"შინის" შინ დაბრუნება და "არაჩვეულებრივი გამოფენა"

"შინის" შინ დაბრუნება და "არაჩვეულებრივი გამოფენა"

გერმანიაში 14-წლიანი წარმატებული მოღვაწეობის შემდეგ, ჯგუფმა "შინი" სამშობლოში დაბრუნება ახალი, ინოვაციური პროექტით გადაწყვიტა, რომლის პრემიერა 2012 წლის დეკემბერში, რიგის კონგრესჰოლში შედგა. "არაჩვეულებრივი გამოფენა" - ასე უწოდეს მუსიკოსებმა პროექტს, რომელშიც გია ყანჩელის, მაიკლ სტერნის, მაილს დევისის, ხოაკინ როდრიგოს, ჩიკ კორეასა და ქართული ხალხური მუსიკის მოტივებია თავმოყრილი.

პროექტის თბილისური პრეზენტაცია 26 მაისს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება და სამ დღეს გასტანს. მასში მონაწილეობას მიიღებს თბილისის სიმფონიური ორკესტრი ვატო კახიძის ხელმძღვანელობით, თბილისის კონსერვატორიის ვოკალური კვარტეტი და ნინო ანანიაშვილის საბალეტო დასი. სპეციალურად ამ პროექტისთვის ცნობილ უცხოელ მუსიკოსებსაც მოიწვევენ - ხორხე პარდოს (ესპანელი ფლეიტისტი), ილიას მირზაევს (თურქი კომპოზიტორი და პროექტის მუსიკალური ნაწარმოებების არანჟირების ავტორი) და ნორმუნდ შნეს (ლატვიელი ჰობოისტი და დირიჟორი). ამ მუსიკოსების გარდა, საქართველოს ეწვევიან ხმის მთავარი ინჟინერი, გერმანელი აჰიმ ჰუბერი და მაკედონიელი ქორეოგრაფი - ალექსანდრა ევტიმოვა.

კომპანია "ბრავო რეკორდსთან" ერთად, "შინი" ალბომის გამოშვებასაც გეგმავს, რომელშიც 12 მუსიკალური ნაწარმოები შევა. ალბომის დიზაინის კონცეფციაზე, სავარაუდოდ, სანდრო ყანჩელი იზრუნებს.

ზაზა მიმინოშვილი, "შინის" სოლისტი:

- "არაჩვეულებრივი გამოფენა" - ეს არის დიდი მუსიკალური პორტრეტები. გია ყანჩელის შემოქმედებაზე თაობები გავიზარდეთ. საამაყოა, რომ ცოცხალი კლასიკოსი გვყავს, რომლის შემოქმედებაში ტრადიციის საოცარი "რესპექტია", წარსულის გააზრება და მომავლის კეთება. დიდი მადლობა "ბრავო რეკორდსს" და თითოეულ მხარდამჭერს, რომ ამ პროექტის საქართველოში გაცოცხლების საშუალება მოგვცეს. ეს არის აბსოლუტურად სხვანაირად წაკითხული, "შინისეული" გია ყანჩელი, ამ მუსიკის განცდა, საკუთარ თავში გატარება და შემდეგ, რეაქცია - რა ზემოქმედებას ახდენს ის ჩვენზე. ყველასთვის ნაცნობი, "არაჩვეულებრივი გამოფენის" მელოდია მონათესავე აღმოჩნდა ლეგენდარული გიტარისტის - მაიკლ სტენლის თემასთან, არადა, ოსტატებს ერთმანეთისთვის არ მოუსმენიათ. ამდენად, ამ პროექტში სრულიად უცნობი და მოულოდნელი რაღაცებია ჩამალული. ბატონი გია ლატვიაში დაესწრო ჩვენს კონცერტს და მისი თბილი სიტყვების მოსმენა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. იმედი მაქვს, ის დაგვდებს პატივს და საქართველოშიც გვესტუმრება. ჩვენი სახელწოდებიდან გამომდინარე, მთავარი შინ დაბრუნებაა და მივხვდით, რომ უკვე ჩვენი დაბრუნების დრო დადგა!

ზაზა შენგელია, კომპანია "ბრავო რეკორდსის" ხელმძღვანელი:

- თბილისის მერია და საქართველოს კულტურის სამინისტრო ბევრი პროექტის განხორციელებაში გვეხმარება, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი ისევე, როგორც სხვა პარტნიორ კომპანიებს. კარგია, როცა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურები ერთობლივად გვეხმარებიან, რადგან მსგავსი პროექტების ცალ-ცალკე დაფინანსება ალბათ ორივე მათგანს გაუჭირდებოდა... მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე "ბრავო რეკორდსს" ერთადერთი "სიგნედ" არტისტი ჰყავს - თამთა ცხვიტავა, რომელთანაც ხუთწლიანი კონტრაქტი გვაერთიანებს და უკვე მის მეორე ალბომს ვუშვებთ. თუ "არაჩვეულებრივი გამოფენა" წარმატებით ჩაივლის და ჩვენი მოლაპარაკება დადებითად წარიმართება, "შინი" ჩვენი "სიგნედ" ჯგუფი გახდება, რაც იმას ნიშნავს, რომ შემდგომში მათი ალბომების ჩაწერა, კარიერის მართვა, საგასტროლო ტურნეების დაგეგმვა ჩვენი კომპეტენცია იქნება. ევროპაში თითქმის არ არსებობს ჯაზ-ფესტივალი, რომელშიც ეს ანსამბლი არ მონაწილეობდა. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში დაბრუნდებიან, მათი "ექსპორტირება" აქედან მოხდება. რაც უფრო დიდხანს დარჩებიან საკუთარ მიწა-წყალზე, მათი მუსიკალური ფესვები უფრო მეტად გაიდგმება...

ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე:

- კულტურის სამინისტრო ყოველთვის იდგება იქ, სადაც ნიჭიერება და მაღალპროფესიონალიზმია. ყველანაირად მხარს ვუჭერთ და მუდამ დავაფინანსებთ ისეთ პროექტებს, რომელიც მსმენელის გემოვნებას უფრო მეტად დახვეწს და აამაღლებს...

ანი ლაღიძე, თბილისის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის წარმომადგენელი:

- როდესაც ეს პროექტი თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრში შემოვიდა, მის დაფინანსებას სიამოვნებით დავთანხმდით. "ბრავო რეკორდსთან" დიდი ხნის ურთიერთობა გვაკავშირებს და ვამაყობთ, რომ "არაჩვეულებრივ გამოფენაში" საკუთარი წვლილის შეტანის შესაძლებლობა მოგვეცა. დარწმუნებული ვარ, პროექტს წარმატება ელის.

თორნიკე ნიკოლაიშვილი, კომპანია "ნატახტრის" წარმომადგენელი:

- ჩვენთვის დიდი პატივია ამ საინტერესო ადამიანებთან თანამშრომლობა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჯგუფი "შინი" ქართული კულტურის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ექსპორტიორია ევროპაში. იმედს გამოვთქვამ, რომ ეს ღონისძიება ჩვენი დიდი მეგობრობის დასაწყისი იქნება.

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება