რა იყიდა სექს-შოპში იუნა შაფათავამ

რა იყიდა სექს-შოპში იუნა შაფათავამ

რუბრიკა "სტილის" სტუმარი, მსახიობი და ტელეწამყვანი იუნა შაფათავა თამამი ჩაცმულობის გამო არაერთხელ გამხდარა საზოგადოების კრიტიკის ობიექტი.

- გემოვნების მიხედვით შემოსვის საშუალება რომ მქონდეს, ალბათ, "შანელის" მაღაზიის პირველი მომხმარებელი ვიქნებოდი. კლასიკური შავი კაბა ყველაზე მეტად მომწონს, ასევე - მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, პიჯაკები, კორსეტები... ჩემს ჩოგბურთელ დას, სოფიკოს საზღვარგარეთიდან ჩამოაქვს ხოლმე ჩემთვის სამოსი. ჩემი ერთადერთი საოცნებო აქსესუარი "შანელის" კლასიკური ჩანთა "2.55"-ია, რომლის ჩუქებასაც სოფიკო დამპირდა და მოუთმენლად ველოდები. ქალმა, პირველ რიგში, გარეგნობაზე უნდა იზრუნოს - მუდამ თმადავარცხნილი, სუფთად ჩაცმული და ფრჩხილებმოწესრიგებული უნდა იყოს. თავის გალამაზება ადვილია, თუ ამის შესაძლებლობა გაქვს. როდესაც ავტობუსს გადევნებულიც კი ვიღაცას მოსწონხარ, ესე იგი ნამდვილად ლამაზი ხარ. ისე კი, მთავარი ადამიანის შინაგანი ბუნებაა. შარშან საზღვარგარეთ მივფრინავდი და ერთი სოფლელი ქალი დამემგზავრა - ხელებდაკოჟრილი და უკბილო, მაგრამ ისე საინტერესო მოსაუბრე აღმოჩნდა, რომ საკუთარ თავს ვუსაყვედურე, გარეგნობის მიხედვით რატომ შევაფასე-მეთქი... ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ადამიანის გემოვნება იცვლება, სტუდენტობისას ფრჩხილზე შავი ლაქი მესვა, მეტალისტი ვიყავი და ყველა თითზე ბეჭედი მეკეთა. ამ ეტაპმა უკვე გაიარა. თუ წვეულებაზე მივდივარ, განსაკუთრებულად ვიმოსები - მსურს ყველაზე კარგად გამოვიყურებოდე.

- სამოსის ბრენდს დიდ მნიშვნელობას ანიჭებ?

- ადამიანი, რომელიც მხოლოდ ბრენდულ სამოსს იცვამს, ამით ხაზს უსვამს თავის უბადრუკობას. მიყვარს თამამი სამოსი. ერთხელ ღონისძიებაზე ლატექსის წითელი კაბით მივედი, რომელიც წინაც და ზურგზეც დეკოლტირებული იყო. ჩემი კაბა ძალიან ეფექტური იყო - ყველა მიყურებდა და ფოტოს მიღებდა. სექს-შოპში შეძენილი თეთრი გამჭვირვალე კაბა კი ჯერჯერობით არსად ჩამიცამს. ქუჩაში ხშირად უთქვამთ, ეს რა გაცვიაო. ზოგჯერ დილით სამსახურში იმის გამო დამიგვიანია, რომ მოკლე კაბის გამო მეუღლესთან მქონია უსიამოვნება. შემდეგ ხვევნა-კოცნით დავიყოლიებდი და პირობას ვდებდი, რომ სხვა დროს ასე აღარ ჩავიცვამდი, მაგრამ ვერ გამოვსწორდი. ახლა ამის გამო მეცინება, მაშინ კი ოჯახი დამენგრა... რას ვიზამთ, ჩვენი ცოდვები მხოლოდ ჩვენ მოგვეკითხება. თუ ყველა მხოლოდ კარგს ლაპარაკობს შენზე, ესე იგი მკვდარი ხარ (იცინის).

- როგორ უნდა ეცვას მამაკაცს, თქვენი ყურადღება რომ მიიპყროს?

- მამაკაცი ჰიგიენურ ნორმებს უნდა იცავდეს. თუ დიდი ღიპი აქვს და გაუპარსავი წვერი, რა მნიშვნელობა აქვს, რას ჩაიცვამს?! სჯობს, ქართველმა მამაკაცებმა თავს მოუარონ, ნაკლები სიგარეტი მოწიონ და ივარჯიშონ. თვითონ თუ მოსწონთ უკრაინელი გოგოები, ქალებსაც გვაქვს გემოვნება და ჩვენც მოგვწონს კარგი აღნაგობის მამაკაცები.

- ქართველი მამაკაცები თქვენს მოხიბვლას რით ცდილობენ?

- დარეკვას და უაზრო შემოთავაზებას, ერთი დამჭკნარი ია მაჩუქონ, სჯობს... ყვავილები ძალიან მიყვარს. სამწუხაროდ, მამაკაცებს არ ესმით, რომ ქალის სიყვარული ჯენტლმენური ქცევით უნდა დაიმსახურო და არა ძვირფასი საჩუქრით. რა უნდა ქალის გულის მოგებას?! არ ვიცი, რატომ არ მჩუქნიან ყვავილებს (იცინის). შარშან მილანში ვიყავი, საღამოს გავისეირნე მონტე ნაპოლეონეზე, რომელიც მოდის მექად მიიჩნევა. იქ მივხვდი, რა ცოდოა ადამიანი, ვისაც არ აქვს საშუალება, რაც სურს, ის შეიძინოს. სასწაული ფასი ჰქონდა ყველაფერს. ფეხსაცმელში 10 ათასი დოლარი როგორ უნდა გადაიხადო? მახსოვს "ვალენტინოს" მაღაზიის ვიტრინაში საოცრად ლამაზ კაბას ვათვალიერებდი. უცებ გაჩერდა "ბუგატი", საიდანაც გადმოვიდა გოგონა, რომელსაც ხელში მონტე ნაპოლეონეზე შეძენილი სამოსი ეჭირა. ამ ულამაზეს გოგონას კი ღიპიანი ბიძა ახლდა... ასეთი დამცირების სანაცვლოდ არც ძვირად ღირებული სამოსი მინდა და არც არაფერი.

- მალე "მეცხრე არხზე" წარდგებით მაყურებლის წინაშე, იმიჯის შეცვლა ხომ არ მოგიწევთ?

- რა თქმა უნდა. უფრო სერიოზული და გაწონასწორებული ადამიანის იმიჯი მექნება. არის ცხოვრებაში პერიოდი, როცა გსურს, ყველაფერი მოსინჯო. ალბათ, ჩემს ცხოვრებაშიც ეს ეტაპი დადგა. ამ წლების განმავლობაში რა სფეროში არ ვცადე ბედი, ახლა კი დავღვინდი. ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, თუ ბევრი ფული მექნება, გაჭირვებულ ადამიანებს დავურიგებ და სიკეთეს მოვახმარ.

- ცხოვრების ჯანსაღ წესს თუ მისდევთ?

- ადრე ყოველ დილით დავრბოდი. ახლაც ვცდილობ ვივარჯიშო. ვერ ვიტყვი, რომ არ ვსვამ, მიყვარს ვისკი და შამპანური. არ ვეწევი, სამწუხაროდ, სიგარეტის მოწევა, თბილისში ჯერ კიდევ მოდური ჰგონიათ.

- მაკიაჟს თვითონ იკეთებთ?

- კი. ძალიან მომწონს მუქად შეღებილი თვალები.

- როგორი არომატი მოგწონს?

- ზუსტად 13 წლის განმავლობაში "ენჯელის" ერთგული ვიყავი, მერე გემოვნება შემეცვალა. უფრო აღმოსავლური არომატები მომწონს, განსაკუთრებით დარიჩინის, ნარცისის და ლავანდის სურნელით. ბევრი ფული რომ მქონდეს, ჩემი სახელობის არომატს გამოვუშვებდი.

- რას ურჩევთ ქართველ ქალებს?

- მართალია, თავის მოვლა მატერიალური შესაძლებლობის გარეშე რთულია, მაგრამ მთავარია, შინაგანად ვიყოთ ბედნიერი. ერთ ზაფხულს, როცა მხოლოდ ერთი წყვილი ფეხსაცმელი, ერთი კაბა და პიჯაკი მეცვა და არც სიყვარულზე ფიქრის თავი მქონდა, სწორედ იმ წელს მოვიდა ყველაზე დიდი ბედნიერება ჩემს ცხოვრებაში.

ესაუბრა თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება