რატომ იპარავდა პაატა გულიაშვილი რესტორნიდან თეფშებსა და ჭიქებს

რატომ იპარავდა პაატა გულიაშვილი რესტორნიდან თეფშებსა და ჭიქებს

"ჩვენი გრძნობა დღესაც ისეთია, როგორიც შეყვარებულობის პერიოდში იყო; თუმცა, შეიძლება უფრო მეტად ძლიერიც არის", - მითხრა პაატა გულიაშვილმა, როდესაც ოჯახში, ინტერვიუს ჩასაწერად ვესტუმრე. პაატა და მისი მეუღლე, ნინო ტარიელაშვილი 9 წელია, ერთად ცხოვრობენ. მათ ორი ვაჟი - 8 წლის გუგა და 4 წლის ნიკა ჰყავთ. წყვილს ერთმანეთი ერთი ნახვით შეუყვარდა.

პაატა:

- ერთმანეთი მეგობრის წვეულებაზე გავიცანით. საღამო იყო და სტუმრები შემოგვემატნენ. კარისკენ რომ გავიხედე, დავინახე, ოთახში ერთი ლამაზი გოგონა შემოცქრიალდა. დანახვისთანავე მომეწონა.

ნინო:

- სამსახურიდან პირდაპირ შინ მინდოდა წასვლა, მაგრამ მეგობრებმა მთხოვეს და წვეულებაზე მეც წავედი. პაატა დანახვისთანავე, გულში ჩამივარდა. დღემდე არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ მაშინვე გავიფიქრე, რომ ის "ის" იყო, ვისაც ველოდი.

პაატა:

- იმ საღამოს სახლში გავაცილე და ვუთხარი, რომ ჩემი შვილების დედა გახდებოდა. მერწმუნეთ, ეს სიტყვები გულიდან წამოვიდა. ნინოს გაეცინა, - ნასვამი რომ ვიყავი, სისულელედ ჩათვალა, მაგრამ ჩემი სიტყვები ახდა.

- იმ საღამოს პაატას საქციელმა უფრო მეტად მოგხიბლათ თუ იმ ფაქტმა, რომ გიტარაზე კარგად უკრავდა?

ნინო:

- გიტარა არაფერ შუაშია. მე პაატას თვალებმა, მისმა გამოხედვამ მომხიბლა.

- ოჯახი 26 წლის ასაკში შექმენით. მანამდე არავის მიმართ არ გქონიათ გრძნობა?

- მოწონებები იყო, მაგრამ სერიოზული გრძნობა არავის მიმართ არ მქონია. ალბათ, ასე უნდა მომხდარიყო, რომ პაატა დანახვისთანავე, მთელი არსებით უნდა შემყვარებოდა.

პაატა:

- მეც 26 წლის ვიყავი, ცოლი რომ მოვიყვანე. ნინო ჩემზე 6 თვით უფროსია, - ანუ მომატყუა (იცინის)...

- მერე როგორ განვითარდა მოვლენები?

- მაშინ თელავის თეატრში ვმუშაობდი, ხანდახან - თეატრალურ სარდაფშიც მიწვევდნენ და თბილისში იშვიათად, მაგრამ მაინც ჩამოვდიოდი. ჰოდა, როცა დედაქალაქში მიწევდა ყოფნა, ერთმანეთს სწორედ მაშინ ვხვდებოდით. ასე გაგრძელდა დაახლოებით, 6-7 თვე.

ნინო:

- ჩემმა ოჯახმა იცოდა, რომ პაატა მიყვარდა და როცა მას პრემიერა ჰქონდა, თელავში მეგობართან ერთად ჩავდიოდი ხოლმე.

პაატა:

- ნინომ მთხოვა და მისი ოჯახის გასაცნობად მარტო წავედი. იქ ძალიან ბევრი ადამიანი დამხვდა და ყველა ისე მიყურებდა, თითქოს რენტგენში მატარებდნენ.

- ცნობილია, რომ პაატას გრძნობის სახალხოდ გამოხატვა არ შეუძლია. შეყვარებულობის პერიოდში ეს "ტრადიცია" თუ დაარღვია?

ნინო:

- არა, ამ მხრივ პაატა შეყვარებულობის პერიოდშიც მორიდებული იყო.

პაატა:

- დღემდე არ შემიძლია, ხალხის თანდასწრებით ნინოს ხელი რომ გადავხვიო ან ვაკოცო. არასოდეს ვფიქრობ იმაზე, რომ ნინოს სიყვარული ამა თუ იმ მეთოდით უნდა დავუმტკიცო. ჩვენ რომ ერთად ვართ, ეს უკვე ჩვენი სიყვარულის დასტურია!

- შეყვარებულობის პერიოდში სიგიჟეები არ ჩაგიდენიათ?

- სიგიჟეების მეტი რა მიკეთებია? ზოგჯერ სიყვარულს ასეთი რაღაცებიც უხდება. ერთხელ, ღამის 3 საათზე (მაშინ ნინო უკვე ჩემი მეუღლე იყო) მუსიკოსები მოვიყვანე, დოლით, დუდუკითა და გარმონით. მეუღლეს სიმღერები მივუძღვენი.

ნინო:

- პაატა მოულოდნელობებით არის სავსე. 9 წელია, ერთად ვართ და ჩემთვის დღემდე გამოუცნობია, რა დროს, რას გააკეთებს. სიყვარული რომ მოუზღვავდება, ძალიან გულჩვილი და ბავშვური ხდება. თუ შესაძლებლობა აქვს, საჩუქრებითაც მანებივრებს, ყვავილებსაც მჩუქნის. პაატამ იცის, რომ სუნამოს გარეშე არ შემიძლია, ამიტომ ყოველთვის მჩუქნის.

- ერთმანეთს რომანტიკულ ვახშამს არ უწყობთ?

ნინო:

- ერთხელ, იმ დღეს, როცა გასტროლიდან ბრუნდებოდა, მისი საყვარელი კერძები მოვამზადე. პაატას ღვინოების კოლექცია აქვს და კარგი შავი ღვინოც შევიძინე. მეუღლეს სანთლების შუქზე, რომანტიკული შეხვედრა მოვუწყვე. ასეთ დახვედრას არ ელოდა და ძალიან გაუხარდა. მისთვის ეს სასიამოვნო სიურპრიზი იყო.

- მიუხედავად იმისა, რომ თქვენი შეუღლების წინააღმდეგი არავინ იყო, მაინც გაიპარეთ...

პაატა:

- ამის გაკეთება მოულოდნელად გადავწყვიტეთ. მეგობართან ერთად, რუსთავში ვქეიფობდი. მას ვუთხარი, რომ ნინო მენატრებოდა. შემომთავაზა, თბილისში წავიდეთო. ტაქსის მძღოლს ვუთხარით, რომ ცოლის მოსაყვანად მივდიოდი, მაგრამ ფული არ მქონდა. მან უფულოდ ჩამოგვიყვანა. ღამის 11 საათზე ნინოს დავურეკე და "პადიეზდში" ჩამოსვლა ვთხოვე. კურდღლებიანი ჩუსტებით ჩამოვიდა. ვუთხარი: ან ახლა, ან არასოდეს-მეთქი და ისიც, დამიჯდა მანქანაში. მერე ყველანი მცხეთაში, მეგობართან წავედით.

ნინო:

- ეს ნაბიჯი სიყვარულმა გადამადგმევინა. მშობლებს რომ არ ენერვიულათ, დედას გზიდან დავურეკე და ვუთხარი: პაატას ცოლად გავყევი-მეთქი.

პაატა:

- გაპარვის მეორე დღეს ისეთი სერიოზული პრობლემის წინაშე დავდექით, რასაც "არაფერი" ჰქვია. ჩვენ არაფერი გაგვაჩნდა, არც კოვზი, არც - ჭიქა. ერთადერთი, რაც მქონდა, ეს იყო დეიდაჩემის დაკეტილი სახლი რუსთავში. თბილისში იყო ერთი რესტორანი, სადაც მეგობრებთან ერთად მივდიოდი ხოლმე. ჰოდა, იქ ჭიქებსა და თეფშებს ვიპარავდი, რადგან სახლში არ მქონდა.

ნინო:

- ჩემი მშობლები შეძლებისდაგვარად გვეხმარებოდნენ. დედა ჩვენთან, რუსთავში რომ ჩამოდიოდა, უკვე მომზადებული სადილები ჩამოჰქონდა, რათა მშივრები არ ვყოფილიყავით.

- რამდენი ხანი ცხოვრობდით რუსთავში?

პაატა:

- 8 თვე. მერე საჭირო დროს საჭირო ადგილზე მოვხვდი, მეგობრებიც დამეხმარნენ, რეკომენდაცია გამიწიეს და რუსთაველის თეატრში დავიწყე მუშაობა. მერე თბილისში ჩამოვედით და ბინა ვიქირავეთ.

- რა იყო პირველი ნივთი, რომელიც ოჯახისთვის შეიძინეთ?

პაატა:

- პირველი ჩვენი შენაძენი საწოლი იყო. რუსთაველის თეატრიდან პირველი ხელფასი რომ ავიღე, ტელევიზორი ვიყიდე. სხვათა შორის, იმ ტელევიზორს დღემდე არ ვაგდებ.

- როგორი მამაა პაატა? შვილების აღზრდაში თუ გეხმარებათ?

ნინო:

- მკაცრიც არის, მოსიყვარულეც და მეგობრულიც.

პაატა:

- როცა გავიგე, რომ მამა უნდა გავმხდარიყავი, კარგად ვერ აღვიქვი ეს ბედნიერება.

ნინო:

- გუგა რომ გაჩნდა, წელიწად-ნახევარი ძალიან გვიჭირდა და ბავშვი უფრო ხშირად, დედაჩემთან იყო. ამიტომაც ვფიქრობ, რომ უფროს შვილს ცოტა არ იყოს, სითბო დავაკელით. ნიკას შემთხვევაში ყველაფერი სხვანაირად გახლდათ; პაატა მის დაბადებასაც დაესწრო. ბოლო წუთამდე ჩემ გვერდით იყო და ვიდრე არ ვიმშობიარე, ჩემთვის ხელი არ გაუშვია.

- ამ წლების განმავლობაში კონფლიქტი არ მოგსვლიათ?

- ყველას აქვს გარკვეული პრობლემა და ამ მხრივ გამონაკლისი არც ჩვენი ოჯახია, მაგრამ სიყვარული ყველაფერზე ძლიერია.

პაატა:

- თავიდან უფრო ხშირად ვჩხუბობდით და ვკამათობდით, მაგრამ ეს ყველაფერი სიყვარულს ავსებს. ბუნებრივია, როცა ორი სხვადასხვა ბუნების მქონე პიროვნება ერთად ცხოვრობს, ისინი რაღაცაზე ვერ შეთანხმდებიან. მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი დალაგდა. ჩვენ ჩვენებური სამყარო გვაქვს, რომელიც მოგვწონს.

- ნინო როგორი დიასახლისია?

პაატა:

- გადასარევი! თუმცა, თავიდან რაღაცების მომზადება არ იცოდა; მის მიერ გაკეთებული კერძებისგან "ვიწამლებოდი", მაგრამ მერე ყველაფერი ისწავლა.

ნინო:

- ახალი შეუღლებულები ვიყავით, როცა ლობიანის გამოცხობა მთხოვა. წავედი, ცომის გუნდები ვიყიდე და გამოვაცხვე. ლობიო მოხარშული იყო, მაგრამ ცომს გამოცხობა აკლდა. ჩემთვის გული რომ არ ეტკინა, ისე შეჭამა, ხმაც არ ამოუღია... ახლა მიყვარს სამზარეულოში ტრიალი. დედაჩემისგან, პაატას დედისგან და განსაკუთრებით - პაატას მამისგან ბევრი კერძის მომზადება ვისწავლე.

- პაატა პრეტენზიულია?

- კი. მას ხორციანი კერძები და თევზეული უყვარს, სალათები - არა. ერთხელ ხორციანი სადილი ვერ მოვუმზადე, მხოლოდ ყველიანი მაკარონი დავახვედრე. ქვაბს თავსახური რომ ახადა, უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა, - რა, საბავშვო ბაღიაო?!

- დედამთილთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- ჩვენ ერთად არ ვცხოვრობთ, მაგრამ როცა ერთად ვართ, ერთურთს კარგად ვეწყობით. ის ჩვენს ურთიერთობაში არ ერევა - არც კარგად და არც - ცუდად. მაგრამ თუ რაღაც მოხდა, რაც უნდა დამნაშავე ვიყო, მაინც თავის შვილს გაამტყუნებს. პაატას დასთანაც მეგობრული დამოკიდებულება მაქვს.

- მთელი ყურადღება ოჯახს რომ დაუთმეთ და კარიერაზე უარი თქვით, ეს არასდროს გინანიათ?

- ვიდრე გავთხოვდებოდი, სურვილი მქონდა, კარიერაში წარმატებისთვის მიმეღწია, მაგრამ უკვე გათხოვილმა გადავწყვიტე, მთელი ყურადღება ოჯახისთვის დამეთმო. ჩემი აზრით, დედამ შვილი თავად უნდა გაზარდოს. კარიერას სიყვარული ვარჩიე. ბედნიერი ვარ, რომ მოსიყვარულე ოჯახი და ორი ანგელოზივით შვილი მყავს.

დონა ტატულიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება