"ბიბისი" - ზოგიერთი ირანელისთვის საქართველო უსაფრთხო სამოთხეა

"ბიბისი" - ზოგიერთი ირანელისთვის საქართველო უსაფრთხო სამოთხეა

"საქართველოში ჩამოსული ირანელები", - ამ სათაურით აქვეყნებს ბრიტანული "ბიბისი" დემიენ მაკგინესის სტატიას. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, საქართველოში დასახლებული ირანელების რიცხვი სულ უფრო იზრდება და ზოგიერთი მათგანი ამას ირანის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით ხსნის, რომელიც დასავლეთის სანქციების გამო დაზარალდა. ზოგიერთები კი სამშობლოდან წასვლის მიზეზად თეირანის ავტორიტარული რეჟიმის მხრიდან დევნას ასახელებენ.

როგორც დემიენ მაკგინესი წერს, შესაძლოა, საქართველოში სპარსულ ენაზე ყოველკვირეული ჟურნალი Aryana გამოიცეს, რადგან აქ გადმოსახლებულ ირანელთა რიცხვი სულ უფრო იზრდება და შვიდი თვის განმავლობაში გაოთხმაგდა კიდეც.

ჟურნალი საქართველოში დასახლებულ ირანალებს ადგილობრივი კულტურისა და ტრადიციების გაცნობაში დაეხმარება, - აღნიშნავს დემიენ მაკგინესი და დასძენს, რომ როგორც ჟურნალის რედაქტორმა სარა ღაზიმ განუცხადა, ირანელები ინფლაციის წინააღმდეგ იბრძვიან. საქართველო მათთვის იდეალური ვარიანტია, რადგან ირანთან ახლოსაა და ირანელებს აქ შემოსასვლელად ვიზა არ სჭირდებათ.

"მდიდარ ირანელებს საქართველოში ინვესტირების სურვილი აქვთ, რადგან ამ ეტაპზე, ეს ქვეყანა მათთვის ერთგვარი ბიზნეს ცენტრია და მისი ეკონომიკა სულ უფრო იზრდება", - ციტირებს სტატიის ავტორი სარა ღაზის სიტყვებს.

როგორც დემიენ მაკგინესი წერს, გასულ წელს საქართველოში ირანელ ვიზიტორთა რიცხვი 60%-ით გაიზარდა, რაც წელიწადში დაახლოებით 100 ათასია. 6 ათასზე მეტი ირანელი კი ოფიციალურად არის დარეგისტრირებული საქართველოში რეზიდენტად, რაც ერთობ დიდი რიცხვია ქვეყნისთვის, რომელიც მიუჩვეველია იმიგრაციას.

ირანელი მეწარმე ბაბაქ ამინისთვის, - წერს "ბიბისის" კორესპონდენტი, - ირანის დატოვება ეკონომიკური მიზნებით იყო გამოწვეული.

"ბაბაქ ამინის თბილისში მდებარე ახალ საკონსულტაციო ცენტრში შევხვდი, რომელსაც ქართულ-ირანული ბიზნეს ცენტრი ჰქვია და რომელიც ირანელებს კონსულტაციას უწევს როგორ წამოიწყონ ბიზნესი აქ. კონსულტანტები დღეში 15 ირანელს ხვდებიან, რომელთაც საქართველოში კომპანიის გახსნა ან კერძო საკუთრების შეძენის სურვილი აქვთ", - წერს დემიენ მაკგინესი.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, მისტერ ამინის თქმით, ირანში ვალუტის კურსის გაუფასურების გამო, რაც სანქციებითაა გამოწვეული, საქონლით ვაჭრობა შეუძლებელი გახდა.

საქართველოს უპირატესობა კი იმაშია, - აღნიშნავს დემიენ მაკგინესი, - რომ ის რეგიონში ყველაზე მეტად პროდასავლური და ბიზნესის კუთხით კეთილგანწყობილი ქვეყანაა. თუმცა, საქართველოსა და ირანს შორის ასევე მჭიდრო კულტურული და ისტორიული კავშირებია. ძველ თბილისში მდებარე აბანოები მეჩეთების სტილშია აშენებული, ძველი სახლების აივნები კი ირანული ტრადიციული არქიტექტურის ტიპური მაგალითია.

როგორც დემიენ მაკგინესი წერს, მასთან პირად საუბარში ბევრი ირანელი აღნიშნავს, რომ ქართველებისთვის დამახასიათებელი თვისებები, როგორებიც ოჯახური ფასეულობები და სტუმართმოყვარეობაა, მათ ირანს აგონებს, რის გამოც ისინი აქ თავს ისე გრძნობენ, როგორც სამშობლოში.

საქართველო იმედოვნებს, რომ ირანელების შემოდინება ქვეყნის ეკონომიკის ზრდას შეუწყობს ხელს, - წერს სტატიის ავტორი, - თუმცა, პრობლემაა, როგორ შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა ახლომდებარე ირანთან ისე, რომ თავიდან აიცილოს ინტერესთა კონფლიქტი მნიშვნელოვან მოკავშირე აშშ-ისთან და ევროკავშირთან, რომელშიც გაწევრიანების სურვილი აქვს.

"საქართველოს სურს ევროპისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებს ეკუთვნოდეს, თუმცა ამავდროულად, უნდა კარგი ურთიერთობები ჰქონდეს ყველა მეზობელთან", - ციტირებს სტატიის ავტორი ალექსანდრე რონდელის კომენტარს, რომელმაც ასევე განაცხადა, რომ საქართველომ უნდა შეძლოს ბალანსის დამყარება მთავარ მოკავშირეებსა და ახლომდებარე სახელმწიფოებს შორის, რომელთაც, შესაძლოა, განსხვავებული პოლიტიკური იდეოლოგია აქვთ.

"რეგიონში სამი ზესახელმწიფო გვყავს - რუსეთი, თურქეთი და ირანი. ჩვენ არ შეგვიძლია სიტუაციის იგნორირება, რადგან სამივე მათგანთან უნდა ვითანამშრომლოთ. ისინი დაკავშირებული არიან ჩვენს სტაბილურობასა და უსაფრთხოებასთან. ასე რომ, ვფიქრობ, ირანთან კარგი ურთიერთობა, განსაკუთრებით ბიზნესში, საფრთხეს არ წარმოადგენს არც საქართველოსთვის და არც საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის", - ციტირებს სტატიის ავტორი ალექსანდრე რონდელის სიტყვებს.

თუმცა, ზოგიერთი ირანელისთვის, - წერს დემიენ მაკგინესი, - საქართველო უსაფრთხო სამოთხეა, სადაც არ გდევნიან.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, საქართველოში ცოტა ხნის წინ გადმოსახლებულ ირანელ ევანგელისტ ქრისტიანებს შეხვდა, რომლებიც ქუჩაში თავიანთ საგალობლებს მღეროდნენ. თბილისის შუაგულში მათ პატარა ფარდული დადგეს და გამვლელ ირანელებს სპარსულ ენაზე დაწერილ ბიბლიას სთავაზობენ. მცლოცველთა ამ ჯგუფს ბაბეკი ჰქვია, - წერს დემიენ მაკგინესი და აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მათგანის განცხადებით, ირანში, ქუჩაში ლოცვისთვის, მას სასტიკად სცემეს და 40 დღით პატიმრობა მიუსაჯეს.

როგორც სტატიის ავტორი წერს, ბევრი ირანელი აცხადებს, რომ საქართველოში ცხოვრება მათთვის თავისუფლებას ნიშნავს, ქალბატონების თქმით, ყველაზე მეტად სიამოვნებთ, რომ აქ ტრადიციული ირანული თავსაბურავის გარეშე უწევთ სიარული.

ჟურნალი Aryana-ის რედაქტორს კი საქართველო 10 წლის წინანდელ დუბაის აგონებს და აცხადებს, რომ აქ ადვილია ინვესტირება და ბიზნესის ზრდა.

თუმცა, - აღნიშნავს დემიენ მაკგინესი, - საქართველოში უმუშევრობა საკმაოდ მაღალია. ასე რომ ირანელებისთვის, რომელთაც ბიზნესისთვის საწყისი კაპიტალი არ გააჩნიათ, სამსახურის შოვნა საკმაოდ რთულია. მაგრამ ბევრი მათგანი ამბობს, რომ მიუხედავად ამისა, მათ აღმოაჩინეს ქვეყანა, სადაც თავისუფლება აქვთ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა