როგორ სასიმამროს ეძებს ქუთაისელი დათოიე

როგორ სასიმამროს ეძებს ქუთაისელი დათოიე

"ე ბი მეიცა" - ე, ბიჭო მოიცადე; "ა, ბუ, გუ, დუ" - ა, ბ, გ, დ. ეს ქუთაისურ-თბილისური ლექსიკონის ნაწილია, რომელიც "კომედი შოუმ" ერთ-ერთ მორიგ სკეტჩში შემოგვთავაზა. ქუთაისელი დათოიეს როლი მშვენივრად მოირგო 18 წლის თემუკა პატარიძემ, რომელიც უკვე ერთი წელია, ამ ჯგუფში ირიცხება.

- თემო, როგორ მოხვდი "კომედი ჯგუფში"?

- "კავეენიდან", რომელსაც "კომედი შოუს" ჯგუფი ესწრებოდა ხოლმე, ჩვენს გუნდს "შარახვეტია" ერქვა. იქ მნახეს ბიჭებმა და "კომედი ჯგუფში" მიმიწვიეს. ერთი წელია, "კომედი შოუს" გუნდში ვარ.

- შენი გმირი, ქუთაისელი დათოიე, როგორ შეიქმნა?

- სინამდვილეშიც ქუთაისელი ვარ. სკოლა იქ დავამთავრე, თუმცა ვერ მოვრჩი ბოლომდე.

- ბოლომდე ვერ მოვრჩი რას ნიშნავს?

- რომ არ დავდივარ და არებს არ მიწერენ, საიდუმლოა, არ უნდა ვთქვათ. მოვწონვარ ქუთაისელ მასწავლებლებს ეკრანზე და ხელს მიმართავენ. ახლა აბიტურიენტი ვარ. უნივერსიტეტში ვაბარებ. ყველა მეუბნება, თეატრალურზე ჩააბარეო, მაგრამ მე არ მინდა. რამე ჰუმანიტარული განხრა უნდა ავირჩიო. სოციოლოგიაზე ვფიქრობ. რაც ყველაზე ძალიან მინდოდა, იმას კი ვაკეთებ.

- ე.ი. იმისთვის აბარებ, მშობლები რომ გაახარო?

- მამა გარდაცვლილია. დედას კი უნდა, რომ ვისწავლო. მეც მინდა, რომ ჩავაბარო, უნივერსიტეტში კარგი გოგონები სწავლობენ. დათოიესავით გევიხედავ-გამოვიხედავ, ავარჩევ ვინმეს (იცინის).

- ე.ი. "კომედი შოუში" საკუთარ თავს თამაშობ, ასე გამოდის.

- მთლად ასე ვერ ვიტყოდი. უბრალოდ, გამიადვილდა როლი, რა­დგან თავად ქუთაისელი ვარ და იქაური ფრაზები კარგად ვიცი. ისე, ტანით კი ვგავარ ჩემს გმირს. აზროვნებით არ ვგავარ მაინცდამაინც. დათოიე მატრაკვეცა ტიპია. ებლატავება გოგონებს, ეს მქონდა, ის მქონდაო. მე ასეთი არ ვარ.

- პროფესორი სასიმამრო გაიცანი ერთ-ერთ ბოლო სკეტჩში...

- ჰო, მაგრამ ასეთი სიმამრი არ აწყობს დათოიეს. მას უფრო შავი სამყაროს წარმომადგენელი ურჩევნია, ან გარკვეული ასეთ სამყაროში, მინიმუმ პატივს უნდა სცემდეს ამ სამყაროს. სხვა შემთხვევაში ვერ გაუგებენ ერთმანეთს. დათოიემ ქუჩა იცის მარტო და "ბაზარი".

- თემუკას როგორი სიმამრი აწყობს?

- ჯიგარი რა. შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, რომ მეც და მის შვილსაც...

- ბინა გიყიდოთ?

- ეგ მინიმუმია. ბინა რა არის. უნდა შეეძლოს, ელემენტარული სურვილები შეგვისრულოს. მანქანები, გართობა, ამბავი უნდა იკისროს.

- კიდევ ქორწილი უნდა იკისროს, ალბათ?

- ქორწილში კიდევ მივეხმარებით ჩვენც. მევიფორხილებთ რაღაცას ერთად.

- ისე ლაპარაკობ, შეყვარებულიც გეყოლება შენ.

- კი, ახალი შეყვარებული ვარ. ჯერ მთლად ღრუბლებში არ დავფრინავ, მაგრამ ფლირტის მაგვარი გვაქვს, უფრო მეტიც შეიძლება დაერქვას ამ ურთიერთობას.

- სასიმამრო პროფესორია?

- არ ვიცნობ ჯერ.

- როგორ გგონია, სახლს გიყიდით?

- კი, კი, მაგ პირობებს შეასრულებს (იცინის).

- დედმამიშვილები გყავს?

- არა, დედისერთა ქუთაისელი ბიჭი ვარ.

- შენი ოჯახის წევრები როგორ უყურებენ შენს საქმეს?

- გადასარევად, მოსწონთ. ბებო აპროტესტებს ხოლმე ზოგჯერ, გაანებე ამ ღლაბუცს თავი, იმეცადინე, წიგნი გადაშალეო, მეუბნება, მაგრამ გულში მოსწონს მაინც, ტელევიზორში რომ მხედავს. თავიდან საშენოდ დაიწყებს, აი, ის სკეტჩი კარგი იყო, იქ კარგად ითამაშეო და მერე მოაყოლებს, კითხულობ ახლა რამეს? და ეს უკანასკნელი უფრო აინტერესებს, ვიდრე ის - გავაცინე თუ არა ხალხი. მას უნდა, სახლიდან სამსახურამდეც გზაში რაღაც გადავიკითხო. ახლა შესვენებაზე კი არ უნდა ვჭამო ან ინტერვიუს კი არ უნდა გაძლევდეთ, წიგნი უნდა მეჭიროს ხელში და ვკითხულობდე. მისთვის მთავარია, ნასწავლი ვიყო. თუნდაც უმუშევარი, მაგრამ ნასწავლი.

- შენი მეორე ნახევარი როგორი წარმოუდგენია ბებიას?

- განათლებული ალბათ, არ გვქონია მაგაზე ლაპარაკი. ხომ ასეთი მომთხოვნია, მაგრამ სინამდვილეში ასე მგონია იტყვის, ბებო, შენ ვინც გეყვარება, ის მეყვარება მეცო.

- ქუჩაში გცნობენ უკვე?

- კი და მსიამოვნებს ძალიან. თავიდან ცოტა მაკომპლექსებდა, ვერ ვხვდებოდი, რატომ მიყურებდნენ, ახლა მივეჩვიე და მომწონს.

- შენი და ეკას ურთიერთობა როგორ გაგრძელდება? ბოლო სკეტჩში, ფაქტობრივად, სახლიდან გამოექეცი.

- არ ვიცი, დაძაბულობაა. ალბათ აღარ დავბრუნდები. სავარაუდოდ, ერთ ქუთაისელ, კაი ოჯახში გაზრდილ გოგოს ვამჯობინებ ეკას. ეს თბილისელები ყავისა და ჩაის სმის მეტს არაფერს აკეთებენ. სიგარეტს რომ გამიფუილებს სახლში, ხომ გადამერია ბებიაჩემი.

- კიდევ რით ხარ დაინტერესებული, ჰობი თუ გაქვს რაიმე?

- ფეხბურთი მიყვარს, ოღონდ თამაში. თან კარგად ვერ ვთამაშობ, უბრალოდ მსიამოვნებს. დიდი გულშემატკივარიც არ ვარ, ყველა უმნიშვნელო თამაშს არ ჩავუჯდები. "ბარსელონა" მომწონს და ჩემი ტატუც ამ გუნდს უკავშირდება. სამი მნიშვნელოვანი თარიღი დავიწერე ხელზე: ჩემი ბიძაშვილის დაბადების დღე, ჩემი დაბადების დღე და მესის დაბადების თარიღი. ადგილი მაქვს დატოვებული მომავალი ცოლისა და შვილების დაბადების თარიღებისთვის. სამი შვილი მინდა მყავდეს, ზუსტად ჩაეტევა (იცინის).

- ისღა დამრჩენია, წარმატებები გისურვო. ბებოს უთხარი, ჩემს ღლაბუცს გამოეხმაურნენ, ინტერვიუ მივეცი უკვე-თქო.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება