თამარ ივერი: "ლამაზად დადგმულ ეროტიკაში მივიღებდი მონაწილეობას"

თამარ ივერი: "ლამაზად დადგმულ ეროტიკაში მივიღებდი მონაწილეობას"

მომღერალი თამარ ჯავახიშვილი, რომელსაც ყველა თამარ ივერად იცნობს, გასულ კვირას რამდენიმე დღით ჩამოვიდა საქართველოში. ძალიან დაკავებული იყო, თუმცა ჩვენთან შეხვედრა მოახერხა და თავის ცხოვრებაზე გულახდილად გვესაუბრა.

რა თანხას იხდიდა საკონტროლოს დაწერაში

-  მშობლების ახალგაზრდობისდროინდელი ფოტო ძალიან მიყვარს. დედაჩემი, მერი ყიფიანი, გათხოვების შემდეგ ჯავახიშვილი გახდა. თავისი გვარით ძალიან ამაყობს. ჯავახიშვილზე მეუღლის სიყვარულით გადავიდა, მაგრამ მთელი ცხოვრება შინაგანად ყიფიანად დარჩა. დედამ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩემს მომღერლად ჩამოყალიბებაში. მამა - ავთანდილ ჯავახიშვილი, ოპერის თეატრის სოლისტი გახლდათ. ის ჩემი პირველი პედაგოგი და პირველი მრჩეველი იყო. თუ დღეს რამეს წარმოვადგენ, ეს ყველაფერი მამის რჩევების დამსახურებაა. სამწუხაროდ, ცხრამეტი წლის ვიყავი, როცა ხელიდან გამომეცალა. მაშინ ყველაფერზე ხელი ჩავიქნიე. ფრთებშეკვეცილი ვიყავი. ვფიქრობდი, რომ საერთოდ დავანებებდი თავს სიმღერას. ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩაბარებას ვაპირებდი. დედამ დამარწმუნა, სიმღერა ამერჩია. მითხრა, მამაშენის სული ბედნიერი იქნება, თუ მის საქმეს გააგრძელებო.

-  მამა როგორ გარდაიცვალა?

-  ქუჩაში გახდა ცუდად და სასწრაფომ ვერ მოუსწრო. 1991 წელი იყო. საქართველოში საშინელი პერიოდი იდგა. სასწრაფომ ნახევარი საათით დაიგვიანა. სულ ვფიქრობ, სასწრაფოს რომ არ დაეგვიანა, იქნებ, მამა გადარჩენილიყო-მეთქი. საქართველოს სასწრაფოებზე ძალიან დაბოღმილი ვარ. ბებია რომ გარდაიცვალა, მაშინაც ძალიან გვიან მოვიდა სასწრაფო და სულ ვამბობ, ღმერთმა ნუ გამიხადოს საქმე, რომ ქართული სასწრაფოს დახმარების იმედად ვიყო-მეთქი.

-  შემდეგი ფოტო ახალ წელს გაქვთ გადაღებული.

-  ეს ჩემი პირველი ახალი წელია და მგონი, პირველი ფოტოა, რომელიც გადამიღეს.

-  დედმამიშვილი გყავთ?

-  დედისერთა ვარ. სამწუხაროდ, ჯერჯერობით შვილიც არ მყავს და ძაღლებით ვერთობი. ორი ძაღლი მყავს. იმედი მაქვს, ბავშვი მალე მეყოლება. მომღერლისთვის აუცილებელია შვილი. ყველაფერი წარმავალია. პოპულარობაც და კარიერაც. ცარიელ სახლში არ უნდა დაბრუნდე და სიბერეში მარტო შენს გამოსვლებს არ უნდა უსმენდე. უნდა გყავდეს შვილი და შვილიშვილი.

-  ბავშვობა როგორ გახსენდებათ?

-  მდიდარი ოჯახი არ მქონია. ბაბუა ჟურნალისტი იყო. შემდეგი ფოტო ბაბუასთან ერთად მაქვს გადაღებული. ის ძალიან ბევრს შრომობდა. სტატიების წერა ღამე უყვარდა. ბებია სულ ეჩხუბებოდა, ათი მანეთის სინათლეს წვავ და სახლში ხუთი მანეთი მოგაქვსო. ნახალოვკაში ცხოვრობდნენ. პირველი შვილიშვილი ვიყავი ოჯახში და ძალიან მანებივრებდნენ. ნახევრად ბებიას გაზრდილი ვარ. ბათუმში პირველად 13-14 წლის ასაკში წავედი. მანამდე სულ გაგრაში ვისვენებდით. ძალიან მტკივა აფხაზეთის დაკარგვა. გაგრა ნებისმიერ სხვა კურორტს მირჩევნია. რომ მკითხონ, სად ისურვებდი წასვლასო, დაუფიქრებლად გაგრას ვიტყოდი. გაგრაში ძალიან ბედნიერი ვიყავი. იქ ვნახე პირველად ზღვა. ზეპირად ვიცოდი, სად რა მაღაზიები იყო. ყოველთვის ერთ ოჯახში ჩავდიოდით დასასვენებლად. ახლაც შემიძლია ჩავიდე, რადგან საქართველოსა და ავსტრიის მოქალაქე ვარ, მაგრამ ამ ნაბიჯს არ გადავდგამ.

