ახალგაზრდა კარიკატურისტის თვალით დანახული პრემიერი და პრეზიდენტი

ახალგაზრდა კარიკატურისტის თვალით დანახული პრემიერი და პრეზიდენტი

14 წლის მხატვარი - შოთა პაპავა ერთ-ერთი სოციალური ქსელის მეშვეობით გავიცანი და კარიკატურული ნამუშევრების ნახვის შემდეგ გადავწყვიტე, მის შესახებ მეტი რამ გამეგო. შოთა სამტრედიაში ცხოვრობს და IX კლასის მოსწავლე დროის უმეტეს ნაწილს სწავლასა და ხატვას უთმობს. უკვე 400-ზე მეტი ნამუშევარი აქვს შესრულებული. ვიდრე ინტერვიუს ჩავწერდი, შოთას ჩვენი ჟურნალისთვის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის კარიკატურების დახატვა ვთხოვე, მანაც არ დაიზარა და მათი ხასიათის შტრიხები გაშარჟებულ ნახატებში საკმაოდ კარგად გადმოსცა.

- თქვენი შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! - პრეზიდენტისა და პრემიერის დახატვის თაობაზე ძალიან მომეწონა და დიდი სიამოვნებითაც დაგთანხმდით. იმედია, თქვენი მოლოდინი გავამართლე და კარგი ნახატები გამომივიდა. საერთოდ, დიდი ხანია, რაც მხატვრობით ვარ გატაცებული, მაგრამ კარიკატურების სერიოზულად ხატვა 3-4 წელია, დავიწყე. არ მახსოვს, პირველად ვინ დავხატე, მაგრამ ვფიქრობ, კარგი ადამიანი იქნებოდა, რადგან ჩემთვის იღბლიანი აღმოჩნდა და მას შემდეგ ჩემს კარიკატურებს არაერთი მოწონება ხვდა წილად.

- რამ გიბიძგა კარიკატურების დახატვისკენ?

- ეს სფერო საქართველოში ნაკლებადაა გავრცელებული, ძალიან საინტერესოა და ალბათ, ამის გამო. კარიკატურით შეგიძლია, ადამიანის შინაგანი სამყარო დაინახო, მას კი საკუთარი თავი სხვა კუთხით - გაშარჟებულად და სატირულად დაანახვო.

- ძირითადად, ფოტოების მიხედვით ხატავ?

- კი. როცა საშუალება მეძლევა, ადამიანებს "ლაივშიც" ვხატავ. ჩემში ხატვის ნიჭი ხატვის მასწავლებელმა აღმოაჩინა, სკოლაში. მან სამტრედიის გაზეთის რედაქტორთან - ბეჟან გოგიასთან მიმიყვანა, რომელიც ძველი კარიკატურისტი და ჟურნალ "ნიანგის" წევრია. ბატონი ბეჟანი ძალიან დამეხმარა და ჩემს მხატვრულ განვითარებაში მას დიდი წვლილი მიუძღვის, რისთვისაც მისი მადლიერი ვარ. მერე დედაჩემმა ზალიკო სულაკაურის სტუდიაში ჩამომიყვანა და როცა მას ჩემი ნამუშევრები ვუჩვენეთ, მართლაც ძალიან მოეწონა, დიდი მომავალი მიწინასწარმეტყველა. ამან, რა თქმა უნდა, გამახარა და მეტი სტიმული მომცა.

- ზალიკო რა რჩევებს გაძლევს ხოლმე?

- როცა ვხვდები, რჩევებს პირადადაც მაძლევს, და ინტერნეტის საშუალებითაც, ხანდახან ინტერნეტგაკვეთილები გვაქვს. მოსწონს, რომ ადამიანის ხასიათს კარგად ვიჭერ. აკადემიური დახვეწისა და შუქჩრდილების კუთხით, გარკვეულ შენიშვნებსაც მაძლევს ხოლმე და ვითვალისწინებ. ზოგჯერ მაქებს კიდეც. ვინაიდან ზალიკო კერძო პედაგოგი არ არის, მირჩია, მის მეგობართან, ნიკა კემულარიასთან - იმავე კემოსთან მევლო. ახლა ნიკა ჩემი პედაგოგია, პერიოდულად გაკვეთილებს მიტარებს და მხატვრულ განვითარებასა და წინსვლაში ისიც მეხმარება. მუშაობის დროს ვიხვეწები.

- რას ხატავ კარიკატურების გარდა?

- ყველაფერს. პეიზაჟებსაც, მაგრამ უფრო მეტად, პორტრეტების ხატვა მომწონს: ადამიანის სახე, სული მეტად მაინტერესებს და ყველაზე მთავარი ის არის, რომ ვერ დავხატავ, თუ მის შინაგან სამყაროს, ბუნებას ან შემოქმედებას არ ვიცნობ. ახლა ქართველი და უცხოელი მსახიობების პორტრეტებზე ვმუშაობ და ვცდილობ, თითოეული მათგანის მნიშვნელოვანი და ნაკლებმნიშვნელოვანი როლებიც კი შევისწავლო, რომ ხასიათი და განვლილი ცხოვრების კვალი ჩემს ნახატშიც აისახებოდეს და იგრძნობოდეს. ერთ-ერთი პირველები, ვინც ადრე დავხატე, ღვაწლმოსილი მსახიობები იყვნენ: ელიზაბეტ ტეილორი, სოფი ლორენი, ლეილა აბაშიძე და ა.შ. ახლა ალბათ თანამედროვე მსახიობებსაც დავხატავ.

- ცნობილ ქართველებს თუ ასაჩუქრებ ხოლმე ამ პორტრეტებით?

- კი, ვისთანაც ხელი მიმიწვდება, ყველას ვჩუქნი და ვცდილობ, ამით ვასიამოვნო. ცოტა ხნის წინ გახლდით ბატონ კახი კავსაძესთან, ჯანსუღ ჩარკვიანთან. ნამუშევრები ძალიან მომიწონეს და მეგობრობაც კი შემომთავაზეს, რაც, რა თქმა უნდა, ჩემთვის დიდი პატივია და სიამოვნებით დავთანხმდი. ნამუშევრების პოპულარიზაციაში ძალიან მეხმარება ნიკა წულუკიძე. მართლაც არაფერს იშურებს იმისთვის, რომ სადმე დამაკავოს და საზოგადოებამ გამიცნოს. ძალიან მადლიერი ვარ ამ ადამიანის იმისთვის, რომ ჩემდამი ასეთ ყურადღებას იჩენს.

- შენი ნამუშევრების შეძენის სურვილიც ხომ არ გამოუთქვამს ვინმეს?

- სხვათა შორის, კი. მაგრამ ვერ შეველიე. თუ რაიმე შეკვეთას მომცემენ ან მაგალითად, ფოტოს გამომიგზავნიან, უპრობლემოდ დავხატავ, მაგრამ თუ რაიმეს ჩემი სურვილით, თან დიდი ხანი ვხატავ, მიჭირს დათმობა. ჩემი ნახატები, რა თქმა უნდა, სხვებმა უნდა შეაფასონ, მაგრამ როცა გარკვეული დროის შემდეგ ვაკვირდები და ვაანალიზებ, ვფიქრობ, მეტის და უკეთ გაკეთება შემეძლო, რომ არ მეჩქარა-მეთქი. ერთი კარიკატურის დასახატად 15-20 წუთი მჭირდება, ჩანახატის დონეზე, თუმცა თუ უფრო საფუძვლიანად ვხატავ ან მაგალითად, პორტრეტს ვამუშავებ, შესაძლოა, რამდენიმე დღეც კი მოვანდომო.

- თუ დაგითვლია, რამდენი ნამუშევარი გაქვს?

- 400-ზე მეტი. ზოგი კარიკატურაა, ზოგი - დახვეწილი ნახატი, ზოგი აკადემიურ ჩარჩოში ჯდება, ზოგიც ამ ჩარჩოს ამსხვრევს...

- აბსტრაქტული ნახატებიც ხომ არ გაქვს?

- ჯერჯერობით არა, მაგრამ იმედია, ამ განხრასაც გადავწვდები, იმიტომ, რომ ძალიან მაინტერესებს როგორც აბსტრაქცია, ისე სიურრეალიზმი და კუბიზმი. მაგალითად, ზალიკოს ძმა - ზურა სულაკაური სიურრეალისტია და ძალიან კარგი ნამუშევრები აქვს, ისევე, როგორც ზალიკოს. უცხოელი მხატვრებიდან სალვადორ დალი და პაბლო პიკასო მომწონს, ქართველებში და ალბათ მსოფლიოშიც უპირველესი და შეუდარებელი კი ჩემთვის, ფიროსმანია.

- ალბათ დროის დიდ ნაწილს ხატვას უთმობ, რადგან ამდენი რამ დაგიგროვებია...

- სხვათა შორის, არა. დროს კარგად ვანაწილებ. პირველ ადგილზე სწავლა დგას - გაუნათლებელი მხატვარი ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია და სირცხვილია. როცა მეცადინეობას ვამთავრებ, მეგობრებთან ერთად ვერთობი ხოლმე, მერე კი ყოველ საღამოს ვჯდები და ვხატავ. ჩემთვის მიუღებელია, რომ ამბობენ, - მხატვარი ვარ, მაგრამ 2-3 წელია, არაფერი დამიხატავსო. მხატვარმა თუ ხელი არ ამუშავა, როგორც მაგალითად, პიანისტმა, მერე იმ სამყაროში დაბრუნება გაუჭირდება. ყველანაირი საღებავით ვხატავ, აკვარელითაც და უბრალოდ, ფანქრითაც. რითაც არ გამომდის, იმითაც ვცდილობ, რომ დავხატო.

- მაგალითად?

- ნახშირით ხატვა. მაგალითად, ჩემი მასწავლებელი, ყავით ხატავს. ერთი გოგონა ტილოზე ყავითა და ე.წ. "მწვანე ბრილიანტით" ("ზელიონკა") მუშაობს და კარგი ნახატებიც გამოსდის, მათ შორის - აბსტრაქციები.

- გამოფენა თუ გქონდა?

- კი, პატარ-პატარა გამოფენა ხშირად მაქვს, მაგრამ რაიმე მასშტაბურზე ჯერჯერობით არ მიფიქრია, ამას უფრო სერიოზული მუშაობა სჭირდება და არ მინდა, ვიჩქარო, ყველაფერი წინაა. რაც შეეხება ჩემს პროფესიას, ზუსტად არ გადამიწყვეტია, მხატვრობას ავირჩევ თუ თეატრის განხრით წავალ. თეატრალური სამყარო ძალიან მიყვარს და ვნახოთ, რომელი გადაწონის.

- თეატრმცოდნეობა გსურს?

- კი, ან მსახიობობა. ვფიქრობ, კარგი თეატრმცოდნე რომ გახდე, სამსახიობო სკოლა უნდა გაიარო. თვითონ ნიკა წულუკიძეს, რომელიც თეატრმცოდნეა, სამსახიობო ფაკულტეტი აქვს დამთავრებული და ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს, - მივხვდი, საჩემო პროფესია არ იყო და თავი დავანებე, მაგრამ ბევრი ვერ მიხვდა და დღესაც ტყუილად დარბის სცენაზე აქეთ-იქით, ვითომ მსახიობიაო. ვეთანხმები. ყველამ კარგად უნდა გააანალიზოს და მიხვდეს, თუ რა უნდა აკეთოს. შესაძლოა, მეც ვცდები და არ არის თეატრი ჩემი საქმე, მაგრამ იმდენად მიყვარს, მგონია, რომ გამომივა. სპექტაკლებზე საკმაოდ ხშირადაც დავდივარ და როცა საშუალება მეძლევა, ამ სიამოვნებას ხელიდან არაფრის დიდებით არ ვუშვებ. თბილისში ხშირად მიწევს ჩამოსვლა და საქმეების მოგვარებასაც ვახერხებ ხოლმე, სამომავლო გეგმების დაწყობას და ა.შ.

- აბა, წარმატებებს გისურვებ შენი მიზნების მიღწევაში.

- დიდი მადლობა!

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება