ირაკლი ალასანია - "აგვისტოს ომის მოვლენების შესწავლა აუცილებელია"

ირაკლი ალასანია - "აგვისტოს ომის მოვლენების შესწავლა აუცილებელია"

"ზოგიერთი შეშფოთებულია ალბათ, საქართველო რომ ვერ დაიცვეს, 8 მილიარდი რომ იყო ჩვენს თავდაცვაში დახარჯული და სამწუხაროდ, გამართული არ იყო არც კომუნიკაცია, არც ევაკუაციის გეგმა და არც რეზერვი არ იყო მზად", - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ 2008 წლის ომის მოვლენების შესწავლის მიზნით გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა. მინისტრის თქმით, აგვისტოს ომის მოვლენების შესწავლა აუცილებელია, რომ შეიარაღებულმა ძალებმა მსგავსი შეცდომები აღარ გაიმეოროს.

"არაფერი არ შეცვლილა. არავინ არ აყენებს არსად კითხვის ნიშნის ქვეშ, რომ ეს იყო აგრესიული ომი საქართველოს წინააღმდეგ და ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიები. მე არ ვიცი, ღია კარებს რატომ ამტვრევენ. მე უბრალოდ ვხვდები, რომ ზოგიერთი შეშფოთებულია ალბათ, საქართველო რომ ვერ დაიცვეს, 8 მილიარდი რომ იყო ჩვენს თავდაცვაში დახარჯული და სამწუხაროდ, არ იყო გამართული არც კომუნიკაცია, არც ევაკუაციის გეგმა, არც რეზერვი არ იყო მზად. ალბათ, ამაზე პასუხის გაცემისგან თავის დაძვრენა უნდათ, მაგრამ ვერ დაიძვრენენ. ეს ჩვენ გვჭირდება გავაკეთოთ იმისთვის, რომ მომავალში საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა იგივე შეცდომები არ დაუშვას. ამაზე დამოკიდებული იქნება მომავალში ჩვენი ჯარის სიცოცხლე ", - განაცხადა ალასანიამ.

მინისტრის თქმით, აგვისტოს ომთან დაკავშირებით დოკუმენტაციის შესწავლა უკვე დაწყებულია.

"საერთოდ არ მაინტერესებს ამ შემთხვევაში რუსეთის აზრი. მე მაინტერესებს ის, რომ საქართველოში სიმართლე გაირკვევა. მე მაინტერესებს ის, რომ მომავალში ჩვენს სამხედროებს ექნებათ შესაძლებლობა სწორად იხელმძღვანელონ, სწორად დაგეგმონ ჩვენი ქვეყნის თავდაცვა. მსოფლიო, საქართველოსთან ერთად, კითხვის ნიშნის ქვეშ არც აყენებდა და არც დააყენებს ოკუპაციას, არც დააყენებს იმას, რომ ეს იყო სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიული ომი რუსეთის ფედერაციის მხრიდან. აქედან გამომდინარე, ამაზე ზედმეტი ინსინუაციები და საუბრები არ მიმაჩნია საჭიროდ. ჩვენ დავიწყეთ შესწავლა მთელი იმ დოკუმენტაციის, იმ ნაბიჯების, იმ გადაწყვეტილებების მთელი ჯაჭვის, რასაც რუსეთის აგრესიული ომის პირობებში ქართული მხარე აწარმოებდა. დაველოდოთ შედეგებს. ამას დრო დასჭირდება და სწრაფად არ იქნება", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე