რასიზმი მსოფლიო პოდიუმებზე

რასიზმი მსოფლიო პოდიუმებზე

ბოლო დროს კიდევ უფრო აქტუალური გახდა მოდის ინდუსტრიაში რასიზმის პრობლემა. ეს თემა კიდევ ერთხელ წამოწია წინ ერთ-ერთმა წამყვანმა მოდელმა შანელ იმანმა, რომელმაც აღიარა, რომ დიზაინერებს ბევრჯერ უთქვამთ მის მომსახურებაზე უარი მხოლოდ მისი კანის ფერის გამო.

"ჩემთვის პირდაპირ გამოუცხადებიათ, რომ უკვე ჰყავდათ ერთი შავკანიანი მოდელი და მეტი არ სჭირდებოდათ. ეს საშინელებაა, როცა გეუბნებიან, არ გვჭირდები, "შენნაირები" უკვე გვყავსო", - ამბობს შანელი. შანელი აქტიურად ემხრობა იმ დიზაინერებს, რომლებიც პოდიუმზე მრავალფეროვნებას ანიჭებენ უპირატესობას და მათ ჩვენებებშიც თითქმის თანაბრად არიან შავკანიანი და თეთრკანიანი მოდელები.

თუმცა ბოლო პერიოდში აშკარა ტენდენციაა - სხვადასხვა ქვეყნის მოდის კვირეულებზე სულ უფრო იკლებს შავკანიან მოდელთა წილი - ბოლოს 6%-მდე დავიდა.

შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ რასობრივი დისკრიმინაციის პრობლემა მოდის სამყაროში არ არსებობს. მშვენიერი შავკანიანი მოდელები ნაომი კემპბელი, ჯორდან დანი, შანელ იმანი ჟურნალების გარეკანებიდან და სარეკლამო პლაკატებიდან თამამად შემოგვცქერიან. თუმცა მათი წარმატება მაინც ერთეულთა შორის არის. დიზაინერები, იშვიათი გამონაკლისების გარდა, არ მიესალმებიან პოდიუმზე შავკანიანი მოდელების გამოჩენას და რეკლამებშიც პირდაპირ მოითხოვენ, რომ მათი კოლექცია თეთრკანიანმა მოდელმა დააპიაროს.

2013 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონის ჩვენებებზე მოდელების უმეტესობა თეთრკანიანი იყო, ძალიან მცირე რაოდენობით იყვნენ შავკანიანები და აზიელები.

რასიზმის პრობლემა მოდურ ინ­­დუსტრიაში არა­ე­რთხელ წამოტივტივებულა. მაგა­ლითად, შარშან ია­ნვარში ფრანგმა ჟურნალისტმა ნატ­ალი დოპლივომ გა­მოაცხადა, რომ აფროამერიკელებმა კარგად ჩაცმა მხოლოდ მას მერე დაიწყეს, რაც მიშელ ობამა გახდა აშშ-ის პირველი ლედი. ამ სტატიას დიდი უკმაყოფილება მოჰყვა. ხოლო ჟურნალი "ნუმერო" დიდხანს იმართლებდა თავს აფროამერიკელებთან მას მერე, რაც თავის გარეკანზე განათავსა მუქი საღებავით დაფარული თეთრკანიანი მოდელი და ზედ დააწერა "აფრიკელი დედოფალი". ცოტა ხნის წინ კი ცნობილმა მოდურმა ფოტოგრაფმა სტივენ მაიზელმა აღიარა, რომ ცნობილი მოდის სახლებისთვის სარეკლამო კამპანიის დაგეგმვისას არაერთხელ წასწყდომია მსგავს პრობლემებს. "ბევრჯერ მიკითხავს ჩემი კლიენტებისთვის: "შეგვიძლია, ამ რეკლამისთვის შავკანიანი მოდელი ავიყვანოთ?" ისინი კი უარობენ, თითქოსდა შავკანიანი მოდელები "არ ყიდიან" საქონელს", - ამბობს სტივენი.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება