კანის კინოფესტივალის დირექციამ რეჟისორ ლარს ფონ ტრიერს სტატუსი "ნონ გრატა" მოუხსნა. რეჟისორი 2011 წელს კინოფორუმიდან "ნაცისტური" ხუმრობის გამო გააძევეს.
ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა ტერი ფრემომ განაცხადა, რომ ფონ ტრიერი პერსონა "ნონ გრატად" სამუდამოდ არ გამოუცხადებიათ.
ფრემოს თქმით, მას ფონ ტრიერის ახალი ფილმი "ნიმფომანი" არ უნახავს, რადგან რეჟისორს იგი არ დაუსრულებია. "თუ ოდესმე ფესტივალზე საჩვენებლად ახალ ფილმს მოიტანს, ჩვენ ამ წინადადებას განვიხილავთ",-განაცხადა ფრემომ.
66-ე კანის ფასტივალი 2013 წლის 15-26 მაისს გაიმართება. მას ბაზ ლურმანის ფილმი "დიდი გეტსბი" გახსნის.
2011 წელს კანის კინოფესტივალზე სკანდალი ლარს ფონ ტრიერის პრეს-კონფერენციაზე მოხდა. ფონ ტრიერმა განაცხადა, რომ ებრაელების საწინააღმდეგო არაფერი აქვს, მაგრამ თავს გარკვეულ წილად ნაცისტად გრძნობს და "ჰიტლერისადმი ცოტა სიმპათიითაა განწყობილი". მოგვიანებით რეჟისორმა ნათქვამის გამო ბოდიში მოიხადა და განმარტა, რომ ეს ხუმრობა იყო, მაგრამ კანის ფესტივალის დირექციამ რეჟისორი პერსონა "ნონ გრატად" გამოაცხადა და განაცხადა, რომ მის გამონათქვამს კატეგორიულად გმობს.
2011 წლის აგვისტოში საფრანგეთის ქალაქ გრასას მთავრობამ ფონ ტრიერი "ნაცისტური დანაშაულებების გამართლებაში" დაადანაშაულა და რეჟისორის წინააღმდეგ საქმე აღიძრა. ფონ ტრიერი გამოძიების ფარგლებში დანიის პოლიციამ დაკითხა, მაგრამ უკვე 2011 წლის დეკემბერში საქმე დახურეს.
მომზადებულია Screen Daily-ის მიხედვით.