-  რომელ სკოლაში სწავლობდით?

-  150-ე სკოლა მაქვს დამთავრებული. მომდევნო ფოტო კლასელებთან ერთად ბოლო კლასში გადავიღე.

-  კარგად სწავლობდით?

-  ვერ გეტყვით, გადასარევი ხუთოსანი ვიყავი-მეთქი. ოთხებიც მყავდა. ხუთები ჰუმანიტარულ საგნებში მყავდა. სამიანიც და ორიანიც მიმიღია. ალგებრას, გეომეტრიას, ფიზიკასა და ქიმიას ძალიან ცუდად ვსწავლობდი.

-  გულახდილი ხართ. ალბათ ბევრს მიუღია ორიანი, მაგრამ ინტერვიუში არავის უთქვამს.

-  პირდაპირი ადამიანი ვარ. ალგებრაში საშემოდგომოც გამომყოლია. ჩემი პედაგოგი ჰამლეტ ჭირიკაშვილი გახლდათ. ჩემ უკან მჯდომმა ბიჭმა კარგად იცოდა მათემატიკა. მახსოვს, სულ უკან ვიყურებოდი. საკონტროლო წერა რომ გვქონდა, სულ ვეხვეწებოდი, გადამაწერინე-მეთქი. ხელს აფარებდა. მეუბნებოდა, კატლეტს და პურს თუ მიყიდი, გადაგაწერინებო. ბოლოს მთელი საკონტროლო ხუთი კატლეტი მიჯდებოდა. ძალიან ძვირი გამოდიოდა. ჩამოივლიდა ჰამლეტ მასწავლებელი და მეტყოდა ხოლმე, ეეჰ, ჯავახიშვილი, ჯავახიშვილი, ემანდ, ექვსიანის მაგივრად ცხრიანი არ დამიწეროო. ზოგჯერ სულ უშეცდომოდ მქონდა დაწერილი. მიაწერდა ხოლმე, გადაწერილიაო. ვერ დამიმტკიცებდნენ, რომ ვიწერდი, მაგრამ ხომ იცოდნენ, რა "ბაგაჟიც" მქონდა. მაინც ვერავის ვერაფერს გამოვაპარებდი. სამაგიეროდ, გერმანულის ოლიმპიადებზე ვიმარჯვებდი, ალბათ იმიტომაც დავიდე ბინა ავსტრიაში.

ვის და რას აპატიებს "რეიტინგის" საშუალებით

-  ნახალოვკაში ბებიასა და ბაბუასთან რომ მივდიოდით, იტალიურ ეზოებში დავდიოდი და მოხუც ხალხს "ო, სოლე მიოს" ვუმღეროდი. "აბა, დამაცადეში" კურდღელი რომ მღერის, ზუსტად ისე ვმღეროდი. სამაგიეროდ მანდარინებს, დათუნია შოკოლადებს მაძლევდნენ. ერთ-ერთი ამ "ო, სოლე მიოს" სიმღერისას უცბად დედაჩემი ჩამაფრინდა ყურში. შე, უბნის ჯამბაზო, როგორ არ გრცხვენია. მეუბნებოდნენ მეზობლები, რომ დაეთრეოდი და ყველა ეზოში მღეროდი და მართლა ასე თუ იყო, არ მეგონაო. მას მერე მეზობლებისთვის აღარ მიმღერია. დედამ ასეთი კარგი ბიზნესი დამაკარგვინა. სურათი სწორედ იმ ასაკში მაქვს გადაღებული, როცა საკუთარი ბიზნესი წამოვიწყე.

-  პირველად რომელმა ნაწარმოებმა მოახდინა თქვენზე წარუშლელი შთაბეჭდილება?

-  ბელინის "კასტა დივა" მომასმენინა მამამ პირველად და გადავირიე, ისე მომეწონა. პატრიარქთან რომ მივდივარ, ყოველთვის მთხოვს, "კასტა დივა" წაიმღერეო. ულამაზესი არიაა. მამამ ფირფიტა რომ მოიტანა, გავგიჟდი, ისე მომეწონა და ორი დღე შეუსვენებლად ვუსმენდი. მახსოვს, მამას ვკითხე, ასე კარგად თუ შევძლებ სიმღერას-მეთქი. თუ კარგად იმეცადინებ, დაახლოებით ერთ თვეში იმღერებო. მეცადინეობა რომ დავიწყე, საოპერო სამყარომ ჩამითრია. ორი თვე გავიდა და მამას ვუთხარი, რაღაც არ გამომდის ამ არიის შესრულება, სუნთქვა არ მყოფნის-მეთქი. მითხრა, მინდოდა გამეგო, ოპერა თუ დაგაინტერესებდა, თორემ ამ არიას ორ თვეში კი არა, ათ წელში ვერ იმღერებ, ისეთი რთულიაო. ეს ჩემთვის შოკი იყო, მაგრამ ოპერამ უკვე ძალიან დამაინტერესა და მართლაც ათი-თორმეტი წლის მერე ვიმღერე ეს არია. შეიძლება ითქვას, "კასტა დივამ" "დამღუპა".

-  სტუდენტობის წლები ძალიან რთული იქნებოდა. მაშინ ხომ საქართველოში არაფერი ხდებოდა.

-  ვერ ვიტყვი, რომ კონსერვატორიაში ფურორით შევედი. სახელდახელოდ ჩავაბარე. ნოდარ ანდღულაძემ მითხრა, ულამაზესი ხმა გაქვს, ჩაბარების დონეზე არ ხარ, მაგრამ შენ ისეთი ადამიანის შვილი ხარ, რომ კონსერვატორიაში უნდა ისწავლოო. რამდენიმე წლის მერე მივედი იმ ფორმამდე, რასაც სერიოზული საოპერო სიმღერა ჰქვია. კარგი სტუდენტობა მქონდა. ძლიერი კურსი გვქონდა. ჩემი კურსელები იყვნენ გიორგი გაგნიძე, რომელიც დღეს "მეტროპოლიტენ ოპერაში" მღერის, ზაზა ხამათაშვილი, რომელიც თბილისისა და ბათუმის ოპერის თეატრებში წამყვან არიებს ასრულებს. კიდევ ბევრი სხვა ჩემი კურსელი ოპერაში მოღვაწეობს. ეს ფოტო, მახსოვს, პირველ კურსზე გადავიღე.

-  როგორ აღმოჩნდით ბათუმის თეატრში?

-  მესამე კურსზე ვიყავი, როდესაც ალექსანდრე ხომერიკმა ბათუმის საოპერო თეატრი შექმნა. ბატონი ალექსანდრე მამას მეგობარი და კოლეგა იყო. მახსოვს, მითხრეს, პატარა როლების შესასრულებლად ბათუმში თუ წამოხვალო და ვუთხარი, რატომაც არა-მეთქი. ბათუმის თეატრში სამჯერ და ოთხჯერ უფრო მაღალი ხელფასი იყო, ვიდრე თბილისის ოპერის თეატრში. მომდევნო სურათი ბათუმის თეატრში მოღვაწეობის დროსაა გადაღებული. პირველად "აბესალომ და ეთერში" მარეხი ვითამაშე. ეს როლი დღემდე მიყვარს. ძალიან გავრისკე და მალევე ვიმღერე დეზდემონას როლი. საბედნიეროდ, ძალიან კარგად ვიმღერე. შემდეგ რამდენიმე საერთაშორისო კონკურსზე გავიმარჯვე. მათ შორის, მოცარტის სამშობლოში მოცარტის სახელობის კონკურსში, ის ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება. ურთულესი კონკურსი იყო. მერე ვერდის კონკურსშიც გავიმარჯვე ვერდის სამშობლოში. ამ ორი გამარჯვების შემდეგ ავსტრიაში გრაცის თეატრის ხელმძღვანელმა შემამჩნია და თავის თეატრში სოლისტად მიმიწვია. ჩემი ევროპული დებიუტი შედგა ქალაქ ბონში, სადაც ელისაბედის როლის მსურველ 30 კანდიდატურას შორის მე ამარჩიეს და "დონ კარლოსში" დამაკავეს.

-  თქვენს ცხოვრებაში ჭორიც ბევრი იყო. მახსოვს, ასლან აბაშიძესთან გაკავშირებდნენ.

-  არ ვიცი, ეს ჭორი რატომ გავრცელდა. როდესაც ასლან აბაშიძემ გაიგო, რომ კონკურსზე ვაპირებდი წასვლას, ბათუმში უკვე საკმაოდ ცნობილი მომღერალი ვიყავი. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც სპონსორს ვეძებდი და იტალიაში წასვლა მინდოდა. ასლანმა ქალაქის მერს, ასლან სმირბას დაავალა ჩემი დაფინანსება. როდესაც იტალიაში გავიმარჯვე, როგორც ბათუმის თეატრის სოლისტმა, იტალიის გაზეთებში სულ აღნიშნავდნენ, რომ ბათუმის თეატრის მომღერალმა გაიმარჯვა. იმ პერიოდში ბათუმის თეატრს დიდი რეკლამა გაუკეთდა. მოცარტის ფესტივალზეც ბათუმის თეატრიდან ვიყავი და სწორედ იმ პერიოდში ასლან აბაშიძე სახელმწიფო შეხვედრებზე მპატიჟებდა, რომ სტუმრებისთვის წარვედგინე. სწორედ ეს გახდა ჭორის საფუძველი. საღამოებზე ასლანის მეუღლე, ქალბატონი მაგული და მისი ოჯახის წევრები სულ იყვნენ. ამ შეხვედრების გარდა ასლანს არსად შევხვედრივარ და ხელიც არ ჩამომირთმევია.

-  იქნებ, შურიანმა კონკურენტებმა გაავრცელეს ეს ჭორი.

-  მე ვიცი, ეს ყველაფერი საიდან მოდის. ვინც ეს ჭორი გაავრცელა, დღეს ხელმოცარულია, მაგრამ მოდი იმ ადამიანებს თავიანთ გზაზე გაუმარჯოთ. მათზე არ ვბრაზდები და თქვენი ჟურნალის საშუალებით ვაპატიებ.

როგორ იზიდავენ მაყურებელს ოპერაში

-  თქვენს კარიერაში სკანდალური სპექტაკლები იყო. შიშველ მსახიობებთან მოგიხდათ სიმღერა "დონ კარლოსში".

-  საოპერო სამყარო ძალიან სხვანაირი გახდა. უკვე დიდი ბრძოლა გიწევს რეჟისორებთან, რომ შენი პერსონაჟი არ დაამცირონ. ელისაბედს 21-ე საუკუნეში არ უნდა ჩააცვა ჯინსის შარვალი და სიგარეტი არ უნდა დააჭერინო ხელში. ვერდიმ ეს სხვა ეპოქაში დაწერა. ავიღოთ თუნდაც "ევგენი ონეგინი". დღეს ტატიანა ნამდვილად არ დაწერს სამსაათიან წერილს ონეგინისთვის. ან მესიჯს მისწერს, ან "ფეისბუქზე" დაუწერს, რისი თქმაც უნდა. ძველი ეპოქის თანამედროვეობაში კარგად გადმოტანა ძალიან რთულია. "ევგენი ონეგინი" ისე გადააკეთეს, რომ ლენსკი და ონეგინი ცისფერი წყვილია. ოლგას დასცინიან, რომ შეაყვარეს თავი და თვითონ ერთად არიან. მაშინ გაუგებარია, რატომ იმართება მათ შორის დუელი. აბსურდამდე დადიან რეჟისორები. ასევე მოხდა "დონ კარლოსში". სცენაზე გამოიყვანეს შიშველი ტყვეები, რომლებსაც ფეხებზე თოკები ჰქონდათ გამობმული. მერე მათ ზემოთ ასწევენ და ცეცხლს უკიდებენ. ამაზრზენი სცენა იყო. შეიძლება, ფილიპ მეორის დროს მართლა ასე ხდებოდა, მაგრამ ეს ყველაფერი საოპერო სცენაზე რატომ უნდა გადმოიტანო და ხალხი უხერხულ სიტუაციაში რატომ უნდა ჩააგდო, ბავშვებიც ხომ მოდიან სპექტაკლებზე. ხალხი ცუდად გახდა.

-  ყველაფერი, როგორც ვხვდები, იმიტომ ხდება, რომ მაყურებელი მიიზიდონ.

-  რა თქმა უნდა. დაახლოებით იგივე ხდება "დონ ჟუანში". დონ ჟუანი შიშველი გამოდის სცენაზე და შხაპს იღებს, სანამ ქალებში წავა.

-  თქვენთვის შემოუთავაზებიათ მსგავს სცენებში მონაწილეობა?

-  ჯერჯერობით არა. სულ ისეთ როლებს ვთამაშობ, სადაც დედოფალი ვარ.

-  რეჟისორმა შეიძლება ჩათვალოს, რომ დედოფლის გაშიშვლება მაყურებელს კარგად მიიზიდავს. მაშინ როგორ მოიქცევით?

-  თუ დამაჯერებს, რომ ეს აუცილებელია და ლამაზად კეთდება, შეიძლება მთლად შიშველი არ ვიყო, მაგრამ ლამაზად დადგმულ ეროტიკაში მივიღებ მონაწილეობას. მოცარტის "ტიტუსის მოწყალებაში" სექსტუსს და ვიტელიასს უყვართ ერთმანეთი. სექსტუსის როლს მეცოსოპრანო ქალი ასრულებს. მთელი თვე დავიღალეთ მე და ის ქალი კოცნით და ფერებით. ბოლოს რეჟისორს ვუთხარი, გინდათ, რომ ლესბოსელი გავხდე-მეთქი. იმ გოგოს სქელ ტუჩის საცხს უსვამდნენ. ვამბობდი, დავიღალე ამ გოგოს "ბლესკის" ჭამით-მეთქი, მაგრამ რეჟისორი ბოლომდე გვაიძულებდა, გვეთამაშა და ყოველი არიის მერე ტუჩებში ვკოცნიდით ერთმანეთს. მერე რეჟისორმა სხვა რაღაცების გაკეთება მოინდომა და ერთი თვე მე და ის გოგო ერთმანეთის ფერებით დავიღალეთ. ბოლოს ვთქვი, არ შეიძლება, კაცი ტენორი მომიყვანოთ-მეთქი. არა, ასეა გადაწყვეტილი, რომ სექსტუსის როლს ქალი უნდა ასრულებდესო. მართალია, მაყურებლისთვის ჩანდა, რომ სექსტუსი კაცი იყო, მაგრამ მე ხომ ვიცოდი, რომ ქალს ვკოცნიდი. მაგრამ რა უნდა გააკეთო, როცა კონტრაქტზე გაქვს ხელი მოწერილი და ფულს გიხდიან? ვაღიარებ, ყველაფერი ლამაზად იყო გაკეთებული, მაგრამ დავიტანჯე. ფოტო ამ სპექტაკლიდანაა.

-  ამართლებს ხოლმე მსგავსი ეპატაჟი სცენზე? უფრო მეტი მაყურებელი მოდის?

-  თქვენ წარმოიდგინეთ, უფრო მეტი მაყურებელი ესწრება ასეთ სპექტაკლებს. განსაკუთრებით მოხუც თაობას უყვარს სიშიშვლე და ველური სცენები. ეტყობა, მათ ცხოვრებაში ასეთი რაღაცების ნაკლებობაა.

-  მომდევნო თქვენი ქორწილის ფოტოა. მეუღლის, რაულ ცხადაძის გაცნობის ამბავი მოგვიყევით.

-  ერთმანეთი სიყვარულის ქალაქ ვერონაში გავიცანით. ჩემს სპექტაკლს დაესწრო. თავიდან არც მიფიქრია, რომ ჩვენ შორის რამე მოხდებოდა. მამაკაცებზე მონადირე ქალი არასდროს ვყოფილვარ. დიდი სითბო ვიგრძენი მისგან. თან ის ვერ დავინახე, რაც ბევრ ქართველ მამაკაცს აქვს, ეგოიზმი და მბრძანებლური მაჩოს მომენტი. რაული სულ ცდილობს, გემსახუროს და იმაზე ფიქრობს, როგორ შეგიქმნას კომფორტი. ეს ქართველ მამაკაცებში დიდი იშვიათობაა. რაული ბრაზდება, ინტერვიუებში ჩემზე რატომ ამბობ, ლაბრადორის ლეკვივით არისო. მართლა ლაბრადორის ლეკვივით იყო, რომ გავიცანი - დიდი, კეთილი და ფუმფულა. ბევრი სიკეთე და დადებითი ენერგია მოდიოდა მისგან.

-  თქვენი სიყვარულით ოპერის მომღერლობას ხომ არ სწავლობს?

-  ხმა აქვს, მაგრამ ცოტა ინტონაციებში ვიჭედებით. სუფრულ სიმღერებს კარგად მღერის. მოჭიდავეა. დიდი წარმატებები ჰქონდა. იტალიაში ტოსკანის ჩემპიონი იყო. ვენის ჩემპიონი გახდა. საქართველოს ჩემპიონატზე გასასვლელად ემზადებოდა, მაგრამ ტრავმა მიიღო მუხლზე და რამდენიმე წელი გაჩერება გადაწყვიტა. მოგვიანებით შეიძლება, სპორტს დაუბრუნდეს. პარალელურად ბიზნესიც აქვს.

მერი კობიაშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება