ოლგა კურილენკო: "ტომ კრუზთან თამაში ძალიან კომფორტული იყო"

ოლგა კურილენკო: "ტომ კრუზთან თამაში ძალიან კომფორტული იყო"

აპრილში შედგა ტერენს მალიკის ფანტასტიკური ფილმის "ობლივიონის" მსოფლიო პრემიერა, რომელშიც მთავარი როლები ტომ კრუზმა და ოლგა კურილენკომ შეასრულეს. პოსტსაბჭოელი მსახიობისთვის, რომელმაც ჰოლივუდში გაიკეთა კარიერა, ეს მორიგი დიდი წარმატებაა.

-  ფილმში რუსი კოსმონავტის იულია რუსაკოვას როლს თამაშობთ. ისევ აღგიქვამენ ჰოლივუდში, როგორც სლავ გოგონას?

-  იციან, რომ რუსულად ვლაპარაკობ და უკრაინაში დავიბადე.

-  თუმცა ინგლისურად უაქცენტოდ ლაპარაკობთ...

-  აქცენტითაც შემიძლია (იცინის). ეს როლზეა დამოკიდებული. ამ როლისთვის არ მჭირდებოდა ამერიკული აქცენტი. აი, როლისთვის "ჯადოსნურ ქალაქში", მჭირდებოდა. პრინციპში, ესპანელის თამაშიც შემიძლია.

-  უფრო უკრაინელ გოგონად აღიქვამთ თავს თუ მსოფლიო ადამიანად?

-  ალბათ მაინც მსოფლიო ადამიანად. მე ხომ უკრაინაში დიდი ხანია არ მიცხოვრია და იშვიათად ჩავდივარ. მეტი კონტაქტი საფრანგეთთან მაქვს, იქ ჩემი მეგობრები არიან.

-  როლისთვის როგორ ემზადებოდით?

-  ტარკოვსკის "სოლარისს" გადავხედე, მომეჩვენა, რომ ამ ფილმთან ახლოს იყო, იქაც ადამიანის მეხსიერების თემაა წამოწეული. გარდა ამისა, ვუყურებდი ვიდეოებს, ადამიანების ვარჯიშს, რომლებიც კოსმონავტობისთვის ემზადებიან. ეს მართლა ძნელია, ბევრი გონებას კარგავს, ვერ უძლებს დატვირთვას. დაახლოებით ერთი თვე ვივარჯიშე, რომ ფორმა შემენარჩუნებინა. რთული ილეთების შესრულება არც დამჭირვებია, მხოლოდ ერთხელ მომიხდა ავტომატიდან გასროლა, თუმცა ეს უკვე ვიცი (იცინის).

-  მაშინ ისწავლეთ, როცა ბონდის გოგოს თამაშობდით?

-  დიახ, "ობლივიონის" გადაღებებზე მწვრთნელმა მითხრა: "ცხოვრებაში არ მინახავს მსახიობი, რომელიც ავტომატიდან ისვრის და თვალს არ ახამხამებს!" "ბონდზე" მუშაობისას ექვსი თვე ვვარჯიშობდი და მაშინ ვისწავლე სროლა.

-  კრუზთან თამაში კომფორტული იყო? ის თქვენზე 17 წლით არის უფროსი...

-  ეს დიდი სხვაობაა?! ჩემთვის არა. ჩემი მეგობრები სულ მაგ ასაკისანი არიან. ახალგაზრდებთან უფრო მიჭირს ურთიერთობა. თანაც, ტომი 30 წლის ადამიანივით არის. აბა, შეხედეთ. ახლა ბევრია 50 წლის ასაკში 30 წლის ადამიანივით. ამ დროს ცხოვრება თავიდან იწყება. მასთან თამაში ძალიან კომფორტული იყო, ის პროფესიონალია.

-  თქვენს გმირზე გვიამბეთ - ჯულიაზე.

-  მისი კოსმოსური ხომალდი კატასტროფას განიცდის, მაგრამ გოგონა გადარჩება. ჯეკი მას პოულობს და შინ მიჰყავს. მერე იწყება პერიპეტიები და მათი ურთიერთობა.

-  ფილმში ბევრი ექშენსცენაა...

-  სირბილისა და სროლის გარეშე ვერ გადავიღებდით. კიდევ, მოტოციკლით დავქროდი, თუმცა საჭესთან თავად არ ვმჯდარვარ. აი, ტომი კი ბაიკერად არის დაბადებული. მთელი ისლანდია შემოვიარეთ - ოღონდ გზები კი არა, უდაბნოები. ძალიან ლამაზი და მწვანე კუნძულია, თუმცა სადაც ჩვენ ვიღებდით, იქ ყველგან შავი ქვიშა იყო და მეტი არაფერი.

-  მოდელის კარიერით დაიწყეთ. პრინციპულად რა სხვაობაა მსახიობის კარიერისგან?

-  მოკლედ რომ ვთქვა, მეორე გაცილებით უფრო რთულია. ახლა როლებს მთელ თავს ვუძღვნი, მათით ვცხოვრობ. მოდელს ასეთს არაფერს სთხოვენ. ახლა ნამდვილად "ვიწვი" ხელოვნებით.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება