დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მარგარეტ ტეტჩერის დაკრძალვა 6 მლნ ფუნტ სტერლინგზე მეტი დაჯდება. ამის შესახებ გაზეთი Daily Telegraph-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სამთავრობო კომიტეტი, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაკრძალვის მზადებითაა დაკავებული, ცერემონიამდე - 17 აპრილამდე თათბირს ყოველდღე გამართავს.
კომიტეტი 25-ზე მეტი ადამიანისგან შედგება, მასში კონტრდაზვერვის MI-5-ის, ნაციონალური უსაფრთხოების სამდივნოს, პოლიციის, ბუკინგემის სასახლის, ინგლისის ეკლესიისა და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები შედიან.
გაზეთი Guardian-ი აღნიშნავს, რომ ცერემონალზე ტეტჩერის მოწინააღმდეგეთა აქციების თავიდან ასაცილებლად უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები იქნება მიღებული.
ბრიტანული მედია ასევე აღნიშნავს რომ ტეტჩერის დასაფლავების დღეს ლონდონში ვესტმინსტერის სასახლიდან წმინდა პავლეს ტაძრამდე 800 სამხედრო ნაწილი გამწკრივდება.
დაახლოებით 10 წლის წინ ტეტჩერმა 1,2 ათას კაციანი სია შეადგინა, რომლებიც მის დასაფლავებას უნდა დასწრებოდნენ, წერს Daily Telegraph. სიაში სავარაუდოდ სსრკ-ს ყოფილი პრეზიდენტი მიხაილ გორბაჩოვი და აშშ-ს ექსპრეზიდენტის რონალდ რეიგანის მეუღლე ნენსი შედიან.
დაკრძალვის ცერემონიას დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II დაესწრება.
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბარონესა მარგარეტ ჰილდა ტეტჩერი 87 წლის ასაკში, ინსულტის შედეგად გარდაიცვალა.
მომზადებულია Daily Telegraph-ის მიხედვით.