"ნინის ქეთა თოფურიას მომავალს ვუწინასწარმეტყველებ"

"ნინის ქეთა თოფურიას მომავალს ვუწინასწარმეტყველებ"

ცნობილია, რომ იურმალაში კონკურსზე - "ახალი ტალღა" საქართველოდან მომღერალი სალომე ქათამაძე წარდგება. თუმცა შესაძლებელია, მასთან ერთად, იქ ნინი ცნობილაძეც გაემგზავროს. ამის შესახებ აპრილის ბოლოს შევიტყობთ. თემის გარშემო რამდენიმე კითხვით ნინი ცნობილაძის პროდიუსერს, ნატო დუმბაძეს მივმართეთ.

- ნინის სახით ბოლო დროს საკმაოდ განსხვავებული ხმისა და ტემბრის მქონე ახალგაზრდა შემსრულებელი გაიცნო საზოგადოებამ... "იურმალის" კონკურსის შესარჩევ ტურზეც, რომელიც თბილისში ჩატარდა, ჟიური კმაყოფილი იყო მისი გამოსვლით. იმდენად, რომ მეორე დღეს უკრაინაში, ასევე შესარჩევ ტურზე გამგზავრება შესთავაზეს. მის განსხვავებულ ხმასა და ტემბრზე იქაც სერიოზული აქცენტი გაკეთდა.

- კიევში ვინ შეაფასა ნინი?

- ალექსანდრე რევზინმა, იგორ კრუტოიმ, ანი ლორაკმა და უკრაინული ტელეარხის ორმა წარმომადგენელმა... ძალიან მოეწონათ.

- კი, მაგრამ ცნობილია, რომ "ახალი ტალღის" კონკურსზე სალომე ქათამაძე მიემგზავრება...

- თბილისში ჟიურის ძალიან მოეწონა ორივე შემსრულებელი და ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ორივე კონკურსანტი გასულიყო, მაგრამ პატარა ქვეყნებიდან ჯერჯერობით ორი კონკურსანტი არასოდეს გაუყვანიათ (ორი ან სამი მონაწილე მხოლოდ უკრაინას და რუსეთს ჰყავს ხოლმე), მაგრამ სალომესა და ნინის შორის იმხელა სხვაობა ნახეს (სხვადასხვა ჟანრში მღერიან), რომ დიდი სურვილი გაუჩნდათ, კონკურსზე ორივე წასულიყო. რეალურად თუ ასე მოხდა, ალბათ ეს "ახალ ტალღაზე" პირველი შემთხვევა იქნება.

- ისე, "იურმალის" კონკურსში 4 წლის განმავლობაში საქართველოს მონაწილეობა არ მიუღია და ორი კი არა, მეტი კონკურსანტიც უნდა წავიდეს...

- კი, მაგრამ ჟიური თავიდან ისე იყო განწყობილი, რომ კონკურსისთვის მხოლოდ ერთი მომღერალი შეერჩია... ვინაიდან იგორ კრუტოი თბილისში შესარჩევ ტურზე ვერ ჩამოვიდა, ჟიურიმ გადაწყვიტა, ორივესთვის კიევში მოესმინა... ძნელი კი იყო ერთ დღეში გადაფრენა, მაგრამ ჩავედით. იქ უკრაინელ კონკურსანტებს ირჩევდნენ და ბოლო ორი მონაწილე ჩვენები აღმოჩნდნენ...

- ე.ი. ორივე შემსრულებელი მოეწონათ...

- დიახ. როდესაც ჟიურიმ ნინის მოუსმინა, ბოლოს ორივეს - მეც და ნინისაც თავისთან გვიხმეს. კრუტოიმ და რევზინმა ნინის მისამართით ბევრი თბილი და კარგი სიტყვა გვითხრეს. არადა, ვინც კრუტოის იცნობს, იცის, რომ ის არასდროს გამოხატავს არც ერთი კონკურსანტის მიმართ აღფრთოვანებას. ეს მისი პრინციპია, არ უნდა, რომ მისმა შექებამ შემდგომში კონკურსანტის გამოსვლაზე ცუდად იმოქმედოს, - კარგად იცის მომღერლის ფსიქოლოგია, მაგრამ ნინის შემთხვევაში აღფრთოვანებას ვერ ფარავდა: სრულიად განსხვავებული მონაცემები აქვსო... კიევის შემდეგ ჟიური ბელორუსიაში, ლატვიაში, ყაზახეთსა და რუსეთში უნდა ჩავიდეს. იმ ქვეყნებში კონკურსანტებს რომ მოუსმენენ და დაინახავენ, რომ ნინის მსგავსი მუსიკალური მონაცემების მქონე მომღერალი არ არის, საბოლოო პასუხს გვეტყვიან.

- თუ ნინის მსგავსი ვოკალის მქონე მუსიკოსი რომელიმე ქვეყანაში აღმოჩნდა, მაშინ რა შეიძლება მოხდეს?

- მაშინ ჟიური იძულებული იქნება, მას მიაღებინოს მონაწილეობა. ვერ ეტყვიან, - იცი, საქართველოში შენნაირი მომღერალი გველოდებაო. მოკლედ, თუ "მეორე ნინი" ვერ იპოვეს, მაშინ, ნინი "ახალი ტალღის" კონკურსზე გაემგზავრება, რადგანაც ვიმეორებ, ძალიან მოეწონათ, აღნიშნეს, რომ აქვს ინდივიდუალიზმი და არავის ჰბაძავს.

- ნატო, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ თქვენს საყვარელ საქმეს ისევ დაუბრუნდით და საკმაოდ ნიჭიერ მომღერალს მოჰკიდეთ ხელი...

- ყველამ მაპატიოს, მაგრამ აქამდე არავინ მომწონებია. ყველა მეცადინეობს ბიონსეს, უიტნის სიმღერებზე, უნდათ, რომ უიტნის გაუსწრონ, მაგრამ სამწუხაროდ, ინდივიდუალიზმი არა აქვთ... რა ვქნა, თუ მომღერალში ის ნაპერწკალი არ დავინახე, რომელსაც მერე გავაღვივებ, ხელს არ ვკიდებ. ნინის ყველანაირი მონაცემი აქვს საიმისოდ, რომ მისით დავინტერესდე. სხვათა შორის, ამ მომღერლით მანამდეც ვიყავი დაინტერესებული, სანამ ტელეპროექტში "ახალი ხმა" მივიდოდა. მას ქეთა თოფურიას მომავალს ვუწინასწარმეტყველებ. შეიძლება, ცოტა ხმამაღალი ნათქვამი იყოს, მაგრამ ასე ვფიქრობ, რადგანაც უკვე ვნახე, მისით თუ როგორ დაინტერესდნენ ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან კრუტოი და რევზინი. ეს უკვე გამარჯვებაა! ამას პროდიუსერის გადმოსახედიდან ვამბობ, რადგანაც გამოცდილება მაძლევს ამის თქმის უფლებას.

- შესაძლებელია ნინის ტალანტით რუსი პროდიუსერები დაინტერესდნენ?

- მხოლოდ რუსეთის მასშტაბს არ ვგულისხმობ. შესაძლოა, შემდგომი წარმატებული კარიერისთვის კარგი წინადადებები მიიღოს ევროპიდან, ამერიკიდანაც... ცოტა ხნის წინ სომხურ პროექტში - "თბილისი-ერევანი-ტრანზიტი" მივიღეთ მონაწილეობა, რომელსაც ამერიკელი პროდიუსერი ესწრებოდა და ისე აღფრთოვანდა ნინის შესრულებით, რომ ამერიკაშიც დაგვპატიჟა. ასე რომ, არაფერია გამორიცხული.

- ისე, ნინის ხმა ზოგს მოსწონს, ზოგს - არა... იმასაც ამბობენ, რომ მას დიდხანს ვერ უსმენენ...

- ასე იყო ქეთა თოფურიას შემთხვევაშიც...

- ნატო, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ საინტერესო მომღერლით დაბრუნდით ქართულ შოუბიზნესში... წლების შემდეგ რა შეიცვალა თქვენში?

- უფრო პრაგმატული გავხდი. ადრე ყველაფერს განვიცდიდი, მტკივნეულად ვიღებდი, მაგრამ მივხვდი, რომ ის განცდები და ემოციები მევე მაღიზიანებდა, გულს მტკენდა. პატივს ვცემ ყველას აზრს, მაგრამ ისე მტკივნეულად აღარაფერს განვიცდი. მოკლედ, უნდა ვაკეთო ჩემი საქმე იმის მიუხედავად, ვის მოსწონს ის და ვის - არა.

- ნინის კარიერის დასაწყისში რას ურჩევთ?

- მასაც გულთან ახლოს მიაქვს ყველაფერი და ამ ყველაფერზე მეცინება... ნინიმ ბევრი უნდა იშრომოს, მეტი უნდა აკეთოს, რომ ფეხზე მყარად დადგეს. ხანდახან მოიწყენს ხოლმე, მაგრამ ვეუბნები, - ცხოვრება დაუნდობელია, მოწყენის დრო არ არის, ყველაფერს უნდა გაუძლო და გაძლიერდე-მეთქი!

სხვათა შორის, ბოლოს რევზინმაც ასე უთხრა: რა მოწყენილი სახე გაქვს, მაგარი გოგო ხარ, "ახალი ტალღა" ჰქვია კონკურსს და სწორედ "ახალი ტალღის" წარმომადგენელი ხარო. მოეწონათ ისიც, რომ მას არა აქვს მუსიკალური განათლება, ამდენად, ნიჭი, რომელიც აქვს, მართლაც ღმერთისგან არის მომადლებული... თავისით იჯდა და რაღაცას აკეთებდა, მერე საზოგადოებამ გაიცნო... მინდა, რომ მთელი გულით მივხედო, მაგრამ ბევრი შრომა სჭირდება და თავდადება უნდა გამოიჩინოს.

- პიროვნულად როგორ დაახასიათებთ?

- კარგი ოჯახის შვილია. არის თავმდაბალი, განათლებული, სწავლობს ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, უყვარს შრომა, რასაც დიდ ყურადღებას ვანიჭებ. არა აქვს იმის ამბიცია, რომ გახდეს ვარსკვლავი. ის ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება. მასთან ადვილია ურთიერთობა, საერთო ინტერესები გვაქვს... პროდიუსერისთვის მთავარია, რომ "გადასაკეთებელი" არ ჰყავს მომღერალი. მინდა, წარმატებები ვუსურვო!.. ისე, მუსიკალური ტელეპროექტებიდან "ახალმა ხმამ" გაამართლა. იმავე "იურმალის" შესარჩევ ტურზე, 30 კონკურსანტიდან, კომპეტენტურმა ჟიურიმ (ჟიურის წევრები იყვნენ: ბესო შპეტიშვილი, დუეტი "ჯორჯია", ნანი ბრეგვაძე, სოფო ხალვაში, რუსა მორჩილაძე) ის ორი გოგონა აირჩია, რომლებმაც "ახალ ხმაში" წარმატებას მიაღწიეს. იმ ტელეპროექტშიც მონაწილეობა ნინის მე შევთავაზე...

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

იხილეთ ვიდეო: ნინი ცნობილაძეს "ახალი ტალღის" შესარჩევ ტურზე სამი სიმღერა ამღერეს

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება