიოს, წარმოგიდგენიათ, ეს რა რთულია?!

- გამარჯვებულები როგორ მოგეწონათ?

- ისინი ჩვენი არჩეულები არიან და, რა თქმა უნდა, ძალიან კარგები არიან. სხვათა შორის, მე მესამესაც ავირჩევდი. ზოგიერთი ისეთი ახალგაზრდაა, რომ მათი მომავალი მხოლოდ დღევანდელი დღით არ განისაზღვრება, ისინი წინ წავლენ, ამიტომ არასოდეს უნდა დაკარგონ იმედი. ახლა ისეთი დრო მოვიდა, რომ, როგორც ჩანს, კონკურსებს დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა, აბა, რამდენმა გაიმარჯვა და თავისი ნიჭის რეალიზების საშუალება მაინც არსად აქვს. ეს არის საშინელება. პირველ რიგში, ყველას უნდა ჰქონდეს გასტროლების, თავის წარმოჩენის საშუალება. ისე არაფერი ხდება.

- მათ, ვინც ფინალში ვერ გადავიდა, რას ურჩევთ?

- გული არავინ არ უნდა გაიტეხოს. გამარჯვებაზე ყველა ფიქრობს, მაგრამ ძალიან რთული იყო ჩვენთვის 30-დან ერთის შერჩევა. არავის არ დასწყდეს გული, რომ იურმალაში ვერ წავა. იურმალის გარდა, არსებობს ქვეყანა, ჩვენი საქართველო. პირველ რიგში, ჩვენმა ხალხმა უნდა შეგიყვაროთ. მინდა ყველას გამარჯვება ვუსურვო. სიმშვიდე და იმედი არ დაკარგოთ. მეც ჩემს ცხოვრებაში ერთხელ ვიყავი კონკურსზე და ვალერი მელაძის არ იყოს, მეც გამომაგდეს. ეს არაფერს ნიშნავს. კეთილშობილები უნდა იყოთ, საკუთარ თავში დარწმუნებულები და არავისი არაფერი შეგშურდეთ. ბედნიერებას და სიკეთეს გისურვებთ.

მარინა ბერიძე

- ქალბატონო მარინა, ცხოვრებაში რა კეთილი ხართ, ყველას უღიმით, ეფერებით, ეკრანზე სულ სხვანაირი ჩანხართ...

- (იცინის) იმიტომ, რომ ჟიურიში არ ვზივარ და ეს კარგია, არც არასოდეს დავჯდები. ბევრად კარგია მოსმენა. ძალიან კმაყოფილი ვარ, ბევრი საინტერესო ბავშვია. თითქმის ყველას ვიცნობ და ჩვენი ხელიდან არის წამოსული, რაც მახარებს. კარგები აარჩიეს და აბსოლუტურად ვეთანხმები. ვნახოთ, რა მოხდება. თუ გვინდა იურმალა, მისი ფორმატის აზრზეც უნდა ვიყოთ, ეს მონაწილეების პრობლემა არ არის, ეს იმათი პრობლემაა, ვინც მათ ამზადებს. პროდიუსერებმა უნდა იცოდნენ, რისთვის ამზადებენ მათ.

ზაზა გიგაური

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ასევე იხილეთ: როგორ მოხიბლა სალომე ქათამაძემ იურმალას კონკურსის ჟიური - ვიდეო შესარჩევი ტურიდან

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება