სად დადის პარლამენტარებთან ერთად "ჩემი ცოლის დაქალების” მადონა

სად დადის პარლამენტარებთან ერთად "ჩემი ცოლის დაქალების” მადონა

როცა წლების წინ მარიკა სამანიშვილი თეატრალურში აბარებდა, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ქუჩაში თავისი გმირის სახელით მიმართავდნენ. თეატრში ბევრი მთავარი როლი ითამაშა, პოპულარობა კი სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" ეპიზოდურმა როლმა მოუტანა. თავის გმირს არ ჰგავს, არ მოსწონს, რომ მადონას ჭორაობა უყვარს. მის გმირს დადებით თვისებაც აქვს, კეთილია და გულით უნდა, რომ გულუბრყვილო ნელიკო აზრზე მოიყვანოს.

როდის შეუყვარდა თეატრი

-  ფოტოზე ჩემი ოჯახის წევრები არიან. ინტელიგენტების ოჯახში დავიბადე. მამა აგრონომი იყო. თბილისის სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი წარჩინებით დაამთავრა, რის აღსანიშნავადაც ლენინის ორდენები გადასცეს, რომელსაც სათუთად ვინახავ. დედა ფილოლოგი გახლდათ. ორივეს ძალიან უყვარდა თეატრი. ერთმანეთი 1955 წელს გაიცნეს. ერთი ძმა მყავდა, რომელ­იც ახალგაზრდა გა­რდაიცვალა. ორი ძმი­სშვილი დამრჩა. ძალიან სტუმართმოყვარე ოჯახი გვქონდა. ყველა ხელოვანს, რომლებიც ქუთაისში ჩამოდიოდნენ, ჩვენ ვმა­სპინძლობდით. ახალი ლექსი ჩვენს ოჯახში იკითხებოდა და ახალი სტატიები ჩვენს ოჯახში განიხილებოდა. მაშინდელი ქუთაისის სახეს ჩვენი ოჯახი წარმოადგენდა. განათლებული, ინტელიგენტი ოჯახი ვიყავით. ამას ხელს ისიც უწყობდა, რომ ჩვენი ახლო ნათესავი გახლდათ იპოლიტე ხვიჩია. ბავშვობაში იპოლიტესთან ერთად სათაფლიაზე გადავიღეთ ფოტო. ჩვენთან ერთად იყო ლილი ნუცუბიძე, გივი ჭიჭინაძე, ლეილა ერაძე. ეს მწერლები დღეს არავის აღარ ახსოვს. ბავშვობაში კი მათთან ერთად გავიზარდე და ეს ჩემთვის ძალიან დიდი სკოლა იყო. ჩვენთან რომ ჩამოდიოდნენ, მივდიოდით გელათში, სათაფლიაში და ერთად ძალიან კარგ დროს ვატარებდით. მომდევნო ფოტო ასეთი გასეირნების შემდეგ გვაქვს გადაღებული.

-  როგორც ვხვდები, ქუთაისზე შეყვარებული ხართ

-  მართლა ძალიან მიყვარს. რეზო გაბრიაძეს, ამ უნიჭიერეს მწერალს, ნათქვამი აქვს, ქუთაისიდან თბილისში პატარა ბიჭი სიყვარულით ჩამოვედიო. ამით ყველაფერია ნათქვამი. თბილისიც ურთიერთობები და სიყვარულია და მთელი საქართველო ურთიერთობებია, მაგრამ მე მაინც ვამბობ, რომ ქუთაისი განსაკუთრებით არის სიყვარულის ქალაქი.

-  დარწმუნებული ვარ, თქვენ იმ ადამიანთა შორის ხართ, ვინც ფიქრობს, რომ პარლამენტის შენობა ქუთაისში უნდა იყოს.

-  არ მინდა, მიკერძოებული ვიყო, მაგრამ ქალაქის გამოცოცხლებისთვის, რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუ პარლამენტის შენობა ქუთაისში დარჩება. დედაქალაქია გაბერილი და სხვა ქალაქებს ფუნქცია აქვთ დაკარგული. საქართველოში მარტო თბილისი ცოცხლობს და ყველა აქ გამორბის, რომ თავისი თავის რეალიზება მოახერხოს.

-  თქვენს ბავ­შვობას და­ვუბრუნდეთ. სკოლის ამბები გაიხსენეთ.

-  სკოლაში გამორჩეული ვიყავი. მხატვრული კითხვის წრეზე დავდიოდი, ლექსებს ვკითხულობდი, ვცეკვავდი, ვმღეროდი. მე და ნინო ბურჯანაძე ერთად დავდიოდით მხატვრული კითხვის წრეზე.

-  ნინო ბურჯანაძე გამორჩეული იყო მხატვრული კითხვის წრეზე?

-  არაჩვეულებრივად კითხულობდა ყველაფერს. ჩვენ ძალიან კარგი პედაგოგი გვყავდა, გულო ყიფიანი. მასაც თეატრალური ინსტიტუტი ჰქონდა დამთავრებული. ამბობდა, მსახიობის პროფესიას რომ შევხედე, როგორი რთული იყო, ვიფიქრე, რომ ვერ შევძლებდი და ამიტომ პედაგოგობა ვამჯობინეო.

-  მას შემდეგ, რაც ნინო ბურჯანაძე პოლიტიკაში წავიდა, გაქვთ მასთან ურთიერთობა?

-  სკოლის დამთავრების შემდეგ რამდენჯერმე შევხვდით ერთმანეთს. ნინო ბურჯანაძის მამიდა ჩემი ნათლია იყო. ადრე ოჯახებით ვმეგობრობდით. ჩვენს ოჯახში ხშირად მოდიოდნენ სტუმრად ბატონ იპოლიტესთან ერთად. მაგრამ ჩემი და ნინოს გზები სკოლის დამთავრების შემდეგ გაიყო. მისი ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა და მერე სასწავლებლად წავიდა. პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ქუთაისთან ჰქონდა შეხება, მაშინ შევხვდით. ქუთაისთან დაკავშირებით ბევრი გეგმა ჰქონდა. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან უყვარს ქუთაისი.

-  რომელ სკოლაში სწავლობდით?

-  ქუთაისის რკინიგზის მეთორმეტე სკოლაში ვსწა­ვლობდი. ეს სკოლა თბილისის რკინიგზის სკოლას ეკუთ­ვნოდა. არაჩვეულებრივი პედაგოგები მყავდნენ. ჰუმანიტარული საგნები ძალიან მიყვარდა. დანარჩენი საგნები კი რომ არ ვიცოდი, გაკვეთილზე ვცელქობდი და სულ ეშმაკობაზე ვიყავი გადასული. ახტაჯანა ვიყავი. ბიჭებთან ერთად ვთამაშობდი. მახსოვს, ბიჭები მატარებლებლის ვაგონებზე ადიოდნენ როგორც კი დაიძვრებოდა ხტებოდნენ. მეც ზუსტად ასე ვიქცეოდი და მუხლები სულ გადატყავებული მქონდა. ჩემს შვილიშვილებზე რომ ამბობენ, ცელქები არიან, კედლებზე დადიან და ვერ ვაჩერებთო, ვერაფერს ვამბობ. ბიჭებთან ერთად სახიფათო თამაშებმა ცხოვრებაში გაბედული გამხადა. მომდევნო ფოტო, თუ სწორად მახსოვს, პირველ კლასში მაქვს გადაღებული, სკოლაში ყველაფერი მაინტერესებდა. დავდიოდი ფრენბურთზე, კალათბურთზე, იარაღის სროლაში ვვარჯიშობდი და ბოლოს, იარაღი რომ შემოვატრიალე და მასწავლებლისკენ მივმართე, რომელსაც ისმაილი ერქვა, მითხრა, არაა, ბიძია, სროლა შენი საქმე და დადე იარაღიო. მაგრამ მე მომწონდა იარაღის სროლა. დავდიოდი ტანვარჯიშზე, რომელმაც დიდი პლასტიკა შემძინა.

-  ყველაზე კარგად რა გამოგდიოდათ?

-  ჩამოთვლილ წრეებზე პერიოდულად დავდიოდი ხოლმე. შევდიოდი და გამოვდიოდი. მერე ვანებებდი თავს, მაგრამ მხატვრული კითხვისთვის, სადაც პირველი კლასიდან შევედი, მეათე კლასამდე არ დამინებებია თავი და ამ კუთხით დღემდე ვმუშაობ. ვზრდი მომავალ თაობას და როდესაც მათთან ერთად ვმუშაობ, ეს ჩემი ტრენაჟიცაა.

-  აქედან გამომდინარე აირჩიეთ ალბათ მსახიობობა.

-  სიმართლე გითხრათ, სხვა პროფესიაზე არც მიფიქრია. დედას თეატრში პრემიერებზე რომ მივყავდი, ახალ კაბას მიკერავდა. ყვავილებს ყიდულობდა, რომ მსახიობებისთვის მიმერთმია. თეატრში წასვლა ძალიან დიდ სტიმულს მაძლევდა. ძალიან მომწონდა, როდესაც იპოლიტე ხვიჩიასთან ერთად მივდიოდით ქუჩაში და მთელი ქალაქი მას უყურებდა და ყველა სიყვარულით ხვდებოდა. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ქუჩაში მიცნობდნენ. სკოლა რომ დავამთავრე, თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე, არაჩვეულებრივი მასწავლებელი მყავდა, დოდო ალექსიძე, და საოცრად კარგი ჯგუფელები. მომდევნო ფოტო ჩემს მასწავლებელსა და ჯგუფელებთან ერთად აუდიტორიაში გვაქვს გადაღებული. პარალელური ჯგუფის პედაგოგი იყო მიშა თუმანიშვილი, სადაც სწავლობდნენ, ნინელი ჭანკვეტაძე, ლევან უჩანეიშვილი. პარალელურ ჯგუფელებთანაც ვმეგობრობდით. როდესაც ინსტიტუტი დავამთავრეთ, ბევრი ჩამოშორდა თეატრს.

-  თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ქუთაისში დაბრუნდით?

-  ინსტიტუტი რომ დავამთავრე, თბილისში დარჩენას და კარიერის გაგრძელებას მთავაზობდნენ, მაგრამ ყოველთვის ქუთაისისკენ მიმიწევდა გული. იპოლიტემაც დამარიგა, ქუთაისში გაიარე პრაქტიკა და მერე ჩამოდი თბილისშიო. თბილისში ჯერ უშტატოდ უნდა იმუშაო და ამიტომ ჯობია, ფეხი ქუთაისში აიდგაო. ამას თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე მეუბნებოდა. მართლაც, ინსტიტუტი რომ დავამთავრეთ, მე და ჩემმა მეუღლემ დაქორწინება გადავწყვიტეთ. გოგი ქავთარაძე იყო ქუთაისის სამხატვრო ხელმძღვანელი და სანამ თეატრალურს დავამთავრებდი, ყოველთვე მეუბნებოდა, ქუთაისში უნდა წამოხვიდეო. განაწილებაზეც იქ იყო, რომ არ გადამეფიქრებინა და ხელი მომეწერა, რომ ქუთაისში მივდიოდი. ქუთაისში ჩავედი, ბევრი მთავარი როლი რომ ვითამაშე და მაყურებლის სიყვარული დავიმსახურე, ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, რომ ჩემს სახლში ჩავედი. მერე მოსკოვში ვიყავი გასტროლებზე. მომდევნო ფოტო სწორედ მაშინ გვაქვს გადაღებული. "მხატის" თეატრში გვქონდა სპექტაკლები. სმოკტუნოვსკის ბარათი მაქვს ამ გასტროლის შემდეგ გამოგზავნილი, რომელსაც სათუთად ვინახავ. მერე გოგი ქავთარაძე გადაიყვანეს და მასთან განშორება ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო. იმ პერიოდში აფხაზეთთან ურთიერთობა დაგვეძაბა. გოგი აფხაზეთის თეატრში გადაიყვანეს და იურა კაკულია ჩვენთან გადმოიყვანეს. პირველად ძალიან გამიჭირდა მასთან ურთიერთობა, მაგრამ დღეს შემიძლია ვთქვა, რომ იურა კაკულია ჩემთვის ყველაზე დიდი პედაგოგია.

რატომ ვერ ნახულობს შვილიშვილებს

-  ოჯახზე გვიამბეთ.

-  ცოლად ჩემს ჯგუფელს, თენგო ჯავახაძეს გავყევი. შეიძლება ითქვას, იპოლიტემ დაგვაქორწინა. ხელის მოსაწერად რომ მივდიოდით, ის შეგვიძღვა და ყველა თავს გვევლებოდა. ფოტო სწორედ მაშინ გვაქვს გადაღებული. ორი შვილი გვყავს, ბექა და თეკლა. ორივეს თეატრალური აქვს დამთავრებული. ბექამ რომ დაამთავრა, მაშინ ძალიან რთული პერიოდი იყო საქართველოში და საზღვარგარეთ წავიდა. ახლა ირლანდიაშია. თავიდან მოყვარულთა დასში მივიდა. ერთი როლი ითამაშა და ყველა აღფრთოვანდა. ბექამ ქუთაისის სპექტაკლებში აიდგა ფეხი. რომელ სპექტაკლშიც ბავშვის როლი იყო შესასრულებელი, ყველაგან ბექა და თეკლა თამაშობდნენ და ამან მათ შემოქმედებაზე დიდი კვალი დატოვა. სხვა პროფესიაზე არც უფიქრიათ. მერე ბექა პროფესიულ თეატრში, მიუზიკლში სათამაშოდ მიიწვიეს. წარმოშობით ქართველ რუს მეზღვაურს თამაშობდა. ამ როლის შემდეგ ბექა ყველას შეუყვარდა. თეკლა ძალიან წარმატებული გოგოა. თეატრალური ინსტიტუტი დაამთავრა. 2012 წელს ინგლისის საერთაშორისო სტუდენტურ ფესტივალზე იყო, სადაც ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის მთავარი პრემია აიღო. 2013 წელს ინგლისში გლობუსის თეატრში მასტერკლასებზეა მიწვეული. ეს ძალიან დიდი მიღწევაა მის თეატრალურ საქმიანობაში. შემდეგ ფოტოზე თეკლაა. ეს მისი საყვარელი ფოტოა.

-  რამდენი შვილიშვილი გყავთ?

-  ჯერჯერობით ორი. მომდევნო ფოტოზე სწორედ ისინი არიან. მარიამი და სანდრო უკვე ძალიან თეატრალურები არიან. მღერიან და ცეკვავენ. მათ ფოტოებს ჩემი მეგობრები კომენტარებს უკეთებენ, ეტყობათ, რომ მომავალში მსახიობები იქნებიანო. ძალიან ლამაზები და კარგები არიან და ძალიან მენატრებიან, მაგრამ არ არის ჯერჯერობით ისეთი ეკონომიკური შესაძლებლობა, რომ ვნახო.

-  რამდენი წელია, რაც ბექა საქართველოში არ ცხოვრობს?

-  მეშვიდე წელია. სანდრო გერმანიაში დაიბადა. მერე ირლანდიაში ჩავიდნენ. მარიამი იქ გაჩნდა. სანდრო უკვე ხუთი წლისაა. ნულ კლასში დადის და მასწავლებლები აღფრთოვანებულები არიან მისი ნიჭიერებით. ჩემს შვილს რომ ველაპარაკები, სულ ვახსენებ, ხშირად უთხარი სანდროს და მარიამს, რომ ქართველები არიან-მეთქი.

რატომ მოსწონს საზოგადოებრივი ტრანსპორტი

-  შემდეგი ფოტო სერიალის გადაღებების დროსაა გადარებული. "ჩემი ცოლის დაქალებში" ისეთი როლი გაქვთ, რომ ნებისმიერი იტალიური ეზოს მობინადრე შეიძლება იყოს თქვენი გმირი.

-  ცოტა ხნის წინ იტალიურ ეზოში გვქონდა გადაღება. ნელიკოს ვეჩხუბებოდი, წადი და გყავდეს შენი ავთო, მის გარდა აღარც მეგობარი გინდა და აღარც ახლობელი-მეთქი. გადაღება რომ დავამთავრეთ, ერთმა ეზოში მცხოვრებმა ბიჭმა მითხრა, ჩვენს ეზოშიც ბევრია ასეთი ქალიო. ეზოში ქალები დამიდაქალდნენ. ერთი მეჭორავა, როგორ გათხოვდა მისი სამოცი წლის მული. ჩემს ხასიათთან მადონას არანაირი მსგავსება არ აქვს. ისე გადის თვე და ზოგჯერ წელიწადი, რომ შეიძლება მეზობელთან კი არა, მეგობართანაც ვერ მივიდე. ამის გამო ჩემზე განაწყენებულები არიან.

-  თქვენი გმირის მსგავსად ნარდის თამაში იცით?

-  ნარდის თამაში იპოლიტე ხვიჩიამ მასწავლა და ისე კარგად ვთამაშობ, რომ თითქმის ყველას ვუგებ. ახლაც ჩემს მმართველთან ტორტი და შავი ღვინო მაქვს მოგებული. ბათუმში გასტროლები გვქონდა და ჩვიდმეტი ხელი მოვუგე. ველოდები, როდის მოიტანს წაგებულს. მე და იპოლიტე ღამეებს ვათენებდით ნარდის თამაშში. აზარტული თამაშები ძალიან უყვარდა. ფეხბურთი რომ იყო, საერთოდ ვერ დაელაპარაკებოდი. სხვა ოთახში ვიყავით შეკუჭული და მარტო ის იჯდა ტელევიზორთან.

-  მოგწონთ, ყველასთვის მადონა რომ ხართ?

-  პოპულარობა კარგია. გზაში სულ მეკითხებიან, ქალბატონო მადონა, რა გქვიათო. ქუჩაში რომ გავივლი. ჩაილაპარაკებენ, ნელიკოო. პატარა ბავშვებში ვართ განსაკუთრებით პოპულარული... მე და პარლამენტარები ერთად მივდივართ და მოვდივართ ქუთაისში. იმ განსხვავებით, რომ ისინი საკუთარი მანქანებით დადიან, მე - საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მაგრამ ეს აუცილებლად მჭირდება, რადგან საზოგადოებრივ ტრანსპორტში ადამიანებისგან იმ თვისებებსა და ხასიათს ვიჭერ, რაც როლებისთვის მჭირდება. ჩვენი პროფესია საინტერესო იმითაა, რომ სწავლის პროცესი არ მთავრდება. სულ მოქმედებაში ხარ. როდესაც მსახიობს ეს არ აქვს, ის კვდება როგორც შემოქმედი. თეკლა ცხრა აპრილის მერე გაჩნდა. ცხრაში თბილისში ვიყავი და რომ დავბრუნდი, ვთქვი, აუცილებლად უნდა გავაჩინო მეორე შვილი-მეთქი. მეგობრებმა მითხრეს, ამისთვის სად გცალიაო. დედამაც მითხრა, ვინ მოგეხმარებაო. თვითონ ავად იყო და არ შეეძლო დახმარება. მაინც გავაჩინე და რვა თვის იყო თეკლა, როდესაც დედა გარდამეცვალა. ამის შემდეგ მე და ჩემმა მეუღლემ ორი შვილი მარტო გავზარდეთ. ბექას ვუტოვებდით ხოლმე (მათ შორის ათი წელია განსხვავება). რა გადავიტანეთ-მეთქი, ხშირად მიფიქრია. საშინელება იყო, ვიყავი მსახიობი, მყავდა ორი ბავშვი, რეპეტიციები გაყინულ დარბაზში გვქონდა. არ იყო ტრანსპორტი და თეატრში ფეხით მივდიოდი. ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც ვმღეროდით და ვცეკვავდით.

-  ქუთაისში ხშირად ჩასვლა და შემდეგ კვლავ თბილისში დაბრუნება დისკომფორტს არ გიქმნით?

-  ამით სიამოვნებას ვიღებ. ჩემს თავს რეალიზებას ვუკეთებ. ბევრი როლი მაქვს ნათამაშები. "ბამბაზიის სამოთხეში" ვითამაშე. ფოტო სწორედ ამ სპექტაკლზეა გადაღებული. ვფიქრობ, რომ ამით ჩემს კარიერაში ყველაზე კარგი როლი შევქმენი. მაგრამ როგორი აღიარებაც მომიტანა "ჩემი ცოლის დაქალებმა", ასეთი მანამდე არ მქონია. ტელევიზია მსახიობისთვის დიდი პროპაგანდაა. რაც უნდა გააკეთო თეატრში, კინო სამუდამოდ რჩება.

მერი კობიაშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება