არჩილ სოლოღაშვილი - "საქართველოს ვარსკვლავის" წამყვანობა ძალიან დიდი სტრესია

არჩილ სოლოღაშვილი - "საქართველოს ვარსკვლავის" წამყვანობა ძალიან დიდი სტრესია

არჩილ სოლოღაშვილი მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობია. გასტროლებზე ხშირად უწევს სიარული. მეხუთე კლასში იყო, პირველად მშობლების გარეშე რომ იმოგზაურა. როგორც თავად ამბობს, ამის შემდეგ მიწაზე ფეხი არ დაუდგამს. აჩიკო მოგზაურობაზე, კარიერულ სიახლეებსა და მეუღლეზე გვიყვება.

- პირველად როდის იმოგზაურე?

- მაშინ მეხუთე კლასში ვიყავი, ანსამბლ "სიხარულში" ვცეკვავდი და გასტროლზე წავედით უნგრეთში. სასწაული ქვეყანაა. ასეთ პატარა ასაკში იქ მოხვედრა ჩემთვის დიდი სიხარული იყო. ორი კვირა გზაში ვიყავით. თბილისიდან უკრაინამდე ჯერ მატარებლით წავედით, მერე კი ავტობუსით განვაგრძეთ გზა. მახსოვს, ბავშვებს უნგრეთის უძველეს ქალაქს გვათვალიერებინებდნენ. ერთ-ერთმა იქაურმა ქალბატონმა ხელით მანიშნა - გამომყევიო. ისე შემეშინდა, არ ვიცი, რა გითხრათ. გავყევი და თან ვიფიქრე, ჩვენები ახლოს არიან და თუ რამეა, დავუძახებ-მეთქი. მან მაჩვენა ბარათები, რომლებზეც სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა იყო გამოსახული და მითხრა, აირჩიეო. საოცრად ბედნიერი ვიყავი, თავი პრივილეგირებულად ვიგრძენი და შიშმაც გამიარა. იქიდან წამოსვლისას კიევში ჩემი მშობლები უნდა დამხვედროდნენ. მათ გზაში ავცდი. საცოდავად, დიდხანს ველოდი აეროპორტში. შემდგომ ისევ ჯგუფს გამოვყევი და ორი კვირა კიდევ გზაში ვიყავი. ეს ჩემი პირველი დამოუკიდებელი გასვლა იყო საქართველოს ფარგლებს გარეთ. მას მერე კი "ავიდგი ფეხი" (იღიმის)...

- რომელ ქვეყნებში ხარ ნამყოფი? რომელი მათგანი დაგამახსოვრდა განსაკუთრებულად?

- უნგრეთის გარდა, თურქეთში, რუსეთში, უკრაინაში, ხორვატიაში, გერმანიაში, ესტონეთში, პოლონეთში, ინგლისში, ინდოეთში, ისრაელში, კუბაში, ეგვიპტეში, ირლანდიაში, შოტლანდიასა და კოლუმბიაში ვიყავი. ყველა ქვეყანას თავისი დამახასიათებელი რაღაც აქვს, რომელიც მოგწონს ან არ მოგწონს. გამოვარჩევდი ინდოეთს. ამ ქვეყანამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. მეგონა, რომ რეალობა არ იყო და სადღაც ზღაპარში მოვხვდი. ინდურ ფილმებში რასაც ვუყურებდი, დადგმული და არარსებული მეგონა. უცებ, ამ ზღაპრის მონაწილე გავხდი. ინდოეთში თეთრკანიანების დანახვა ძალიან უკვირთ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან თეთრი არ ვარ, მოდიოდნენ და ჩემთან სურათებს იღებდნენ. თუ ქერა, ან "რიჟა" ხარ, ჩათვალე, რომ ღვთაება იქნები მათთვის. სხვათა შორის, სპილოებიც ვაბანავე (იღიმის). ეს ქვეყანა იმდენად ლამაზია, რომ სამი დღე გაოგნებული ვიყავი, ვერც ვჭამდი, ვერც ვსვამდი. სასტუმროს ნომერში ხვლიკი მყავდა... გახსოვთ ალბათ ცნობილი "ბაუნტის" რეკლამა. სწორედ ინდოეთის სანაპიროებზეა გადაღებული. რეკლამის ყურებისას იქ მოხვედრაზე ყველას გვიოცნებია. სწორედ იმ ადგილზე გახლდით. გეტყვით იმასაც, რომ ამ ქვეყანაში არის ძალიან მოვლილი ადგილები, მაგრამ არის - ძალიან მოუვლელიც, ზოგან საშინელი ანტისანიტარიაა. ჩვენ ისეთ ადგილზე ვიყავით, სადაც ქუჩებში ყველაფერი ანათებდა და ბრჭყვიალებდა. არასდროს დამავიწყდება ერთსაათიანი რელაქსაციური მასაჟი, რომელიც ჩემთვის დღემდე ამოუხსნელია. სასწაული სიამოვნება მივიღე. უმაგრესი იყო მდინარე, რომლის მეშვეობითაც გემით ოკეანეში გავედით.

- რომელი ქვეყნის სამზარეულოს გამოარჩევდი?

- ძალიან მიყვარს ჭამა. პირდაპირი მნიშვნელობით - "ჭამისტი" ვარ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ინდური სამზარეულო არ მიყვარს. ისინი დამახასიათებელ სუნელებს ყველა საჭმელს უკეთებენ, რომლის გემოც არ მომწონს. საკვების მხრივ ეგვიპტიდანაც უკმაყოფილო დავბრუნდი. ხორცეული ძალიან მიყვარს, ამიტომაც ევროპულ საკვებს გემრიელად გეახლებით. გერმანიაში ძეხვს, სოსისსა და სტეიკს ვჭამდი. ბავარიულ ლუდზე ვგიჟდები. მოკლედ, გერმანია ჩემია. სხვათა შორის, მათ მეტყველებაზე ძალიან მეცინება და რატომ - არ ვიცი. პორტუგალიური და ფრანგული ენები მიყვარს.

- ეგზოტიკური დელიკატესები თუ გაგისინჯავს? მაგალითად - გველი.

- სიმართლე გითხრათ, ასეთი რაღაცები არ მხიბლავს. ზუსტად ვიცი, რომ ღორის ხორცი მიყვარს ძალიან. არ არის აუცილებელი, გველის ხორცი გავსინჯო. ის თავისთვის იყოს.

- მუზეუმებს ათვალიერებ საზღვარგარეთ ყოფნისას?

- გასტროლზე რომ მივდივართ, გრაფიკი წინასწარაა გაწერილი. სამწუხაროდ, საქართველოდან ფრენები არის ღამე, რის მერეც მთელი დღე გამოძინებისთვის გჭირდება. მუზეუმების დათვალიერებისთვის დრო ნაკლებად გვრჩება. თუ შემთხვევით რეპეტიცია სხვა დროს გადაიწევს, ამ მომენტში მივდივარ ღირსშესანიშნაობების სანახავად. მაგალითად, კოლუმბიაში ქუჩაში რომ გადიხარ, უკვე მუზეუმში ხარ. იქ ჩასულს გეტყვიან, - ტაქსიში არ ჩაჯდე, რადგან რეკომენდებული არ არის, შესაძლოა გაგიტაცონო. კოლუმბიის დედაქალაქში ვიყავით, ვკითხულობდი, ღამე ქალაქი რომ დავათვალიერო, რა მოხდება-მეთქი? - რეკომენდებული არ არის, ეცადეთ, ცენტრალურ ქუჩებში იაროთ; თუ მიხვდით, რომ გადაუხვიეთ, მაშინვე იქაურობას გაეცალეთ, რადგან შესაძლებელია, ვეღარ გიპოვოთო. აქ ისეთი ფილმის გმირი ხდები, რომელიც ერთ დროს მიუწვდომელი გეგონა.

- ყველაზე ლამაზი ადამიანები რომელ ქვეყანაში არიან?

- მაგალითად, საფრანგეთში ფრანგი რომ ნახო, ძალიან ბევრი უნდა ეძებო. სულ ჩასულები არიან. გერმანია კი თურქებს მიაქვს. ხორვატიაში შედარებით მომხიბვლელები არიან. ხმამაღლა ცოტა მიჭირს ამის თქმა, რადგან ძალიან მაღლები არიან. მათ გვერდით ჩემი თავი ლილიპუტი მეგონა. ამხელა ქალების არსებობა ვერ წარმომედგინა.

- რომელ ქვეყანაში იცხოვრებდი?

- გერმანიაში, სადაც ხუთჯერ ვარ ნამყოფი. ეს ის ქვეყანაა, სადაც, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ვიცხოვრებდი. ამბობენ, გერმანელები ცივები არიანო. მე პირიქით გეტყვი - ძალიან თბილი ხალხია. შეიძლება, ერთხელ წახვიდე და გაგიმართლოს, სითბო იგრძნო, მაგრამ ხუთჯერვე ხომ არ გამიმართლებდა?! თანაც, სულ სხვადასხვა ქალაქში ვარ ნამყოფი. კომუნიკაბელური ხალხია. რამეს თუ ჰკითხავ, ღიმილით გიპასუხებენ, თუ დაიკარგები, სახლამდე მიგიყვანენ. თუმცა, სახლამდე გაყოლა და ბოლომდე მიცილება ზოგადად ევროპელებისთვის დამახასიათებელი თვისებაა. გერმანელებმა შრომის ფასი იციან. ამას ძალიან ვაფასებ, რადგან მეც ბევრს ვშრომობ. გარდა ამისა, მათ გართობაც უყვართ. ყველაფერში ნორმას იცავენ და ხასიათით მათ ძალიან ვგავარ. ნორმას ერთადერთი ჩემს პროფესიაში ვერ ვიცავ. თეატრში 12 საათი რომ რეპეტიცია გვქონდეს და არ მთავრდებოდეს, ხმას არ ამოვიღებ, არ დავიწუწუნებ, არ მომბეზრდება. ბევრ ქვეყანაში მსახიობებს ძალიან კარგი პირობები აქვთ. იქ არის გარკვეული დრო, რომლის ამოწურვის შემდგომ თუ გამუშავებენ, ანაზღაურებაც შესაბამისი გექნება. კიდევ - დიდ ბრიტანეთში ვიცხოვრებდი, თუმცა ჯერ - არა. არ მიყვარს წვიმა, ლონდონი კი პირდაპირ ასოცირდება წვიმასთან. თუმცა იქ ყველა პირობაა, რომ არც წვიმა იგრძნო და არც სიცივე. მთავარია, საშუალება გქონდეს და ზამთარში გაზაფხულს მოიყვან. იქ მოგზაურობა ძალიან კარგად მახსენდება. მონარქიული ქვეყანაა და თავს ასეთ გარემოში კარგად ვგრძნობდი. ცხენოსნების დანახვაზე მომინდა, ჩოხა მცმოდა და მეც ცხენზე ვმჯდარიყავი.

- როგორც მივხვდი, ხშირად დადიხართ გასტროლებზე სხვადასხვა ქვეყანაში. რომელი იყო ყველაზე დასამახსოვრებელი, რომელს მოჰყვა განსაკუთრებული წარმატება?

- ინდოეთში "კარმენი" რომ წავიღეთ, 2 ათასი კაცი მოვიდა. ხორვატიაში "მაკბეტი" ვითამაშეთ და არასდროს დამავიწყდება მაყურებლის ემოცია. სპექტაკლი რომ დამთავრდა, დაახლოებით 15 წამი სრული პაუზა იყო, მსახიობებს გული გაგვიჩერდა... ტაშს არავინ უკრავდა და გვეგონა, დადგმა ჩავარდა. ცოტა ხანში ისეთი ბრახუნი და ბაგა-ბუგი ატყდა, ვერ აღგიწერთ. როგორც შეეძლოთ, ისე გამოხატავდნენ ემოციას. 8-ჯერ გამოგვიყვანეს სცენაზე, რომ თავი დაგვეხარა მაყურებლისთვის. მსახიობისთვის აპლოდისმენტები ყველაზე მნიშვნელოვანია. როდესაც საზღვარგარეთ მიგაქვს შექსპირი, ეს უკვე ამბიციური განაცხადია. ყველა დგამს "მაკბეტს" და ფიქრობ, შენ რით უნდა გააოცო.

- ხასიათით ქართველებს რომელი ერი გვგავს?

- ჩემი აზრით, ესპანელები და იტალიელები. ისინიც ჩვენსავით გიჟები, ფიცხები და უზრდელები არიან. ქუჩაში შეუძლიათ გააჩერონ მანქანა და ლანძღონ ერთმანეთი. ეს მხოლოდ ამ ორ ქვეყანაში ხდება. სულ სიგნალების ხმა ისმის ირგვლივ. მაგალითად, გერმანიაში სიგნალი საერთოდ არ არსებობს. დასიგნალება მათთვის შეურაცხყოფად ითვლება. მიაჩნიათ, რომ თუ საცობია, არა უშავს, მშვიდად უნდა დაელოდო. ამ დროს კი იტალიასა და ესპანეთში მიდის ქოთქოთი და ლანძღვა-გინება.

- რომელი ქვეყნის არქიტექტურამ მოგხიბლა?

- აბსოლუტურად ყველა ქვეყნის არქიტექტურა მომწონს, სადაც კი ნამყოფი ვარ. რომელიმე ქვეყნის გამოყოფა ძალიან მიჭირს. ყველა თავისებურად უნიკალურია. ვენეციიდან ხორვატია ძალიან ახლოსაა და იქ თითქმის ყველაფერი ვენეციელების აშენებულია. ედინბურგია ულამაზესი.

- საზღვარგარეთ ყოფნისას შოპინგს რა დროს უთმობ?

- შოპინგი ძალიან მიყვარს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ საზღვარგარეთ ყოფნისას მას ბევრ დროს ვუთმობ. ქუჩაში სიარულის დროს მაღაზია თუ შემხვდება, აუცილებლად შევივლი. მხოლოდ ტანსაცმლის საყიდლად წასვლა წარმოუდგენელია. მირჩევნია, ის დრო ქალაქის დათვალიერებას მოვანდომო. ბავშვობაში, სამოგზაუროდ რომ მივდიოდი, ყველაფერზე თვალი მრჩებოდა, რადგან საქართველოში არაფერი იყო. დღეს თუ გაქვს ფული, კარგ ტანისამოსს საქართველოშიც იყიდი და სხვაგანაც. კარგი ჯინსი ყველგან ძვირია. მისი ყიდვა ყველაზე მეტად მიჭირს - ევროპაშიც, აზიაშიც და საქართველოშიც.

- სუვენირები და საჩუქრები ჩამოგაქვს ხოლმე?

- კი, შეძლებისდაგვარად ჩამომაქვს. მახსოვს, ინდოეთიდან შუბლზე მისაკრავი ხალები წამოვიღე. ვიფიქრე, ჩემს მეგობარ გოგოებს ჩავუტან-მეთქი. ისეთი ცუდი ხარისხის აღმოჩნდა, რომ ძალიან შევრცხვი. სუვენირებს უმეტესად აეროპორტებში ვიძენ, ყველაზე მეტი იქ იყიდება. საჩუქრები ძირითადად მეუღლისთვის ჩამომაქვს. მაღაზიაში, რომ შევდივარ, ჯერ ქალის განყოფილებისკენ ვიხედები. ისე მიყვარს შოპინგი, ამას თუ გავაკეთებდი, ვერასდროს წარმოვიდგენდი.

- საქორწინო მოგზაურობაში სად იყავით?

- "შუა დღემ" საჩუქარი გაგვიკეთა და ეგვიპტეში გაგვიშვა მე და ნუცა ათი დღით. ეს არაჩვეულებრივი საჩუქარი იყო ჩემი მეგობრებისგან და ჩემი ოჯახისგან, - "რუსთავი 2"-ს ასე ვეძახი. თებერვალში ვიყავით და ვირუჯებოდით აუზზე. ეს ის შემთხვევაა, როცა არ გაინტერესებს, სად ხარ, მთავარია, შენ გვერდით ვინაა. მახსენდება იქაური სასტუმროს მომსახურე პერსონალი. ქალებს მუშაობის უფლება არ აქვთ და კაცები სულ სადღაც დაბორიალებენ. რამე რომ გინდოდეს, უნდა ეძებო. ნუცამ ძალიან კარგად იცის ინგლისური, მე - ისე კარგად არა. თუმცა, მე უფრო ვაგებინებდი, რა მინდოდა. ძალიან ბევრს მუშაობენ, ანაზღაურება კი დაბალი აქვთ. სულ დაღლილები არიან და რაღაცას რომ ეუბნები, უბრალოდ, არ ესმით, მაგრამ ვერც ეჩხუბები, შეგეცოდებიან. ევროპაში, რესტორნებსა და კაფეებში ძალიან კარგი მომსახურებაა. ჩემთვის მისასალმებელია, რომ ისინი მიმტანობას არ თაკილობენ, პირიქით - აფასებენ. თურქეთში ისე გემსახურებიან, თავი მეფე გეგონება.

- ყველაზე დიდი ხნით რომელ ქვეყანაში მოგიწია დარჩენამ?

- ედინბურგში ვიყავი ორი კვირით. ყოველდღე გვქონდა სპექტაკლი. ეს ძალიან ძნელი ყოფილა. რომ ვამბობ ხოლმე, გასტროლზე მივდივარ-მეთქი, ხშირად მეუბნებიან - რა მაგარია, სხვა რაღა გინდაო. ჰგონიათ, რომ ვერთობი, რადგან იქიდან ჩამოტანილ ფოტოებზე ვიღიმი. არადა, ეს ისეთი შრომაა, ვერ აღვწერ.

- გარუჯვა გიყვარს?

- კი, მიყვარს. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ძალიან ბევრს ვმუშაობ. ხშირად სახეზე ფერი არ მადევს ხოლმე. არ მეგულება ადამიანი, რუჯი რომ არ უხდება. თუმცა არ მიყვარს, სიშავეში რომ გადადის. გადაღებები თუ მეწყება, ბევრი ტონალურის წასმას, მირჩევნია, სამჯერ წავიდე სოლარიუმში. საშინელებაა, ეთერის წინ ტონალურის სქელ ფენას რომ გადებენ. ქალები ბავშვობიდან ეჩვევით მაკიაჟს. კაცისთვის კი წვერზე გადასმული კრემი საშინელებაა.

- რომელი ქვეყანაა, სადაც სიამოვნებით იმოგზაურებდი?

- იაპონია. ჩემი ოცნებაა, იაპონიაში მოვხვდე. მათ შესაშური კულტურა და ბუნება აქვთ. სტიქიამ ეს ქვეყანა და ადამიანები გაანადგურა, თუმცა ერთმანეთს მუდამ გვერდში უდგანან. პრობლემებს იმდენად ღირსეულად უმკლავდებიან, რომ პირადად ჩემთვის მართლა შესაშურია. ვიზუალურადაც ძალიან მესიმპათიურებიან. იაპონური სამზარეულოც ძალიან მიყვარს.

- ცოტა კარიერულ სიახლეებსა და ოჯახურ ცხოვრებაზეც ვისაუბოთ. რითი ხარ ამჟამად დაკავებული?

- 22 აპრილიდან "საქართველოს ვარსკვლავის" ლაივშოუები იწყება. ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის ძალიან დიდი სტრესია, რადგან წამყვანობა სულ სხვა პროფესიაა. ეთერში ყოველი გასვლის წინ ვნერვიულობ. ეს ხან მეტყობა, ხან - არა. ახლა უკვე ამ სფეროში გამოცდილება მაქვს. შესაბამისად, მგონია, რომ ამ სეზონზე უფრო თავისუფლად ვიქნები. "შუა დღეშიც" ვარ ორშაბათსა და პარასკევს. რაც შეეხება თეატრს, ახალი ჯერჯერობით არაფერი ხდება. ბოლოს ვითამაშე "(შუა) ზაფხულის ღამის სიზმარი". ვინც ნახა, დამეთანხმება, რომ მსახიობისთვის საოცნებო სპექტაკლია. იქ ჩანს, რა შეგიძლია.

- როგორ ახერხებ ამდენი საქმის ერთად კეთებას?

- მართლა არ ვიცი. ყველაზე დიდი უკმარისობა მაქვს ჩემი ოჯახის. მეუღლეს ვერ ვხედავ ისე ხშირად, როგორც უნდა ვხედავდე. თუმცა, ამასაც აქვს თავისი პლუსი. ჩემზე ბევრად რთული გრაფიკი აქვს ნუცას. ბოდიშს ვიხდი ყველა პროფესიის ადამიანთან, მაგრამ არ მეგონა, მსახიობებზე მძიმე გრაფიკი თუ ვინმეს ექნებოდა. მივხვდი, რომ ჟურნალისტიკაში დრო არ არსებობს. უცბად ისეთ რაღაცაზე შეიძლება გახდე გასაქცევი, სულ რომ არ ელი. მოკლედ, ჩემნაირი ვიპოვე, რა!

- ნუცა მაყურებელს ახალ ამპლუაში მოევლინა - ქრონიკის წამყვანია. შენიშვნებს თუ აძლევ ხოლმე?

- ქართლელი ვარ და პირდაპირ ლაპარაკი მიყვარს. არ ვარ სუბიექტური ნუცას მიმართ, - პირიქით. თუმცა, როცა ეთერში ვუყურებ, ვცდილობ რაიმე ვუპოვო, რასაც შემდეგ გამოასწორებს. ამის საბაბს ხშირად არ მაძლევს. მიხარია, რომ ამ ასაკში ამდენს მიაღწია. მეამაყება, რომ მყავს ასეთი მეუღლე. შეუძლია, ისეთივე პროფესიონალი იყოს თავის საქმეში, როგორიც მეუღლეა, ასევე, იყოს კარგი მეგობარი, კარგი ადამიანი. მიხარია, რომ ჩემ გვერდითაა.

- თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?

- ჩვენთვის მთავარია, ერთად ვიყოთ და სად ვიქნებით, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. კლუბური ცხოვრება არც ერთს არ გვიყვარს. დღის განმავლობაში ორივე ისე ვიღლებით, საღამოს კიდევ ხალხმრავალ ადგილას რომ წავიდეთ, წარმოუდგენელი იქნება. შესაბამისად, თავისუფალ დროს მშვიდ და მეგობრულ გარემოში ვატარებთ. ერთი სული მაქვს, როდის დადგება აგვისტო... მინდა, რომ მარტო მისი ვიყო და მარტო ჩემი იყოს.

ჟანა გოგინაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება